დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N80
2005 წლის ნოემბერი
ლაზარევი და ლაზარევი რუსეთის წინააღმდეგ (განჩინება) - Lazarev and Lazarev v. Russia (dec)
(საჩივარი- 16153/03)
გადაწყვეტილება, 24 ნოემბერი 20015 [1-ლი სექცია]
1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი
საკუთრებით სარგებლობის კონტროლი
ფაქტები – პირველმა მომჩივანმა იყიდა ბინა, რომელიც მან დაარეგისტრირა თავის და აგრეთვე ორი შვილის სახელზე (უმცროსი შვილი წინამდებარე საქმეში მეორე მომჩივანია). მოგვიანებით მომჩივანმა ბინის გაყიდვა გადაწყვიტა და მიმართა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, ნებართვის მოსაპოვებლად. აღნიშნულმა ორგანომ მას ნებართვა არ მისცა იმ საფუძვლით, რომ ბინის გაყიდვა შეამცირებდა მისი არასრულწლოვანი შვილის საკუთრებას და შესაბამისად, ეს არ წარმოადგენდა ბავშვის ინტერესს. პირველმა მომჩივანმა აღნისნული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ მან ბინა მეორე მომჩივანზე ნებაყოფლობით დაარეგისტრირა და შესაბამისად მისი გაყიდვა შეამცირებდა მეორე მომჩივნის საკუთრებას, რაც გამოყენებადი სამართლით არ იყო დაშვებული.
მომჩივნები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე დავობდნენ, რომ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უარი, კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის საწინააღმდეგოდ, უტოლდებოდა მათი საკუთრებით სარგებლობის კონტროლს. მათი მტკიცებით. მსგავსი კონტროლის განხორციელება არ წარმოადგენდა საჯარო ინტერესს. ბინის გაყიდვა მომგებიანი იქნებოდა ოჯახის ფინანსებისთვის და ემსახურებოდა ოჯახის თითოეული წევრის ინტერესებს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მეორე მომჩივანი კიდევ ერთი ბინის მესაკუთრე იყო და ამდენად საცხოვრებელ სახლზე მისი უფლება აღნიშნული ბინის გაყიდვით არ დაირღვეოდა.
სამართალი – 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი
სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნული საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია შემდეგი საფუძვლების გათვალისწინებით:
გასაჩივრებული შეზღუდვა დაკისრებული იყო ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად. აღნიშნული პროცედურა მეურვეობის ორგანოს აძლევდა დისკრეციულ უფლებამოსილებას განესაზღვრა, გაეცა თუ არა თანხმობა იმ ტრანზაქციაზე, რომელიც ბავშვის საკუთრებაზე ახდენდა გავლენას. შეზღუდვა აგრეთვე ემსახურებოდა საჯარო ინტერესს, კერძოდ ბავშვის საცხოვრისის უფლებას, რომელიც განსაკუთრებით რელევანტური იყო რუსეთის უძრავი ქონების ბაზრის კონტექტში, სადაც ბავშვები და მოხუცები თაღლითური გარიგებების მთავარ სამიზნეს წარმოადგენდნენ. ამდენად, მეურვეობის ორგანოს უნდა უზრუნველეყო, რომ ბავშვების ფინანსური ინტერესები და საცხოვრებლის უფლება არ დაზიანდებოდა მათი იურიდიული წარმომადგენლის, მათ შორის ბიოლოგიური მშობლების, დაუდევარი ქმედებების გამო.
სტრასბურგის სასამართლოს უნდა შეეფასებინა, დაცული იყო თუ არა გონივრული პროპორციულობა გასაჩივრებულ ღონისძიებასა და მისაღწევ ლეგიტიმურ მიზანს შორის, სხვა სიტყვებით რომ ითქვას, მას უნდა ემსჯელა, ხელისუფლების ორგანოებმა ხომ არ დააკისრეს მომჩივნებს ინდივიდუალური და გადაჭარბებული ტვირთი.
პროპორციულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ გასაჩივრებული სიტუაცია თავად პირველი მომჩივნის ქმედებებით იყო განპირობებული. კერძოდ, ბინის შეძენის დროს, თუ მომჩივანი გეგმავდა შემდგომში მის გაყიდვას, მას უნდა გაეთვალისწინებინა ის იურიდიული გართულებები, რაც მოყვებოდა მის გადაწყვეტილებას, საკუთრება დაერეგისტრირებინა შვიდი წლის შვილის სახელზე. მხარეს სადავოდ არ გაუხდია, რომ სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი დებულებები არ იყო ხელმისაწვდომი ან საკმარისად განჭვრეტადი. საჭიროების შემთხვევაში, მომჩივანს შეეძლო იურიდიული დახმარების მიღება.
უფრო მეტიც, სტრასბურგის სასამართლო ვერ დაეთანხმება მომჩივნის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ მეურვეობის და მზრუნველობის ორგანომ მას თანხმობა იმ საფუძვლით არ მისცა, რომ მის არაკეთილსინდისიერებაში შეიტანა ეჭვი. საქმეში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა მომჩივნის უნარი, ემოქმედა ბავშვების საუკეთესო ინტერესებით და განეკარგა ოჯახის ბიუჯეტი მისი მოსაზრებით ყველაზე ხელსაყრელი ფორმით. ხელისუფლების ორგანოების უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენდა მისი პატარა შვილის საკუთრების მაქსიმალურად დაცვა, სანამ ის იმ ასაკის გახდებოდა, როდესაც შეძლებდა საკუთრების თავად განკარგვას.
რა თქმა უნდა შესაძლებელი იყო, რომ ახალი ბინის გაყიდვით და თანხის ხელახლა დაბანდებით, პირველ მომჩივანს მიეღო მნიშვნელოვანი მოგება, რაც საბოლოო ჯამში მთელი ოჯახისთვის, მათ შორის მეორე მომჩივნისთვისაც, სარგებლიანი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ამ შემთხვევაში მეორე მომჩივანი დაკარგავდა იურიდიულ საკუთრებას იმ ქონებაზე, რაც მას უკვე ჰქონდა, პირველი მომჩივნისთვის შესაბამისი სამართლებრივი ვალდებულების დაკისრების გარეშე.
გარდა ამისა, ნებისმიერ შემთხვევაში, გასაკვირი იყო, რომ პირველმა მომჩივანმა ეროვნული სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე არ მიუთითა რაიმე ზომის მიღებაზე, რომელიც დაიცავდა მეორე მომჩივნის ინტერესებს, ბინის მისი წილის გაყიდვის შემდეგ. ასეთი ზომა შეიძლება ყოფილიყო, მაგალითად, გაყიდული ბინიდან მიღებული შემოსავლის ნაწილის საბანკო ანგარიშზე შენახვა მეორე მომჩივნის სახელზე.
საბოლოო ელემენტი, რომელიც პროპორციულობის შეფასებისას გასათვალისწინებელი იყო, არის ის, რომ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დაწესებული შეზღუდვა არ იყო დროში შეუზღუდავი: ის ვრცელდებოდა მხოლოდ იმ პერიოდამდე, სანამ მეორე მომჩივანს თოთხმეტი წელი არ შეუსრულდებოდა. მსგავს გარემოებებში, გასაჩივრებული შეზღუდვა არ წარმოადგენდა ინდივიდუალურ და გადაჭარბებულ ტვირთს არც პირველი და არც მეორე მომჩივნისათვის.
სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ წინამდებარე საქმეზე დაიცვა სამართლიანი ბალანსი საზოგადოების საჯარო ინტერესსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის.
დასკვნა: აშკარად უსაფუძვლო
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy