დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბუკლეტი №161 სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესახებ
მარტი 2013
რაპაზი შვეიცარიის წინაარმდეგ - 73175/10
(Rappaz v. Switzerland)
გადაწყვეტილება 26.3.2013 (მე-2 სექცია)
მუხლი 2
პოზიტიური ვალდებულებები
პატიმრის იძულებითი კვება ნაცვლად მისი გათავისუფლებისა, რომელმაც გამოცხადა შიმშილობა: დაუშვებელია
მუხლის 3
ღირსების შემლახველი მოპყრობა
არაადამიანური მოპყრობა
დაკავების ფაქტის წინააღმდეგ პტოტესტის გამოხატვასთან დაკავშირებით მოშიმშილე პატიმრის სავარაუდო იძულებით კვება: დაუშვებელია
ფაქტები - 2000 წელს, მომჩივანი დამნაშავედ იქნა ცნობილი ნარკოტრაფიკის დანაშაულში და სასჯელის სახით შეეფარდა თექვსმეტი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. მან ციხეში დაიწყო შიმშილობა. იგი ოცდაათი დღით გაათავისუფლეს და შემდგომში ისევ დააბრუნეს საპატიმროში, სადაც ყოველგვარი ინციდენტის გარეშე მოიხადა სასჯელი. 2008 წელს კანტონალურმა სასამართლომ (Cantonal Court) მომჩივანს სხვადასხვა დანაშაულებში მსჯავრდების გამო გამოუტანა ხუთი წლის და ექვსი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის განაჩენი. 2010 წლის მარტში, სასჯელის მოხდის დაწყების დღიდან, მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციის მოთხოვნისა და მის მიმართ გამოტანილი განაჩენის (რომელიც მისი აზრით უკიდურესად მკაცრი იყო) წინააღმდეგ პროტესტის გამოთქმის მიზნით, მომჩივანმა შიმშილობა გამოაცხადა. მისი მტკიცებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო უნდა მომხდარიყო მისი გათავისუფლება. 2010 წლის 26 აგვისტოს, ფედერალურმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი განაცხადი და დაადგინა, რომ იძულებითი კვება იყო გათავისუფლების ქმედითი ალტერნატივა. 2010 წლის დეკემბერში, მომჩივანმა იძულებითი კვების გარეშე შეწყვიტა შიმშილობა.
სამართალი - მუხლი 2: მაშინ როდესაც პატიმარი აცხადებს შიმშილობას, მისი ქმედების პოტენციური შდეგები, რაც აისახება მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევას იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ადგილობრივმა ორგანოებმა შეისწავლეს სიტუაცია და იმუშავეს პრობლემის გადაჭრაზე. ეს სიტუაცია წარმოადგენდა ისეთ შემთხვევას, როდესაც პირი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად, უარს ამბობდა საკვებისა და სასმელის მიღებაზე . წინამდებრე საქმეში, ადმინისტრაციული და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ აღიარეს ის რისკი, რომლის წინაშეც შიმშილობა აყენებდა მომჩივანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, და მიიღეს ის ზომები, რაც მათი აზრით მიზანშეწონილი იყო აღნიშნული რისკის აღმოსაფხვრელად. ამდენად, მომჩივანი თავდაპირველად გათავისუფლდა თხუთმეტი დღის ვადით. შემდგომში იგი კვლავ დააპატიმრეს, ხოლო შიმშილობის ხელახლა გამოცხადების შემდეგ, გადაიყვანეს საავადმყოფოში, რათა შინაპატიმრობაში მოთავსებამდე, სასჯელის მოხდა გაეგრძელებინა სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. როდესაც, 2010 წლის 26 აგვისტოს ფედერალური სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, კვლავ დააპატიმრეს, მომჩივანმა ისევ უარი თქვა საკვებისა და სასმელის მიღებაზე და იგი კიდევ ერთხელ გადაიყვანეს საავადმყოფოში. მომჩივანის მდგომარეობა საგანგაშო გახდა 2010 წლის ოქტომბერში. ამ დროისათვის იგი უკვე აღარ იმყოფებოდა ციხეში, არამედ მკურნალობდა საავადმყოფოს საპატიმრო დაწესებულებაში. მომჩივანი ექვემდებარებოდა სამედიცინო გუნდის გამუდმებულ მეთვალყურეობას, რომელიც შესაბამისი ხელისუფლების ორგანოებს აწვდიდა ინფორმაციას სიტუაციის ცვლილების შემთხვევაში და გამოთქვამდა სურვილს, „მომჩივანისათვის შეექმნა მაქსიმალური კომფორტი“ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ შეცვლიდა მის გადაწყვეტილებას, დაესრულებინა საკუთარი სიცოცხლე. უფრო მეტიც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციულმა ორგანომ, გასცა მისი იძულებით კვების განკარგულება, რასაც აგრეთვე დაეთანხმა კანტონალური სასამართლო. მაშინ როდესაც, მომჩივანის მკურნალმა ექიმმა უარი თქვა ასეთი ნაბიჯის გადადგმაზე მისი პაციენტის ნების საწინააღმდეგოდ, კანტონალურმა სასამართლომ მის მიმართ ოფიციალური სასამართლო მითითებაც კი გასცა, რომლის თანახმადაც, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მის წინააღმდეგ დაიწყებოდა შესაბამისი სამართლებრივი წარმოება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელია ითქვას, რომ ადგილობრივმა ორგანოებმა სათანადოდ არ შეისწავლეს მომჩივანის საქმე და არ გაუმკლავდნენ სიტუაციას კონვენციის მე-2 მუხლში გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. აგრეთვე უდავოა, მათი მხრიდან მომჩივანის სიცოცხლის შენარჩუნების მიზანი. უფრო მეტიც, არ არის დადგენილი ის ფაქტი, რომ საავადმყოფოში ყოფნისას, მომჩივანი არ იღებდა იმ ხარისხის მკურნალობას, რომელსაც იგი მიიღებდა ციხის გარეთ შიმშილობის გამოცხადების შემთხვევაში.
დასკვნა: დაუშვებელი (აშკარად დაუსაბუთებელია)
მუხლის 3: რაც შეეხება მომჩივანის იძულებით კვების გადაწყვეტილებას, არ არის დადგენილი მოხდა თუ არა მისი აღსრულება. სამედიცინო საჭიროების საკითხთან დაკავშირებით, მისი იძულებითი კვების განკარგულება გაიცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომჩივანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო გახდა და მისი აღსრულება უნდა მომხდარიყო შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო გუნდის მიერ საავადმყოფოში, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით აღიჭურვებოდა ასეთი პროცედურისათვის აუცილებელი მოწყობილობით; ექიმების მიერ გამოთქმული პროტესტი, იყო უფრო ეთიკური ვიდრე სამედიცინო ხასიათის. რაც შეეხება პროცედურულ გარანტიებს, რეგულაციები, რომლებიც განსაზღვრავს მოშიმშილე პატიმართა მდგომარეობას იძულებით კვებასთან დაკავშირებით, არ ითვალისწინებს რაიმე კონკრეტულ წესებს. თუმცა, ექიმისათვის მომჩივანის იძულებითი კვების განკარგულება ეფუძნებოდა ფედერალური სასამართლოს 2010 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებას, რომელშიც სასამართლომ საფუძვლიანად გამოიკვლია საკითხი და ჩამოაყალიბა მრავალი პრინციპი, რომლებიც აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, წარმოაჩენდა შვეიცარიის კანონმდებლობის მიდგომას ამ საკითხთან მიმართებაში. ფედერალურმა სასამართლომ აგრეთვე მიიჩნია, რომ ზოგადი კანონმდებლობა და ფედერალური კონსტიტუციით შექმნილი სამართლებრივი წესრიგი, სერიოზული, პირდაპირი და გარდაუვალი საფრთხის არსებობის შემთხვევაში იძლეოდა ფუნდამენტური უფლებების, კანონის გარდა სხვა საშუალებებით შეზრუდვის საკმარის სამართლებრივ საფუძველს (რაც სასამართლომ განახორციელა კიდეც). სასამართლომ ერთხელ უკვე დაადგინა, რომ მსგავსი ნორმები აკმაყოფილებდა წინასწარგანჭვრეტადობის, სიცხადის და პროპორციულობის მოთხოვნებს. შესაბამისად, მაშინაც კი როცა, მომჩივანის მიერ შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში, მისთვის საკვების იძულებით მიწოდების გადაწყვეტილება რეალურად აღსრულდებოდა, არ არსებობს იმის ვარაუდის საფუძველი, რომ აღნიშნული მოპყრობა გადააჭარბებდა კონვენციის მე-3 მუხლის ამოქმედებისათვის აუცილებელ სისასტიკის მინიმალურ ზღვარს. ნებისმიერი ამ შინაარსის განცხადება, ამ შემთხვევაში იქნებოდა მხოლოდ სპეკულაცია.
დასკვნა: დაუშვებელი (აშკარად დაუსაბუთებელია)
(იხილეთ აგრეთვე, Horoz v. Turkey, no. 1639/03, 31 მარტი 2009, საინფორმაციო ბუკლეტი №117; და Nevmerzhitsky v. Ukraine, no. 54825/00, 5 აპრილი 2005, საინფორმაციო ბუკლეტი №74)
©ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული წინამდებარე მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არ არის სავალდებულო
სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები იხილეთ აქ
Full & Egal Universal Law Academy