დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტზე No.164
ივნისი 2013
Stichting Mothers of Srebrenica and Others v. the Netherlands (dec.) - 65542/12
განჩინება 11.6.2013 [სექცია III]
მუხლი 6
სამოქალაქო სამართალწარმოება
მუხლი 6-1
სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა
ნიდერლანდების სასამართლოების გადაწყვეტილება, რომლითაც უარყვეს იურისდიქცია, მოესმინათ სარჩელი გაეროს წინააღმდეგ სრებრენიცაში მომხდარი მასობრივი მკვლელობების შესახებ: დაუშვებელი
ფაქტები – მომჩივნები წარმოადგენენ დაწესებულებას, რომელიც დაარსდა ნიდერლანდური სამართლის მიხედვით, რათა აღეძრათ საქმის წარმოება თავიანთი ნათესავების სახელით, რომლებიც გახდნენ 1995 წელს სრებრენიცაში მომხდარი მასობრივი მკვლელობების მსხვერპლნი და მომჩივნები ასევე იყვნენ ბოსნია და ჰერცეგოვინას ათი მოქალაქე, რომლებიც არიან მასობრივი მკვლელობების დროს დახოცილი ადამიანების გადარჩენილი ნათესავები. მასობრივი მკვლელობები მოხდა 1992–95 წლების ომის დროს ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში, როცა ქალაქ სრებრენიცაზე, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ გამოცხადებული იყო „უსაფრთხო ზონად“, განხორციელდა თავდასხმა ბოსნიელი სერბების არმიის (VRS) მიერ. 7000-ზე მეტი ბოსნიელი მუსლიმი გარდაიცვალა ოპერაციის დროს, რომლის შეჩერებაც ვერ შეძლო გაეროს თავდაცვის ძალების (UNPROFOR) არც ისე ძლიერმა და ნაკლებად აღჭურვილმა ბატალიონმა, რომელიც შედგებოდა მსუბუქად შეიარაღებული ნიდერლანდელი ჯარისკაცებისაგან. დამატებით, ბატალიონის მეთაურის მიერ საჰაერო დახმარების შესახებ თხოვნის მიუხედავად, გაერომ არ გამოიყენა საჰაერო ძალების გადამწყვეტი რაოდენობა.
მომჩივნებმა დაიწყეს სამოქალაქო სამართალწარმოება ნიდერლანდების სახელმწიფოსა და გაეროს წინააღმდეგ ნიდერლანდების რეგიონული სასამართლოს წინაშე, მაგრამ 2008 წლის ივლისში სასამართლომ დაადგინა, რომ ნიდერლანდების მთავრობას არ ჰქონდა ვალდებულება საერთაშორისო სამართლის თანახმად, მოეთხოვა გენოციდის აკრძალვა თავისი სამოქალაქო სამართლის მიხედვით და რომ მას (სასამართლოს) არ ჰქონდა იურისდიქცია, მოესმინა საჩივარი გაეროს წინააღმდეგ. 2012 წლის 13 აპრილს, ნიდერლანდების უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა გაეროს წესდების (UN Charter) შესაბამისი დებულებებისა და გაეროს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ კონვენციის მიხედვით, რომ გაეროს ჰქონდა ფართო არეალის იმუნიტეტი და არ შეიძლებოდა მისი გამოძახება იმ ქვეყნების ეროვნული სასამართლოების წინაშე, რომლებიც იყვნენ აღნიშნული კონვენციის (გაეროს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ კონვენცია) მხარეები. გაეროს იმუნიტეტი იყო აბსოლუტური და მიზნად ისახავდა, რომ უზრუნველეყო მისი ფუნქციონირება სრულ დამოუკიდებლობაში. მთავარი სამართალწარმოება ნიდერლანდების სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელახლა დაიწყო და სასამართლოს განჩინების დროს ისევ განხილვის პროცესშია.
ევროპული სასამართლოსადმი წარდგენილ თავიანთ საჩივარში მომჩივნები, inter alia, დავობდნენ, რომ გაეროსთვის იმუნიტეტის მინიჭება არღვევდა მათ უფლებას სასამართლოსადმი ხელმისაწვდომის შესახებ, კონვენციის მე–6 მუხლის საპირისპიროდ. შემდგომში ისინი დავობდნენ, რომ ნიდერლანდების უზენაესმა სასამართლომ თავის შემაჯამებელ დასაბუთებაში უარი უთხრა მათ მოთხოვნას, რომ მოეთხოვათ წინასწარი გადაწყვეტილების მიღება ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოდან.
სამართალი – მუხლი 6§1
(a) მომჩივანი დაწესებულების სტატუსი – იმის მიუხედავად, რომ ასოციაცია შეიქმნა სრებრენიცაში მასობრივი მკვლელობების მსხვერპლთა გადარჩენილი ნათესავების ინტერესების დაცვისთვის, მომჩივანს თავად არ შეხებია ის საკითხები, რომლებზეც დავობდა მე–6 და მე–13 მუხლების მიხედვით და შესაბამისად, არ შეეძლო ედავა, რომ იყო ამ დებულებების დარღვევის „მსხვერპლი“ 34–ე მუხლის მიზნისთვის.
დასკვნა: დაუშვებელია მომჩივან დაწესებულებასთან დაკავშირებით (შეუსაბამო ratione personae).
(b) გაეროს იმუნიტეტი – სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ამ საქმის ფარგლები, ვიდრე ის შეიზღუდებოდა კითხვით, ჰქონდათ თუ არა დარჩენილ მომჩივნებს სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება მე–6 მუხლის მიხედვით, დაირღვა ნიდერლანდების სასამართლოების გადაწყვეტილებების მიერ. სრებრენიცაში განხორციელებულ მასობრივ მკვლელობებსა და მის შედეგებზე პასუხისმგებლობის დაკისრება არ ექცეოდა ამ საჩივრის შემადგენლობაში.
რაც შეეხება იმუნიტეტის ბუნებას, რომლითაც სარგებლობდა გაერო, სასამართლომ შენიშნა, რომ მის ფუნქციებში არ შედიოდა ავტორიტეტულად განესაზღვრა გაეროს წესდების დებულებებისა და სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტების მნიშვნელობა. ამის მიუხედავად, ის იძულებული იყო ემსჯელა, არსებობდა თუ არა სავარაუდო საფუძველი აღნიშნულ ინსტრუმენტებში იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც დავობდნენ. ვინაიდან გაეროს უშიშორების საბჭოს მიერ გაეროს წესდების მე–7 თავით მიღებული რეზოლუციებით დადგენილი ოპერაციები იყო საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების უზრუნველყოფისთვის გაეროს მისიის ძირითადი შემადგენელი ნაწილი, არ უნდა მომხდარიყო კონვენციის იმგვარად ინტერპრეტირება, რომელიც უშიშროების საბჭოს ქმედებებსა და უმოქმედობას დაუქვედებარებდა ეროვნულ იურისდიქციას გაეროს თანხმობის გარეშე. ამგვარი ოპერაციების ეროვნული იურისდიქციის სფეროში განხილვა ნიშნავს, რომ ინდივიდუალურ სახელმწიფოებს შეეძლებათ თავიანთი სასამართლოების მეშვეობით, ჩაერიონ ამ სფეროში გაეროს მთავარი მისიის განხორციელებაში, მათ შორის ამ ოპერაციების ეფექტურ განხორციელებაში.
რაც შეეხება მომჩივნების არგუმენტს, რომ ვინაიდან მათი საჩივარი, რომელიც ეფუძნებოდა გენოციდის აქტს, რომლისთვისაც ისინი გაეროს (და ნიდერლანდებს) მიიჩნევდნენ პასუხისმგებლად, იმუნიტეტი, რომელიც იცავდა გაეროს, უნდა მოხსნილიყო, სასამართლომ დაადგინა, რომ საერთაშორისო სამართალი არ უჭერდა მხარს იმ პოზიციას, რომ სამოქალაქო სამართლის საჩივარს შეეძლო უარეყო იმუნიტეტი სასამართლო დავისგან მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ის იყო დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევის შესახებ ბრალდებაზე. საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლომ (International Court of Justice (ICJ) უცხო სახელმწიფოთა სუვერენულ იმუნიტეტებთან დაკავშირებული საკითხი მკაფიოდ დაადგინა თავის 2012 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებაში (Jurisdictional Immunities of the State (Germany v. Italy: Greece intervening) ). სასამართლოს აზით, ეს ასევე ადასტურებდა საკითხს იმუნიტეტის შესახებ, რომლითაც სარგებლობდა გაერო.
რაც შეეხება არგუმენტს, რომ არ არსებობდა ალტერნატიული იურისდიქცია, რომელიც კომპეტენტური იქნებოდა, განეხილა მომჩივნების საჩივარი გაეროს წინააღმდეგ, სასამართლო დაეთანხმა, რომ არ არსებობდა ამგვარი ალტერნატიული საშუალება არც ნიდერლანდების ეროვნული სამართლის მიხედვით და არც გაეროს სამართლის მიხედვით. თუმცაღა, ის არ იზიარებდა იმ აზრს, რომ ალტერნატიული საშუალების არარსებობის დროს იმუნიტეტის ცნობა თავისთავად წარმოადგენდა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევას. ფაქტი, რომ გაეროს ჯერ არ ჰქონდა შექმნილი რაიმე ხელმისაწვდომი მოდელი, რომ მოეგვარებინა საჩივრები, რომელიც დაკავშირებული იყო UNPROFOR–ის ქმედებებსა და უმოქმედობასთან, ამასთან დაკავშირებით ნიდერლანდები არ იყო პასუხიმგებელი და მომჩივნების საჩივრების ბუნებიდან გამომდინარე, არ მოეთხოვებოდა პროცესში ჩართვა.
საბოლოოდ, სასამართლომ უფრო სათანადოდ მიიჩნია, რომ განეხილა მომჩივნების საჩივარი იმ კუთხით, რომ ნიდერლანდების სახელმწიფო ცდილობდა, მთლიანად დაეკისრებინა პასუხიმგებლობა გაეროსთვის, რომ მან ვერ შეძლო სრებრენიცაში მასობრივი მკვლელობების თავიდან აცილება, ამგვარად, ცდილობდა მოეხსნა პასუხიმგებლობა მე–6 მუხლით უფრო მეტად, ვიდრე მე–13 მუხლით. სასამართლოს არ შეეძლო დაედგინა, რომ მომჩივნების საჩივარი ნიდერლანდების სახელმწიფოს წინააღმდეგ – სამართალწარმოება, რომელიც ჯერ კიდევ განხილვის პროცესში იყო – აუცილებლად მარცხს განიცდიდა.
დასკვნისთვის, გაეროსთვის იმუნიტეტის მინიჭება ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს და არ იყო არაპროპორციული
დასკვნა: დაუშვებელი (აშკარად დაუსაბუთებელი).
სასამართლომ ასევე უარი უთხრა მომჩივნების საჩივარს, როგორც აშკარად დაუსაბუთებელს, რომ ნიდერლანდების უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა შემაჯამებელ დასაბუთებაში მათ მოთხოვნაზე წინასწარი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც უნდა მოთხოვნილიყო ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოდან. მას შემდეგ, რაც უკვე დადგინდა, რომ გაერო საერთაშორისო სამართლის მიხედვით სარგებლობდა იმუნიტეტით ეროვნული იურისდიქციიდან, უზენაესი სასამართლო უფლებამოსილი იყო, განეხილა მოთხოვნა პირველად გადაწყვეტილებაზე საქმის არსებით განხილვაში შესვლის გარეშე.
დასკვნა: დაუშვებელი (აშკარად დაუსაბუთებელი).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy