Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
ნინო მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ და სტუდიო რეპორტიორი და ვახტანგ კომახიძე საქართველოს წინააღმდეგ
Nino MIKIASHVILI against Georgia
and STUDIO REPORTIORI and Vakhtang KOMAKHIDZE
against Georgia
საჩივრები nos. 18865/11 და 51865/11
განჩინება
19 იანვარი 2021
ფაქტები
1. No. 18865/11 საჩივარში მომჩივანია ქ-ნი ნინო მიქიაშვილი (“პირველი მომჩივანი”).
2. No. 51865/11 საჩივარში მომჩივნები არიან სტუდიო რეპორტიორი (“მეორე მომჩივანი”), საქართველოს კანონმდებლობით შექმნილი იურიდიული პირი, და ბ-ნი ვახტანგ კომახიძე (“მესამე მომჩივანი”).
ა. საჩივარი no. 18865/11
6. 2009 წლის 10 სექტემბრით დათარიღებულ წერილში პირველი მომჩივანი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის საფუძველზე სასჯელაღსრულების სამინისტროსგან ითხოვდა სხვადასხვა მკვლელობის სამ საქმეზე ნასამართლევი ცალკეული პირების მიერ სასჯელის მოხდის შესახებ ინფორმაციას. უფრო კონკრეტულად, ამ ორ საქმესთან დაკავშირებით მან სასჯელაღსრულების სამინისტროსგან მოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, მსჯავრდებულები კვლავ სასჯელს იხდიდნენ თუ უკვე გაათავისუფლეს. მესამე საქმესთან დაკავშირებით, მას (მომჩივანს) სურდა გაერკვია, რომელ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს შესაბამისი პატიმარი. საკუთარ მოთხოვნაზე რაიმე საფუძვლის მოყვანის გარეშე, პირველმა მომჩივანმა ხელმოწერის გვერდით მხოლოდ მიუთითა, რომ ის პროფესიით ჟურნალისტი იყო.
7. 2009 წლის 15 სექტემბრის წერილში სასჯელაღსრულების სამინისტრომ მომჩივანს უპასუხა, რომ პირველი მომჩივნის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ იყო საჯარო ბუნების სზაკ-ის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მნიშვნელობით და შესაბამისად ამ ინფორმაციის გაცემა ვერ მოხერხდებოდა.
8. 2009 წლის 28 ოქტომბერს სასჯელაღსრულების სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რომელშიც დაადასტურა, რომ სამივე მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული პირები, რომლებიც პირველი მომჩივნის ინტერესს იწვევდნენ, კვლავ პატიმრობაში იმყოფებოდნენ საქართველოს სხვადასხვა საპატიმრო დაწესებულებაში, თუმცა არ იყო მითითებული თუ რომლებში. პირველი მომჩივანი აღნიშნულ განცხადებას მისი გამოქვეყნების დღესვე გაეცნო.
9. 2009 წლის ოქტომბერს პირველმა მომჩივანმა შეიტანა ადმინისტრაციული საჩივარი სასჯელაღსრულების სამინისტროში, სადაც გაიმეორა მოთხოვნა, მიეღო წვდომა იმ ინფორმაციაზე რომელიც, მისი აზრით, საჯარო ხასიათის იყო სზაკ-ის 37-ე მუხლის მნიშვნელობით.
10. 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების სამინისტრომ არ დააკმაყოფილა პირველი მომჩივნის ადმინისტრაციული საჩივარი, რომელშიც ნათქვამია, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია შესაბამისი პატიმრის საპატიმროს მისამართთან დაკავშირებით ეხებოდა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს და შესაბამისად, სზაკ-ის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით არ შეიძლება ჩაითვალოს საჯაროდ ან გამჟღავნებადად.
11. 2009 წლის 18 დეკემბერს, პირველმა მომჩივანმა შეიტანა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში, სამინისტროს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება, იმ საფუძვლით რომ იგი იყო დაუსაბუთებელი. სარჩელში მომჩივანი ამტკიცებდა, რომ ის ითხოვდა ამ ინფორმაციას როგორც ჟურნალისტი, რომელიც ხშირად აშუქებდა გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებს, როგორიცაა მოცემული სამი მკვლელობის საქმე, და რომ საზოგადოებას ჰქონდა ჭეშმარიტი ინტერესი ყოფილიყო ინფორმირებული იმის თაობაზე, თუ რა შეემთხვათ დამნაშავედ ცნობილ პირებს და რომ სამინისტროს უარი ამ ინფორმაციის გამჟღავნებაზე, ხელს უშლიდა მას საზოგადოების ინფორმირების ვალდებულების განხორციელებაში.
12. 2010 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პირველი მომჩივნის სარჩელი იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა მის მოთხოვნას იმის გასარკვევად, იხდიდნენ თუ არა მკვლელობის ორ საქმეზე მსჯავრდებული პირები სასჯელს. რაც შეეხება უარს ინფორმაციის გამჟღავნებაზე იმის შესახებ, თუ სად იხდიდა სასჯელს მესამე მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული პირი, საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი სარჩელის ეს ნაწილი, როგორც დაუსაბუთებელი. პირველი მომჩივნის, როგორც ჟურნალისტის სტატუსის აღიარებით, სასამართლომ განაცხადა, რომ ჟურნალისტის თავისუფლება და ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლება ძალიან სათუთი ღირებულებებია. თუმცა, ეს უფლება არ იყო აბსოლუტური და შეიძლებოდა კანონიერი და დაბალანსირებული სახით შემოფარგლულიყო, როცა ამის ლეგიტიმური საჭიროება არსებობდა კონსტიტუციის 24-ე მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტების მნიშვნელობით. ამ პროპორციულობის ტესტის გამოყენებისას, სასამართლომ, ერთი მხრივ, დაადგინა, რომ არ შეიძლება არსებობდეს ლეგიტიმური მიზეზი პირველი მომჩივნისთვის ინფორმაციის არგამჟღავნების შესახებ იმის თაობაზე, იმყოფებოდნენ თუ არა შესაბამის მკვლელობის საქმეებში მსჯავრდებული პირები კვლავ საპატიმროში; თუმცა, სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო მოპასუხე ორგანოს ოფიციალური განცხადების ფონზე, რომელიც გამოქვეყნდა მის ვებგვერდზე 2009 წლის 28 ოქტომბერს. მეორე მხრივ, საქალაქო სასამართლომ დაასკვნა, რომ მომჩივნისთვის საინტერესო მესამე მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული პირის საპატიმროს ზუსტი მისამართი უფრო მგძნობიარე საკითხი იყო. კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, სასამართლომ დაადგინა, რომ ასეთი ინფორმაცია, რომელიც დაცული იყო სასჯელაღსრულების სამინისტროს ოფიციალურ ჩანაწერებში, აშკარად იყო კერძო ხასიათის და შესაბამისად, არ შეიძლება საზოგადოებისთვის გამჟღავნებულიყო დაინტერესებული პირის თანხმობის გარეშე. შემდგომში იმის დასამტკიცებლად, რომ პატიმრის საპატიმროს მისამართი არ იყო საჯარო, არამედ ის იყო საიდუმლო ინფორმაცია, სასამართლომ მიუთითა პატიმრობის შესახებ კანონის 21(1) მუხლზე, რომლის თანახმადაც ციხის ადმინისტრაციას უფლება ეძლეოდა ეს ინფორმაცია მიეწოდებინა მხოლოდ პატიმრის ოჯახის წევრებისთვის და სისხლის სამართლის სასამართლოსთვის, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც იგი მსჯავრდებულად იქნა ცნობილი. გარდა ამისა, საქალაქო სასამართლომ მხარი დაუჭირა მოპასუხე ორგანოს პოზიციას, რომ პირველი მომჩივნის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია პირდაპირ ეხებოდა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების აღსრულებას და როგორც ასეთი, არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს საჯაროდ სზაკ-ის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მნიშვნელობით.
13. პირველმა მომჩივანმა გაასაჩივრა ზემოაღნიშნული და ჩიოდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შეცდომა დაუშვა შესაბამისი შიდასაკანონმდებლო დებულებების ინტერპრეტაციისას. მისი სააპელაციო საჩივარი 2010 წლის 11 მაისს არ დააკმაყოფილა თბილისის სააპელაციო სასამართლომ, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი. 2010 წლის 10 ოქტომბერს, უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნის საკასაციო საჩივარი.
ბ. საჩივარი no. 51865/11
14. მეორე მომჩივანი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა ჟურნალისტური გამოძიების და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვის მიზნით. მესამე მომჩივანი არის ჟურნალისტი და მეორე მომჩივნის მმართველი დირექტორი.
15. 2009 წლის 19 ივნისს მესამე მომჩივანმა, ჟურნალისტის რანგში, სთხოვა იუსტიციის სამინისტროს, მიეწოდებინა ინფორმაცია სამინისტროს ყველა თანამშრომელზე არასახელფასო პრივილეგიებისა და პრემიების სახით გადახდილი თანხების შესახებ, 2004 წლიდან. მან მოთხოვნაში არ დაასახელა რაიმე მიზეზი, თუ რატომ სჭირდებოდა ეს ინფორმაცია.
16. 2009 წლის 29 ივნისისა და 14 და 17 აგვისტოს პასუხებში სამინისტრომ არაერთხელ თქვა უარი მოთხოვნილი ინფორმაციის გამჟღავნებაზე და ამტკიცებდა, რომ ის, რაც ცალკეულმა თანამშრომლებმა მიიღეს არასახელფასო სარგებლითა და პრემიებით, წარმოადგენდა პერსონალურ მონაცემებს, რომელთა საჯაროობა შეუძლებელია მათი თანხმობის გარეშე. 2009 წლის 14 აგვისტოს ერთ-ერთი პასუხში სამინისტრომ ასევე მიუთითა უზენაესი სასამართლომ გადაწყვეტილება არათემატურ, თუმცა, მსგავს საქმეზე რომელიც ეხებოდა სახელმწიფოში დაცული მოცულობითი ინფორმაციის დამუშავებისა და საზოგადოებისათვის გამჟღავნების ობიექტურ შეუძლებლობას, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მესამე მომჩივნის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება ვერ მოხერხდებოდა ადვილად. მეორე მხრივ, სამინისტრომ მესამე მომჩივანს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი მიიღეს სამინისტროს დაახლოებით 330 თანამდებობის პირებმა ინდივიდუალურად, ხელფასის სახით და რა ხარჯებთან იყო დაკავშირებული სამსახურეობრივი მოგზაურობის შედეგად წარმოქმნილი ხარჯები და დანახარჯები 2008 წელს.
17. მესამე მომჩივანმა, ისევ პირადად როგორც ჟურნალისტმა, სარჩელი შეიტანა იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ. სარჩელში მან პირველად განმარტა, რომ სადავო ინფორმაცია სჭირდებოდა ჟურნალისტური გამოძიებისთვის იმის შესახებ, თუ რა მიიჩნია საჯარო მოხელეებისთვის შემოსავლის „ჩრდილოვან“ წყაროდ - არასახელფასო შეღავათების გადახდის სისტემა და ბონუსები თანამდებობის პირებისთვის, მათი კანონით დადგენილი ანაზღაურების განაკვეთების გარდა. ის ასევე ამტკიცებდა, რომ სზაკ-ის 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ფინანსური ინფორმაცია საჯარო მოსამსახურეებთან დაკავშირებით არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც საჭიროებს დაცვას.
18. 2010 წლის 15 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ მესამე მომჩივნის საჩივარი არ დაკმაყოფილა, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი ასევე, იგი არ დააკმაყოფილა თბილისის სააპელაციო სასამართლომ იმავე წლის 27 მაისს. მესამე მომჩივნის, როგორც ჟურნალისტის სტატუსის და ინფორმაციისა და იდეების მიღებისა და გავრცელების უფლების დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით, სასამართლოებმა დაადგინეს, რომ ასეთი უფლება მაინც ექვემდებარებოდა კონსტიტუციის 24-ე მუხლის 1-ელი და მე-4 პუნქტების და 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად რიგ შეზღუდვებს, როგორც ნაგულისხმევს ასევე, აშკარად და შესაბამისად, უნდა იყოს დაბალანსირებული სხვა ლეგიტიმური ინტერესების წინააღმდეგ, მათ შორის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების მიმართ. ამრიგად, სასამართლოებმა დაადგინეს, რომ ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებისთვის გადახდილი არასახელფასო ბენეფიტებისა და პრემიების შესახებ მიჩნეული იყო პერსონალურ მონაცემად სზაკ-ის 27-ე მუხლის 1-ელი და 28-ე მუხლის მნიშვნელობით, ვინაიდან, ასეთი გადახდები თანამდებობის პირებმა მიიღეს როგორც ჯილდო მნიშვნელოვანი მიღწევებისთვის სხვადასხვა, უაღრესად სპეციფიკური ოფიციალური ამოცანების შესრულებაში, რომლებიც შეიძლება ზოგჯერ კონფიდენციალურიც ყოფილიყო და შესაბამისად, არ შეიძლებოდა გამჟღავნებულიყო დაინტერესებული პირების თანხმობის გარეშე. გარდა ამისა, სასამართლოებმა შესთავაზეს ალტერნატიული გადაწყვეტა, რომელიც უფრო თავსებადია სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირების პერსონალური მონაცემების პატივისცემის აუცილებლობასთან, კერძოდ, მესამე მომჩივნის შესაძლებლობა, გაცნობოდა ამ თანამდებობის პირების მიერ შევსებულ ქონების წლიურ დეკლარაციებს. ასეთი დეკლარაციები, რომლებიც იყო საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტები და ადვილად ხელმისაწვდომი იყო ინტერნეტში, მიუთითებდა იმაზე, თუ რას შოულობდნენ საჯარო მოხელეები ყოველწლიურად სხვადასხვა სახის კანონიერი შემოსავლით და მთლიანი თანხები რა თქმა უნდა მოიცავდა ნებისმიერ არასახელფასო ბენეფიტს და პრემიას, რომელიც მიღებული იქნა კანონით განსაზღვრულ ხელფასთან ერთად. მართლაც, ამ ქონების დეკლარაციებში შემოსავალი არ იყო დაყოფილი მისი კონკრეტული წყაროების მიხედვით. თუმცა, სასამართლოებმა დაადგინეს, რომ უშედეგო იქნებოდა სამინისტროსთვის დაევალებინათ დაემუშავებინა შესაბამისი ფინანსური ინფორმაცია იმ მიზნით, რომ გამოექვითათ არასახელფასო ბენეფიტებისა და პრემიების სქემით გადახდილი თანხები გლობალური მთლიანი მაჩვენებლისგან, კერძოდ, იმის გამო, რომ სამინისტროს არ ჰქონდა შენახული კომპიუტერიზებული ბუღალტრული აღრიცხვა, რომელიც შეძლებდა ამ ამოცანის შესრულებას და რადგან საჯარო მოხელეების მიერ პრემიებისა და არასახელფასო შეღავათების სახით მიღებული გადახდები, ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, პერსონალურ მონაცემებს წარმოადგენდა.
19. საბოლოო გადაწყვეტილება რომლითაც არ დაკმაყოფილდა მომჩივნის საკასაციო საჩივარი და უცვლელი დარჩა ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები, უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა 2011 წლის 11 იანვარს და აცნობა მესამე მომჩივნის ადვოკატს 2011 წლის 3 თებერვალს.
დავის საგანი
34. მომჩივნები დავობდნენ კონვენციის მე-10 მუხლის საფუძველზე, რომ შესაბამისმა საჯარო ორგანოებმა უარი თქვეს ზოგადი საჯარო ინტერესის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებაზე - კერძოდ, პირველი მომჩივნის საჩივარში, დაწესებულების მისამართი სადაც იმყოფებოდა მკვლელობის საფუძვლით მსჯავრდებული პირი; ხოლო მეორე და მესამე მომჩივნების საჩივარში მონაცემები, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებისთვის გაცემული არასახელფასო ბენეფიტებისა და პრემიების შესახებ.
სამართალი
35. ორი საჩივრის მსგავსებიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო მათი გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება.
36. კონვენციის მე-10 მუხლის მიხედვით:
1. ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ვერ დააბრკოლებს სახელმწიფოს, მოახდინოს რადიომაუწყებლობის, ტელევიზიისა და კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება.
2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ისინი განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ანდა სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
მხარეთა განცხადებები საჩივარი no. 18865/11
37. კონვენციის 35-ე მუხლის საფუძველზე, მთავრობამ წარმოადგინა სამი არგუმენტი პირველი მომჩივნის საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშრებით. პირველ რიგში, მათ განაცხადეს, რომ კონვენციის მე-10 მუხლი არ იყო გამოყენებული საქმის კონკრეტულ გარემოებებში, რადგან ინფორმაცია, რომელიც მოძიებული იქნა პირველი მომჩივნის მიერ, არ იყო არსებითი მისი ჟურნალისტური მოვალეობის განსახორციელებლად. მეორე, რამდენადაც ეს დებულება მაინც შეიძლება მოქმედებდეს, მთავრობა ამტკიცებდა, რომ განცხადება აშკარად დაუსაბუთებელი იყო, რადგან ადგილი არ ჰქონია პირველი მომჩივნის უფლებაში ინფორმაციის მიღებისა და გაცემის უფლებაში ჩარევას. მათი აზრით, საზოგადოება არც თუ ისე ძლიერად ინტერესდება მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირის საპატიმროს მისამართზე წვდომით. აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს წინაშე საქმისწარმოებისას პირველმა მომჩივანმა პირველად განმარტა, თუ რატომ იყო იგი დაინტერესებული ამ კონკრეტული ინფორმაციით, მთავრობამ განაცხადა, რომ მის კონკრეტულ პროფესიულ საზრუნავს სრულად ითვალისწინებდა სამინისტრო 2009 წლის 28 ოქტომბრის განცხადებით, რომელიც საჯაროდ ადასტურებდა, რომ აღნიშნული მსჯავრდებული სათანადოდ იხდიდა სასჯელს დაუზუსტებელ სასჯელაღსურლების დაწესებულებაში. ოფიციალური განცხადება საკმარისი იყო ამ პირის სავარაუდო გაუჩინარების შესახებ ყოველგვარი ჭორის აღმოსაფხვრელად და პირველ მომჩივანს შეეძლო თავისუფლად მიეწოდებინა ინფორმაცია საზოგადოებისათვის, ამ განცხადებაზე დაყრდნობით. განსაკუთრებით საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ 2012 წელს პირველმა მომჩივანმა მოახერხა მსჯავრდებულთან პირისპირ შეხვედრა, ამ უკანასკნელის კანონიერი წარმომადგენლის მიერ გატარებული ადმინისტრაციული ღონისძიებების შედეგად და მთავრობის აზრით, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამდა, რომ პირველი მომჩივნის შიშები პატიმრის „გაუჩინარების“ შესახებ იყო უსაფუძვლო და არ შეიძლებოდა რაიმე სერიოზული კავშირი ჰქონოდა საჯარო დებატებთან.
38. მესამე, იმის დაშვებით, რომ ადგილი ჰქონდა ჩარევას, მთავრობა ამტკიცებდა, რომ პირველ მომჩივანს არ განუცდია რაიმე მნიშვნელოვანი ზარალი. სამინისტროს 2009 წლის 28 ოქტომბრის ოფიციალური განცხადება საკმარისი იყო პირველი მომჩივნის პროფესიული ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. ამასთან დაკავშირებით, მთავრობამ სასარგებლოდ მიიჩნია, შესაბამისი პუბლიკაციების ასლის წარდგენით სტრასბურგის სასამართლოსთვის ეცნობებინა, რომ 2009-10 წელს პირველმა მომჩივანმა გამოაქვეყნა რამდენიმე საგაზეთო სტატია სადავო მკვლელობის საქმეზე, საჯარო ხელისუფლების მხრიდან ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. გარდა ამისა, პირველ მომჩივანს, ფაქტობრივად, ჰქონდა თავისუფალი მიმოწერა მსჯავრდებულთან და დაუსვა ნებისმიერი სასურველი შეკითხვა, მათ შორის, თანახმა იქნებოდა თუ არა იგი საპატიმროს მისამართის გამჟღავნებაზე, ციხის ადმინისტრაციისთვის მისი წერილების გაგზავნით, რომელიც პატიმრობის შესახებ კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად უზრუნველყოფდა კორესპონდენციის გაცვლას პატიმრის უწყვეტი და ცენზურის გარეშე კომუნიკაციის უფლების სრული პატივისცემით. მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ სამინისტროს უარი საპატიმროს მისამართის გამჟღავნებაზე ცალსახად ექვემდებარებოდა ეროვნულ კანონმდებლობას, რადგან ეს ორგანო არ იყო ვალდებული გაემჟღავნებინა ინფორმაცია სზაკ-ის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტში მოცემული გამონაკლისის საფუძველზე. მოთხოვნილი ინფორმაციის გამჟღავნებაზე უარის თქმა მოტივირებული იყო იმ პირის უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვის აუცილებლობით, რომელიც იხდიდა სასჯელს გახმაურებული მკვლელობის საქმეზე.
39. საბოლოოდ, მთავრობამ მოითხოვა, რომ სტრასბურგის სასამართლოს საჩივარი არ ეცნო დასაშვებად როგორც აშკარად დაუსაბუთებელი ან რადგან მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევამ ვერ მიაღწია სიმძიმის მინიმალურ დონეს, რომელიც ევროპული სასამართლოს მიერ განხილვის მინიმალურ დონეს მოითხოვდა.
40. პირველმა მომჩივანმა უპასუხა, რომ მისი უუნარობა მიეღო დეტალები საჯარო პირის მკვლელობაში მსჯავრდებული პირის საპატიმროს მისამართის შესახებ, წარმოადგენდა ჩარევას გამოხატვის თავისუფლების უფლების განხორციელებაში. ეს ასე იყო, რადგან იმ დროს, დაზარალებულის ოჯახი ავრცელებდა ჭორებს იმის შესახებ, რომ მსჯავრდებული ფაქტობრივად ან მოკლეს ციხეში ან ხელისუფლებამ უსაფრთხოდ გაიყვანა ქვეყნიდან. შესაბამისად, პირველი მომჩივანი თვლიდა, რომ პატიმრის საპატიმროს მისამართის გამჟღავნება არსებითი იქნებოდა მისი ჟურნალისტური საქმიანობისთვის, ამ ჭორების დადასტურებით თუ გაქარწყლებით. ამასთან დაკავშირებით, ხაზს უსვამს, სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში არსებულ პრინციპს, რომ კითხვა - იყო თუ არა და თუ ასეა, რამდენად იყო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უარყოფა მომჩივნის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა, უნდა შეფასებულიყო თითოეულ ცალკეულ საქმეში და მისი განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით (მან მიუთითა საქმეზე Magyar Helsinki Bizottság v. Hungary [GC], no. 18030/11, § 172, 8 November 2016) ასევე, დაამატა, რომ მისთვის საინტერესო ინფორმაცია არსებობდა მზა და ხელმისაწვდომი ფორმით და რომ მისი გამჟღავნება, შესაბამისად, არ დააკისრებდა რაიმე დიდ ტვირთს შესაბამის ორგანოებს (მან ასევე მიუთითა საქმეზე Társaság a Szabadságjogokért v. Hungary, no. 37374/05, § 36, 14 April 2009).
41. პირველმა მომჩივანმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ინფორმაცია მსჯავრდებულის საპატიმროს მისამართთან დაკავშირებით, ეხებოდა ზოგადი მნიშვნელობის საკითხს, განსახილველი საქმის კონტექსტიდან გამომდინარე და განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ იგი ეხებოდა გახმაურებულ მკვლელობას. და ბოლოს, პირველი მომჩივანი ასევე არ დაეთანხმა მთავრობის პრეტენზიას კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული „მნიშვნელოვანი ზიანის“ კრიტერიუმის შესაბამისად და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საჩივრის საგანს არ წარმოადგენდა ხელი შეუშალა თუ არა სახელმწიფომ მას, დაეწერა შესაბამისი მკვლელობის შესახებ უფრო ზოგადად, არამედ ის ფაქტი, რომ მას უკანონოდ აეკრძალა საჯარო ინტერესის მქონე ინფორმაციაზე წვდომა. მოსარჩელემ, საკუთარ სარჩელში ჩარევის უკანონობის შესახებ, წარმოადგინა ვრცელი არგუმენტები, რომლებიც კითხვის ქვეშ აყენებდნენ ეროვნული სასამართლოების მიერ შესაბამისი სამართლებრივი დებულებების განმარტებას. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უფლებამოსილი იყო ხელისუფლებისგან გაეგო და შემდეგ საზოგადოებისთვის ეცნობებინა იმ ციხის შესახებ სადაც მსჯავრდებული იხდიდა სასჯელს.
42. დასკვნის სახით, პირველმა მომჩივანმა განაცხადა, რომ მისი განცხადება არ იყო დაუშვებელი მთავრობის მიერ მითითებული სამივე საფუძვლის შესაბამისად და ამიტომ ის არსებითად უნდა განხილულიყო.
საჩივარი no. 51865/1143. მთავრობა ამტკიცებდა, რომ საჩივარი no. https://hudoc.echr.coe.int/eng - {%22appno%22:[%2251865/11%22]} 51865/11 არ უნდა დაკმაყოფილებულიყო როგორც დაუშვებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 (ბ) პუნქტის მიხედვით, რადგან მეორე და მესამე მომჩივნებს არ მიადგათ მნიშვნელოვანი ზიანი კონვენციის მე-10 მუხლის საფუძველზე მათ საჩივრებთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით, მთავრობამ ყურადღება გაამახვილა ეროვნული სასამართლოების არგუმენტზე, რომ იუსტიციის სამინისტროს არ სჭირდებოდა ზუსტი დეტალების გამხელა 2004 - წლიდან 2009 წლამდე მისი თანამშრომლებისთვის გადახდილი არასახელფასო ბენეფიტებისა და პრემიების შესახებ, რადგან ორივე მომჩივანს ყოველთვის ღიად შეეძლო გაცნობოდა საჯარო მოხელეების ყოველწლიურ ქონებრივ დეკლარაციებს. ეს დეკლარაციები აჩვენებდნენ მთლიან წლიურ შემოსავალს და როგორც ასეთი, ეს ჯამური მაჩვენებლები აუცილებლად მოიცავდა თანხებს, რომლებიც გაცემული იყო არასახელფასო ბენეფიტებისა და პრემიების სახით. სამინისტროს თითეულ თანამდებობაზე და პოზიციაზე მყოფ თანამშრომელთა მთლიანი შემოსავალი და ზუსტი ანაზღაურების განაკვეთი საჯაროა და მეორე და მესამე მომჩივნებს ადვილად შეეძლოთ მარტივად დაედგინათ (რამდენიმე მარტივი გამოთვლით), წლიური შემოსავლის ზუსტად რა წილი იყო მიღებული არასახელფასო ბენეფიტებიდან და პრემიებიდან.
44. მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ 2004 წლიდან 2007 წლამდე იუსტიციის სამინისტრო არ აწარმოებდა კომპიუტერიზებული საბუღალტრო ჩანაწერებს გადახდილი არასახელფასო ბენეფიტებისა და პრემიების შესახებ, რაც განმარტავს, თუ რატომ იყო პრაქტიკულად შეუძლებელი მოთხოვნილი ინფორმაციის შეჯერება და დამუშავება. რაც შეეხება 2007 წლიდან 2009 წლის პერიოდს, მთავრობამ განაცხადა, რომ ვინაიდან სამინისტროს აღრიცხვის სისტემა პირველად 2013 წელს იქნა კომპიუტერიზებული, მხოლოდ სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსნის შესახებ იყო შესაძლებელი საჭირო ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. გარდა ამისა, მთავრობა ამტკიცებდა, რომ სზაკ-ის 44-ე და 45-ე მუხლების თანახმად, იუსტიციის სამინისტროს არ შეეძლო გაესაჯაროვებინა საჯარო ინფორმაცია რიგითი თანამშრომელთათვის გადახდილი არაანაზღაურებადი შეღავათებისა და პრემიების შესახებ, ვინაიდან, განსხვავებით მაღალი თანამდებობის პირების შემთხვევისგან, ეს ინფორმაცია ითვლებოდა პერსონალურ მონაცემად და შესაბამისად გასაიდუმლოებულია.
45. მესამე მომჩივანი, რომელიც მოქმედებდა მეორე მომჩივნის სახელით, არ ეთანხმებოდა მთვარობის პროტესტს კონვენციის მე-10 მუხლის მიხედვით მათი საჩივრების დასაშვებობასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით, (მიუხედავად იმისა, რომ მან აღიარა, რომ შესაძლებელი იყო იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელთა ჯამური წლიური შემოსავლის გარკვევა, მათი წლიური ქონების შესახებ დეკლარაციების გაცნობის გზით და რომ ეს რიცხვები მოიცავდა ყველა არასახელფასო ბენეფტსა და ანაზღაურებას) მესამე მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მე-10 მუხლის მიხედვით თავისი საჩივრის მთავარი მიზეზი იყო შეუძლებლობა, დაედგინა პერსონალისთვის გადახდილი ცალკეული თანხები არასახელფასო სარგებლისა და პრემიების სახით. მართალაც, მთავრობის მიერ მოხსენიებული გამოთვლებით, მართლა შესაძლებელი იქნებოდა ყოველი თანამშრომლისთვის არასახელფასო ბენეფიტებიდან და პრემიებიდან მიღებული მთლიანი შემოსავლის დადგენა. თუმცა, მესამე მომჩივანი დავობდა, რომ მთავარო იყო იმის ცოდნა თუ რამდენი გადაუხადეს თანამშრომელს ყოველთვიურად ან კვარტლურად, არასახელფასო შეღავათებისა და პრემიების სახით. ამ კონკრეტული ინფორმაციის საჯარო ჩანაწერებზე წვდომა მნიშვნელოვანი იყო, რათა საზოგადოება გაფრთხილებული ყოფილიყო იუსტიციის სამინისტროში კორუფციის ან ფავორიტიზმის შესაძლო შემთხვევების შესახებ.
სტრასბურგის სასამართლოს შეფასება46. თავიდანვე, no. 51865/11 საჩივართან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ მეორე მომჩივანი არ იყო შესაბამისი ეროვნული სამართალწარმოების მხარე. თუმცა, იგი მიიჩნევს, რომ არ არის აუცილებელი კონვენციის დებულებებთან საჩივრის ამ ნაწილის ratione personae თავსებადობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება (იხ. Centro Europa 7 S.r.l. and Di Stefano v. Italy [GC], no. 38433/09, §§ 90-95, ECHR 2012), რადგან ორივე საჩივარი ნებისმიერ შემთხვევაში დაუშვებელია ქვემოთ მოცემული მიზეზების გამო.
ზოგადი პრინციპები47. ევროპული სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-10 მუხლი პირს არ ანიჭებს საჯარო ორგანოს ხელთარსებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლებას. თუმცა, ასეთი უფლება და ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას, პირველ რიგში, როდესაც ინფორმაციის გამჟღავნების ბრძანება გაცემულია სასამართლოს მიერ და მეორე, იმ ვითარებაში, როდესაც ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ხელს უწყობს პირის გამოხატვის თავისუფლების უფლების განხორციელებას. წარმოადგენს თუ არა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უარყოფა ჩარევას მომჩივნის გამოხატვის თავისუფლებაში, უნდა შეფასდეს თითოეულ ცალკეულ შემთხვევაში და მისი კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით (იხ. Magyar Helsinki Bizottság, § 156-57). იმის დასადგენად, ვრცელდება თუ არა მე-10 მუხლი საჯარო ხელისუფლების მიერ ინფორმაციის გამჟღავნების შესახებ უარზე, სიტუაცია უნდა შეფასდეს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: ა) ინფორმაციის მოთხოვნის მიზანი; ბ) მოთხოვნილი ინფორმაციის ბუნება; გ) ინფორმაციის მაძიებლის განსაკუთრებული როლი საზოგადოებისთვის მისი „მიღებისა და გაცემისათვის“; და დ) იყო თუ არა ინფორმაცია მზა და ხელმისაწვდომი (იქვე. §§ 157 - 70).
ზემოხსენებული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში48. სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ კონვენციით გათვალისწინებული უფლების გამოყენებადობის საკითხი დაკავშირებულია ევროპული სასამართლოს ratione materiae იურისდიქციასთან და შესაბამისი ანალიზი ჩვეულებრივ უნდა გაკეთდეს დასაშვებობის ეტაპზე, თუ არ არსებობს კონკრეტული მიზეზი ამ საკითხის არსთან გაერთიანებისათვის (იხ. Denisov v. Ukraine [GC], no. 76639/11, § 93, 25 September 2018, და Studio Monitori and Others v. Georgia, nos. 44920/09 and 8942/10, § 32, 30 January 2020). იგი ადგენს, რომ მოცემულ საქმეში ასეთი კონკრეტული მიზეზები არ არსებობს.
49. ზემოაღნიშნული ოთხ კრიტერიუმიანი ტესტის გამოყენებით, რომელიც შემუშავებულია საქმეში Magyar Helsinki Bizottság (ციტირებული ზემოთ), სტრასბურგის სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ ყველა მომჩივნის ჟურნალისტური როლი უდავოდ ექცეოდა სახელმწიფო ინფორმაციაზე წვდომის მოთხოვნის უფლების ფარგლებში (მაგ. შედარებისთვის იხ., Roşiianu v. Romania, no. 27329/06, § 61, 24 June 2014).
50. რაც შეეხება ინფორმაციის მოთხოვნის მიზანს, სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ამ კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ იქნება მომჩვნის მიერ ამ მიზნის პირველად განმარტება სტრასბურგის სასამართლოს წინაშე სამართალწარმოების დროს (იხ. Studio Monitori and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 40 და 42). უპირველეს ყოვლისა, შესაბამისი ეროვნული ორგანოების წინაშე ინფორმაციის მაძიებელმა საკმარისად უნდა განმარტოს მოთხოვნის ზუსტი მიზანი, მათ შორის, იმის მითითებით, თუ რამდენად შეესაბამება მოძიებული ინფორმაციის ბუნებას მისი განსაკუთრებული როლი, რომ საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია და რატომ არის მასზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანი გამოხატვის თავისუფლების შესაბამისი უფლების განსახორციელებლად (შედარებისთვის იხ. Centre for Democracy and the Rule of Law v. Ukraine (dec.), no. 75865/11, §§ 51, 54 და 57-62, 3 March 2020).
51. წინამდებარე საქმეებში, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნებმა, მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული ორგანოებისგან ინფორმაციის მოთხოვნისას არ წარადგინეს დასაბუთება, გამოასწორეს აღნიშნული და საჭირო არგუმენტები წარადგინეს შემდგომ სასამართლო პროცესებზე (შედარებისთვის იხ. Centre for Democracy and the Rule of Law v. Ukraine, no. 10090/16, §§ 13‑19 და 97, 26 March 2020, და Studio Monitori and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 40 და 42). ამრიგად, სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ სამივე მომჩივანი აკმაყოფილებდა „ინფორმაციის მოთხოვნის მიზნის“ კრიტერიუმს.
52. რაც შეეხება „მოთხოვნილი ინფორმაციის ბუნების“ კრიტერიუმს, სტრასბურგის სასამართლო იმეორებს, რომ მოთხოვნილი ინფორმაციაზე წვდომა უნდა აკმაყოფილებდეს საჯარო ინტერესის ტესტს, რომელიც, მისი (სასამართლოს) ზოგადი განმატრების მიხედვით, არსებობს იქ, სადაც გამჟღავნება უზრუნველყოფს გამჭვირვალობას საჯარო საქმეების წარმართვისა და მთლიანად საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებზე და ამით საშუალებას აძლევს ფართო საზოგადოებას მონაწილეობა მიიღოს საჯარო მმართველობაში. უფრო მეტიც, თუ რა შეიძლება იყოს საზოგადოების ინტერესის საგანი, დამოკიდებული იქნება თითოეული შემთხვევის გარემოებებზე (იხ. მაგ. Magyar Helsinki Bizottság, ციტირებული ზემოთ, § 162).
53. საჩივარ no. 18865/11 -თან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი მომჩივნის მოთხოვნა კონვენციის მე-10 მუხლის საფუძველზე იყო მისი სურვილი, გაეგო და შემდეგ ეცნობებინა საზოგადოებისთვის გახმაურებულ დანაშაულში მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირის საპატიმროს ზუსტი მისამართი. თუმცა, ამ მომჩივანს არ აქვს საკმარისად განმარტებული, თუ რატომ შეიძლება იყოს საზოგადოებისათვის საინტერესო იმ ციხის მისამართის ცოდნა (რაც, ამას გარდა, იყო სენსიტიური და საიდუმლო ინფორმაცია ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით) სადაც მსჯავრდებული იხდის სასჯელს და როგორც შეიძლება ამ ინფორმაციის ცოდნამ გააძლიეროს საჯარო მმართველობა. მართლია, საკითხი, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი დაპირისპირება გამოიწვიოს, შესაძლოა ასევე ექცეოდეს საჯარო ინტერესის ტესტის ფარგლებში (იხ. Sioutis v. Greece (dec.), no. 16393/14, § 28, 29 August 2017), და ამასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლო უთითებს პირველი მომჩივნის მოთხოვნაზე, რომ მატერიალურ დროს დაზარალებულის ოჯახის მიერ აქტიურად ვრცელდებოდა ჭორები იმის შესახებ, რომ მსჯავრდებული ან მოკლეს ან ხელისუფლებამ მოახერხა მისი ქვეყნიდან გაყვანა. ზოგადად, მიუხედავად იმისა, რომ ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ დაუდასტურებელი ჭორები და ხმები თავისთავად შეიძლება გაიგივდეს საჯარო ინტერესთან, არ არის გამორიცხული, რომ გარკვეულ ვითარებაში მათ გამოიწვიონ საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესი ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გამოვლენაში. ამდენად, თუ ვივარაუდებთ, რომ მოცემული საქმის კონკრეტულ გარემოებებში ასეთი ჭორები შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც საკამათო საკითხი, რომელიც გავლენას ახდენს მთლიანად ქართულ საზოგადოებაზე, არ არსებობს საფუძველი ჩაითვალოს, რომ შესაბამისი საზოგადოებრივი ინტერესი საკმარისად არ იყო გათვალისწინებული ციხის ადმინისტრაციის 2009 წლის 28 ოქტომბრის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც ადასტურებდა, რომ მსჯავრდებული ცოცხალი იყო და იხდიდა სასჯელს. თუ პირველი მომჩივანი არ ენდობოდა ამ ოფიციალურ განცხადებას, ის მაინც ღია იყო მისთვის, რადგან როგორც მთავრობამ განაცხადა იგი შეეცადა კონტაქტი დაემყარებინა პატიმართან ციხის ადმინისტრაციის საშუალებით ან ადვოკატის ან ოჯახის წევრების დახმარებით, როგორც ეს პირველმა მომჩივანმა გააკეთა რამდენიმე წლის წინ (იხ. პარ. 37 ზემოთ).
54. რაც შეეხება საჩივარს no. 51865/11, სტრასბურგის სასამართლო აღიარებს, რომ ზოგადად, საჯარო მოხელეების მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ხელს უწყობს საჯარო საქმეების გამჭვირვალობას და შესაბამისად, ასეთი ინფორმაცია შეიძლება იყოს საჯარო ინტერესი. თუმცა, ისიც უდავოა, რომ ეს ინფორმაცია ადვილად ხელმისაწვდომი იყო მეორე და მესამე მომჩივნისთვის და ფართო საზოგადოებისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ სამინისტროს თითოეული თანამშრომლის ქონებრივი მდგომარეობის ყოველწლიური დეკლარაციები უკვე საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო. სამინისტროს თითოეული თანამდებობისა და პოზიციებზე მყოფ პირთა კანონით გათვალისწინებული ხელფასების შესახებ საჯარო ინფორმაციის გამოყენებით, მეორე და მესამე მომჩივნებს მარტივი კალკულაციით შეეძლოთ გამოეანგარიშებინათ თუ რამდენი იყო კანონით დადგენილი ხელფასი და რამდენს შეადგენდა არასახელფასო ბენეფიტები და პრემიები. რაც შეეხება მესამე მომჩივნის არგუმენტს, რომ აღნიშნული შემოსავლის მხოლოდ ყოველთვიურმა ან კვარტლურმა დაანგარიშებამ შეიძლება გამოავლინოს „იუსტიციის სამინისტროში კორუფციის ან ფავორიტიზმის შესაძლო შემთხვევები“, ევროპული სასამართლოსთვის საკმარისად არ არის გამოკვეთილი, თუ რამდენად ეხმიანება ეს დეტალური ინფორმაცია კორუფციასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამრიგად, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის კონკრეტულ გარემოებებში, ინფორმაციის მოთხოვნის კონკრეტული ფორმა არ აკმაყოფილებდა საჯარო ინტერესის ტესტს.
55. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული მოსაზრებები საკმარისია სტრასბურგის სასამართლოსთვის იმისათვის, რომ დაასკვნას, რომ მე-10 მუხლი არ არის გამოყენებადი საჩივარი N 51865/11 -თან მიმართებით, იგი დამატებით მაინც აღნიშნავს, რომ სამინისტროსგან მოთხოვნილი ინფორმაცია დეტალიზირებულ ფორმაში არ აღმოჩნდა იმ დროისთვის „მზა და ხელმისაწვდომი“. ეს დასკვნა გამომდინარეობს როგორც ხელისუფლების მიერ ადგილობრივ დონეზე მოყვანილი მიზეზებიდან (კერძოდ, სამინისტროს მიერ გავლებული პარალელები შესაბამის ეროვნულ სასამართლო პრაქტიკასთან, რომელიც ეხებოდა მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავებული წესით ხელმისაწვდომობის საკითხს) და დამატებით განმარტებებიდან, რომლებიც ამ საკითხზე წარადგინა მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოს წინაშე. სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-10 მუხლი არ აწესებს ვალდებულებას, მოიძიოს ინფორმაცია მომჩივნის მოთხოვნით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საჭიროა განსაკუთრებული მოცულობის სამუშაოს ჩატარება (იხ. Bubon v. Russia, no. 63898/09, §§ 44 და 45, 7 February 2017).
56. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ მომჩივნებმა ვერ აჩვენეს, რომ შესაბამის ინფორმაციაზე წვდომის შესახებ უარმა, შეაფერხა მათი ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლების განორციელება ისე, რომ ირღვეოდეს მე-10 მუხლით გათვალისწინებული უფლების არსი (იხ. Centre for Democracy and the Rule of Law (dec.), განჩინება, § 62). აქედან გამომდინარეობს, რომ მე-10 მუხლი არ არის გამოყენებადი მოცემულ საქმეზე. ამრიგად, საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, როგორც ratione materiae შეუთავსებელი კონვენციის დებულებებთან, 35-ე მუხლის მე-3 (ა) და მე-4 პუნქტების შესაბამისად.
აქედან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლო, ერთხმად
ადგენს, რომ მოხდეს საჩივართა გაერთიანება,
დაუშვებლად ცნობს საჩივრებს.