დოკუმენტი მომზადებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ეროვნული და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის განზოგადებისა და სტატისტიკის სამსახურის (www.tcc.gov.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Tbilisi City Court, International and Domestic Court Practice Generalisation and Statistics Unit (www.tcc.gov.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მეხუთე სექცია
განჩინება
საჩივარი N 53191/10
აკაკი ფეიქრიშვილი და გივი ბასილაძე
(Akaki PEIKRISHVILI and Givi BASILADZE
against Georgia)
2019 წლის 5 თებერვლის სხდომაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეორე სექცია) პალატამ, შემდეგი შემადგენლობით:
ანგელიკა ნიუსბერგერი, თავმჯდომარე,
იონკო გროზევი,
ანდრე პოტოცკი,
მარტინშ მითსი,
გაბრიელე კუცკო-შტადლმაიერი,
ლატიფ ჰუსეინოვი,
ლადო ჭანტურია, მოსამართლეები,
და კლაუდია ვესტერდიკი, სექციის მდივანი,
2010 წლის 3 სექტემბერს წარმოდგენილი ზემოაღნიშნული საჩივრის, მოპასუხე მთავრობის მოსაზრებებისა და მომჩივნების მიერ საპასუხოდ წარმოდგენილი მოსაზრებების გათვალისწინებით,
მსჯელობის შედეგად, მიიღო ეს განჩინება:
ფაქტები
1. მომჩივნები: ბატონი აკაკი ფეიქრიშვილი („პირველი მომჩივანი“) და ბატონი გივი ბასილაძე („მეორე მომჩივანი“) საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებიც დაიბადნენ 1953 და 1951 წელს, შესაბამისად და ცხოვრობენ თბილისში. მათ სასამართლოს წინაშე წარმოადგენდა ბატონი ი. ყანდაშვილი, თბილისში მოღვაწე ადვოკატი.
2. საქართველოს მთავრობას წარმოადგენდა ბატონი ბ. ძამაშვილი, წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან.
3. მომჩივნები კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტისა და 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის საფუძველზე ჩიოდნენ, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ არ აღასრულა მათ სასარგებლოდ მიღებული, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება.
ა. საქმის გარემოებები
4. მხარეების მიერ წარმოდგენილი საქმესთან დაკავშირებული ფაქტები მოკლედ შეიძლება ამგვარად ჩამოყალიბდეს:
5. 2003 წლის 23 სექტემბერს პირველმა მომჩივანმა სარჩელი აღძრა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მეორე მომჩივნისა და სხვა მოპასუხეების: კრწანისი-მთაწმინდის რაიონის გამგეობის, თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის და კერძო პირების: ი.ფ.-სა და დ.ს.-ს მიმართ. მომჩივნები წარმოადგენდნენ ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ბეთლემი 91“-ის წევრებს, რომელსაც მიღებული ჰქონდა საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ნებართვა მიწის ნაკვეთზე, მდებარე ბეთლემის ქ. NN 2, 5 და 7-ში.
6. 2003 წლის 23 სექტემბრის სარჩელით პირველმა მომჩივანმა მოითხოვა მოპასუხეებთან მიმართებით გამოცემული სხვადასხვა შეთანხმების ბათილად ცნობა; თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მიმართ მოთხოვნილი იყო საკუთრების უფლების გაუქმება მიწის ნაკვეთზე მდებარე ბეთლემის ქ. N 7 („ნაკვეთი N 7“), რომელიც გადაცემული ჰქონდა მეორე მომჩივანსა და დ.ს.-ს და იმ ნაკვეთზე, ბეთლემის ქ. N 5-ში მდებარე მიწის ნაკვეთთან („ნაკვეთი N 5“), ერთად, ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ბეთლემი 91“-ის საკუთრების უფლების დარეგისტრირება.
7. პირველმა მომჩივანმა 2003 წლის 16 დეკემბერს, პირველი ინსტანციის სასამართლოს წინაშე საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე, მოითხოვა კრწანისი-მთაწმინდის გამგეობის და თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის ამოღება მოპასუხეთა სიიდან, ამ მოთხოვნის საფუძვლის მიუთითებლად. ამასთანავე, ყველა სხვა მხარემ მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა და მხარეთა შორის მორიგების დამტკიცება.
8. 2003 წლის 16 დეკემბერს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272(დ)-ე და 273-ე მუხლებზე დაყრდნობით (იხ. 26-ე პარაგრაფი ქვემოთ), კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ შეწყვიტა საქმისწარმოება, საქმის არსებითი განხილვის გარეშე, მხარეთა მორიგების დამტკიცების გამო („2003 წლის 16 დეკემბრის განჩინება“). მორიგების აქტის მიხედვით:
„1. მომჩივანი აკაკი ფეიქრიშვილი, უარს ამბობს სარჩელზე მორიგების აქტში ჩამოყალიბებული პირობების გათვალისწინებით;
2) ბეთლემის ქ. 5-სა და 7-ში მდებარე მიწის ნაკვეთები დარეგისტრირდება, როგორც აკაკი ფეიქრიშვილის და გივი ბასილაძის ქონება;
3) აკაკი ფეიქრიშვილი დარეგისტრირდება ბეთლემის ქ. 7-ში მდებარე სახლის მესაკუთრედ, რომელსაც იმდროისათვის ფლობდა დ.ს.;
4) აკაკი ფეიქრიშვილი დ.ს-სთვის შეიძენს ... ორ ... სახლს ...
ხელმომწერებს მორიგების აქტი წაკითხული აქვთ, ეთანხმებიან მას და ადასტურებენ მის სისწორეს...“
9. 2007 წლის 10 აპრილს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც მეორე მომჩივანი მითითებული იყო, როგორც კრედიტორი, დ.ს. კი - მოვალე. მასში მითითებული იყო, რომ 2003 წლის 16 დეკემბრის განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა 2006 წლის 2 ოქტომბერს. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2003 წლის 16 დეკემბრის განჩინება აღსრულდა ნაკვეთი N7-ის და მასზე განთავსებულ სახლთან მიმართებით.
10. 2007 წლის 11 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ („საჯარო რეესტრი“) დაუკავშირებელ საქმისწარმოებასთან დაკავშირებით, დაარეგისტრირა სავარაუდოდ სხვა მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობდა ბეთლემის ქ. N11-ში, ფართობით 208 კვმ. („ნაკვეთი N11“) როგორც მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის ქონება. 2008 წლის 3 აპრილს ნაკვეთი N11 შეიძინა კერძო პირმა, მ.კ.-მ, პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, პრივატიზების გზით.
11. 2008 წლის 17 აპრილს საჯარო რეესტრმა მეორე მომჩივანს აცნობა, რომ ნაკვეთი N 5-ზე, რომლის ფართობი შეადგენდა 308 კვმ-ს, განლაგებული იყო საცხოვრებელი სახლები. ასევე ეცნობა, რომ საჯარო რეესტრში რაიმე უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე აღრიცხული არ ყოფილა.
12. 2008 წლის 6 მაისს მეორე მომჩივანმა მიმართა საჯარო რეესტრს ნაკვეთი N 5-ზე უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, 2003 წლის 16 დეკემბრის განჩინების საფუძველზე.
13. 2008 წლის 14 მაისს საჯარო რეესტრმა გამოითხოვა დამატებითი დოკუმენტები, მათ შორის, 2003 წლის 15 დეკემბრის განჩინების შესწორებული ვარიანტი, რომელშიც მითითებული იქნებოდა ბეთლემის ქ. 5 და 7-ში მდებარე მიწის ნაკვეთების ფართობები და სადავო მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმა.
14. 2008 წლის 16 მაისს მომჩივნებმა საჯარო რეესტრს მიაწოდეს მოთხოვნილი დოკუმენტაცია, განჩინების შესწორებული ვარიანტის გამოკლებით.
15. 2008 წლის 5 ივნისს საჯარო რეესტრი გამოეხმაურა რა, მეორე მომჩივნის მიმართვას, მიუთითა, რომ ნაკვეთი N5 პირველად აღრიცხულ იქნა 1941 წელს; სარეგისტრაციო ჩანაწერებში მასზე უფლება რეგისტრირებული არ ყოფილა.
16. 2008 წლის 16 ივნისს საჯარო რეესტრმა უარი თქვა ნაკვეთი N5-ზე მომჩივნების უფლების რეგისტრაციაზე, ამ უკანასკნელების მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების წარუდგენლობის გამო და შეწყვიტა სარეგისტრაციო პროცესი.
17. საჯარო რეესტრმა 2008 წლის 17 ივნისის წერილში მეორე მომჩივნის მიმართვის პასუხად, მიუთითა, რომ სადავო მიწის ნაკვეთის საზღვრები, როგორც ასახული იყო მის მიერ წარდგენილ საკადასტრო გეგმაზე, ფარავდა ნაკვეთ N11-ს (იხ. მე-10 პარაგრაფი ზემოთ).
18. 2008 წლის 27 აგვისტოს და 2008 წლის 1 დეკემბერს მომჩივნებმა სარჩელი აღძრეს: საქართველოს პრეზიდენტის, თბილისის მერიის, საჯარო რეესტრის და კერძო პირის მ.კ.-ს წინააღმდეგ (იხ. მე-10 პარაგრაფი ზემოთ), მესამე პირი - თბილისის არქიტექტურის სამსახური. მათ მოითხოვეს სარეგისტრაციო პროცესის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებისა და 2007 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების, რომლითაც ნაკვეთი N11 დარეგისტრირდა ქალაქის მერიის საკუთრებაში, გაუქმება და ნაკვეთი N 5-ზე მათი საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ნაკვეთი N 11 შეცდომით იქნა რეგისტრირებული, როგორც N 11 და, რომ ის ფაქტობრივად იყო ნაკვეთი N 5, რომელთან დაკავშირებითაც მათ გააჩნდათ კანონიერი მოთხოვნის უფლება. ისინი ასევე სადავოდ ხდიდნენ ქალაქის მერიის უფლებამოსილებას, მიწის ნაკვეთი დაერეგისტრირებინა, როგორც თავის ქონება. შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებული ქალაქის მერიასა და მ.კ-ს შორის, მათი მოსაზრებით, ბათილი იყო. ისინი განმარტავდნენ, რომ მათი საკუთრების უფლების სამართლებრივი საფუძველი იყო 2003 წლის 16 დეკემბრის განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტი მათ შორის და მისი აღუსრულებლობა იმ საბაბით, რომ შესწორება უნდა ყოფილიყო შეტანილი მომჩივნების სასარგებლოდ მიღებულ განჩინებაში, არღვევდა გადაწყვეტილების საბოლოობის პრინციპს, რაც წარმოადგენდა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევას.
19. 2009 წლის 18 ივნისს პირველი ინსტანციის წინაშე სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთმა მოპასუხემ სადავო გახადა საკითხი, გააჩნდათ თუ არა მოსარჩელეებს ნამდვილი უფლება ნაკვეთი N 5-ზე, რა გარემოებაც 2003 წლის 16 დეკემბერს დამტკიცებული მორიგების წინაპირობა გახდა. მომჩივნების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მან მომჩივნებისგან იცოდა სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების არსებობის შესახებ, მაგრამ დასძინა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, საკითხის დაყენება, გააჩნდათ თუ არა მომჩივნებს უფლება მორიგების დამტკიცებამდე, ირელევანტური იყო, რადგან, 2003 წლის 16 დეკემბრის განჩინება და სააღსრულებო ფურცელი საკმარისი იყო მომჩივნების უფლების დასადასტურებლად ნაკვეთ N 5-ზე.
20. 2009 წლის 19 ივნისს თბილისი საქალაქო სასამართლომ მომჩივნების სარჩელი არ დააკმაყოფილა. აღნიშნა, რომ კანონის თანახმად, თბილისში არსებული ყველა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა იმისა, რაც კერძო საკუთრებად იყო რეგისტრირებული, წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას. შესაბამისად, საჯარო რეესტრმა მართებულად დაარეგისტრირა მიწის ნაკვეთი, როგორც თბილისის მერიის საკუთრება. შესაბამისად, შემდგომში იმ ქონების კერძო პირისთვის მიყიდვა განხორციელდა კანონის შესაბამისად. რაც შეეხება მომჩივნების არგუმენტს, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების აღუსრულებლობის შესახებ, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის მოთხოვნა, მომჩივნებს წარედგინათ სასამართლოს განჩინების შესწორებული ვარიანტი, იყო კანონმდებლობის შესაბამისი, რადგან განჩინებაში არ იყო მითითებული ნაკვეთი N 5-ის ზუსტი ზომა. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მომჩივნებმა სარეგისტრაციო სამსახურს ვერ წარუდგინეს სადავო მიწის ნაკვეთზე მათი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნებმა წარადგინეს 2003 წლის 16 დეკემბრის განჩინება და მის საფუძველზე გამოწერილი სააღსრულებო ფურცელი, ის დოკუმენტები არ მიუთითებდნენ არც იმაზე, თუ ვის ქონებას წარმოადგენდა მიწის ნაკვეთი და, არც მის ზუსტ ზომას. მეტიც, მირიგების აქტი, რაც იმ განჩინებას დაედო საფუძვლად, გაფორმებულ იყო კერძო პირებს შორის და დავის ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობის გარეშე წარმართვა ნათლად მიუთითებდა იმაზე, რომ ერთი კერძო მხარე, სახელდობრ, დ.ს., მოიპოვებდა მიწის ნაკვეთზე ქონებრივ უფლებებს; მას კი ეს არ გააჩნდა.
21. 2009 წლის 14 ივლისს მომჩივნებმა გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივარი. ისინი არ დაეთანხმნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ფაქტების სამართლებრივ შეფასებას და გაიმეორეს თავიანთი არგუმენტები (იხ. მე-18 პარაგრაფი ზემოთ). მათ კერძოდ აღნიშნეს, რომ განჩინების შესწორებული ვერსიის მოთხოვნა იმ მიზნით, რომ აღესრულებინათ 2003 წლის 16 დეკემბრის განჩინება, წარმოადგენდა სასამართლოს შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონე განჩინების აღსრულებაზე უარის თქმას, კანონმდებლობის დარღვევით.
22. 2009 წლის 15 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის პროცესში, საჯარო რეესტრის წარმომადგენლმა აღნიშნა, რომ ნაკვეთი N 7-ისგან განსხვავებით, ნაკვეთი N 5 არასოდეს ყოფილა დარეგისტრირებული კერძო საკუთრებაში და მოითხოვა, სააპელაციო სასამართლოს უცვლელი დაეტოვებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
23. 2009 წლის 15 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებული განჩინებით უცვლელი დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. დაადგინა, რომ ნაკვეთი N 11 წარმოადგენდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საკუთრებას, გადაფარვა ორ მიწის ნაკვეთზე არ ყოფილა დადგენილი და საჯარო რეესტრის მოთხოვნა, რომ მომჩივნებს წარედგინათ დამატებითი დოკუმენტაცია 2003 წლის 16 დეკემბრის განჩინების აღსრულების მიზნით, კანონიერი იყო. რაც შეეხება მომჩივნების არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ უარის თქმით ნაკვეთი N 5-ზე დარეგისტრირებულიყო მათი საკუთრების უფლება, წარმოადგენდა მათ სასარგებლოდ მიღებული სასამართლოს განჩინების აღსრულებაზე უარის თქმას, სასამართლოს გადაწყვეტილებების და განჩინებების საბოლოობის პრინციპისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შემდეგი:
„სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აპელანტები სააპელაციო საჩივარს, აგრეთვე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ გარემოებად მიუთითებენ ქალაქ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 16 დეკემბრის განჩინებას ... და მიიჩნევენ, რომ მოსარჩელეთათვის მათი საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმა წარმოადგენს, ... კანონიერ ძალაში შესული განჩინებას აღსრულებაზე უარის თქმას.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ქალაქ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 16 დეკემბრის განჩინების ... და სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, ამ საქმეში მხარეებს წარმოადგენდნენ: მოსარჩელე – აკაკი ფეიქრიშვილი, მოპასუხეებს გივი ბასილაძე [და] დ. ს., ამავე განჩინების აღწერილობით ნაწილში აღინიშნა, რომ მოპასუხეთა რიგებიდან ამოირიცხნენ ქალაქ თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობა და მიწის მართვის დეპარტამენტი. ამრიგად, მითითებული განჩინებით, საქმეზე შეწყდა წარმოება, დამტკიცდა მხარეთა ... შორის (მოსარჩელე _ ფიზიკური პირი აკაკი ფეიქრიშვილი, მოპასუხეები ფიზიკური პირები გივი ბასილაძე [და] დ.ს.) მორიგება. ... სააღსრულებო ფურცლის მიხედვით საქმეზე კრედიტორად დასახელებული იქნა ფიზიკური პირი – მოპასუხე გივი ბასილაძე, ხოლო მოვალედ დასახელებული იქნა ფიზიკური პირი – მოპასუხე დ. ს.. ამასთანავე, სააღსრულებო ფურცელში დასახელებული არ არის, მაგრამ კრედიტორია აგრეთვე მოსარჩელე აკაკი ფეიქრიშვილი.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება და აპელანტების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცება, ... რომ, ქალაქ თბილისში ბეთლემის ქუჩა N5-ში მდებარე უძრავი ნივთი (მიწის ნაკვეთი), რომელიც მხარეთა (ფიზიკური პირები – მოსარჩელე აკაკი ფეიქრიშვილი, მოპასუხეები: გივი ბასილაძე [და] დ. ს.) შორის მორიგების შედეგად უნდა აღრიცხულიყო ფიზიკური პირების აკაკი ფეიქრიშვილისა და გივი ბასილაძის სახელზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა აკაკი ფეიქრიშვილს ან/და გივი ბასილაძეს .... საგულისხმოა, რომ [...] 2003 წლის 16 დეკემბრის განჩინების გამოტანის მომენტისათვის, საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე (მიწის ნაკვეთი) მდებარე ქალაქ თბილისში, ბეთლემის ქუჩა #5-ში, [...] [საჯარო რეესტრში] არ იყო აღრიცხული.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან ქალაქ თბილისში ბეთლემის ქუჩა N 5-ში მდებარე უძრავი ნივთი (მიწის ნაკვეთი) კანონმდებლობით დადგენილი წესით არ წარმოადგენდა ფიზიკური პირების: მოსარჩელე აკაკი ფეიქრიშვილის (კრედიტორი) ან/და მოპასუხე გივი ბასილაძის (კრედიტორი) ან/და მოპასუხე დ. ს.-ს (მოვალე) საკუთრებას, ამდენად, ვერც ეს უკანასკნელნი განკარგავდნენ იმას, რაც მათი საკუთრებას არ წარმოადგენდა სასამართლოს მიერ დამტკიცებული მორიგების შემთხვევაშიც კი, რადგან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება, არ ათავისუფლებს მხარეებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესების შესრულებისგან. ამდენად, ის უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი), რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით მოვალეს არ ეკუთვნის საკუთრების უფლებით, ამ უძრავ ნივთზე მხარეთა (კრედიტორი და მოვალე) შეთანხმებისა და მორიგების არსებობის მიუხედავად კრედიტორების სახელზე საკუთრების უფლებით ვერ აღირიცხება.
სააპელაციო პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა მოსაზრებას აღნიშნულზე და თვლის, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განჩინების საფუძველზე კრედიტორთა მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს და შესაბამისად, აღსრულება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ ქონების მიმართ, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლებით ეკუთვნის მოვალეს ...
სააპელაციო სასამართლო ... მიიჩნევს, რომ [კრედიტორების] მოთხოვნა 2003 წლის 16 დეკემბრის განჩინების საფუძველზე, ... უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის) საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ ... მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს. პალატის მოსაზრებით სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არსებობა თავის მხრივ არ გამორიცხავს მოქმედი კანონმდებლობის იმ ნორმათა უგულებელყოფას, რომელებიც აწესრიგებენ უძრავ ნივთებთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.“
24. 2001 წლის 21 აპრილის განჩინებით უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო მომჩივნების საკასაციო საჩივარი სამართლის ნორმების დარღვევის საკითხებზე.
ბ. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა
25. სამოქალაქო კოდექსი (1997), იმ დროისათვის მოქმედი რედაქციით, ითვალისწინებდა შემდეგს:
მუხლი 54: მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებები
„ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.“
მუხლი 115: უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა
„სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.“
მუხლი 170 § 1 (ცნება [საკუთრების უფლების შინაარსი])
„მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.“
მუხლი 183: უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები
„1. უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ...
2. საბუთში ზუსტად უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის შეძენის საფუძველი. თუ ერთ-ერთი მხარე მონაწილეობს წარმომადგენლის მეშვეობით, მაშინ საბუთში ზუსტად უნდა აღინიშნოს ამის შესახებ.“
26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (1997) 272(დ)-ე და 273-ე მუხლების იმ დროისთვის მოქმედი რედაქციის მიხედვით, ქვეყნის სასამართლო უფლებამოსილი იყო, მიეღო განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ მისი არსებითი განხილვის გარეშე, თუ მხარეები მორიგდებოდნენ. ის პროცედურა, როგორც იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებდა, სასამართლოს არ ანიჭებდა დისკრეციას, განეხილა მორიგების სამართლებრივი საფუძვლები ან მხარეების ვალდებულებას, წარედგინათ ინფორმაცია დავის საგანის სამართლებრივ სტატუსთან მიმართებით. ეს უკანასკნელი ვალდებულება კოდექსს დაემატა 2016 წლის 17 ივნისის ცვლილების შედეგად[1].
საჩივრის მთხოვნები
27. მომჩივნები კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტისა და 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის საფუძველზე ჩიოდნენ, რომ ქვეყნის ხელისუფლების ორგანოებმა უარი თქვეს მათ სასარგებლოდ მიღებულ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განჩინების აღსრულებაზე.
კანონმდებლობა
28. მომჩივნები ჩიოდნენ, რომ ქვეყნის ხელისუფლების ორგანოთა მიერ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული, 2003 წლის 16 დეკემბრის განჩინების, რომლითაც დამტკიცდა მორიგების აქტი მხარეებს შორის, აღუსრულებლობა წარმოადგენდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტითა და 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლით დაცულ მათი უფლებების დარღვევას. კონვენციის ამ მუხლების შესაბამისი ნაწილები ამგვარია:
მუხლი 6 § 1
„სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ... ყველას აქვს ... მისი საქმის სამართლიანი ... განხილვის უფლება ... სასამართლოს მიერ.“
1-ლი ოქმის 1-ლი მუხლი
„ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება ვინმეს კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.“
29. მთავრობამ განმარტა, რომ საკითხი სათანადოდ იქნა განხილული იმ სამართალწარმოების პირობებში, რაც მომჩივნებმა აღძრეს. კერძოდ, ქვეყნის სასამართლოებმა დაასაბუთეს, რომ ქონებრივი უფლებების გადაცემის შესახებ მხარეთა მორიგების სასამართლოს მიერ დამტკიცების შესახებ განჩინება, თუნდაც საბოლოო, არ შეიძლებოდა ყოფილიყო მოთხოვნის უფლების წარმომქმნელი ამ ქონებაზე, თუკი მანამდე არ არსებობდა ნამდვილი ქონებრივი უფლება. შესაბამისად, განჩინება იყო დამოკიდებული მომჩივანთა უფლებაზე, რომლის არარსებობის პირობაში, განჩინება აღსრულებადი არ იყო.
30. მომჩივნებმა გაიმეორეს თავიანთი თავდაპირველი არგუმენტები, კერძოდ, ის, რომ ქვეყნის ხელისუფლების ორგანოების მიერ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული, მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ 2003 წლის 16 დეკემბრის განჩინების აღუსრულებლობა წარმოადგენდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტითა და 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლით დაცულ მათი უფლებების დარღვევას.
31. სასამართლო იმეორებს, რომ სასამართლოს მიერ სამართლიანი სასამართლო მოსმენის უფლება, რაც გარანტირებულია კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით, უნდა განიმარტოს კონვენციის პრეამბულის გათვალისწინებით, რომლის შესაბამისი ნაწილით გამოცხადებულია, რომ: კანონის უზენაესობა ხელშემკვრელი სახელმწიფოების საერთო მემკვიდრეობის ნაწილს წარმოადგენს. კანონის უზენაესობის ერთ-ერთ ფუძემდებლურ ასპექტს წარმოადგენს სამართლებრივი სიცხადე, რომლის მოთხოვნას, სხვასთან ერთად, წარმოადგენს ის, რომ თუკი სასამართლოები საბოლოოდ გადაწყვეტენ საკითხს, თავიანთი გადაწყვეტილებები არ უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ (იხ. ბრუმარესკუ რუმინეთის წინააღმდეგ (Brumărescu v. Romania) [დიდი პალატა], N 28342/95, § 61, ECHR 1999‑VII და ჰაძიგიორგიევი ბულგარეთის წინააღმდეგ (Hadzhigeorgievi v. Bulgaria), N 41064/05, § 66, 16 ივლისი 2013).
32. სამართლებრივი სიცხადე გულისხმობს res judicata-ს პრინციპის პატივისცემას (იხ. ზემოთ დასახელებული ბრუმარესკუ (Brumărescu), § 62), რაც წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილებების საბოლოობის პრინციპს. ეს პრინციპი განამტკიცებს იმას, რომ არცერთი მხარეა უფლებამოსილი, მოითხოვოს საბოლოო და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვა იმ მიზნით, რომ მიაღწიოს საქმის ხელახალ განხილვას და თავიდან გადაწყვეტას. ზემდგომი სასამართლოების უფლებამოსილება, განიხილონ საქმეები, იმგვარად უნდა განხორციელდეს, რომ გამოასწოროს მართლმსაჯულების შეცდომები და უსწორობები, მაგრამ არა იმიტომ, რომ ხელახალი განხილვა ჩატარდეს. გადასინჯვა არ უნდა წარმოადგენდეს მოთხოვნის შენიღბვას და მხოლოდ საკითხზე ორი შეხედულების შესაძლო არსებობა არ შეიძლება წარმოადგენდეს ხელახალი განხილვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა გამართლებულად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია არსებითი გარემოებებისა და მათი ერთობლივი ხასიათის გათვალისწინებით (იხ. რიაბიხი რუსეთის წინააღმდეგ (Ryabykh v. Russia), no. 52854/99, § 52, ECHR 2003‑IX; ზემოთ დასახელებული ჰაძიგიორგიევი (Hadzhigeorgievi), § 66 და ტრაპეზნიკოვი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Trapeznikov and Others v. Russia), NN 5623/09 და 3 სხვა, § 23, 5 აპრილი 2016).
33. რაც შეეხება ამ საქმის გარემოებებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ ჩვეულებრივ ვითარებაში მომჩივნის დავალდებულება, წარადგინოს განჩინების შესწორებული ვერსია მის სასარგებლოდ მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად, მით უფრო, იმგვარ ინფორმაციასთან მიმართებით, როგორიცაა, მაგალითად, მიწის ნაკვეთის ზომა, რაც ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს განკარგულებაშია, არასათანადოდ შეაფერხებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ან განჩინების აღსრულებას (იხ. დადიანი და მაჩაბელი საქართვველოს წინააღმდეგ (Dadiani and Machabeli v. Georgia), N 8252/08, §§ 47-50, 12 ივნისი 2012, იქვე არსებული მითითებებით). თუმცა, მოცემული საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, ქვეყნის სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ 2003 წლის 16 დეკემბრის განჩინება იყო a priori აღუსრულებადი ნაკვეთი N 5-თან მიმართებით. შესაბამისად, სასამართლო საკითხზე ამ მიმართულებით იმსჯელებს.
34. რამდენადაც მომჩივნების მიერ ქვეყნის შიგნით წამოწყებული სამართალწარმოება მათ სასარგებლოდ მიღებული 2003 წლის 16 დეკემბრის განჩინების აღსრულების შესახებ, შეეხებოდა სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის, ნაკვეთის ზუსტ საზღვრებს და ფაქტს, ფარავდა, თუ არა ის ნაკვეთი N 11-ს, სასამართლოს წინაშე არ დგას მათი განხილვის საჭიროება. კონკრეტულად, მთავარი, რაც იმ სამართალწარმოებისას წარმოიშვა, იყო საკითხი, იყო თუ არა საბოლოო განჩინება ნაკვეთი N 5-თან მიმართებით, სრულად აღსასრულებელი. ამასთან დაკავშირებით და საკითხთან მიმართებით ჩამოყალიბებული პრეცედენტული პრაქტიკის გათვალისწინებით (იხ. 31-32 პარაგრაფები ზემოთ), სასამართლო შეაფასებს იმას, თუ მომჩივნების მიერ წამოწყებული სამართალწარმოება იმ მიზნით, რომ უზრუნველეყოთ მათ სასარგებლოდ მიღებული 2003 წლის 16 დეკემბრის განჩინების აღსრულება (იხ. მე-18-24-ე პარაგრაფები ზემოთ) ფაქტიურად იწვევდა თუ არა საბოლოო და კანონიერ ძალაში შესული განჩინების გადასინჯვას და ამგვარი გადასინჯვა იყო, თუ არა გამოწვეული არსებითი და უდავო გარემოებებით.
35. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვეყნის სასამართლოებმა მომჩივნის არგუმენტის ფარგლებში უშუალოდ განიხილეს კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტთან შესაბამისობის საკითხი 2003 წლის 14 დეკემბრის განჩინების აღუსრულებლობასთან დაკავშირებით ნაკვეთი N5-თან მიმართებით (იხ. მე-20 და 23-24-ე პარაგრაფები ზემოთ). მათ დაასაბუთეს, რომ 2003 წლის 16 დეკემბრის განჩინებით მხოლოდ დამტკიცდა კერძო პირებს შორის გაფორმებული მორიგების აქტი, რომლებიც ივარაუდებოდა, რომ ფლობდნენ ნამდვილ უფლებებს ქონებაზე, რომლის ერთმანეთს შორის განაწილებაზეც შეთანხმდნენ (იხ. 23-ე პარაგრაფი ზემოთ). ნაკვეთი N 5-ზე ამგვარი უფლების არარსებობის ვითარებაში კერძო პირები არ შეიძლებოდა შეთანხმებულიყვნენ ქონების ერთმანეთს შორის განაწილებაზე და მომჩივნებს არ უნდა ჰქონოდათ მოლოდინი, რომ აღსრულდებოდა განჩინება, იმ ქონებასთან მიმართებით, რაც არ წარმოადგენდა მოვალის საკუთრებას, ვინც ასეთად იყო მითითებული სააღსრულებო ფურცელში (იხ. Ibid).
36. სასამართლო იზიარებს ქვეყნის სასამართლოების დასაბუთებას. კერძოდ, რომ 2003 წლის 16 დეკემბრის განჩინება არ ყოფილა მიღებული კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვის შედეგად (იხ. მე-8 და 26 პარაგრაფები ზემოთ და განსხვავებისთვის, მაგალითად, საქმე ვარდანიანი და ნანუშიანი სომხეთის წინააღმდეგ (Vardanyan and Nanushyan v. Armenia), N 8001/07, § 68, 27 ოქტომბერი 2016). რეალურად, ის იყო განჩინება, რომლითაც შეწყდა საქმის წარმოება კერძო პირებს შორის არსებულ დავაში მხარეთა შორის მიღწეული მორიგების დამტკიცების გამო (იხ. მე-7-8 პარაგრაფები ზემოთ) იმ მხარეებმა: მომჩივანმა და კონკრეტულმა დ.ს.-მ სასამართლოს წინაშე ერთმანეთს შორის ექსკლუზიურად მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც, სხვებს შორის, შეეხებოდა ქონებრივი უფლების მიკუთვნებას ორ მიწის ნაკვეთზე, რომლებსაც შეეხებოდა სადავო განჩინება (იხ. მე-8 პარაგრაფი ზემოთ). ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც იმ დროისათვის მოქმედებდა, არ ითვალისწინებდა მართლმსაჯულების ორგანოს მიერ ამგვარი შეთანხმებებით გათვალისწინებული პირობის სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემოწმებას (იხ. 26-ე პარაგრაფი ზემოთ) და როგორც ჩანს, მხარეთა პასუხისმგებლობას წარმოადგენდა იმის უზრუნველყოფა, რომ ამგვარ შეთანხმებას გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, მორიგების დამოკიდებულება სადავო ქონებაზე მხარეთა უფლების არსებობაზე, როგორც ჩანს, გამოიხატებოდა მორიგების იმ პირობაში, რომლის თანახმადაც, მომჩივნებს და დ.ს-ს სადავო ქონება უნდა გადაენაწილებინათ (იხ. მე-8 პარაგრაფი ზემოთ). ეს დადასტურებულია საქმის მასალებით, რომლებითაც დასტურდება, რომ 2003 წლის 16 დეკემბრის განჩინების აღსრულება ნაკვეთი N 7-თან მიმართებით არ წარმოშობდა რაიმე პრობლემას, სავარაუდოდ, ამ ქონებაზე ნამდვილი უფლების არსებობის გამო, რაც სადავო განჩინების მიღებამდეც არსებობდა (იხ. მე-6, მე-9 და 22-ე პარაგრაფები ზემოთ). რომელიმე მხარის მიერ მორიგების დამტკიცებამდე ამგვარი უფლების არსებობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი არ ყოფილა წარმოდგენილი ნაკვეთი N5-თან მიმართებით (იხ. მე-11, მე-15, მე-19 და 22-ე პარაგრაფები ზემოთ).
37. შესაბამისად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების გადასინჯვის მიზნით, მომჩივნების მიერ წამოწყებული სამართალწარმოების შედეგად ნაკვეთი N 5-თან მიმართებით გამოვლინდა, რომ მომჩივნებს შორის მორიგება წარმოადგენდა იმ განჩინების მიღების ერთადერთ საფუძველს არარსებულ საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, ეროვნული კანონმდებლობის დარღვევით (იხ. 23-ე პარაგრაფი ზემოთ). ეროვნული კანონმდებლობის საკუთრების უფლების შეძენასთან დაკავშირებული ნორმების მხედველობაში მიღებით, კანონის დარღვევით გაფორმებული შეთანხმებების ბათილად ცნობა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების აკრძალვა (იხ, 25-ე პარაგრაფი ზემოთ), და ქვეყნის სასამართლოების დასაბუთება მომჩივანთა პრეტენზიებთან მიმართებით (იხ. 35-ე პარაგრაფი ზემოთ), სასამართლო, ამ საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ 2003 წლის 16 დეკემბრის განჩინების გადასინჯვა და საბოლოოდ, მისი აღუსრულებლობა, დაკავშირებული იყო არსებითი ხასიათის, ერთობლივ გარემოებებთან (შეადარე და განასხვავე ზემოთ დასახელებული ჰაძიგიორგიევი (Hadzhigeorgievi), §§ 68-70).
38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაფერი მიუთითებს მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევაზე. შესაბამისად, მომჩივნების საჩივარი აშკარად დაუსაბუთებელია და მიუღებლად უნდა გამოცხადდეს კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(a) და მე-4 პუნქტების თანახმად.
39. ამასთან, აღნიშნულ გარემოებებში, მომჩივნებს არ შეუძლიათ იდავონ, რომ გააჩნიათ „საკუთრება“ კონვენციის 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლიდან გამომდინარე ნაკვეთი N 5-თან მიმართებით. არ დასტურდება, რომ მომჩივნებს ოდესმე გააჩნდათ ნამდვილი ქონებრივი უფლება სადავო ქონებაზე. მომჩივნებსაც და დ.ს.-საც, მორიგების მიღწევამდე, კარგად უნდა სცოდნოდათ, რომ არცერთ მათგანს არ გააჩნდა ნამდვილი უფლება მიწის ნაკვეთზე, რაც მათ შესაძლებლობას მიანიჭებდა, პირველ რიგში მას დაყრდნობოდნენ. შესაბამისად, მათი საჩივარი 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის საფუძველზე, არის კონვენციასთან rationae materiae შეუსაბამო და უარი უნდა ითქვას მასზე, კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ერთხმად,
აცხადებს საჩივარს მიუღებლად.
შესრულებულია ინგლისურად და წერილობით ცნობილი გახდა 2019 წლის 28 თებერვალს.
კლაუდია ვესტერდიკიანგელიკა ნიუსბერგერი
მდივანითავმჯდომარე
[1] უნდა იგულისხმებოდეს 2016 წლის 3 ივნისის კანონი N5159-რს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ (მთარგმნელის შენიშვნა).
Full & Egal Universal Law Academy