Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N148
2012 წლის იანვარი
Seckerson and Times Newspapers Limited v. the United Kingdom (dec.)
(საჩივარი- 32844/10)
განჩინება, 24 იანვარი, 2012 (მე-4 სექცია)
მე-10 მუხლი
მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი
გამოხატვის თავისუფლება
გაზეთი და აგრეთვე ნაფიც მსაჯულთა ყოფილი წევრი დამნაშავედ სცნეს სასამართლოს შეურაცხყოფისთვის და დააჯარიმეს ნაფიც მსაჯულთა თათბირების საიდუმლოების დარღვევის გამო : დაუშვებელი
ფაქტები – პირველი მომჩივანი იყო ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის თავმჯდომარე ძიძის სასამართლო პროცესზე, რომელიც დამნაშავედ ცნეს მის მზრუნველობაში მყოფი ბავშვის იმდენად ძალადობრივად მოპყრობით, რომ ჩვილი გარდაიცვალა ორი დღის შემდგომ. მოგვიანებით 2007 წელს, ძიძის მსჯავრდების შემდგომ, მომჩივანი დაუკავშირდა გაზეთს The Times–ს (მეორე მომჩივანი) და გამოხატა მისი ღრმა მწუხარება სასამართლო პროცესისა და მსჯავრდების შესახებ. The Times–მა გამოაქვეყნა ორი სტატია, რომელიც ეფუძნებოდა მის კომენტარებს. კერძოდ, სტატიები შეიცავდა შემდეგ ფრაზებს : ,,...კონსენსუსი მიიღწა თავმჯდომარის მიერ ხმის მიცემიდან 3 წუთის შემდეგ. იყო 10 ხმა ორის წინააღმდეგ, ყველა დაფუძნებული მტკიცებულებებზე. ამის შემდეგ, უკან დასახევი აღარ იყო.’’ და ,,საბოლოოდ საქმე გადაწყვიტა არაიურისტმა მამაკაცებმა და ქალბატონებმა, სწორი და ლოგიკური ფიქრის საზიზღარი მტრის გამოყენებით, იმ არაჩვეულებრივი დამაჯერებელი მექანიზმით, საერთო აზრით.’’ ორივე მომჩივანი დაადანაშაულეს სასამართლოს უპატივცემულობაში 1981 წლის სასამართლოსადმი უპატივცემულობის აქტის (1981 Contempt of Court Act) მე–8 სექციის მიხედვით, რომელიც კრძალავს ნაფიც მსაჯულთა თათბირის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას. პირველი მომჩივანი დააჯარიმეს 500 ფუნტი სტერლინგით (GBP). მეორე მომჩივანი დააჯარიმეს 15,000 ფუნტი სტერლინგით და მიეთითა, რომ გადაეხადა ხარჯები 27,000–მდე ფუნტი სტერლინგის ოდენობით.
სამართალი – მუხლი 10: ის წესები, რომელიც აწესებდა მოთხოვნებს სასამართლო განხილვების კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით, თამაშობდა მნიშვნელოვან როლს სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის შენარჩუნებაში და ხელს უწყობდა თავისუფალ და გულწრფელ დისკუსიას. შესაბამისად, არსებითი იყო, რომ ნაფიცი მსაჯულები იყვნენ თავისუფალნი, გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრებები საქმისა და მათ წინაშე არსებული მტკიცებულების ყველა ასპექტზე, ისე, რომ არ ექვემდებარებოდნენ ცენზურას მათი ზოგადი შეხედულებებისა და სპეციფიკური კომენტარების გამჟღავნების ან პრესაში გაკრიტიკების შიშით. ნაფიც მსაჯულთა განხილვების აბსოლუტური გასაიდუმლოება არ შეიძლებოდა მიჩნეულ ყოფილიყო არაგონივრულად, რადგან ნებისმიერი სახის შეზღუდვა აუცილებლად გააჩენდა ეჭვს, რომელიც ძირს გამოუთხრიდა იმ მიზანს, რომლის უზრუნველყოფაც სურდა ამ წესს. წინამდებარე საქმეში, გამოქვეყნებულმა კომენტარებმა გამოამჟღავნა ნაფიც მსაჯულთა ათი წევრის მიერ გამოხატული მოსაზრებები გრძელი თათბირის საწყის ეტაპზე, და მითითებამ, რომ ‘’უკან დასახევი აღარ იყო’’ აჩვენა მათი მტკიცე განზრახვა, აღარ შეეცვალათ თავიანთი განწყობილება. მიმართებამ ‘’სწორი და ლოგიკური ფიქრის საზიზღარი მტერი’’ გამოამჟღავნა პირველი მომჩივნის შეფასება წევრების უმრავლესობის მიერ გამოთქმული აზრებისა და განცხადებების შესახებ, და წარმოადგენდა არასწორი და არალოგიკური ფიქრის შესახებ ბრალდებას მათ წინააღმდეგ. ფრაზამ ,,არაჩვეულებრივი დამაჯერებელი მექანიზმი, საერთო აზრი’’ გამოამჟღავნა მათი დამოკიდებულება მტკიცებულებასთან დაკავშირებით, და კერძოდ ის, რომ ისინი დაეყრდნენ საერთო აზრს და არა სწორ და ლოგიკურ ფიქრს, სასამართლო, შესაბამისად, ეთანხმებოდა, რომ ყველა ამ გამჟღავნებამ შეურაცხყოფა მიაყენა ნაფიც მსაჯულთა თათბირების საიდუმლოებას. იმის გათვალისწინებით, რომ სტატიების შემადგენლობის უმეტესი ნაწილი არ გასაჩივრებულა, სასამართლო კმაყოფილი იყო, რომ მომჩივნებს არ შეშლიათ ხელი თავიანთი წვლილი შეეტანათ დებატებში, რომელიც შეეხებოდა ექსპერტის სამედიცინო ჩვენების გამოყენებას სასამართლო პროცესებში. დაკისრებული ჯარიმები და მეორე მომჩივანზე დაკისრებული ხარჯები არ იყო უმნიშვნელო. თუმცაღა, სასამართლომ არ მიიჩნია ისინი არაპროპორციულად მოცემული საქმის გარემოებებში, გაითვალისწინა რა მეორე მომჩივნის შემოსავლები და საჭიროება იმისა, რომ დაკისრებულ სანქციებს ჰქონოდათ შემაკავებელი ეფექტი.
დასკვნა: დაუშვებელი (აშკარად დაუსაბუთებელი).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები