დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 171
2014 წლის თებერვალი
მარტინს ალვესი პორტუგალიის წინააღმდეგ (Martins Alves v. Portugal)
(საჩივარი - 56297/11)
განჩინება, 21 იანვარი, 2014 (მე-2 სექცია)
35-ე მუხლი
35-ე მუხლის მე-3 პარაგრაფი
საჩივრის უფლების ბოროტად გამოყენება
წარმომადგენლის შეცდომა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის შეეტყობინებინა, რომ მას წარდგენილი ჰქონდა ორი განცალკევებული საჩივარი ერთი და იმავე ფაქტის შესახებ, ქმრისა და ცოლის სახელით: დაუშვებელია
ფაქტები – 2004 წელს კერძო კომპანიამ დაიწყო სამოქალაქო სამართალწარმოება მომჩივნისა და რამდენიმე სხვა პირის, მათ შორის მომჩივნის ქმრის, წინააღმდეგ.
2011 წლის იანვარში ქმარმა წარადგინა საჩივარი (5340/11) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რომელშიც სამართალწარმოების ხანგრძლივობას ასაჩივრებდა. წინამდებარე საჩივარი წარდგენილი იქნა 2011 წლის აგვისტოში, მაშინ, როდესაც მომჩივნის ქმრის მიერ წარდგენილი საჩივარი [ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე] ჯერ ისევ განხილვის პროცესში იყო. ერთი და იმავე ადვოკატი მოქმედებდა ორივე საჩივართან მიმართებაში.
2013 წელს სასამართლომ განიხილა ქმრის საჩივარი და დაადგინა კონვენციის მე-6(1) მუხლისა და მე-13 მუხლის დარღვევა სამართალწარმოების ხანგრძლივობის გამო. მას მიენიჭა 4,500 ევრო არამატერიალური ზიანისათვის და 1,000 ევრო ხარჯებისა და დანახარჯებისათვის.
სამართალი – 35-ე მუხლის მე-3 პარაგრაფი: წინამდებარე საჩივრის წარდგენისას, მომჩივნის წარმომადგენელმა, რომელსაც სასამართლოში ადრე წარდგენილი ჰქონდა მრავალი საჩივარი და ამგვარად, კარგად იცნობდა პროცედურას, სასამართლოს არ შეატყობინა, რომ საქმე დაკაშირებული იყო იმავე შიდასახელმწიფოებრივ სამართალწარმოებასთან, რომელსაც ეხებოდა მეუღლის საჩივარი, ან რომ წინამდებარე საქმეში მომჩივანი იყო ადრე განხილული საქმის მომჩივნის ცოლი და რომ ისინი ერთობლივად გამოდიოდნენ ეროვნული სასამართლოების წინაშე.
სხვადასხვა დროს წარდგენა ორი განცლაკევებული საჩივრისა, რომლებიც შეიძლებოდა, მიჩნეულიყო არსებითად ერთი და იმავე საჩივრად, per se არ ადგენდა საჩივრის უფლების ბოროტად გამოყენებას. მიუხედავად ამისა, სასამართლო ვერ ხედავს რაიმე ლეგიტიმურ მიზანს, თუ რატომ არ იქნა წარდგენილი მომჩივნის საჩივარი მისი ქმრის საჩივართან ერთად, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ორივე მეუღლე მონაწილეობდა ერთობლივად სამართალწარმოებაში ეროვნული სასამართლოების წინაშე და ორივე იყო წარმოდგენილი ერთი და იმავე ადვოკატით. ამასთან ერთად, მომჩივნის წამომადგენელმა წარადგინა არასრული და შესაბამისად, მცდარი ინფორმაცია. ეს ხარვეზი გახდა სულ უფრო მნიშვნელოვანი მას შემდეგ, რაც დავის საკითხი წინამდებარე საქმეში გადაწყვეტილი იქნა სასამართლოს მიერ, საქმის არსებითი განხილვის დროს სასამართლოს 2013 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებაში და მომჩივნის მეუღლეს მიენიჭა კომპენსაცია 41-ე მუხლის შესაბამისად. ადვოკატს რომ გაეერთიანებინა წინამდებარე საჩივარი მომჩივნის ქმრის მიერ წარდგენილ საჩივართან, სასამართლო არ მიანიჭებდა უფრო მეტ ანაზღაურებას არამატერიალური ზიანისთვის და ხარჯებისა და დანახარჯებისთვის, რადგან საჩივრის შინაარსი იყო ერთნაირი, მომჩივანი და მისი ქმარი იყვნენ მხარეები იმავე შიდასახელმწიფოებრივ სამართალწარმოებაში, შეადგენდნენ ერთ ოჯახს და წარმოდგენილნი იყვნენ იმავე ადვოკატით.
საბოლოოდ, სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ ორი საჩივარი, რომლებშიც მომჩივნები წარმოდგენილნი იყვნენ იმ ადვოკატით, რომლის შესახებაცაა საუბარი, უტოლდება საჩივრის წარდგენის უფლების ბოროტად გამოყენებას, იმ დროს, როდესაც სამი სხვა საჩივარი, წარმოდგენილი ამ ადვოკატის მიერ დამოუკიდებლად, მიჩნეულ იქნა არსებითად იგივედ, როგორც წინა საჩივრები. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ადვოკატები ვალდებულნი არიან, აჩვენონ პროფესიული სიფრთხილის მაღალი ხარისხი და ჭეშმარიტი თანამშრომლობა სასამართლოსთან, თავიდან აიცილონ არააარსებითი საჩივრები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათდამი ნდობა იქნება შესუსტებული და – სისტემატური დარღვევების შემთხვევაში – ისინი შესაძლოა, ჩამოშორებული იქნენ სამართალწარმოებისაგან სასამართლოს რეგლამენტის 36-ე მუხლისა § 4 (b) და 44D მუხლის შესაბამისად.
მომჩივნის წარმომადგენლის ქმედება წინამდებარე საქმეში იყო 34-ე მუხლში გათვალისწინებული ინდივიდუალური საჩივრის წარდგენის მიზნის საპირისპირო და შესაბამისად, საჩივარი იქნა უარყოფილი მისი ბოროტად გამოყენების გამო.
დასკვნა: დაუშვებელი (საჩივრის უფლების ბოროტად გამოყენება).
(იხილეთ Ferreira Alves v. Portugal, 5340/11, 2 აპრილი 2013)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება არ არის სავალდებულო სასამართლოსთვის. დამატებით იხილეთ Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy