ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატის განჩინება სარჩელის დასაშვებად ცნობის შესახებ. შეურაცხმყოფელი მედია კამპანია ძირს უთხრის სასამართლო პროცესის სამართლიანობას საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენის გზით და შესაბამისად, ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობასაც, რომელმაც ბრალდებულის ბრალეულობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს: ცნობილი იქნა დაუშვებლად.
საქმე „მუსტაფა კამალ მუსტაფა (აბუ ჰამზა) (No. 1)
CASE OF Mustafa Kamal MUSTAFA (ABU HAMZA) (No. 1)
განაცხადი N31411/07
განჩინება
დასაშვებად ცნობის შესახებ
ფაქტობრივი გარემოებები
1996-2000 წლებში განმცხადებელი ლონდონის მეჩეთის იმამი, ატარებდა ქადაგებებს და გამოდიოდა სიტყვით, რითაც გაერთიანებული სამეფოს უშიშროების სამსახურის ყურადღება მიიქცია. 1997-1998 წლებში იგი რამდენჯერმე შეხვდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, მას ასევე შეხვედრები ჰქონდა პოლიციასთან, რომელმაც1999 წელს დააპატიმრა და დაკითხა, რაც წარმოადგენდა გამოძიების ნაწილს იემენში მძევლების აყვანასთან დაკავშირებით ბრალის წაყენების გარეშე გათავისუფლებამდე. 2002-2004 წლებში მან მასმედიის ყურადღება მიიპყრო მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა იგი გლობალურ ტერორისტად დაასახელა. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მას უნდა ჩამორთმეოდა ბრიტანეთის მოქალაქეობა, მისი საქმიანობიდან გამომდინარე და იემენში ადამიანის გატაცებასთან დაკავშირებული ფაქტის გამო მოითხოვა მისი შეერთებული შტატებისთვის გადაცემა. 2004 წლის ოქტომბერში მას გაერთიანებულ სამეფოში ბრალი წაუყენეს 1997-2000 წლებში ჩადენილი სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისათვის, მათ შორის მკვლელობისა და ეროვნული შუღლის გაღვივებისათვის. მან განაცხადა, რომ მის ირგვლივ საზოგადოების რეზონანსი იმდენად გაიზარდა, რომ შეუძლებელი იქნებოდა სამართლიანი სასამართლო პროცესის არსებობა და საქმის გაჭიანურების გამო მისთვის შეუძლებელს გახდიდა დაეცვა საკუთარი თავი. მიუხედავად ამისა, მას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა და იგი დამნაშავედ სცნეს არაერთ დანაშაულზე. მისი ბრალდება გასაჩივრების შემდეგ ძალაში დარჩა.
სამართალი
უარყოფითი რეზონანსი
37. განმცხადებლის წერილობითი არგუმენტები უარყოფით რეზონანსთან დაკავშირებით, არსობრივად წარმოადგენს საჩივარს იმის შესახებ, რომ შეუძლებელი იქნება მისი საქმის მიუკერძოებლად განხილვა, რადგან ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობაზე შეუძლებელია ზეგავლენა არ მოეხდინა 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებს ან მის რეპუტაციაზე მტრული მედია პროპაგანდით გამოწვეულ უარყოფით ზეგავლენას. სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ტრიბუნალი, ნაფიცი მსაჯულთა შემადგენლობის ჩათვლით უნდა იყვნენ მიუკერძოებელნი როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური თვალსაზრისით. მოსამართლე პიროვნულად მიუკერძოებლად ითვლება სანამ ამის საპირისპირო არ დამტკიცდება. იგივე შეეხება ნაფიც მსაჯულებსაც.
38. მიმდინარე საქმეში სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ ნაფიცი მსაჯულების მიმართ, რომლებიც აღნიშნულ საქმეს განიხილავდნენ, სუბიექტურ მიუკერძოებლობასთან დაკავშირებული არც ერთი ბრალდება არ გამოთქმულა. პირიქით, როგორც საქმის განმხილველმა მოსამართლემ აღნიშნა, 2006 წლის 7 თებერვლის სამართალწარმოების შეჩერებაზე უარისას ყველაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ ნაფიცი მსაჯულები მათ წინაშე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე მუშაობდნენ. როგორც სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, გამამართლებელი ვერდიქტი საბრალდებო დასკვნის გარკვეულ პუნქტებს დაუბრუნდა და ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებაში აისახა „რაციონალური დიფერენციაცია“ სუსტ და ძლიერ პუნქტებს შორის. ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებამ ასევე აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ იგი საწინააღმდეგოს ამტკიცებს, 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგაც კი, ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო, რომ განმცხადებელს აეხსნა თავისი ქმედებები ნაფიცი მსაჯულების წინაშე; აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, ნაფიცი მსაჯულები მის ზოგიერთ ბრალდებას ვერ გაამართლებდნენ.
39. რაც შეეხება ნაფიცი მსაჯულების ობიექტურ მიუკერძოებლობას, სასამართლოს აზრით არსებობს იმის რისკი, რომ საზოგადოებაში უარყოფითმა რეზონანსმა სასამართლო პროცესის წინ ნაფიც მსაჯულებს წინასწარ უარყოფითი აზრი ჩამოუყალიბოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც განმცხადებლის შემთხვევაში პროპაგანდა უწყვეტი და სენსაციურია. როგორც სააპელაციო სასამართლოს და საიდუმლო საბჭოს სასამართლო კომიტეტის პრეცედენტული სამართლიდან ჩანს, გაერთიანებული სამეფოს სასამართლოებს კარგად აქვთ გაცნობიერებული აღნიშნული რისკი. სასამართლოა აზრით სამართლიანი სასამართლო პროცესის ჩატარება შესაძლებელია ინტენსიური უარყოფითი რეზონანსის შემდეგაც. დემოკრატიის პირობებში გარდაუვალია, რომ რეზონანსულმა საქმეებმა არ მიიპყრონ მედიის ყურადღება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი მედია გამოხმაურება აუცილებლად ზიანს მიაყენებს ბრალდებულის სამართლიანი პროცესის უფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც უფრო გახმაურებული იქნება დანაშაული, უფრო ნაკლები ალბათობა იქნება, იმისა რომ დანაშაულის ჩამდენებს გაასამართლებენ და დამნაშავედ სცნობენ. როგორც ლორდი ჰოუფი აცხადებდა მონტგომერის საქმეში (Montgomery v. HM Advocate; [2003] 1 AC 641) მე-6 მუხლის მიზანს არ წარმოადგენს პასუხისგებაში იმ პირების მიცემაზე ხელის შეშლა, რომლებსაც დანაშაულის ჩადენაში ედებათ ბრალი. ნაცვლად ამისა, სასამართლოს მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ შეისწავლოს, არსებობს თუ არა საკმარისი გარანტიები იმის უზრუნველსაყოფად, რომ სამართალწარმოება მთლიანობაში იყოს სამართლიანი. პრეცედენტული სამართლის მიხედვით, სასამართლომ უნდა მოითხოვოს ობიექტურად დასაბუთებული უტყუარი მტკიცებულებები ნაფიც მსაჯულთა მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, თუ არ დადგინდება მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა.
სასამართლო აღიარებს, რომ შეურაცხმყოფელმა მედია კამპანიამ გარკვეულ ვითარებაში შესაძლოა ჩრდილი მიაყენოს სასამართლო პროცესის სამართლიანობას საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენის გზით და შესაბამისად, ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობაზეც, რომლებიც მოწვეული არიან, ბრალდებულის ბრალეულობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მისაღებად. თუმცა, საქმეების უმრავლესობაში სასამართლო პროცესის ბუნება, განსაკუთრებით კი საქმის განმხილველი მოსამართლის როლი ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის ხელმძღვანელობაში უზრუნველყოფს სამართალწარმოების სამართლიანობას. გარდა ამისა, ამგვარი გამონაკლისი გარემოებების არსებობის გადაწყვეტისას ადგილობრივ სასამართლოს ამგვარი შეფასების გაკეთების უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ინგლისსა და უელსში სასამართლოები სარგებლობენ დიდი უფლებამოსილებით, რათა თავიდან აიცილონ უარყოფითი ინფორმაციის მედიასაშუალებების მიერ გაშუქება სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას და აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ შეაჩერონ სამართალწარმოება პროცესის ბოროტად გამოყენების საფუძველზე. როგორც მონტგომერის საქმეში იყო აღნიშნული, ასეთი მიდგომა ასახავს არა მხოლოდ გაერთიანებული სამეფოს სასამართლოების პრაქტიკას, არამედ სისხლის სამართლის სისტემის გამოცდილებას მთლიანად საერთო სამართლის სამყაროში. სასამართლოს აზრით, აღნიშნული პრაქტიკა პატივისცემას იმსახურებს.
40. მიმდინარე საქმეში, საქმის განმხილველმა მოსამართლემ სრულყოფილი და ცალსახა მითითება მისცა ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობას განმცხადებლის უარყოფითი რეზონანსის უგულებელყოფის შესახებ და ამის ნაცვლად ყურადღება გაემახვილებინათ მათ წინაშე არსებულ მტკიცებულებებზე. ნაფიც მსაჯულებს კიდევ ერთხელ მიეცათ მითითება განხილვის დაწყების შემდეგ. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული მითითება „ფრთხილ და ჭკვიანურ“ მითითებად მიიჩნია. სასამართლო იზიარებს შემდეგ მოსაზრებას: ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობაზე მიცემული მითითება, როდესაც საქმის განმხილველი მოსამართლე საქმის განხილვის მსვლელობისას მედიას აძლევს განმეორებით გაფრთხილებას, წარმოადგენს საკმარის გარანტიას, რომ გამოირიცხოს ობიექტურად დასაბუთებული ან ლეგიტიმური ეჭვი ნაფიც მსაჯულთა მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევის არავითარი ნიშნები არ არსებობს.
Full & Egal Universal Law Academy