ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეთა თანასწორობის პრინციპის თაობაზე საქმის დასაშვებობის შესახებ.
ეროვნული სასამართლოების მიერ პოლიციის განცხადებების დასაშვებობის, ობიექტურობისა და სანდოობის შეფასებამ არ გამოავლინა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის რაიმე ფაქტი: განაცხადი დაუშვებლად იქნა მიჩნეული
საქმე „ნატალია კუზმისკაია ლიტვის წინააღმდეგ“
CASE OF NATALJA KUZMICKAJA v. LITHUANIA
განაცხადი № 27968/03
განჩინება
ფაქტობრივი გარემოებები
ა. საქმის გარემოებები
განმცხადებელი იყო იმ კომპანიის აქციონერი, რომელსაც ეკუთვნოდა ის ბარი, სადაც ბარმენად მუშაობდა.
პოლიციამ მიიღო ანონიმური შეტყობინება, იმის თაობაზე, რომ განმცხადებლის ბარი ალკოჰოლური სასმელების უფრო მცირე რაოდენობას სთავაზობდა მომხმარებელს, ვიდრე ეს ნორმით იყო გათვალისწინებული. შესაბამისად, 2003 წლის 23 აპრილს, პოლიციის თანამშრომელმა - ად-მ, რომელსაც თან ახლდა კიდევ ორი პოლიციის თანამშრომელი - სპ. და არ., ბარში სასმელები გასაკონტროლებლად შეიძინა. მან თავი წარადგინა როგორც ჩვეულებრივმა კერძო მომხმარებელმა, რათა დაედგინა, მოუტანდნენ თუ არა ალკოჰოლის ნორმით განსაზღვრულ რაოდენობას, რაც მენიუს შეთავაზებაში იყო აღნიშნული. მან მოითხოვა ბრენდის 50 გრამიანი ორი პორცია, განმცხადებელმა კი მიუტანა ად-ს 40 და 44 გრამიანი პორციები.
იმავე თარიღში პოლიციის თანამშრომელმა სპ-მ წარადგინა ანგარიში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ, რომლის შესაბამისადაც განმცხადებელმა მოტყუებით მიითვისა მომხმარებლის (ად-ს) თანხა, 0.96 ლიტვური ლიტის ოდენობით ( რაც შეადგენს დაახლოებით 0.28 ევროს).
2003 წლის 11 ივნისს ვილნიუსის მეორე რაიონულმა სასამართლომ განმცხადებელი დამნაშავედ ცნო მომხმარებლის მოტყუებაში, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი 163-1). იგი დაჯარიმდა 240 ლიტვური ლიტის ოდენობის თანხით (დაახლოებით 69.50 ევრო). სასამართლოს მტკიცებულებების სახით, სხვა მტკიცებულებებთან ერთად გააჩნდა სამართალდარღვევის ოქმი, „საკონტროლო შესყიდვა”, სამი პოლიციის თანამშრომლის ად-ს, სპ-ს და არ-ს ჩვენება და განმცხადებლის ახსნა-განმარტება.
სამართალი განმცხადებელი კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე ჩიოდა, რომ სამართალწარმოება იყო არასამართლიანი, რადგან პოლიციის თანამშრომლებმა და სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს ამ საქმის ფაქტები, რომლის თანახმად, მან სათანადო წესის დაცვით გაყიდა დადგენილი რაოდენობის ალკოჰოლი.
კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამი ნაწილი ითვალისწინებს შემდეგს:
ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების განსაზღვრისას ..., ყველას აქვს....მისი საქმის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება ...”
სასამართლო იხსენებს, რომ მე-6 მუხლის გამოყენების მიზანშეწონილობა ზემოხსენებულ ენგელის სასამართლო გადაწყვეტილებაში გამოკვეთილი სამი კრიტერიუმის საფუძველზე უნდა იქნეს შეფასებული (§§ 82 და 83; იხ. ჯასილა ფინეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N. 73053/01, §§ 30-31, ECHR, 2006):
- სამართალდარღვევის განსაზღვრა ეროვნულ კანონში;
- მისი ბუნება;
- სასჯელის ბუნება და სიმკაცრის ხარისხი, რომელიც შეიძლება დაეკისროს შესაბამის პირს.
ამ საქმის მიმართ სასამართლომ აღნიშნა, რომ მომხმარებლის მოტყუების სამართალდარღვევა გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და არა სისხლის სამართლის კოდექსით. მიუხედავად ამისა, ეროვნულ კანონში არსებული განსაზღვრება არ არის გადამწყვეტი ( იხ. კადუბეკი სლოვაკიის წინააღმდეგ, 1998 წლის 2 სექტემბრის სასამართლო გადაწყვეტილება, მოხსენებები განჩინებებისა და გადაწყვეტილებების შესახებ 1998‑VI, § 51). სასამართლოს აზრით, სამართალდარღვევა აშკარად კრიმინალური ხასიათის იყო და ჯარიმას ჰქონდა შემაკავებელი და სადამსჯელო ასპექტები, განსაკუთრებით სასჯელის საბოლოო სიმძიმის გათვალისწინებით გადაუხდელობის შესაძლო შედეგებიდან გამომდინარე. შესაბამისად სასამართლომ დაასკვნა, რომ მომხმარებლის მიზანმიმართულად მოტყუება სამართალდარღვევაა და სისხლის სამართლის დანაშაულია, ამიტომ მოცემულ საქმეზე შეიძლება მე-6 მუხლის გავრცელება.
... განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ სასამართლოებმა ვერ დაიცვეს მხარეთა თანასწორობის პრინციპი მტკიცებულების შეფასების დროს და პოლიციელების სასარგებლოდ მოქმედებდნენ. ის აცხადებდა, რომ ორი სხვა პოლიციის თანამშრომლის ნაცვლად, ად-ს უნდა გამოეყენებინა მიუკერძოებელი მოწმე, რათა უზრუნველყოფილიყო პროცედურის მართლზომიერება. დამატებით, მან წარუდგინა ეროვნულ სასამართლოებს ექსპერტის მიერ მომზადებული წერილობითი მტკიცებულება, რომ ის ჭიქა, რომელსაც იგი იყენებდა ალკოჰოლის ზომის განსაზღვრისათვის შეესაბამება ნორმებს, მაშინ როდესაც პოლიციის მიერ გამოყენებული ჭიქა არ არის მსგავსად სერტიფიცირებული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის მიხედვით სასამართლოს ამოცანას არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს, ან ეგრეთ წოდებული მეოთხე ინსტანციის სასამართლოს სახით მოქმედება ეროვნული სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მიმართ. ამ უკანასკნელის ფუნქციაა, რომ მოახდინოს მატერიალური და პროცესუალური სამართლის შესაბამისი კანონების ინტერპრეტაცია და გამოყენება. ამასთანავე, ეროვნულ სასამართლოებს ყველაზე უკეთ შეუძლიათ მოწმეთა სანდოობისა და მტკიცებულების დასაშვებობის შეფასება (იხ. 2002 წლის 5 სექტემბრის განჩინება - ტიმოფეევი რუსეთის წინააღმდეგ) N58263/00). სასამართლოს ფუნქციაა დაადგინოს მთლიანობაში გასაჩივრებული სამართალწარმოების კონვენციის მე-6 მუხლთან შესაბამისობა.
სასამართლომ განიხილა განმცხადებლის განაცხადი იმის თაობაზე, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა საქმეში მხარეთა თანასწორობის პრინციპი უგულებელყვეს. სასამართლომ ეს სასარჩელო მოთხოვნა არ მიიჩნია დასაბუთებულად. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნულ სასამართლოებს წინამდებარე საქმეში უნდა შეეფასებინათ მტკიცებულების დასაშვებობა, ობიექტურობა და სანდოობა. განმცხადებელს საშუალება ჰქონდა გაესაჩივრებინა მტკიცებულების და მათი მოპოვების გზების დასაშვებობა. მას შეეძლო ეჩივლა პოლიციის ოფიცრების მხრიდან დანაშაულის წაქეზებისა და ამ საქმეში ჩართული პოლიციის თანამშრომლების მიერ „საკონტროლო შესყიდვის“ გზით მოპოვებული მტკიცებულების სიზუსტეზე. და ბოლოს, მას საშუალება ჰქონდა გაეზიარებინა თავისი მოსაზრებები საქმის გარემოებებთან დაკავშირებით.
ზემოთ მოცემული მოსაზრებებიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ ამ საქმეში არ გამოვლინდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა და რომ კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, განაცხადი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, როგორც აშკარად უსაფუძვლო. შესაბამისად, მიზანშეწონილია შეწყდეს კონვენციის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის გამოყენება.
ამ მიზეზების გამო, სასამართლო ერთსულოვნად აცხადებს, რომ განაცხადი მიუღებელია.
Full & Egal Universal Law Academy