დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 134
2010 წლის ოქტომბერი
კოპკე გერმანიის წინააღმდეგ (განჩინება) (Köpke v. Germany (dec.))
(საჩივარი- 420/07)
განჩინება, 5 ოქტომბერი, 2010 [მე-5 სექცია]
მე-8 მუხლი
პოზიტიური ვალდებულებები
მუხლი 8-1
პირადი ცხოვრების დაცულობა
ქურდობაში ეჭვმიტანილ სუპერმარკეტის მოლარეზე განხორციელდა ვიდეოთვალთვალი: დაუშვებელი
ფაქტები - მომჩივანი, სუპერმარკეტის მოლარე, გაფრთხილების გარეშე გათავისუფლდა სამსახურიდან ქურდობის გამო. აღნიშნული ფაქტი გამოაშკარავდა მომჩივნის დამსაქმებლის მიერ კერძო დეტექტიური სააგენტოს დახმარებით ჩატარებული საიდუმლო ვიდეო-თვალთვალის განხორციელების შედეგად. აპლიკანტმა შრომითი დავების განმხილველი სასამართლოების წინაშე წარუმატებლად გაასაჩივრა სამსახურიდან გათავისუფლება. აგრეთვე არ დაკმაყოფილდა მისი კონსტიტუციური სარჩელი.
სამართალი - მე-8 მუხლი: ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ასახავს მომჩივნის ქცევას სამუშაო სივრცეში, განხორციელდა დამსაქმებლის მიერ წინასწარი გაფრთხილების გარეშე. მოპოვებული სურათები დაამუშავა და შეისწავლა რამდენიმე თანამშრომელმა; გარდა ამისა, ისინი გამოიყენეს სასამართლოების წინაშე საქმის საჯაროდ განხილვის დროს. შესაბამისად, აღნიშნული ზომები შეეხო აპლიკანტის „პირად ცხოვრებას“ კონვენციის მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილის მნიშვნელობის ფარგლებში. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს უნდა შეეფასებინა, მე-8 მუხლით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულებების შესაბამისად, დაიცვა თუ არა სახელმწიფომ სამართლიანი ბალანსი მომჩივნის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებასა და, როგორც დამსაქმებლის საკუთრების დაცვის ინტერესს (გარანტირებული 1-ლი პროტოკოლის 1-ლი მუხლით), ასევე მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების საჯარო ინტერესს შორის.
იმ დროისთვის კანონმდებლობით არ იყო გაწერილი პირობები, რომელთა საფუძველზეც დამსაქმებელს შეეძლო, მიემართა დასაქმებულის ვიდეოთვალთვალისთვის იმ დანაშაულის გამოსაძიებლად, რომლის ჩადენაშიც ის ეჭვმიტანილი იყო სამუშაო პროცესში. მიუხედავად ამისა, შრომითი დავების ფედერალურ სასამართლოს საკუთარ გადაწყვეტილებებში, დასაქმებულის პირად ცხოვრებაში თვითნებური ჩარევის წინააღმდეგ, განვითარებული ქონდა დაცვის მნიშვნელოვანი მექანიზმები. ეროვნულმა სასამართლოებმა მომჩივნის საქმეზე სწორედ აღნიშნული პრეცედენტული სამართალი გამოიყენეს. მეტიც, ქურდობის შესახებ დასაბუთებული ეჭვის საფუძველზე ვიდეოთვალთვალის ოპერაციის განხორციელებას პირის პირად ცხოვრებაზე არ ჰქონია იმგვარი ზეგავლენა, რომელიც მე-8 მუხლით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულებების შესასრულებლად, სახელმწიფოს მხრიდან რელევანტური კანონმდებლობის ჩამოყალიბების აუცილებლობას შექმნიდა. როგორც გერმანულმა სასამართლოებმა აღნიშნეს, მომჩივნის ვიდეოთვალთვალი განხორციელდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამოვლინდა ფაქტობრივი დანაკარგები ინვენტარიზაციის დროს და ადგილი ჰქონდა შეუსაბამობებს იმ დეპარტამენტის ანგარიშებში, სადაც ის მუშაობდა. ეს ყოველივე გონივრულ ეჭვს ბადებდა, რომ ქურდობა ჩადენილი იყო მომჩივნის და კიდევ ერთი თანამშრომლის მიერ, რომლებიც წარმოადგენდნენ ვიდეოთვალთვალის სამიზნეებს. მოცემული ღონისძიება ლიმიტირებული იყო დროში (ორი კვირა) და მოიცავდა მხოლოდ სალაროს მიმდებარე არეალს, რომელიც კლიენტებისთვისაცაა ხელმისაწვდომი. მოპოვებული ვიზუალური მონაცემები დამუშავდა კონკრეტული რაოდენობის პირთა მიერ, კერძოდ დეტექტიური სააგენტოს თანამშრომელთა და დამსაქმებლის თანამშრომლების მიერ. ხსენებული მონაცემები გამოყენებულ იქნა მხოლოდ მომჩივნის გათავისუფლებასა და შრომითი დავების სასამართლოების წინაშე სამართალწარმოებასთან კავშირში. შედეგად, აპლიკანტის პირად ცხოვრებაში ჩარევა განხორციელდა მხოლოდ იმ ზომის ფარგლებში, რაც საჭირო იყო ვიდეოთვალთვალის მეშვეობით ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. ეროვნულმა სასამართლოებმა აგრეთვე მიიჩნიეს, რომ დამსაქმებლის მხრიდან თავისი საკუთრების დაცვის კანონიერი ინტერესის უზრუნველყოფის ერთადერთ ეფექტურ მექანიზმს სამართალწარმოების პროცესში იმ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენდა, რომლებიც მომჩივნის დანაშაულებრივ ქმედებას დაადასტურებდნენ. ეს ასევე ემსახურებოდა მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების საჯარო ინტერესს. მეტიც, საიდუმლო ვიდეოთვალთვალმა ეჭვები გააქარწყლა სხვა თანამშრომლებთან დაკავშირებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ არ არსებობდა დამსაქმებლის საკუთრების უფლების დასაცავად იდენტურად ეფექტური საშუალება, რომელიც ნაკლები დოზით ჩაერეოდა აპლიკანტის პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში. ინვენტარიზაცია აღმოჩენილ დანაკარგებს ცალსახად ვერ დაუკავშირებდა კონკრეტულ თანამშრომელს. უდავოა, რომ ქურდობის ფაქტის გამოსავლენად, ზემდგომების ან კოლეგების მიერ ზედამხედველობის განხორციელება ან ღია ვიდეოთვალთვალი ვერ იქნებოდა ისეთივე წარმატებული, როგორიც გამოყენებული ღონისძიება.
ამდენად, შეჯამების სახით, უნდა ითქვას, რომ სახეზე არ იყო არანაირი გარემოება, რომელიც მიანიშნებდა იმ ფაქტზე, რომ ეროვნულმა ორგანოებმა ვერ შეძლეს სამართლიანი ბალანსის დაცვა, მათთვის მინიჭებული თავისუფალი შეფასების ფარგლებში, მომჩივნის პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებასა და როგორც დამსაქმებლის საკუთრების დაცვის ინტერესს, ასევე მართლმსაჯულების სათანადო განხორციელების საჯარო ინტერესს შორის. მიუხედავად ამისა, მოცემულ ინტერესთა დაბალანსების მათ მიერ შერჩეული მეთოდი არ წარმოადგენდა კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ერთადერთ პოტენციურ გზას. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მიერ ხსენებული შეპირისპირებული ინტერესები სავსებით შესაძლებელია, განსხვავებულად შეფასდეს მომავალში, იმის გათვალისწინებით, რომ ახალი, გაცილებით განვითარებული ტექნოლოგიების საშუალებით, პირად ცხოვრებაში უფრო დიდი დოზით ჩარევა გახდება შესაძლებელი.
დასკვნა: დაუშვებელი (აშკარად უსაფუძვლო).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy