© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგამნი გაკეთდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის მხარდაჭერით (/humanrightstrustfund). თარგმანი სასამართლოსთვის სავალდებულო ძალის მქონე არაა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დოკუმენტის ბოლოში მოცემული შენიშვნა საავტორო უფლებების შესახებ.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
პირველი სექცია
განჩინება
დასაშვებობის შესახებ
საჩივარი №25551/05
ვლადიმირ პეტრეს ძე კოროლევი
რუსეთის წინააღმდეგ
2010 წლის 1 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (პირველი სექცია) პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ქრისტოს როზაკისი, თავმჯდომარე,
ანატოლი კოვლერი,
ელიზაბეტ სტეინერი,
დინ სპილმანი,
სვერ ერიკ იებენსი,
ჯიორჯიო მალინვერნი,
ჯორჯ ნიკოლაუ, მოსამართლეები,
და სორენ ნილსენი, სექციის სასამართლო განმწესრიგებელი,
განიხილა რა 2004 წლის 27 ივლისს შეტანილი ზემოხსენებული საჩივარი, თათბირის შედეგად მიიღო შემდეგი განჩინება:
ფაქტები
მომჩივანი, ბ-ი ვლადიმირ პეტრეს ძე კოროლევი, რუსეთის მოქალაქეა, დაიბადა 1954 წელს და ცხოვრობს ორენბურგში, რუსეთის ფედერაციაში.
საქმის გარემოებები
მომჩივნის მიერ წარმოდგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები შეიძლება შეჯამდეს შემდეგნაირად:
მომჩივანმა უჩივლა შინაგან საქმეთა რეგიონული სამმართველოს საპასპორტო და სავიზო განყოფილების უფროსს იმისთვის, რომ მან უარი უთხრა იმ დოკუმენტების ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც მისი ახალი სამგზავრო პასპორტის გაცემას აფერხებდა.
2001 წლის 25 სექტემბერს ეკატერინბურგის ვერხ-ისეტსკის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნის საჩივარი. 2001 წლის 13 ნოემბერს სვერდლოვსკის საოლქო სასამართლომ, რომელმაც სააპელაციო სააპელაციო საჩივარი განიხილა, გააუქმა ზემოხსენებული გადაწყვეტილება და საქმე რაიონულ სასამართლოს დაუბრუნა.
2002 წლის 16 აპრილს რაიონულმა სასამართლომ მომჩივნის საჩივარი დააკმაყოფილა და საპასპორტო და სავიზო განყოფილების უფროსს უბრძანა, მომჩივნისთვის ხელმისაწვდომი გაეხადა ყველა ის დოკუმეტი და მასალა, რაც მისი პასპორტის გაცემას უკავშირდებოდა. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ საპასპორტო და სავიზო განყოფილებას მომჩივნისთვის უნდა გადაეხადა 22.50 რუსული რუბლი სასამართლოში საქმის განხილვისთვის დაწესებული სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
2002 წლის 4 ივლისს ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა და გახდა საბოლოო.
საქმის მასალებიდან ცხადი არაა, მომჩივნისთვის დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობის ნაწილში მოპასუხე ორგანომ შეასრულა თუ არა გადაწყვეტილება და როდის. გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ მომჩივნის ყველა ქმედება, რომლის შესახებაც სასამართოს ეცნობა, მიზნად ისახავდა მხოლოდ რაიონული სასამართლოს მიერ მიკუთვნებული 22.50 რუსულ რუბლის ანაზღაურებას.
2002 წლის 22 ივლისს რაიონულმა სასამართლომ გასცა სააღსრულებლო ფურცელი, რომელიც პირდაპირ შეეხებოდა სასამართლოს მიერ მიკუთვნებული თანხის, 22.50 რუსული რუბლის გადახდას. 2003 წლის 28 აპრილს სასამართლო აღმასრულებელმა სააღსრულებლო წარმოება დაიწყო.
2003 წლის 15 დეკემბერს მომჩივანმა რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა სასამართლო აღმასრულებლის უმოქმედობა. 2003 წლის 22 დეკემბერს მოსამართლემ დაადგინა, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებდა პროცესუალურ მოთხოვნებს და მოსთხოვა მომჩივანს მათი შესრულება 2003 წლის 5 იანვრამდე. კერძოდ, მომჩივანს მოსთხოვა, დაესაბუთებინა სასამართლო აღმასრულებლის სავარაუდო უმოქმედობა.
2003 წლის 31 დეკემბერს მომჩივანმა თავის საჩივართან დაკავშირებით დამატებითი მასალები წარადგინა.
2004 წლის 6 იანვარს სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანმა არ დააკმაყოფილა აღნიშნული მოთხოვნები და უარი თქვა საჩივარზე მისი არსებითი მხარის განუხილველად. 2004 წლის 10 თებერვალს სვერდლოვსკის საოლქო სასამართლომ ძალაში დატოვა ეს გადაწყვეტილება.
საჩივრები
მომჩივანი ჩიოდა, რომ ხელისუფლების მხრიდან ეროვნული სასამართლოს მიერ მიკუთვნებული ანაზღაურების გადაუხდელობით მის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლითა და №1 ოქმის 1-ლი მუხლით გათვალისწინებული უფლებები. ის ასევე ჩიოდა მე-6 მუხლთან დაკავშირებით, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა უარი თქვეს, განეხილათ მისი საჩივარი სასამართლო აღმასრულებლის უმოქმედობის თაობაზე.
იმოწმებდა რა კვლავ მე-6 მუხლს, მომჩივანი ასევე ჩიოდა ეროვნული სასამართლოების მიერ შიდაპროცესუალური მოთხოვნების სხვადასხვა დარღვევასთან დაკავშირებით, კერძოდ, ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადების დარღვევებზე.
სამართალი
სასამართლომ უნდა დაადგინოს, არის თუ არა საჩივრები დასაშვები კონვენციის 35-ე მუხლით, მასში მე-14 ოქმით შეტანილი შესწორებების გათვალისწინებით, რაც 2010 წლის 1 ივნისს შევიდა ძალაში.
ამ ოქმით 35-ე მუხლს დაემატა დასაშვებობის ახალი მოთხოვნა, რომლის შესაბამის ნაწილში ნათქვამია შემდეგი:
“3. სასამართლო მიუღებლად ცნობს 34-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილ ინდივიდუალურ საჩივარს, თუ ის მიიჩნევს, რომ:
(...)
(ბ) მომჩივანს არ განუცდია მნიშვნელოვანი ზიანი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კონვენციითა და მისი ოქმებით განსაზღვრული ადამიანის უფლებების დაცვა მოითხოვს ამგვარი საჩივრის არსებითი მხარის განხილვას და იმ პირობით, რომ ზემოაღნიშნული საფუძვლით ვერც ერთი ის საქმე ვერ იქნება უარყოფილი, რომელიც ეროვნული სასამართლოების მიერ სათანადოდ არ ყოფილა განხილული.”
ოქმის მე-20 მუხლის შესაბამისად, ახალი დებულება, მისი ძალაშის შესვლის თარიღიდან, გამოყენებული უნდა იყოს სასამართლოში განსახილველად შესული ყველა საჩივრისადმი, გარდა იმ საჩივრებისა, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი. წინამდებარე საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, თავდაპირველად განიხილოს, აკმაყოფილებს თუ არა მომჩივნის საჩივრები დასაშვებობის ამ ახალ მოთხოვნას.
ამასთან, სასამართლო გაითვალისწინებს, რომ გრძელვადიან პერსექტივაში, დასაშვებობის ახალი კრიტერიუმის მიზანია, შესაძლებელი იყოს დაუსაბუთებელი საქმეების უფრო სწრაფი უარყოფა, რაც ასევე შესაძლებელს გახდის, კონცენტრირება მოხდეს სასამართლოს მთავარ მისიაზე - უზრუნველყოს ადამიანის უფლებების სამართლებრივი დაცვა ევროპულ დონეზე (იხილეთ მე-14 ოქმის განმარტებითი ანგარიში, CETS No. 194 (შემდეგში „განმარტებითი ანგარიში“), §§ 39 და 77-79). მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს აშკარად სურდათ, რომ სასამართლოს მეტი დრო დაეთმო იმ საქმეებისთვის, რომლებიც მოითხოვს არსებითი მხარის განხილვას, ინდივიდუალური მომჩივნის სამართლებრივი ინტერესებიდან თუ კონვენციის სამართლისა და ევროპული საზოგადოებრივი წესრიგის, რასაც კონვეციაც ემსახურება, უფრო ფართო პერსპერქტივიდან გამომდინარე (იხილეთ განმარტებითი ანგარიში, § 77). სულ ახლახან მაღალმა ხელმშემკვრელმა მხარეებმა სასამართლოს მოუწოდეს, სრულად აემოქმედებინა დასაშვებობის ახალი კრიტერიუმი და განეხილა de minimis non curat praetor პრინციპის გამოყენების სხვა შესაძლებლობები (იხილეთ სამოქმედო გეგმა, რომელიც მიღებული იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მომავლის შესახებ მაღალი დონის კონფერენციაზე, ინტერლაკენი, 2010 წლის 19 თებერვალი, § 9(გ)).
ა. განიცადა თუ არა მომჩივანმა მნიშვნელოვანი ზიანი
დასაშვებობის ახალი კრიტერიუმის მთავარი შემადგენელი ელემენტია საკითხი, განიცადა თუ არა მომჩივანმა „მნიშვნელოვანი ზიანი“. საერთო აზრია, რომ ეს ტერმინები ღიაა ინტერპრეტაციისთვის და რომ ის, დასაშვებობის უკვე არსებულ კრიტერიუმებთან ერთად, სასამართლოს გარკვეული ხარისხის მოქნილობას ანიჭებს, (იხილეთ განმარტებითი ანგარიში, §§ 78 და 80).
სასამართლოს აზრით, ამ ტერმინებს, კონვენციაში გამოყენებული ბევრი სხვა ტერმინის მსგავსად, არ ექვემდებარება ამომწურავად განსაზღვრას. ამგვარად, მაღალი ხელშემკვრელი მხარეები სასამართლოსგან მოელოდნენ, პრეცედენტული სამართლის თანდათანობითი განვითარების გზით განესაზღვრა ახალი წესის გამოყენების ობიექტური კრიტერიუმები (იხილეთ განმარტებითი ანგარიში § 80).
ინსპირირებული იყო რა ზემოთ აღნიშნული ზოგადი პრინციპით de minimis non curat praetor, ახალი კრიტერიუმი ეფუძნება იდეას, რომ უფლების დარღვევამ, წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით დარღვევის არსებობის უტყუარობის მიუხედავად, უნდა მიაღწიოს სიმძიმის მინიმალურ ზღვარს იმისთვის, რომ საქმე დასაშვები იყოს საერთაშორისო სასამართლოში განსახილველად. ამ მინიმალური ზღვარის შეფასება, ბუნებრივია, ფარდობითია და დამოკიდებულია საქმის ყველა გარემოებაზე (იხილეთ, mutatis mutandis, სოერინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1989 წლის 7 ივლისი, § 100, სერია „A“ №161). დარღვევის სიმძიმე უნდა შეფასდეს, როგორც მომჩივნის სუბიექტური აღქმების, ისე იმის გათვალისწინებით, თუ ობიექტურად რა დგას სასწორზე კონკრეტულ საქმეში.
წინამდებარე საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო თავიდანვე გააოგნა, მატერიალური ზარალის იმ მცირე და მართლაც თითმის უმნიშვნელო ოდენობამ, რამაც მომჩივანს უბიძგა, საჩივარი შემოეტანა სასამართლოში. მომჩივანი აშკარად ჩიოდა მხოლოდ იმაზე, რომ მოპასუხე ხელისუფლებამ მას არ გადაუხადა ერთ ევროზე ნაკლების ეკვივალენტი თანხა, რომელიც მას ეროვნულმა სასამართლომ მიაკუთვნა.
სასამართლო აცნობიერებს, რომ მატერიალური ზარალი არ უნდა გაიზომოს აბსტრაქტული ტერმინებით; თუნდაც მოკრძალებული მატერიალური ზიანი შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს პირის კონკრეტული მდგომარეობისა და იმ ქვეყნის ან რეგიონის ეკონომიკური სიტუაციის ფონზე, რომელშიც ის ცხოვრობს. თუმცა, განსხვავებული ეკონომიკური გარემოებების მხედველობაში მიღების მიუხედავად, სასამართლოს ეჭვგარეშედ მიაჩნია, რომ ის მცირე თანხა, რასაც წინამდებარე საქმე ეხება, მომჩივნისთვის თითქმის უმნიშვნელო იყო.
ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში არსებული მატერიალური ინტერესი არ არის ერთადერთი ელემენტი იმის განსასაზღვრად, განიცადა თუ არა მომჩივანმა სერიოზული ზიანი. მართლაც, კონვენციის დარღვევა შეიძლება ეხებოდეს მნიშვნელოვან პრინციპულ საკითხებს და ამგვარად, გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი მატერიალური ინტერესის წარმოშობის გარეშე. ეს, შესაძლოა, ასეც ყოფილიყო წინამდებარე საქმეში, მომჩივანს რომ ეჩივლა, მაგალითად, ხელისუფლების უუნარობაზე, უზრუნველეყო მისი კანონიერი უფლების განხორციელება, რაც გულისხმობდა საპასპორტო და სავიზო განყოფილებაში მასთან დაკავშირებით არსებული დოკუმენტების ხელმისაწვდომობას. თუმცა მომჩივანს ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ამ ნაწილში ეჭვქვეშ არ დაუყენებია, შემოიფარგლა რა საჩივრით მხოლოდ მატერიალური ზიანის თაობაზე. ამგვარად, სასამართლო ვერ ხედავს რაიმე დაბრკოლებას მომჩივნისთვის მისი დოკუმენტების ხელმისაწვდომობის უფლების განხორციელებაში, რაც ეროვნულ დონეზე სამართალწარმოების ძირითადი მიზანი იყო.
უნდა აღინიშნოს, რომ მომჩივნის დაჟინებული მოთხოვნა, მოპასუხე ხელისუფლებას გადაეხადა 22.50 რუსული რუბლი, შესაძლოა, მისი სუბიექტური აღქმით იყო გამოწვეული, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი პრინციპული საკითხი. მიუხედავად რელევანტურობისა, სასამართლოსთვის ეს ელემენტი არაა საკმარისი იმ დასკვნის გამოსატანად, რომ მომჩივანმა განიცადა მნიშვნელოვანი ზიანი. სავარაუდო დარღვევების შედეგის შესახებ მომჩივნის სუბიექტური განცდა დამტკიცებადი უნდა იყოს ობიექტურ საფუძვლებზე. თუმცა წინამდებარე საქმეში სასამართლო ვერ ხედავს რაიმე ამგვარ მტკიცებას, რადგან მთავარი პრინციპული საკითხი ყველა ალბათობით მომჩივნის სასარგებლოდ გადაწყდა.
ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლოს ასკვნის, რომ კონვენციის სავარაუდო დარღვევების შედეგად მომჩივანს მნიშვნელოვანი ზიანი არ განუცდია.
ბ. ადამიანის უფლებების დაცვა, როგორც ეს კონვენციასა და მის ოქმებშია განსაზღვრული, მოითხოვს თუ არა საჩივრის არსებითი მხარის განხილვას
ახალი კრიტერიუმის შემადგენლი მეორე ელემენტი გათვლილია, როგორც დაცვის მექნიზმი (იხილეთ განმარტებითი ანგარიში, § 81), რომელიც სასამართლოს აიძულებს, მომჩივნისადმი რაიმე მნიშვნელოვანი ზიანის არარსებობის პირობებშიც კი, გააგრძელოს საჩივრის განხილვა, თუკი ამას მოითხოვს ადამიანის უფლებების დაცვა, როგორც ეს კონვენციასა და მის ოქმებშია განსაზღვრული. სასამართლო აღნიშნავს, რომ ფორმულირება აღებულია კონვენციის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მეორე წინადადებიდან, სადაც ის მსგავს ფუნქციას ასრულებს სასამართლოს განსახილველ საქმეთა ნუსხიდან საჩივრების ამორიცხვის შესახებ განჩინებების კონტექსტში. 38-ე მუხლის 1-ელ ნაწილში გამოყენებულია იგივე ფორმულირება, როგორც მხარეებს შორის მეგობრული მორიგების უზრუნველყოფის საფუძველი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის ორგანოები ამ დებულებებს მუდმივად განმარტავენ ისეთ დებულებებად, რომლებიც მათ აიძულებს, განაგრძონ საქმის განხილვა, მხარეების მიერ მეგობრული მორიგების ან განსახილველ საქმეთა ნუსხიდან საჩივრის ამორიცხვის რაიმე სხვა მიზეზის არსებობის მიუხედავად. ამგვარად, საქმის შემდგომი განხილვა აუცილებლად იყო მიჩნეული, როცა ის ზოგადი ხასიათის საკითხებს წამოჭრიდა, რაც კონვენციის დაცვას ეხებოდა (იხილეთ ტირერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, №5856/72, კომისიის 1976 წლის 14 დეკემბრის დასკვნა, სერია „B 24“, გვ. 2, § 2).
ზოგადი ხასიათის ამგვარი საკითხები წამოიჭრება, მაგალითად, როცა საჭიროა კონვენციასთან დაკავშირებით სახელმწიფოს ვალდებულებების განმარტება ან მოპასუხე სახელმწიფოს სტიმულირება, გამოასწოროს სტრუქტურული ხარვეზი, რომელიც მომჩივნის მსგავს პოზიციაში მყოფ სხვა პირებზე ახდენს გავლენას. ამგვარად, სასამართლო, 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, არაერთხელ დაუდასტურებია, რომ საქმეში წამოჭრილი მთავარი პრობლემა მოგვარებული იყო ან გვარდებოდა, ხოლო სხვა საქმეებში მსგავსი სამართლებრივი საკითხები სასამართლოს თავად გადაუჭრია (იხილეთ, ბევრ სხვა საქმეს შორის, კანი ავსტრიის წინააღმდეგ, 1985 წლის 30 სექტემბერი, §§ 15-18, სერია „A“ №96, და ლეგერი საფრანგეთის წინააღმდეგ (განსახილველ საქმეთა ნუსხიდა ამორიცხვა) [დიდი პალატა], №19324/02, § 51, ECHR 2009-...).
განიხილავს რა წინამდებარე საქმეს ახალი 35-ე მუხლის, მე-3 ნაწილის (ბ) პუნქტის მოთხოვნების თანახმად და ითვალისწინებს რა თავის ვალდებულებებს კონვენციის მე-19 მუხლის შესაბამისად, სასამართლო ვერ ხედავს საზოგადოებრივი წესრიგის (ordre public) თვალსაზრისით რაიმე მნიშვნელოვან მიზეზს, რაც განაპირობებდა საჩივრის არსებით განხილვას. პირველი, სასამართლომ არაერთხელ იმსჯელა წინამდებარე საქმეში წამოჭრილი საკითხების ანალოგიურ საკითხებზე და ძალიან დეტალურად დაადგინა ამ კუთხით კონვენციიდან გამომდინარე სახელმწიფოების ვალდებულებები (იხილეთ, ბევრ სხვა საქმეს შორის, ჰორნსბი საბერძნეთის წინააღმდეგ, 1997 წლის 19 მარტი, Reports of Judgments and Decisions 1997II; ბურდოვი რუსეთის წინააღმდეგ, №59498/00, ECHR 2002III; და ბურდოვი რუსეთის წინააღმდეგ (no. 2), №33509/04, ECHR 2009...). მეორე, სასამართლომაც და მინისტრთა კომიტეტმაც იმსჯელეს რუსეთის ფედერაციაში შიდა გადაწყვეტილებების აღუსრულებლობის სისტემური პრობლემისა და ამასთან დაკავშირებით ახალი დარღვევების თავიდან ასაცილებლად ზოგადი ზომების მიღების საჭიროების შესახებ (იხილეთ ზემოხსენებული ბურდოვი რუსეთის წინააღმდეგ (no. 2) და მინისტრთა კომიტეტის შუალედური რეზოლუციები CM/ResDH(2009)43, 2009 წლის 19 მარტი და CM/ResDH(2009)158, 2009 წლის 3 დეკემბერი). ამ კუთხით, წინამდებარე საქმის არსებითი მხარის განხილვა ახალს არაფერს მოიტანს.
სასამართლო ასკვნის, რომ ადამიანის უფლებების დაცვა, როგორც ეს კონვენციასა და მის ოქმებშია განსაზღვრული, არ მოითხოვს წინამდებარე საჩივრის არსებით განხილვას.
გ. იყო თუ არა საქმე სათანადოდ განხილული ეროვნული სასამართლოს მიერ
დასაშვებობის ახალი მოთხოვნის საფუძველზე საჩივრის უარყოფის შესაძლებლობას 35-ე მუხლი მე-3 ნაწილის (ბ) პუნქტი არ იძლევა, თუკი საქმე სათანადოდ არ არის განხილული ეროვნული სასამართლოს მიერ. ავტორების მიერ კვალიფიცირებულია რა დაცვის მეორე მექნიზმად (იხილეთ განმარტებითი ანგარიში, § 82), მისი მიზანია თითოეული საქმის სასამართლო განხილვის უზრუნველყოფა, იქნება ეს ეროვნულ, თუ ევროპულ დონეზე; სხვა სიტყვებით - რომ თავიდან იქნას აცილებული ვინმესთვის მართლმსაჯულებაზე უარის თქმა. ეს დებულება ჰარმონიაშია ასევე სუბსიდიურობის პრინციპთან, როგორც ეს ასახულია განსაკუთრებით კონვენციის მე-13 მუხლში, რომელიც მოითხოვს, რომ დარღვევების წინააღმდეგ ქმედითი სამართლებრივი მისაგებელი ხელმისაწვდომი იყოს ეროვნულ დონეზე.
სასამართლოს აზრით, წინამდებარე საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მთლიანობაში აღებული, არ ამჟღავნებს ეროვნულ დონეზე მართლმსაჯულებაზე უარის თქმას. სახელმწიფო ორგანოების წინააღმდეგ მომჩივნის თავდაპირველი საჩივრები განხილული იყო ორ ინსტანციაში და მისი მოთხოვნები დაკმაყოფილდა. მისი შემდგომი საჩივარი სასამართლო აღმასრულებლის წინააღმდეგ, რომ მან ვერ შეძლო სასამართლოს მიერ მიკუთვნებული თანხის ანაზღაურება, რაიონულმა სასამართლომ უარყო შიდაპროცესუალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო. მომჩივანმა ვერ შეძლო ამ მოთხოვნების შესრულება, ხელახლა არ შეიტანა რა მისი საჩივარი მოსამართლის თხოვნის შესაბამისად. ეს სიტუაცია არ წარმოადგენს ხელისუფლების მიერ მართლმსაჯულებაზე უარის თქმას.
რაც შეეხება ზემოხსენებული ორი სასამართლო ინსტანციის მიერ შიდაპროცესუალური მოთხოვნების შესაძლო დარღვევებს, კონვენცია მომჩივანს შიდა სასამართლოებში ამის შემდგომი გასაჩივრების უფლებას არ ანიჭებს მას შემდეგ, რაც მის საქმეზე გადაწყვეტილებას საბოლო ინსტანცია მიიღებს (იხილეთ ტრეგუბენკო უკრაინის წინააღმდეგ, №61333/00, 2003 წლის 21 ოქტომბერი, და სიტკოვი რუსეთის წინააღმდეგ (განჩინება), №55531/00, 2004 წლის 9 ნოემბერი). ის ფაქტი, რომ ეს საჩივრები არ დაექვემდებარა შემდგომ სასამართლო გადასინჯვას ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოს აზრით, არ წარმოადგენს დაბრკოლებას დასაშვებობის ახალი კრიტერიუმის გამოყენებისთვის. საპირისპირო განმარტება სასამართლოს ხელს შეუშლიდა, უარეყო ნებისმიერი, ყველაზე უმნიშვნელო საჩივარიც კი, რომელიც საბოლოო შიდა სასამართლო ინსტანციის მიერ სავარაუდო დარღვევებს უკავშირდება. სასამართლო ადგენს, რომ ამგვარი მიდგომა ახალი დებულების მიზანსა და ამოცანასთან შეუსაბამო და შეუთავსებელი იქნებოდა.
სასამართლო ასკვნის, რომ მომჩივნის საქმე სათანადოდ იყო განხილული ეროვნული სასამართლოს მიერ 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის (ბ) პუნქტის მნიშვნელობით.
დ. დასკვნა
ზემოთქმულის გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ წინამდებარე საჩივარი უნდა გამოცხადდეს დაუშვებლად კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის (ბ) პუნქტის თანახმად, მასში მე-14 ოქმით შეტანილი შესწორებების შესაბამისად. ამ დასკვნით მოხსნილია იმის განხილვის საჭიროება, აკმაყოფილებს თუ არა საჩივარი დასაშვებობის სხვა მოთხოვნებს.
ამ მიზეზებიდან გამომდინარე, სასამართლო ერთხმად
აცხადებს საჩივარს დაუშვებლად.
სორენ ნილსენიქრისტოს როზაკისი
სექციის სასამართლო გამწესრიგებელი თავმჯდომარე
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი გაკეთდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის მხარდაჭერით (/humanrightstrustfund). თარგმანი სასამართლოსთვის სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე არაა და სასამართლო მის ხარისხზე პასუხს არ აგებს. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან (), ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ წინამდებარე თარგმანი გადასცა. თარგმანის გამოყენება არაკომერციული მიზნებისთვის ნებადართულია იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული დასახელების ციტირება, ზემოთ მოცემული საავტორო უფლებებისა და ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის შესახებ შენიშნვის მითითებით. წინამდებარე თარგმანის, ან მისი ნაწილის, კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012.
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@ .
Full & Egal Universal Law Academy