პირველი სექცია
გადაწყვეტილება
დასაშვებობის განხილვა
განაცხადი #. 46553/99
S.C.C. შვედეთის წინააღმდეგ
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (პირველი სექცია) შეიკრიბა პალატის სახით 2000 წლის 15 თებერვალს
ბატონი ჯ. კასადევალი თავჯდომარე;
ქალბატონი ე.პალმi ;
ბატონი ლ.ფერარი ბრავო; ,
ბატონი გაუკურ იორუნდსონი;
ბატონი კ. ბირსანი; MrC. Bîrsan,
ქალბატონი ვ. თომასენი; MrsW. Thomassen,
ბატონი ტ. პანტირუ MrT. Panţîru, მოსამართლები,
და ბატონიმ. ო’ბოილი;, სექციის რეგისტრატორი;
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვიის კონვენციი 34-ე მუხლის გათვალისწინებით;
1999 წლის 3 მარტს S.C.C.-ს მიერ შვედეთის წინააღმდეგ წარმოდგენილი განაცხადის (#46553/99) გათვალისწინებით, რომელიც დარეგისტრირდა 1999 წლის 5 მარტს;
სასამართლოს რეგლამენტის 49-ე მუხლით გათვალისწინებული მოხსენების გათვალისწინებით;
მოპასუხე მთავრობის 1999 წლის 6 მაისს წარმოდგენილი შენიშვნების და ასევე 1999 წლის 23 ივლისს განმცხადებლის მიერ საპასუხოდ წარმოდგენილი შენიშვნების გათვალისწინებით;
საგანგებოდ,
იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას:
ფაქტობრივი გარემოებები
განმცხადებელი არის ზამბიელი და დაიბადა 1962 წელს. ამჟამად ცხოვრობს სპანგაში, შვედეთში. მისი წარმომადგენელია ბატონი პეტერ ბერგქუისტი, ადვოკატი, რომელიც საადვოკატო საქმიანობას ეწევა ტირესოში, შვედეთი.
ა) საქმის ფაქტობრივი გარემოებები
მხარეების მიერ წარმოდგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები შეიძლება შეჯამდეს შემდეგნაირად:
განმცხადებელი, მის მეუღლესთან,ზამბიის საელჩოს პირველ მდივანთან და მის ორ შვილთან, რომლებიც დაიბადნენ 1988 და 1990 წლებში, ერთად ჩავიდა შვედეთში 1990 წლის 26 აპრილს. წინა ქორწინებაში შეძენილი განმცხადებლის ორი შვილი, დაბადებულნი 1982 და 1985 წელს, ზამბიაში დარჩნენ. განმცხადებელს მისცეს სამუშაოს ნებართვა ერთი წლის განმავლობაში 1992 წლის ნოემბრიდან. 1993 წლის 30 დეკემბერს მან შეიტანა განაცხადი სამუშაო ნებართვის გახანგრძლივებისათვის. მან განაცხადა, inter alia, რომ მას და მის მეუღლეს არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა და რომ მეუღლე თავს ესხმოდა მას, რომ მან დაიქირავა ბინა სტოკჰოლმში, რადგან მას არ შეეძლო ზამბიაში დაბრუნება მისი მეუღლის ნათესავების შიშს გამო. 1993 წელს განმცხადებლის, ზამბიაში დარჩენილი ორი შვილი ჩამოიყვანეს შვედეთში.
განმცხადებელი დარჩა შვედეთში 1994 წლამდე, რის შემდგეაც მას მოუწია ზამბიაში დაბრუნება, რადგან მისი მეუღლის სამსახურის ვადა საელჩოში ამოიწურა. 1994 წლის 17 მარტს, ეროვნული მიგრაციის საბჭომ (Statens invandrarverk) სამუშაო ნებართვის გახანგრძლივების თხოვნა არ დაუკმაყოფილა, რადგან საბჭომ დაადგინა, რომ მას (განმცხადებელს) არაფერი აკავშირებდა შვედეთთან და ამიტომ უნდა დაეტოვებინა ქვეყანა.
1996 წლის 8 მაისს, განმცხადებელი დაბრუნდა შვედეთში და გააკეთა განაცხადი ცხოვრებისა და მუშაობის ერთწლიან ნებართვასთან დაკავიშირებით, მისი განაცხადის თანახმად, ეს ვადა უნდა დაწყებულიყო 1996 წლის აგვისტოდან. ეროვნული მიგრაციის საბჭოს მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, განმცხადებელი და მისი მეუღლე 1994 წელს დაბრუნდნენ ზამბიაში, მათ ოთხ შვილთან ერთად და რომ ისინი განქორწილებას აპირებდნენ. თუმცა, მისი მეუღლე დაიღუპა განქორწინების პროცესის დასრულებამდე. განმცხადებლის თქმით კი იგი 1994 წელს შვედეთში დაბრუნდა იმისთვის, რომ გადაეხადა მისი ვალები და ასევე იმის გამო, რომ იგი სტოკჰოლმში არსებულ სასტუმროში აიყვანეს თანამშრომლად, მან ასევე განაცხადა, რომ შვედეთში დარჩა ეკონომიკური მიზეზების გამო და მას სურდა ცხოვრებისა და მუშაობის ნებართვა, მხოლოდ ერთ წლის განმავლობაში და შემდეგ იგი აპირებდა ზამბიაში დაბრუნებას.
1998 წლის 9 იანვარს ეროვნული მიგრაციის საბჭომ არ დააკმაყოფილა განაცხადი და განმცხადებლის დეპორტაციის ბრძანება გასცა. საბჭომ დაადგინა, რომ არც წინა ყოფნა განმცხადებლისა შვედეთში - როგორც დიპლომატის მეუღლე - და არც სავარაუდო საფრთხე მისი მეუღლის ნათესავებისგან მომდინარე არ წარმოადგენს საცხოვრებლის ნებართვის მიცემის საფუძველს. საბჭომ ასევე გაითვალისწინა, რომ განმცხადებლის შვილები ისევ ზამბიაში ცხოვრობენ.
განმცხადებელმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა, უცხოელთა სააპელაციო საბჭოში (Utlänningsnämnden) და განაცხადა, რომ იგი დაავადებული იყო იმუნოდეფიციტური ვირუსით, და ცხოვრების ნებართვა უნდა მიეცათ მისთვის ჰუმანიტარული საფუძვლით, რადგანაც საჭირო სამედიცინო მკურნალობას ვერ ჩაიტარებდა ზამბიაში. მან წარმოადგინა ორი სამედიცინო დასკვნა, რომლებიც გამოცემული იყო 1998 წლის 2 თებერვალს და 20 აგვისტოს და რომელთა თანახმადაც, განმცხადებლის ეს დაავადება გამოუვლინდა 1995 წელს. განმცხადებელი რეგულარულად დადიოდა სააავადმყოფოში და შემდეგი წლისთვის გეგმავდა HIV-ის საწინააღმდეგო მკურნალობის დაწყებას. რადგანაც მკურნალობა დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული და არ შეიძლებოდა მისი შეწყვეტა, ამ მკურნალობის დაწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო შესაძლებელი თუკი, განმცხადებელს ცხოვრების გრძელვადიანი ნებართვა ექნებოდა შვედეთში.
1998 წლის 10 ნოემბერს, სააპელაციო პალატამ ძალაში დატოვა საიმიგრაციო საბჭოს გადაწყვეტილება. შვედეთის მთავრობის 1994 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვერ იქნება ცხოვრების ნებართვის მიცემის საფუძველი.
განმცხადებელმა კიდევ ერთი განაცხადი შეიტანა ცხოვრების ნებართვის მოთხოვნით. მან წარმოადგინა, სამედიცინო ცნობა, გამოცემული 1999 წლის 25 იანვარს, რომლის თანახმადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. შედეგად, ზემოთ ნახსენები ანტი- HIV, მკურნალობა დაიწყო. მან ასევე წარმოადგინა 1999 წლის 27 იანვრის ცნობა, რომლის თანახმადაც დეპორტაციის შემთხვევაში შეწყვეტილი მკურნალობა დააჩქარებდა პაციენტის დაავადების AIDS ( შიდსი) სტადიაზე გადასვლას და მის სავარაუდო სიკვდილს.
1999 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით საააპელაციო პალატამ არ მიიღო განაცხადი და მიუთითა, inter alia, რომ ახალი განაცხადის საფუძველი უნდა ყოფილიყო ახალი გარემოება, და არა ის, რაც უკვე განხილული იყო.
განმცხადებელმა შეიტანა ხელახალი განაცხადი სააპელაციო საბჭოში 1999 წლის 19 თებერვალს. გარდა იმისა, რაც მის წინა განაცხადებში იყო აღნიშნული, მან განაცხადა, რომ ის ცხოვრობდა სომალის მოქალაქე ფ.რ.- თან ერთად, რომელიც ათი წლის განმავლობაში იტანჯებოდა იმუნო დეფიციტური ვირუსით. მათ ერთმანეთი გაიცნეს 1995 წლის ზაფხულში და 1996 წლის ზაფხულიდან ერთად ცხოვრობდნენ. განმცხადებლი თქმით, მან აღნიშნული ურთიერთობა წინათ იმიტომ არ ახსენა, რომ ეშინოდა მის საწინააღმდეგოდ არ ყოფილიყო გამოყენებული. მან ასევე განაცხადა, რომ იგი არ აპირებდა მისი შვილების შვედეთში ჩამოყვანას, იმ შემთხვევაში, თუ კი მას ცხოვრების ნებართვა მიეცემოდა. მისი ძმა, რომელმაც პასუხისმგებლობა იტვირთა მისი შვილების მოვლაზე, აპირებდა, რომ ისინი გაეშვა ინგლისის სკოლაში.
1999 წლის 23 თებერვალს სააპელაციო საბჭომ არ მიიღო განაცხადი. საბჭომ აღნიშნა, inter alia, რომ რადგანაც განმცხადებელს წინათ არ უხსენებია მისი ურთიერთობა ფ.რ-თან, ამიტომ, საეჭვოა ამ ურთიერთობის სერიოზულობა. საბჭომ არ მიიჩნია ეს აშკარად, რომ განმცხადებელს უნდა მისცემოდა ცხოვრების ნებართვა აღნიშნული ურთიერთობის საფუძველზე, მას ამისათვის განაცხადი უნდა გაეკეთებინა უცხოელთა აქტის მე-2 თავის მე-5 განყოფილებით დადგენილი ძირითადი წესის შესაბამისად (იხ. ქვემოთ). გარდა ამისა, სასამართლომ დაადგინა, რომ ჰუმანურობის მოთხოვნები არ დაირღვეოდა გაძევების გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში.
1999 წლის 5 მარტს, მას შემდეგ, რაც სასამართლომ მიიღო დროებითი ღონისძიება და შვედეთის მთავრობას მიუთითა, რომ სასურველი იყო განმცხადებელი არ გაეძევებინათ ზამბიაში 1999 წლის 16 მარტამდე (იხ. ქვემოთ), ეროვნულმა იმიგრაციის საბჭომ შეაჩერა დეპორტაციის პროცესი. საბჭოს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ძალაშია.
.ბ) შესაბამისი შიდა სამართალი და პრაქტიკა
ძირითადი დებულებები, რომლებიც შეეხება უცხოელთა შვედეთში შესვლისა და დარჩენის უფლებებს , გაწერილია 1989 წლის უცხოელთა აქტში (utlänningslagen, 1989:529). აქტი განსაზღვრავს როგორც იმ დებულებებს, რომელთა შესაბამისადაც უნდა მოხდეს უცხოელთა გაძევება ქვეყნიდან, ასევე, აქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურებს. ჩვეულებრივ, ორი ინსტანცია განიხილავს აღნიშნულ საკითხებს; ეროვნული მიგრაციის საბჭო და უცხოელთა სააპელაციო საბჭო. გამონაკლის შემთხვევებში, თუ კი რომელიმე საბჭო მიმართავს მთავრობას, ამ უკანასკნელს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება უცხოელის შვედეთში დარჩენასთან დაკავშირებით (თავი მე-7, განყოფილება 11).
უცხოელთა აქტის პირველი თავის მე-4 სექცია ადგენს, რომ სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დარჩენის შემთხვევაში უცხოელებს ცხოვრების ნებართვა სჭირდებათ. ასეთი ნებართვა მიეცემა უცხოელს, რომელიც დაქორწინებულია ან ცხოვრობს პიროვნებასთან, რომელიც მუდმივად ცხოვრობს შვედეთში ან მოპოვებული აქვს შვედეთში ცხოვრების ნებართვა. უცხოელზე ნებართვა , ასევე გაიცემა ჰუმანიტარული საფუძვლებითაც (თავი მე- 2, განყოფილება 4). აქტის მე-2 თავის მე-5 სექციის თანახმად, უნდა გაიცეს პირის შვედეთში შემოსვლამდე. ამ წესის თანახმად, ყველა განაცხადი, რომელიც შესვლის შემდეგ გაკეთდება უარყოფილი იქნება, თუმცა ეს არ ეხება ჰუმანიტარულ საფუძვლებზე ცხოვრების ნებართვის გაცემას.
შვედეთში მოღვაწე უცხო სახელმწიფოს დიპლომატებსა და მათი ოჯახის წევრებთან დაკავშირებით, აქტი ვრცელდება, მხოლოდ იმ ფარგლებში, რამდენადაც ეს დადგენილია მთავრობის ბრძანებით (cf. თავი 12, განყოფილება 2). ეს გამომდინარეობს უცხოელების შესახებ ბრძანებიდან (utlänningsförordningen, 1989:547), რომლის თანახმადაც დიპლომატებს და მათი ოჯახის წევრებს არ მოეთხოვებათ ცხოვრების ნებართვა.
რაც შეეხება მძიმე დაავადებას, გამონაკლის შემთხვვევებში ეს შეიძლება წარმოადგენდეს ჰუმანურობის საფუძვლებს, ცხოვრების ნებართვის გაცემისთვის, იმ შემთხვევაში, თუ კი აღნიშნული დაავადება სიცოცხლისთვის საშიშია, და უცხოელის მშობლიურ ქვეყანაში მკურნალობის ჩატარება შეუძლებელია. გარდა ამისა, შვედეთში მკურნალობა უნდა აუმჯობესებდეს უცხოელის მდგომარეობას ან იცავდეს მის სიცოცხლეს. ამგვარად, უცხოელთა მდგომარეობა უნდა იყოს იმდენად მძიმე, რომ მისი მშობლიურ ქვეყანაში გაგზავნით იგი შეიძლება გარდაიცვალოს, ან მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდეს. აღნიშნული პრინციპები ასახული და გამოყენებულია, მთავრობის მიერ მიღებულ შემდეგ გადაწყვეტილებებში: 1997 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება სამედიცინო ჰუმანურობის ზოგადი საფუძვლების შესახებ და1994 წლის 23 ივნისის და 1995 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებები, რომლებიც შეეხებოდა იმუნო დეფიციტურ ვირუსს, როგორც ცხოვრების ნებართვის მიცემის ჰუმანურობის საფუძველს. მთავრობა ასევე აღნიშნავს, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ შვედეთში მკურნალობა უფრო მარალი ხარისხისაა, ვიდრე უცხოელის მშობლიურ ქვეყანაში, არ წარმოადგენს ცხოვრების ნებართვის მიცემის საფუძვლებს, და არც ფინანსური პრობლემების გამო მიმღებ ქვეყანაში მკურნალობის ვერ ჩატარება, ჩაითვლება ასეთი ნებართვის გაცემის საფუძვლად.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ეროვნულმა საბჭომ (Socialstyrelse) მთავრობის 1994 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებას თანდართულ 1994 წლის 25 მარტის მოსაზრებაში, რომელიც ასევე მითითებული იყო 1995 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებში განაცხადა, რომ მხოლოდ ის ფაქტი , რომ პიროვნებას აქვს დიაგნოზი HIV ან AIDS, ვერ იქნება დამდგენი ჰუმანურობის საფუძვლების არსებობისა. შეფასება უნდა მოხდეს უცხოელის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის და მძიმე კლინიკური სიმპტომების მხედველობაში მიღებით.
საბჭომ დაასკვნა, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობდა მიზეზი, რომ განესხვავებინა HIV და სხა დაავადებები.
გარდა ამისა, უცხოელთა აქტის თანახმად, უცხოელი რომელიც მიიჩნევა ლტოლვილად და სხვა ისეთ პირად, რომელსაც დაცვა ესაჭიროება, განსაკუთრებული გამონაკლისებით, უფლება აქვსიცხოვროს შვედეთში( თავი მე-3, სექცია მე-4).
უცხოელს, რომელსაც უარი ეთქვა ქვეყანაში შესვლაზე, ან გააძევეს ძალაში შესული გადაწყვეტილების თანახმად, შესაძლოა, მიენიჭოს ცხოვრების ნებართვა, თუ იგი გააკეთებს ე.წ. ახალ განაცხადს იმ გარემოებებზე დაყრდნობით, რომლებიც მანამდე არ განხილულა ქვეყანაში შესვლის ნებართვაზე უარის ან გაძევების გადაწყვეტილების მიღებისას და თუ (i) უცხოელი მე-3 თავის მე-4 განყოფილების შესაბამისად, უფლებამოსილია მიიღოს ცხოვრების ნებართვა ან (ii) თუ კი შესვლაზე უარის თქმის ან გაძევების გადაწყვეტილების აღსრულება ეწინააღმდეგება ჰუმანურობის პრონციპებს (თავი 2, განყოფილება 5 ბ).
აგრეთვე, რაც შეეხება, ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის და გაძევების გადაწყვეტილების აღსრულებას, ამ შემთხვევაში გათვალისწინებულ უნდა იქნას წამების და სხვა არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის რისკები. აღსრულების გადადების სპეციალური დებულებების თანახმად, უცხოელები არ უნდა გაიაგზავნონ იმ ქვეყანაში, სადაც, გონივრული საფუძველი არსებობს იმის დასაჯერებლად, რომ პირი შეიძლება დაექვემდებაროს სიკვდილით ან ფიზიკურ დასჯას ან დაექვემდებარება წამებას ან სხვა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას (თავი 8, სექცია 1).
საჩივრები
1.განმცხადებლის თანახმად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება თუ კი მისი გაძევება მოხდება ზამბიაში. თერაპიული მკურნალობა , რომელიც ახალი დაწყებული ჰქონდა- რომელიც საშუალებას აძლევს იცხოვროს ნორმალური ცხოვრებით- მოითხოვს განმცხადებლის მხრიდან მკაცრ დაქველდებარებას. გარდა ამისა, ზამბიაში შეუძლებელია ამგვარი მკურნალობა. ამგვარად, მისი გაძევება ზიანს მიაყენებს მის ჯანმრთელობას და მისი ცხოვრების მომავალს მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევით.
2.განმცხადებლი ასევე ამტკიცებდა, რომ გაძვებით დაირღვეოდა მე-8 მუხლით დაცული მისი ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება, თუკი მას დააშორებდნენ ფ.რ.-ს. სავარაუდოდ, ფ.რ. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ შეძლებდა აფრიკაში გამგზავრებას.
3.აგრეთვე, მე-8 მუხლის თანახმად, აპლიკანტი აცხადებს, რომ მისი უფლება, ისარგებლოს კარგი რეპუტაციით, დაირღვა, რადგან უცხოელთა სააპელაციო საბჭომ თავისი ერთ-ერთი გადაწყვეტილება არასწორ მისამართზე გაგზავნა, რის შედეგადაც მისი ჯანმრთეობის მდგომარეობა ყველასათვის ცნობილი გახდა.
პროცედურა
განაცხადი ჩაბარდა 1999 წლის 3 მარტს და დარეგისტრირდა 1999 წლის 5 მარტს.
1999 წლის 5 მარტს, პირველი სექციის მოქმედმა თავჯდომარემ გადაწყვიტა, მიეღო დროებითი ღონისძიება, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პარაგრაფი თანახმად და მიეთითებინა მთავრობისთვის, რომ მხარეთა ინტერესებიდან გამომდინარე და სამართალწარმოების შესაბამისად წარმართვისათვის სასურველი იქნებოდა 1999 წლის მარტამდე განმცხადებელი არ გაეძევებინათ ზამბიაში.
1999 წლის 16 მარტს სასამართლომ( პირველი სექცია), გადაწყვიტა, რომ შეეეტყობინებინათ მთავრობისთვის განმცხადებლის საჩივრების შესახებ მე-2 მუხლისა და მე-3 მუხლის დარღვევებთან დაკავშირებით) სასამართლოს რეგლამენტის 54-ე მუხლის მე-3 პარაგარაფის (ბ) შესაბამისად და რომ 39-ე მუხლის თანახმად მიღებული დროებითი ღონისძიება უნდა გაგრძელებულიყო მომდევნო შეტყობინებამდე. მთავრობამ წერილობითი კომენტარები წარადგინა 1999 წლის 6 მაისს, მას შემდეგ რაც გაგრძელდა ამისათვის დადგენილი დრო. 1999 წლის 23 ივლისს განმცხადებელმა უპასუხა , ასევე დროის გადავადების შემდეგ.
სამართალი
1.განმცხადებლის თანახმად, მისი ზამბიაში გაძევება ზიანს მიაყენებს მის ჯანმრთელობას და შეამცირებს მისი სიცოცხლის ხანგრძლივობას, რაც წარმოადგენს მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევას.
კონვენციის მე-2 მუხლი:
1. ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი. სიცოცხლის ხელყოფა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოტანილი სასიკვილო განაჩენის აღსრულების შედეგად, ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ამ სასჯელს.
2. სიცოცხლის ხელყოფა არ ჩაითვლება ამ მუხლის საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებად, თუ ის შედეგად მოჰყვა ძალის გამოყენებას, რომელიც აბსოლუტურ აუცილებელობას წარმომადგენდა:
a) ნებისმიერი პირის დასაცავად არამართლზომიერი ძალადობისაგან;
b) კანონიერი დაკავებისათვის ან კანონიერად დაპატიმრებული პირის გაქცევის აღსაკვეთად;
c) კანონიერ ღონისძიებათა განხორციელებისას აჯანყების ან ამბოხების ჩასახშობად.
კონვენციის მე-3 მუხლი:
არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს.
მთავრობა მიიჩნევს, რომ არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ განმცხადებლის გაძევებით დაირღვევა მე-2 მუხლით დაცული მისი სიცოცხლის უფლება. ყოველ შემთხვევაში, მთავრობა ვერ ხედავს მე-2 მუხლისა და მე-3 მუხლის თანახმად წარმოდგენილი საჩივრების შინაარსებს შორის განსხვავებას . ამიტომ ისინი განიხილავენ მისი საჩივრების არსებით მხარეს ამ უკანასკნელი ნორმის თანახმად.
მთავრობა ამტკიცებს, რომ არანაირი მტკიცებულება არსებობს, იმისა, რომ განმცხადებელი იმუნო დეფიციტური ვირუსით იტანჯება და მისი მდგომარეობა გადაიზარდა AIDS-ში. ასევე, ზამბიაში განთავსებული შვედეთის საელჩოს 1999 წლის 26 მარტის მოხსენებით, ზამბიაში შესაძლებელია იგივე მკურნალობის ჩატარება, რაც შვედეთში, თუმცა დიდი თანხის საფასურად. მთავრობის თქმით, ზამბიაში განმცხადებელს შესაძლებლობა ექნება მისი ნათესავების მორალური და მატერიალური მხარდაჭერით ისარგებლოს.
მთავრობა ასკვნის, რომ ვერ მტკიცდება, რომ განმცხადებლის ზამბიაში გაძევებით დაირღვეოდა მე-2 და მე-3 მუხლები. მთავრობის აზრით განმცხადებლის საჩივრები ამასთან დაკავშირებით აშკარად დაუსაბუთებელია.
განმცხადებელი დაობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი მძიმეა, რომ ის გადის მკურნალობას, რათა შეაჩეროს AIDS სიმპტომების განვითარება და მკურნალობის შეწყვეტა მისი ჯანმრთელობისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება. განმცხადებელი 1995 წლამდე იყო დაავადებული იმუნო დეფიციტური ვირუსით და აფრიკაში ამ დაავადების მქონე პირთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა არის 5-7 წელი ინფექციის გამოვლენის შემდეგ, მაშინ, როდესაც აღნიშნული დაავადება შვედეთში მიიჩნევა ქრონიკული ტიპის დაავადებად და თუკი მკურნალობა ადრეული ეტაპიდანვე დაიწყება, წარმატებული შედეგის უფრო მეტი შანსი არსებობს. თანამედროვე ანტივირუსულ წამლებს უფრო მეტი ეფექტი აქვთ იმ ადამიანებზე, რომლებიც შედარებით უფრო ჯანმრთელები არიან. განმცხადებლისთვის კი ეს ნიშნავს, რომ ზამბიაში გაძევება, უფრო უკეთესი ჯანმრთელობაც რომ ჰქონოდა, იქნებოდა უფრო მეტი ზინის მომტანი ვიდრე AIDS-ის სიმპტომების განვითარების დაწყება.
განმცხადებლის თქმით, შესაბამისი მკურნალობის ჩატარების შესაძლობლობა მაშინ ექნებოდა ზამბიაში, თუკი თანამედროვე წამლები იქნებოდა ხელმისაწვდომი. მისი განცხადებით, ზამბიაში არ არის შესაძლებლობა მკურნალობისთვის საჭრო თნხების მოძიებისთვის. ამგვარად, ზამბიაში გაძევება მისი სიცოცხლის ხარისხს შეამცირებს და ეს წარმოადგენს მე-3 მუხლით გათვალისწინებულ არაადამიანურ მოპყრობას. ასევე, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობაც შემცირდება, რითაც დაირღვევა კონვენციის მე-2 მუხლი.
განმცხადებელი მიუთითებს 1999 წლის 20 ივლისის სამედიცინო ცნობაზე, რომლის თანახმადაც 100% -იანი ალბათობა არსებობს, იმისა, რომ იმუნოდეფიციტური ვირუსი გადაიზარდოს AIDS-ში და , რომ მომდევნო რამდენიმე წელიწადში განმცხადებელის დაავადება დიდი ალბათობით გადაიზრდება AIDS-ში და მოკვდება. თუმცა, იმ მკურნალობის საშუალებით, რასაც განმცხადებელი გადიოდა, არსებობდა შესაძლებლობა, რომ მისი დაავადების განვითარება დიდი ხნის მანძილზე შეჩერდებოდა. სიცოცხლის ამგვარი გახანგრძლივების პროცესი უფრო მეტად შესაძლებელი იყო შვედეთში მკურნალობის გაგრძელების ფონზე, აქ არსებული უფრო მაღალი სტანდარტებიდან გამომდინარე.
სასამართლო იზიარებს მთავრობის შეხედულებას, რომ განმცხადებლის საჩივრები მე-2 და მე-3 მუხლებთან დაკავშირებით შინაარსობრივად არ განსხავდება (cf. the D. v. United Kingdom judgment of 2 May 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-III, p. 795, § 59) და შესაბამისად, ეს საჩივრები ერთიანად უნდა იქნას განხილული.
სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს, რომ სახელმწიფოებს, მყარად დადგენილი საერთაშორისო სამართლითა და ხელშეკრულებებით, მათ შორის ამ კონვენციით, აქვთ უფლება, აკონტროლონ უცხოელთა შესვლა და ცხოვრება მისი ქვეყნის ტერიტორიაზე და ასევე მათი გაძევება მისი ტერიტორიიდან. თუმცა, მათი უფლების განხორციელებისას, ასეთი უცხოელების გაძევებისას , ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა უნდა გაითვალისწინონ კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილი აკრძალვა და აიცილოს თავიდან მისი დარღვევა, რომელიც იცავს დემოკრატიული საზოგადოების ერთერთ უმნიშვნელოვანეს ღირებულებას. სასამართლომ იმთავითვე გაუსვა ხაზი, რომ გაძევება, დეპორტაცია ჯდება მე-3 მუხლის ფარგლებში, რომელიც თავის მხრივ ადგენს წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისა თუ დასჯის აბსოლუტურ აკრძალავას. ( ibid., pp. 791–792, §§ 46–47).
სასამართლო არ იზღუდავს თავს განიხილოს, განმცხადებლის საჩივარი მე-3 მუხლის დარღვევაზე, როდესაც მიმღებ სახელმწიფოში აკრძალული ქმედებების განხორციელების რისკი მომდინარეობს იმ ფაქტორებიდან, რომლებშიც არც პირდაპირ და არც არაპირდაპირ არ არიან გამძევებელი სახელმწიფო ორგანოები პასუხისმგებელნი, და რომელთა მიერ განხორციელებული ქმედებები, ცალკე აღებული, არ არღვევს დადგენილ სტანდარტებს. თუმცა, ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში სასამართლო მაინც დიდი ყურადღებით იხილავს საქმის გარემოებებს, განსაკუთრებით, განმცხადებლის პირად მდრომერეობას იმ ქვეყანაში, რომელიც მის დეპორტაციას ახდენს (ibid., pp. 792–793, §§ 49–50; application no. 23634/94, Tanko v. Finland, Commission’s decision of 19 May 1994, DR 77-A, p. 133 et seq.).
დადგენილი პრეცედენტული სამართლის მიხედვით, უცხოელებს , რომლებიც უნდა დაექვემდებარონ გაძევებას, არ შეუძლიათ მოითხოვონ ხელშემკვრელ სახელმწიფოში დარჩენა იმ მიზეზით, რომ გააგრძელონ სამედიცინო, სოციალური და სხვა სახის დახმარების მიღებება იმ სახელმწიფოსგან, რომელიც მის გაძევებას ახდენს. თუმცა, გამონაკლის შემთხვევებში, უცხოელის გაძევების გადაწყვეტილების აღსრულება, რომელსაც გააჩნია სახელმწიფოში დარჩენის სავალდებულო ჰუმანიტარული საფუძვლები, შედეგად გამოიღებს მე-3 მუხლის დარღვევას (მაგალითისთვის იხილეთ, , ზემოთ ხსენებული D. v. the United Kingdom განჩინება, გვ.. 794, § 54).
ზემოთ აღნიშნულ საქმეში, სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლის დეპორტირება სენტ კიტსში (St. Kitts) მე-3 მუხლის დარღვევას გამოიწვევდა, მისი სამედიცინო მდგომარეობის გათვალისწინებით. სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებელს ჰქონდა AIDS ბოლო სტადია და მკურნალობის უცაბედი შეწყვეტა მოპასუხე სახელმწიფოში, მაშინ როდესაც, სავარაუდოდ იმ სახელმწიფოში, სადაც მისი დეპორტაცია უნდა მომხდარიყო, ვერ გაივლიდა შესაბამის მკურნალობას, ასევე არ ექნებოდა, როგორც მორალური ასევე ფინანსური მხარდაჭერა, ეს კი დააჩქარებდა განმცხადებლის სიკვდილს და მიაყენებდა მას მძიმე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
გამონაკლისი შემთხვევების და ასევე განმცხადებლის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით , რომელსაც განმცხადებლის ჯანმრთელობამ მიაღწია, იძლევა სახელმწიფოში დარჩენის სავალდებულო ჰუმანიტარულ საფუძველს. განმცხადებლის სენტ კიტსში გაძევების გადაწყვეტილების აღსრულება წარმოადგენდა არაადამიანურ მოპყრობას მესამე მუხლის დარღვევით (იხ. pp. 793–794, §§ 51–54 of the judgment).
აღნიშნულ განაცხადთან დაკავშირებით კომისიამ დაადგინა, რომ განმცხადებლის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაძევება, რომელსაც ტანჯავდა HIV ინფექცია, იქნებოდა მე-3 მუხლის დარღვევა, რადგანაც დაავადებამ მიაღწია ბოლო სტადიას, აქედან გამომდინარე საჭიროებდა საავადმყოფოში მუდმივად დარჩენას, ხოლო მიმღებ სახელმწიფოში სამკურნალო დაწესებულებები არასანდო იყო (see application no. 30930/96, B.B. v. France, decision of 9 March 1998; სასამართლომ საქმე საბოლოოდ ამოიღო განსახილველ სიიდან 1998 წლის 7 სექტემბერს).
აღნიშნული საქმისგან განსხვავებით, სასამართლო განმცხადებლის ზამბიაში დეპორტაციის მე-3 მუხლთან შეუსაბამობას განიხილავს საქმის განხილვისას არსებული განმცხადებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით. ამ განხილვისას, სასამართლო შეაფასებს რისკებს იმ მასალების მიხედვით, რომელიც განხილვის პერიოდში იქნა წარმოდგენილი, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბოლო ინფორმაციაზე დაყრდნობით(cf. the Ahmed v. Austria judgment of 17 December 1996, Reports 1996-VI, p. 2207, § 43).
სასამართლო მიუთითებს, რომ განმცხადებლის აღნიშნული სამედიცინო დიაგნოზი დასმულ იქნა 1995 წელს, ხოლო მკურნალობა დაიწყო ბოლო პერიოდში. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ შვედეთის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის ეროვნულმა საბჭომ (Swedish National Board of Health and Welfare) ასეთი საქმის უმანიტარული ასპექტების შეფასებისას, უნდა მოახდინოს HIV-ით ინფიცირებული უცხოელების ჯანმრთელობის მდგომარეობის საერთო შეფასება, ნაცვლად იმისა, რომ თავად HIV დიაგნოზი თავის მხრივ იყოს გადამწყვეტი. სასამართლო ადგენს, რომ საბჭოს დასაბუთება არის კვლავ ვალიდური.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოთ მოხსენიებული შვედეთის საელჩოს ანგარიშის თანახმად, ზამბიაში მკურნალობა შესაძლებელია. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ განმცხადებლის შვილები და მისი ოჯახის სხვა წევრებიც ცხოვრობენ ზამბიაში. ზემოთ ხსებნებული პრეცედენტული სამართლის და საქმის მასალების მიხედვით, სასამართლო ადგენს, რომ განმცხადებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის ისეთი, რომ მისი დეპორტაცია ჩაითვალოს მე-3 მუხლის დარღვევად.
ეს გულისხმობს, რომ განაცხადის ეს ნაწილი, კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 პარაგარფის გაგაებით, აშკარად უსაფუძვლოა და უარყოფილ უნდა იქნას 35-ე მუხლის მე-4 პარაგრაფის შესაბამისად.
2. განმცხადებელი ასევე დავობს, რომ მისი გაძევებით დაირღვევა მისი ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება მე-8 მუხლის შესაბამისად, რადგანაც დაშორება მოუწევდა ფ.რ. -სთან.
მე-8 მუხლის თანახმად:
1. ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას.
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.
განმცხადებლის თანახმად, მისი ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება დაირღვევა, თუ კი მას დააშორებენ ფ.რ-სთან. განმცხადებელი მიუთითებს, რომ მან აღნიშული ურთიერთობის შესახებ არ განაცხადა 1999 წლამდე, რადგანაც ეშინოდა, ეს გარემოება მის წინააღმდეგ არ გამოყენებულიყო.
სასამართლო მიუთითებს, რომ პირის გაძევება იმ ქვეყნიდან, სადაც მისი ოჯახის წევრი ცხოვრობს, შესაძლოა წარმოადგენდეს გაუმართლებელ ჩარევას ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაში, რომელიც განმტკიცებულია ზემოთხსენებულ დებულებებში. (cf., e.g., the Boughanemi v. France judgment of 24 April 1996, Reports 1996-II, p. 609–610, § 41).
სასამართლო აღნიშნავს, რომ „ოჯახური ცხოვრების“ არსებობას სადავოდ ხდიდნენ სახელმწიფო ორგანოები. თუმცა, სასამართლომ საჭიროდ არ ჩათვალა ამ საკითხის დამატებით განხილვა. იმისათვის, რომ დადგინდეს, წარმოადგენს თუ არა დეპორტაცია მე-8 მუხლის პირველი პარაგრაფის დარღვევას, საჭიროა განხილულ იქნას, აკმაყოფილებდა თუ არა დეპორტაცია მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს, id est არის თუ არა დეპორტაცია „კანონით გათვალისწინებული“, შეესაბამება ერთ ან რამდენიმე ლეგიტიმურ მიზანს და არის თუ არა „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას ეს მიზნები.
სადავო არ არის ის ფაქტი, რომ განმცხადებლის გაძევების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველს წარმოადგენს უცხოელთა შესახებ აქტის შესაბამისი დებულებები. სასამართლო ასევე ადგენს, რომ ჩარევის მიზანი შეესაბამება კონვენციით გათვალისწინებულ მიზნებს, კერძოდ, „ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას.“ სასამართლო იმთავითვე აღნიშნავს, რომ გარდა ზემოთხსენებული მიზნისა, საჯარო წესრიგის შენარჩუნება წარმოადგენს ხელშემკვრელი სახელმწიფოების ლეგიტიმურ მიზანს, inter alia, ამისათვის სახელმწიფოებს შეუძლიათ განახორციელონ მათი უფლება და გააკონტროლონ უცხოელთა მათ ქვეყანაში შესვლა და გამოსვლა.
რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა გაძევება აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში ზემოთ ხსენებული მიზნის მისაღწევად, სასამართლო მიუთითებს, რომ სავარაუდო ურთიერთობა ფ.რ.-სთან დაიწყო იმ დროს, როდესაც განმცხადებელი უკანონოდ ცხოვრობდა შვედეთში. შესაბამისად, მას არ უნდა ქონოდა გონივრული მოლოდინი, რომ მას შესაძლებლობა ექნებოდა მასთან ერთად გაეგრძელებინა თანაცხოვრება. გარდა ამისა, მას არ განუცხადებია ამ ურთიერთობაზე საიმიგრაციო ორგანოებისათვის 1999 წლამდე, ამ ურთიერთობის სავარაუდო დაწყებიდან დახლოებით სამ წელიწად ნახევრის შემდეგ. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ განმცხადებლის ოთხი შვილი და ასევე ოჯახის სხვა წევრები ზამბიაში ცხოვრობენ.
ასეთ შემთხვევებში, სასამართლო მხედველობაში იღებს რა სახელმწიფოს შეფასების თავისუფლების უფლებას და ასევე იმ მიზეზებს, რომლებიც დააგინდა ზემოთ მე-3 მუხლის განხილვისას, სასამართლო ადგენს, რომ სახელმწიოფო ორგანოებმა დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღეს, ერთის მხრივ, განმცხადებლის უფლებებისა და მეორეს მხრივ, სახელმწიფოს ლეგიტუიმური მიზნის გათვალისწინებით. ამგვარად, მისი დეპორტაცია, განხორციელების შემთხევაში, შესაძლოა გონივრულად იქნეს მიჩნეული, როგორც აუცილებელი კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით.
ეს გულისხმობს, რომ განაცხადის ეს ნაწილი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 პარაგარფის გაგებით, აშკარად უსაფუძვლოა და უარყოფილ უნდა იქნას 35-ე მუხლის მე-4 პარაგრაფის შესაბამისად.
3.და ბოლოს, განმცხადებელი ჩივის, რომ დაირღვა მე-8 მუხლით გათვალისწინებული კარგი რეპუტაციით სარგებლობის უფლება, რადგან სავარაუდოდ უცხოელთა სააპელაციო საბჭომ, მისი ერთერთი გადაწყვეტილება განმცხადებელთან დაკავშირებით, გააგზავნა არასწორ მისამართზე. ამგვარად, სხვა ადამიანებისათვისაც გახდა ცნობილი განმცხადებლის ჯანმრთელობის მგდომარეობის შესახებ.
სასამართლო ადგენს, რომ პრეტენზია, რომელიც შეეხებოდა უცხოელთა სააპელაციო საბჭოს (Aliens Appeals Board) საფოსტო გზავნილს, არის დაუსაბუთებელი და არ დგინდება კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა.
ეს ნიშნავს, რომ განაცხადის ეს ნაწილი, კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 პარაგარფის გაგაებით, აშკარად უსაფუძვლოა და უარყოფილ უნდა იქნას 35-ე მუხლი მე-4 პარაგრაფის შესაბამისად.
ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლო ხმათა უმრავლესობით აცხადებს გადაწყვეტილებას დაუშვებლად
მაიკლ ო’ბოილეიოსებ კასადევალი
რეგისტრატორითავჯდომარე
Full & Egal Universal Law Academy