დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 180
2014 წლის დეკემბერი
კრუშკიჩი და სხვები ხორვატიის წინააღმდეგ (Kruškić and Others v. Croatia)
(საჩივარი 10140/13)
განჩინება, 25 ნოემბერი, 2014 (1-ლი სექცია)
მე-8 მუხლი
მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილი
ოჯახური ცხოვრების პატივისცემა
შვილიშვილებზე მეურვეობის მოპოვებასთან დაკავშირებით ბებია-ბაბუის მიერ დაყენებულ მოთხოვნაზე უარი: დაუშვებელი
ფაქტები – პირველი და მეორე მომჩივანი იყვნენ მესამე და მეოთხე მომჩივნების ბებია და ბაბუა. ბავშვები დაიბადნენ, შესაბამისად, 2006 და 2005 წლებში. 2008 წელს ბავშვების დედამ და 2011 წელს მათმა მამამ დატოვეს ოჯახი, სადაც ისინი ცხოვრობდნენ ოთხივე მომჩივანთან ერთად. დავა წარმოიშვა ბებია-ბაბუასა და მამას შორის მეურვეობასა და ბავშვებთან ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. ეროვნულმა სასამართლოებმა მეურვეობა საბოლოოდ მიანიჭეს მამას, რომელიც ბავშვებთან 2013 წლიდან ცხოვრობდა.
სამართალი: მუხლი 34 – მესამე და მეოთხე მომჩივნის Locus standi: ბავშვების მშობლებს არასდროს ჩამორთმევიათ მშობლის უფლება-მოვალეობები, გარდა ამისა, ბებია-ბაბუას არ დაკისრებიათ ბავშვებზე მეურვეობა, არც რაიმე სხვა ფორმით არ იყვნენ ისინი ფორმალურად მათზე მინდობილი. უფრო მეტიც, 2013 წლის დეკემბერში ეროვნულ სამართალწარმოებაში ბავშვები წარმოდგენილნი იყვნენ ad litem მეურვით. ეროვნული სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, ბებია-ბაბუას ჰქონდა, სულ მცირე, შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი თავიანთ შვილიშვილებთან. ამგვარად, საქმის კონკრეტულ გარემოებებში ბებია-ბაბუა არ იყო აღჭურვილი თავიანთი შვილიშვილების სახელით საჩივრის წარდგენის უფლებით.
დასკვნა: დაუშვებელი (შეუთავსებელი ratione personae).
მუხლი 8: შესაძლოა, „ოჯახური ცხოვრება“ არსებობდეს ბებია-ბაბუასა და შვილიშვილებს შორის იქ, სადაც მათ შორის არსებობს მჭიდრო ოჯახური კავშირები. წინამდებარე საქმეში, ბებია-ბაბუა შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობდა შვიდი და რვა წლის განმავლობაში [მათი ასაკის შესაბამისად], და ამგვარად, მათ შორის ურთიერთობა წარმოადგენდა „ოჯახურ ცხოვრებას“ მე-8 მუხლის მნიშვნელობით. მიუხედავად ამისა, ჩვეულებრივ გარემოებებში ბებია-ბაბუასა და შვილიშვილებს შორის ურთიერთობა არსითა და ხარისხით განსხვავდებოდა მშობელსა და შვილს შორის არსებული ურთიერთობიდან და ამრიგად, მისი ძირითადი არსიდან გამომდინარე, სარგებლობდა დაცვის ნაკლები ხარისხით. ბებია-ბაბუის უფლება შვილიშვილებთან ერთად ოჯახური ცხოვრების პატივისცემის შესახებ, უპირველეს ყოვლისა, უკავშირდება უფლებას ბებია - ბაბუას ქონდეს პირდაპირი კონტაქტი შვილიშვილებთან, მათ შორის ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით. მიუხედავად ამისა, ასეთ ურთიერთობას ძირითადად ადგილი ჰქონდა მშობლის უფლებამოსილების განმხორციელებელი პირთან შეთანხმებით და შესაბამისად ბავშვის მშობლების დისკრეციას წარმოადგენდა.
სიტუაციებში, სადაც ბავშვები დატოვებულნი არიან მშობლის ზრუნვის გარეშე, მე-8 მუხლიდან გამომდინარე ბებია-ბაბუას შეუძლია, ოფიციალურად მოათავსონ შვილიშვილები მათი მეურვეობის ქვეშ. მიუხედავად ამისა, წინამდებარე საქმის გარემოებების გათვალისწინებით ვერ იქნება გამოყენებული ეს უფლება, რადგან არ შეიძლება, საკამათო გახდეს ის, რომ შვილიშვილები მამამ მიატოვა, რადგან ის წავიდა მხოლოდ თვენახევრით მას შემდეგ, რაც ისინი ბებია-ბაბუის მზუნველობის ქვეშ დატოვა. ვინაიდან მე-8 მუხლი არ შეიძლება განმარტებული იყოს იმგვარად, თითქოს ის ბებია-ბაბუას ანიჭებს მეურვეობასთან დაკავშირებულ რაიმე უფლებას, მეურვეობასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებაში ეროვნული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ წარმოადგენდა მათი ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევას.
დასკვნა: დაუშვებელი (აშკარად დაუსაბუთებელი).
(იხილეთ ასევე Bronda v. Italy, 22430/93, 9 ივნისი 1998; G.H.B. v. the United Kingdom(dec.), 42455/98, 4 მაისი 2000; Scozzari and Giunta v. Italy [GC], 39221/98და 41963/98, 13 ივლისი 2000, საინფორმაციო შეტყობინება 20; და Moretti და Benedetti v. Italy, 16318/07, 27 აპრილი 2010, საინფორმაციო შეტყობინება 129. იხილეთ ასევე საინფორმაციო შეტყობინება არასრულწლოვანთა დაცვა, ბავშვთა უფლებები და მშობლის უფლებები).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება არ არის სავალდებულო სასამართლოსთვის.
დამატებით იხილეთ Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy