Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N85
2006 წლის აპრილი
კელერი უნგრეთის წინააღმდეგ (Keller v. Hungary)
(საჩივარი- 33352/02)
განჩინება, 4 აპრილი, 2006 (მე-2 სექცია)
მე-10 მუხლი
გამოხატვის თავისუფლება
ფაქტები – წინამდებარე საქმეში მომჩივანი არის პარლამენტის წევრი. საპარლამენტო სხდომაზე პრემიერ-მინისტრისთვის კითხვების დასმის დროს, მომჩივანმა განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხის გამოძიების მარცხი, კერძოდ რადიკალური მემარჯვენეების ჯგუფის მიდგომები, შესაძლოა განპირობებული ყოფილიყო იმ ფაქტით, რომ პასუხისმგებელი მინისტრის მამა იყო მოძრაობა Hungarista-ს წევრი (რადიკალი მემარჯვენე მოძრაობა, რომელიც დაკავშირებულია ნაცისტებთან). მომჩივანს მინისტრის სახელი არ დაუსახელებია. მიუხედავად ამისა, მეორე დღეს, ეროვნულმა ყოველდღიურმა გაზეთმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ციტირებდა მომჩივანს და აკონკრეტებდა მინისტრის ვინაობას (ე.დ). რამდენიმე დღის შემდეგ, მომჩივანმა სატელევიზიო ინტერვიუს დროს დაადასტურა, რომ პარლამენტში მისი განცხადება ნამდვილად ე.დ-ს და მამამისს ეხებოდა.
მინისტრმა ე.დ-მ და მისმა მამამ სარჩელი შეიტანეს მომჩივნის წინააღმდეგ მათი „პიროვნული უფლებების“ დარღვევის საფუძვლით. პირველი ინსტანციის სასამართლომ განაცალკევა მომჩივნისა და მისი მამის სარჩელები და გადაწყვეტილება მინისტრის სასარგებლოდ მიიღო. მან დაადგინა, რომ მომჩივანმა განცხადება გააკეთა რაიმე დამადასტურებელი ფაქტის წარმოდგენის გარეშე, რითაც შეარყია მოსარჩელის რეპუტაცია და პოლიტიკური სანდოობა მოახლოებული არჩევნების ფონზე. მომჩივანს დაეკისრა არამატერიალური ზიანის ანაზღაურება და ასევე ხარჯების დაფარვა (ჯამში დაახლოებით 3 240 ევრო (EUR)), სასამართლო გადაწყვეტილების ყოველდღიურ გაზეთში გამოქვეყნება და მისი შინაარსის გაჟღერება სატელევიზიო გადაცემაში, ეს ყველაფერი კი მისი ხარჯებით.
რეგიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნის სააპელაციო საჩივარი და დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომ სადავო განცხადება წარმოადგენდა ფაქტის კონსტატაციას. რეგიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო დაემტკიცებინა, რომ ე.დ-მ დაარღვია მისი ოფიციალური ვალდებულებები, კერძოდ, პირადი ინტერესების გამო ეროვნული უსაფრთხოების საკითხის შესახებ გამოძიების ჩატარებასთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად, სასამართლომ შეამცირა მომჩივნის მიერ გადასახდელი პროცედურული გადასახადები და გაათავისუფლა იგი ტელევიზიის მეშვეობით შეცდომის გამოსწორებისაგან.
სამართალი - სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი და ემსახურებოდა რეპუტაციისა და სხვათა უფლებების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს. იმის შესახებ, იყო თუ არა ეს ზომები „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში’’, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ ეროვნული სასამართლოების წინაშე სადავო არ გამხდარა გამოძიების ჩატარება. გარდა ამისა, ე.დ-ს მამის სავარაუდო რადიკალური მემარჯვენეების წევრობის საკითხი ეროვნულმა სასამართლოებმა გამორიცხეს მათი განხილვის ფარგლებიდან.
რაც შეეხება, ერთადერთ დარჩენილ საკითხს - კერძოდ, ე.დ-ს მიერ სადავო გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებული უმოქმედობის რეალური მოტივი იყო თუ არა მისი მამის მოძრაობა Hungarista-ს წევრობა - სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმა ეროვნულ სასამართლოებს, რომ მომჩივნის განცხადება არსებითად ფაქტებს უკავშირდებოდა და საჭიროებდა მტკიცებულებას, რომელიც მას არ წარმოუდგენია. მან ასევე, გაიზიარა ეროვნული სასამართლოების მოსაზრება, რომ მომჩივნის სიტყვებს შეეძლო შეერყია საზოგადოებრივი ნდობა ე.დ-ს როგორც მაღალი რანგის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ, როდესაც მან იგი დაადანაშაულა მოვალეობების განზრახ უგულებელყოფაში პირადი საფუძვლებით და მით უფრო, რომ ეს პირადი მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო მამისადმი ერთგულება, რომელიც ნაცისტებისადმი სიმპათიებით განწყობილი მოძრაობის წევრი იყო.
სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ სხვათა რეპუტაციის დაცვა, რომელსაც ითვალისწინებს კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პარაგრაფი ასევე, ვრცელდება პოლიტიკოსებზეც, განსაკუთრებით მაშინ როდესაც პოლიტიკოსს აკრიტიკებს მეორე პოლიტიკოსი და როდესაც ეს კრიტიკა გაჟღერდა პარლამენტის პრივილიგირებულ არენაზე. თუმცა, მომჩივანს თავი არ შეუკავებია პარლამენტში მის ოპონენტზე თავდასხმისაგან. მომჩივნის სამიზნის ვინაობა მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მან სატელევიზიო გადაცემაში გააკეთა განმარტება. ამგვარი საჯაროდ ეჭვის გამოთქმა აღარ სარგებლობს საპარლამენტო დისკუსიის პრივილეგიით. გარდა ამისა, მომჩივნის წინააღმდეგ შეტანილი იქნა სამოქალაქო სარჩელი (და არა სისხლისსამართლებრივი) და მას დაევალა პრესის მეშვეობით შესაბამისი ზომების მიღება და ზიანის ანაზღაურება იმ დროისთვის მის ხელფასზე ორჯერ ნაკლები ოდენობით. საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნული სანქციები არ მიიჩნია გადაჭარბებულად. სასამართლომ დაადგინა, რომ ეროვნული სასამართლოების დასკვნები მომჩივნის წინააღმდეგ და დაწესებული სანქციები არ იყო ლეგიტიმური დასახული მიზნის არაპროპორციული და ეროვნული სასამართლოების მიერ ამ ზომების გამართლების საფუძველი იყო შესაბამისი და საკმარისი.
შესაბამისად, მომჩივნის გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობაში ჩარევა, ეროვნულ ხელისუფლებას შეიძლება გონივრულად მიეჩნია როგორც აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვათა რეპუტაციის და უფლებების დაცვის მიზნით.
დასკვნა: აშკარად დაუსაბუთებელი.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები