Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე
2006 წლის სექტემბერი
ხოლოდოვი რუსეთის წინააღმდეგ (Kholodov v. Russia)
(საჩივარი- 64953/14)
განჩინება, 23 აგვისტო, 2006 (მე-5 სექცია)
მე-8 მუხლი
ფაქტები – წინამდებარე საქმე ეხებოდა მართვის მოწმობის მოქმედების შეჩერებას 1 წლის ვადით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მომჩივნისთვის, იმის გამო, რომ მისმა არასწორმა მანევრმა საავარიო შემთხვევა გამოიწვია. მომჩივანი დავობდა, რომ დაკისრებული სანქცია იყო გადაჭარბებული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.
სამართალი - კონვენციის მე-8 მუხლთან მიმართებით
(a) სახეზე იყო თუ არა ჩარევა
20. მომჩივნის განცხადებებიდან ჩანს, რომ დაავადების გამო, რომელიც მას დიდ მანძილზე ფეხით სიარულში უშლიდა ხელს, იგი ინტენსიურად იყენებდა მანქანას პირადი, პროფესიული და ოჯახური საჭიროებებისათვის. შესაბამისად, მართვის მოწმობის ჩამორთმევამ გავლენა მოახდინა მომჩივნის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ამ თვალსაზრისით, შეიძლება აღიარებული იყოს, რომ ასეთი სანქცია წარმოადგენს ჩარევას მომჩივნის პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაში.
(b) კანონიერება და ლეგიტიმური მიზანი
21. ჩარევა ემყარებოდა 1984 წლის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 124-ე მუხლს და მომჩივანი არ დავობდა მის საქმეზე ამ კონკრეტული ეროვნული დებულების გამოყენების თაობაზე. სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ ჩარევა იყო „კანონით გათვალისწინებული“ კონვენციის მე-8 მუხლთან მიმართებით. იგი შემდგომში მიიჩნევს, რომ დაკისრებული სანქცია ემსახურებოდა ამ დებულების მეორე პუნქტში მოცემულ ლეგიტიმურ მიზნებს, კერძოდ „საზოგადოებრივი უსაფრთხოება“ და „დანაშაულის პრევენცია“. რჩება კითხვა იყო თუ არა ჩარევა „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“.
(c) „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში
(i) ზოგადი პრინციპები
22. იმის დასადგენად, იყო თუ არა სადავო ღონისძიება „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“, სტრასბურგის სასამართლო განიხილავს (საქმის მთლიანობაში გათვალისწინებით) იყო თუ არა მისი დადგენის საფუძვლები კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის შესაბამისი და საკმარისი. მიუხედავად იმისა, რომ კონვენციის მე-8 მუხლი არ შეიცავს მკაფიო პროცედურულ მოთხოვნებს, ჩარევის ზომებში გადაწყვეტილების მიღების პროცესი უნდა იყოს სამართლიანი და უნდა იცავდეს კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულ ინტერესებს (იხ. T.P. and K.M. v. the United Kingdom [დიდი პალატა], no. 28945/95, §§ 70 და 72, ECHR 2001‑V (ამონარიდები)).
23. ეროვნულ ხელისუფლებას გააჩნია უპირატესობა, პირდაპირი კავშირი იქონიოს ყველა დაინტერესებულ პირთან. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლოს ამოცანა არ არის ჩაანაცვლოს ადგილობრივი ხელისუფლება თავიანთი მოვალეობების შესრულებისას, არამედ უნდა განიხილოს ამ ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მათი თავისუფალი შეფასების ზღვარის ფარგლებში, კონვენციის გათვალისწინებით (იხ. Elsholz v. Germany [დიდი პალატა], no. 25735/94, § 48, ECHR 2000‑VIII). თავისუფალი შეფასების ფარგლები, რომლებიც უნდა მიენიჭოს ეროვნულ ხელისუფლებას, პირველ რიგში, განსხვავდება საკითხის ხასიათისა და შესაბამისი ინტერესების მნიშვნელობის შესაბამისად (იხ. Sommerfeld v. Germany [დიდი პალატა], no. 31871/96, § 63, ECHR 2003‑VIII (ამონარიდები)). მეორე, სახელმწიფოს თავისუფალი შეფასების ფარგლების მოცულობა დამოკიდებულია გადაწყვეტილების მიღების პროცესის ხარისხზე. კერძოდ, თუკი პროცედურა გარკვეული თვალსაზრისით იყო არასაკმარისი, ეროვნული ხელისუფლების დასკვნები მეტად საკრიტიკოა (იხ. Sýkora v. the Czech Republic, no. 23419/07, § 102, 22 ნოემბერი 2012, და Ivinović v. Croatia, no. 13006/13, § 36, 18 სექტემბერი 2014, სხვა მითითებებთან ერთად).
მოცემული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
24. სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანმა საკუთარი ავტომობილის მართვისას გამოიწვია ავტო საგზაო შემთხვევა, რომლის შედეგადაც დაზარალდა როგორც საკუთარი, ასევე სხვისი მანქანა. მან არ უარყო საკუთარი პასუხისმგებლობა უბედურ შემთხვევაზე და არ გაუსაჩივრებია ეროვნული სასამართლოების დასკვნები საქმის არსებით გარემოებებთან მიმართებით. იგი არ ეთანხმებოდა დაკისრებულ სანქციას, რომელიც მისი აზრით გადაჭარბებული იყო.
25. ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ სათანადო სასჯელის დაკისრება არ ჯდება კონვენციის ფარგლებში (იხ. Müller v. Austria, no. 12555/03, § 28, 5 ოქტომბერი 2006). დაკისრებული სანქციის პროპორციულობის შეფასებისას სტრასბურგის სასამართლო, პირველ რიგში, მიიჩნევს რომ მართვის მოწმობის ჩამორთმევა შეიძლება მიჩნეული იქნეს როგორც მომჩივნის დანაშაულის საპასუხოდ შესაბამის ღონისძიებად. მიღებულ ზომას შესაძლოა ჰქონოდა ლეგიტიმური მიზანი, კერძოდ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საგზაო სამართალდარღვევების პრევენცია.
26. მეორე, არ არსებობს რაიმე საფუძველი იმისათვის, რომ მართვის მოწმობის ჩამორთმევა მიჩნეული იქნეს ზედმეტად მკაცრ ან გადაჭარბებულ ზომად იმისათვის, რომ მიღწეული ყოფილიყო ზემოხსენებული მიზნები. ამ კონტექსტში, ადგილობრივმა სასამართლოებმა წარმოადგინეს სანქციის აუცილებლობის ანალიზი და შეაფასეს შესაბამისი საჯარო და კერძო ინტერესები. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ მომჩივანს შეუჩერა მართვის მოწმობა, დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით. ამ დასკვნას დაეთანხმა სააპელაციო სასამართლო, თუმცა შესაძლებლად მიიჩნია მართვის მომწმობის შეჩერების შემცირება ერთი წლიდან ცხრა თვემდე.
27. რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს რომ მას არ შეეძლო დიდ მანძილზე ფეხით სიარული და მუშაობისთვის და ყოველდღიური პირადი და ოჯახური საჭიროებებისათვის სჭირდებოდა მანქანა, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ წამოაყენა წინაპირობა, რომ სხვა სახის შეზღუდული შესაძლებლობებისგან განსხვავებით, მომჩივნის დაავადება ხელს არ უშლიდა მისთვის მართვის მოწმობის დროებით ჩამორთმევას. ეს დასკვნა გაკეთდა ხელმისაწვდომი მასალის, მათ შორის, სამედიცინო მტკიცებულებების შეფასების შედეგად. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს აზრით, მანქანა არ იყო მომჩივნის მთავარი შემოსავლის წყარო, რადგან იგი პროფესიით იყო ადვოკატი. დამატებით, მართვის მოწმობის ჩამორთმევის ვადის შემცირებისას, დიდი ყურადღება დაეთმო მის შეზღუდულ შესაძლებლობებს. აკრძალვის ვადის შემცირებისას, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა სხვადასხვა ფაქტორი: მომჩივნის შეზღუდული შესაძლებლობები, მისი მონაწილეობა ჩერნობილის ოპერაციაში, მის მიერ დანაშაულის აღიარება და მისი დამოკიდებულება ავარიის და მისი შედეგების მიმართ.
28. და ბოლოს, სტრასბურგის სასამართლო ვერ პოულობს პროცედურულ უსამართლობასთან დაკავშირებულ რაიმე საკითხს, რამაც შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს სანქციის განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი. მომჩივანს მიეცა საკმარისი შესაძლებლობები რათა დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია და მას ხელი არ შეშლია წარმოედგინა მტკიცებულებები, მათ შორის სამედიცინო მტკიცებულებები. არ არსებობს მითითება სხვა რაიმე პროცედურულ დარღვევებზე, მათ შორის, ეროვნული სასამართლოების მხრიდან დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გარანტიებთან დაკავშირებით.
29. მოცემულ საქმეში სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა წარმოადგინეს „სათანადო და საკმარისი მიზეზები“ სადავო ღონისძიების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით.
დასკვნა: დაუშვებელია (ერთხმად).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები