დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე
მაისტერი გერმანიის წინააღმდეგ (Meister v. Germany)
(საჩივარი- 30549/96)
გადაწყვეტილება, 10 აპრილი, 1997
მე-10 მუხლი
გამოხატვის თავისუფლება
ფაქტები – 1994 წლის 25 აპრილს დიუსელდორფის რაიონულმა ადვოკატთა დისციპლინურმა სასამართლომ პროფესიული წესების დარღვევისათვის მომჩივანს საყვედური გამოუცხადა და მას ჯარიმის სახით 40 000 გერმანული მარკა დააკისრა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიანიშნა მის წინააღმდეგ გამოყენებულ 4 დისციპლინურ სახდელზე 1981, 1983, 1986 და 1992 წლებში.
მოცემული სახდელი უკავშირდებოდა მომჩივნის მიერ 1992-93 წლებში გაკეთებულ განცხადებებს:
1. 1992 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც ადვოკატი სასამართლოში წარმოადგენდა თაღლითობაში ბრალდებულ ნიგერიელ მოქალაქეს, მან „იერარქიული საჩივრით“ მიმართა ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის იუსტიციის მინისტრს და ვუპერტალის რაიონული სასამართლოს მოსამართლეებზე მითითებით აღნიშნა, რომ „საქმე აშკარად განხილულ იქნა ფეთქებადი ხასიათის მქონე იდიოტების მიერ, რომლებსაც ძალაუფლება თავში აუვარდათ“. ვუპერტალის რაიონული სასამართლოს თავჯდომარემ აღნიშნული ბრალდების საპასუხოდ განაცხადა, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გათვალისწინებით, მოსამართლეთა სამართლებრივი შეფასების შემოწმება შეუძლებელია. აღნიშნულის შემდგომ, 1993 წელს მომჩივანმა კვლავ მიწერა წერილი ზემოთ ხსენებულ მინისტრს, სადაც აღნიშნა, რომ „თუ აღნიშნულს ისიც „სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპით“ ახსნიდა, სამომავლოდ მასაც ერთ-ერთ ისეთ კლოუნად მოიაზრებდა, რომელსაც თავიანთი უაზრო საუბრის გამო, სახელმწიფოს იმპერატიული საჭიროებები დაავიწყდათ“. მინისტრის პასუხის შემდეგ, რომლითაც მან გაიზიარა რაიონული სასამართლოს თავჯდომარის პოზიცია, მომჩივანმა მას ბრალი დასდო „სამართლებრივად დადგენილი სისულელით ხელის დაბანასა და იმ ხალხის უპატივცემულოდ მოპყრობაში, რომელთაც წესით უნდა ემსახურებოდეს.“
2. 1992 წლის 29 დეკემბერს, მომჩივანმა ასევე გააკრიტიკა ნეუშტადტის ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელშიც სასამართლომ გაძევებასთან დაკავშირებულ საქმეზე დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე უარი თქვა. მისი განცხადებით, მოცემული გადაწყვეტილება სხვა არაფერი იყო, თუ არა „მიკერძოებული, უაზრო საუბარი“ და „უსირცხვილო მოტყუება“. სასამართლოს თავჯდომარის მიერ დიუსელდორფის ადვოკატთა ასოციაციისთვის მიმართვის საფუძველზე, მომჩივანს მოცემულ საკითხზე კომენტარის გაკეთება მოთხოვეს. მომჩივანმა წერილი მიწერა თავჯდომარეს, რომელშიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოცემული გადაწყვეტილება ხელახლა შემოწმებას საჭიროებდა, რაზეც დიდი ალბათობით თავჯდომარე უარს იტყოდა, მიუხედავად იმისა, რომ „სადავო გადაწყვეტილებაში დომინანტურად იყო გამოხატული საქმისთვის თავის არიდებისა და უპატივცემულობის მაღალი ხარისხი.“
დისციპლინურმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოთ ხსენებულ შემთხვევებში მომჩივანმა დაარღვია მისი პროფესიული მოვალეობები ადვოკატთა ფედერალური რეგულაციების S.43 დანაწესის მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც ადვოკატმა გააზრებულად უნდა განახორციელოს მისი პროფესიულო საქმიანობა და მან უნდა დაამტკიცოს, რომ იმ პატივისცემასა და ნდობას იმსახურებს, რასაც ადვოკატის პოზიცია მოითხოვს. ფედერალური კონსტიტუციური სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით, დისციპლინურმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ობიექტურობის პროფესიული ვალდებულების დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს დისციპლინური ზომების მიღება იმ გარემოებების არსებობის პირობებში, როდესაც დასმულია შეურაცხყოფის ან ცილისწამების საკითხი იმის მიუხედავად, რომ მეორე მხარეს ან სამართალწარმოების მიმდინარეობას ამის საფუძველი არ გაუჩენია.
დისციპლინურმა სასამართლომ მომჩივნის ზემოთ ხსენებული განცხადებები აღნიშნული პრინციპების ჭრილში შეამოწმა და დეტალურად განმარტა მიზეზები, თუ რატომ იყვნენ ისინი შეურაცხმყოფელი ხასიათის, თან იმის გათვალისწინებით, რომ შესაბამის საქმეთა სამართალწარმოების მიზნებისთვის მათი გამოყენების საჭიროება არ არსებობდა. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ შეურაცხმყოფელი განცხადებები საქმეთა სამართალწარმოების დასრულების შემდეგ გაკეთდა.
1994 წლის 20 სექტემბერს ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის სააპელაციო სასამართლომ საქმის მოსმენის შემდეგ არ დააკმაყოფილა მომჩივნის საჩივარი. დისციპლინურმა სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას სამართლებრივ ასპექტებზე მითითებით.
1995 წლის 19 ივნისს ადვოკატთა სენატმა იუსტიციის ფედერალურ სასამართლოში არ დააკმაყოფილეს მომჩივნის მოთხოვნა, რომლის ფარგლებშიც ითხოვდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას.
1995 წლის 27 სექტემბერს ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.
მომჩივანი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის საფუძველზე დავობს დიუსელდორფის დისპლინური სასამართლოს 1994 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეხებოდა პროფესიული მოვალეობების დარღვევის გამო მისთვის საყვედურის გამოცხადებასა და ჯარიმის დაკისრებას.
სამართალი – მე-10 მუხლი:
მომჩივანი დავობს, რომ მისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრება არღვევდა გამოხატვის თავისუფლებას. ის უთითებს კონვენციის მე-10 მუხლზე, რომლის მიხედვითაც:
„1. ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედუელებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად...
2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში... სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად...“
ადამიანის უფლებათა ევროპული კომისია აღნიშნავს, რომ 1994 წლის 25 აპრილს დიუსელდორფის ადვოკატთა დისციპლინურმა სასამართლომ მომჩივანი დამნაშავედ ცნო რამდენიმეჯერ ობიექტურობის პროფესიული ვალდებულების დარღვევაში, რაც გაიზიარა შემდეგ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის დისციპლინურმა სააპელაციო სასამართლომ. დიუსელდორფის დისციპლინურმა სასამართლომ მიიჩნია, რომ გერმანული სასამართლოების და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის იუსტიციის მინისტრის მისამართით გაკეთებულ წერილობით მიმართვებში, მომჩივანმა გააკეთა არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადება მოსამართლეებისა და ხსენებული მინისტრის შესახებ, მიიჩნევდა რა, რომ შესაბამის საქმეთა სამართალწარმოებასთან მიმართებით ან მათ კონტექსტში არასწორად იმოქმედეს ან მცდარი გადაწყვეტილება მიიღეს.
კომისია ადგენს, რომ ეს ზომა წარმოადგენდა ჩარევას მომჩივნის უფლებაში, ესარგებლა გამოხატვის თავისუფლებით. ამგვარი ჩარევა არღვევს მე-10 მუხლს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს გამართლებულია მე-10 მუხლის მე-2 პარაგრაფით ე.ი. როდესაც ეს „გათვალისწინებულია კანონმდებლობით“, აქვს მე-10 მუხლის შესაბამისი, ლეგიტიმური მიზანი/მიზნები და არის „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“.
ჩარევის სამართლებრივი საფუძველი იყო ადვოკატთა ფედერალური რეგულაციების S.43 დანაწესი. კომისია ადგენს, რომ აღნიშნულ დანაწესში მოცემული პროფესიულ მოვალეობათა ზოგადი აღწერა ჩარევის განჭვრეტადობის კუთხით რაიმე პრობლემას არ წარმოშობს. ხშირად, კანონები აბსოლუტურად ზუსტი ფორმით არაა ფორმულირებული და ამგვარ შემთხვევებში, მათი ინტერპრეტაცია და გამოყენება ერთმნიშვნელოვნად პრაქტიკის საკითხია. მოცემულ საქმეში ობიექტურობის მოთხოვნა და შეურაცხყოფისა და ცილისწამებისგან თავის შეკავების ვალდებულება ფედერალური კონსტიტუციური სასამართლოსა და დისციპლინური სასამართლოების იურისპრუდენციის შესაბამისად, მთლიანობაში პროფესიული მოვალეობების არსის ნაწილს ქმნიდნენ. შესაბამისად, სადავო ჩარევა მე-10 მუხლის მე-2 პარაგრაფის მიზნებისთვის შეიძლება მიჩნეულ იქნას, როგორც „კანონით გათვალისწინებული“.
მეტიც, სადავო გადაწყვეტილებები მიზნად ისახავდა „სხვათა რეპუტაციისა და უფლებების დაცვას“ (კერძოდ, მოსამართლეებისა და იუსტიციის შესაბამისი მინისტრის, რომლებზეც ზემოქმედება იქონიეს მომჩივნის განცხადებებმა), რაც მე-10 მუხლის მე-2 პარაგრაფით ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს.
გადასაწყვეტ საკითხებად რჩება, იყო თუ არა სადავო ჩარევა „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ და იმ ლეგიტიმური მიზნის პროპორციული, რომელსაც ემსახურებოდა.
კომისია იხსენებს, რომ კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პარაგრფიდან გამომდინარე, ზედსართავი სახელი „აუცილებელი“ მიანიშნებს „მწვავე საზოგადოებრივი საჭიროების“ არსებობაზე. იმის შეფასების კუთხით, არსებობს თუ არა ამგვარი საჭიროება, ხელშემკვრელი სახელმწიფოები სარგებლობენ შეფასების გარკვეული ფარგლებით, თუმცა ის მჭიდროდ დაკავშირებულია ევროპულ ზედამხედველობასთან.
კომისია აღნიშნავს, რომ მომჩივნის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოება განხორციელდა მის მიერ პროფესიული მოვალეობების დარღვევის, კერძოდ, საქმეთა სამართალწარმოებასთან დაკავშირებულ წერილობით მიმართვებში მოსამართლეებისა და იუსტიციის შესაბამისი მინისტრის შეურაცხყოფის გამო.
კომისია მიიჩნევს, რომ დისციპლინურმა სასამართლომ დეტალური დასაბუთების შედეგად, შეამოწმა მომჩივნის სხვადასხვა მიმართვა, რომლებიც შეურაცხმყოფელი ხასიათის მქონედ შეფასდა. სასამართლომ მხედველობაში მიიღო მომჩივნის ინტერესი, დაეცვა მისი კლიენტების კანონიერი ინტერესები, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ მან აღნიშნული განცხადებები გააკეთა შესაბამის საქმეთა სამართლაწარმოების დასრულების შემდეგ. სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები დადასტურდა დისციპლინური სააპელაციო სასამართლოს მიერ, მომჩივნის საჩივრები იუსტიციის ფედერალურ სასამართლოსა და ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოში კი წარუმატებელი აღმოჩნდა.
კომისია ადგენს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სათანადოდ დააბალანსეს, ერთი მხრივ, მომჩივნის ინტერესი, დაეცვა მისი კლიენტების კანონიერი ინტერესები და მისი უფლება, წარმოედგინა პრეტენზიები ამის საჭიროების არარსებობის მიუხედავად და, მეორე მხრივ, დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვათა რეპუტაციისა და უფლებების დაცვის ინტერესი, კერძოდ ამ შემთხვევაში - მოსამართლეების დაცვა შეურაცხყოფისგან. მომჩივნის განცხადებების გათვალისწინებით, კომისია ადგენს, რომ საკმარისი და რელევანტური მიზეზები არსებობდა მომჩივნის წინააღმდეგ შესაბამისი დისციპლინური ზომის გამოსაყენებლად.
მეტიც, არჩეული დისციპლინური სახდელი - საყვედური და ჯარიმა 40 000 გერმანული მარკის ოდენობით (მომჩივნის მხრიდან მსგავსი ქმედების არაერთგზისობის გათვალისწინებით) ვერ შეფასდება არაპროპორციულად იმ ლეგიტიმურ მიზანთან, რომელსაც ის ემსახურება.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ჩარევა იყო „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პარაგრაფის მნიშვნელობიდან გამომდინარე.
შესაბამისად, მომჩივანთან მიმართებით არ იკვეთება კონვენციის მე-10 მუხლით დაცული უფლების დარღვევა.
ამდენად, საჩივარი კონვენციის 27-ე მუხლის მე-2 პარაგრაფის საფუძველზე, აშკარად უსაფუძვლოა.
ამ მიზეზებზე დაყრდნობით, კომისია, უმრავლესობით,
დაუშვებლად ცნობს საჩივარს.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy