ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის განჩინება განაცხადის დასაშვებად ცნობის შესახებ, რომელიც შეეხება გასაჩივრების უფლებას, როდესაც სასამართლო პროცესს წყვეტს ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა. გასაჩივრების უფლების სავარაუდო დაუკმაყოფილებლობა ოქმი №7-ის მე-2 მუხლის შესაბამისად, სამართლებრივი საკითხების გასაჩივრების უფლების შეზღუდვის გამო: დაუშვებელია.
საქმე „რობერტ პლანკა ავსტრიის წინააღმდეგ“
CASE OF ROBERT PLANKA against AUSTRIA
განაცხადი №25852/94
განჩინება
დასაშვებად ცნობის შესახებ
სამართალი
3. განმცხადებელი, სხვა საკითხებთან ერთად, დავობს ოქმი №7-ის მე-2 მუხლის საფუძველზე. მისი განცხადებით, სისხლის სამართლის საქმის წარმოება მის წინააღმდეგ უსამართლო იყო და დაირღვა მისი უფლება - გადაწყვეტილება განხილული იყო ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ. განმცხადებელი ირწმუნება, რომ გადაწყვეტილება არ შეიცავს რაიმე დასაბუთებას და იგი ეფუძნება მხოლოდ ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის ვერდიქტს. იგი ამტკიცებს, რომ დასაბუთების არარსებობამ შეზღუდა მისი შესაძლებლობა გაესაჩივრებინა გადაწყვეტილება, კერძოდ კი, ბრალდება, რომელიც შეეხება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ძარცვას.
ბ. კომისია შეისწავლის განმცხადებლის განცხადებას, რომელიც უკავშირდება მისთვის შესაძლებლობის შეზღუდვას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ ოქმი №7-ის მე-2 მუხლის საფუძველზე.
განსახილველი საქმის ნაწილში ოქმი №7-ის მე-2 მუხლი იკითხება შემდეგნაირად:
1. „ყველას, ვინც სასამართლოს მიერ მსჯავრდებულია სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის, აქვს უფლება, მისი მსჯავრდება ან მისთვის დანიშნული სასჯელი გადაასინჯვინოს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამ უფლების განხორციელება, იმ საფუძვლების ჩათვლით, რომლებზე დაყრდნობითაც ის შეიძლება განხორციელდეს, მოწესრიგებულია კანონით“.
კომისია შეგვახსენებს, რომ ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა შესაძლოა შეზღუდონ საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადახედვა ამ მუხლის პირველი პუნქტის ეროვნულ კანონმდებლობაზე მითითების საფუძველზე. წესები, რომლებიც არეგულირებს საქმის გადახედვას ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოებში, ზღუდავენ საქმის გადახედვას სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებულ კონკრეტულ შემთხვევებში ან შესაძლოა მოთხოვნილ იქნას გასაჩივრების მსურველი პირისგან განცხადების წარდგენა გასაჩივრებასთან დაკავშირებით.
განმცხადებელი აცხადებს, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ვერდიქტის დასაბუთების არარსებობამ ხელი შეუშალა მისი განაჩენი გადასინჯულიყო ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. კომისია მიუთითებს დასკვნებზე, რომლებიც შეეხება ნაფიც მსაჯულთა სამართალწარმოების თავისებურებებს და რომლებიც საქმის გადახედვის ნებას იძლევა მხოლოდ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, განმცხადებელს შეეძლო და ფაქტობრივად გაასაჩივრა თავისი განაჩენი.
აღნიშნულ ვითარებაში, საქმის გადახედვის შეზღუდვა შეესაბამებოდა ტიპურ წესებს, რომლებიც არეგულირებს უზენაესი სასამართლოს პროცედურებს, რომელსაც მაკონტროლებელი ფუნქცია აკისრია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებების კანონიერების საკითხთან მიმართებით. შესაბამისად, კომისია ასკვნის, რომ განმცხადებლის უფლება საქმის გადახედვის შესახებ აკმაყოფილებს ოქმი №7-ის მე-2 მუხლის მოთხოვნებს.
აქედან გამომდინარე, განაცხადის აღნიშნული ნაწილი არ უნდა დაკმაყოფილდეს, აშკარა დაუსაბუთებლობის გამო, კონვენციის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
Full & Egal Universal Law Academy