დოკუმენტი მომზადებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ეროვნული და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის განზოგადებისა და სტატისტიკის სამსახურის (www.tcc.gov.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Tbilisi City Court, International and Domestic Court Practice Generalisation and Statistics Unit (www.tcc.gov.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მეხუთე სექცია
განჩინება
საჩივარი N 22398/10
შპს „ტურექსი“
საქართველოს წინააღმდეგ
(TUREX LTD against Georgia)
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეორე სექცია), 2019 წლის 26 თებერვალს, კომიტეტის სხდომაზე, შემდეგი შემადგენლობით:
განა იუდკივსკა, თავმჯდომარე,
სიოფრა ო’ლირი,
ლადო ჭანტურია, მოსამართლეები,
და მილან ბლაშკო, სექციის მდივნის მოადგილე,
2010 წლის 10 აპრილს წარმოდგენილი ზემოაღნიშნული საჩივრის, მოპასუხე მთავრობის მოსაზრებებისა და მომჩივნის მიერ საპასუხოდ წარმოდგენილი მოსაზრებების გათვალისწინებით,
მსჯელობის შედეგად, მიიღო ეს განჩინება:
ფაქტები
1. მომჩივანი საწარმო, შპს „ტურექსი“, არის საქართველოს რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. მას სასამართლოს წინაშე წარმოადგენდა ბატონი ბ. ქაჩანი, სტამბოლში მოღვაწე ადვოკატი.
2. საქართველოს მთავრობას („მთავრობა“) წარმოადგენდა ბატონი ბ. ძამაშვილი, წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან.
ა. საქმის გარემოებები
3. მხარეების მიერ წარმოდგენილი საქმესთან დაკავშირებული ფაქტები მოკლედ შეიძლება ამგვარად ჩამოყალიბდეს:
1. წინათქმა
4. 1998 წლის 4 აგვისტოს თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტმა გამოსცა დადგენილება („დადგენილება“), რომლითაც მომჩივან საწარმოს შესაძლებლობა ეძლეოდა, გაეფორმებინა იჯარის ხელშეკრულება თბილისის მერიის მიწის მართვის დეპარტამენტთან მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, რომლის ფართობი იყო 8,704 კვმ („მიწის ნაკვეთი“). 1998 წლის 25 სექტემბერს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც მომჩივან კომპანიას ამ მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლება მიეცა ორმოცდაცხრამეტი წლის ვადით, მასზე ბიზნეს და კომერციული ცენტრის აშენების ვალდებულების პირობით. იჯარის ხელშეკრულებით მიწის ნაკვეთის სხვა მიზნით გამოყენება პირდაპირ იკრძალებოდა. არ ჩანს, რომ მომჩივანმა საწარმომ მასზე ააშენა ბიზნეს და კომერციული ცენტრი ან, რომ გამოიყენა მიწის ნაკვეთი რაიმე სხვა მიზნით.
5. 1999 წლის 12 ივლისს, ვინმე ბატონმა შ.ზ.-მ მომჩივანი საწარმოს სახელით მოახდინა მიწის ნაკვეთის პრივატიზება ყალბ დოკუმენტებზე დაყრდნობით და საკუთრების უფლება დაირეგისტრირა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში („საჯარო რეესტრი“). მან მოგვიანებით ის მიჰყიდა მესამე პირს. პრივატიზების პროცესთან დაკავშირებული რაიმე დოკუმენტი სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.
6. გაურკვეველ თარიღს მომჩივანი კომპანიის დამფუძნებელმა და ერთადერთმა პარტნიორმა შეიტყო სავარაუდოდ გაყალბებული პრივატიზებისა და მიწის ნაკვეთის გაყიდვის შესახებ და სარჩელი აღძრა შ.ზ.-ს მიმართ, მესამე პირი - სადავო ქონების შემძენი. იგი ამტკიცებდა, რომ დოკუმენტები, რომელთა მეშვეობითაც შ.ზ.-ს უფლება ეძლეოდა, ემოქმედა საწარმოს სახელით, გაყალბებული იყო, რამდენადაც ის არ იყო სათანადო პირის მიერ ხელმოწერილი და მოითხოვა იმ დოკუმენტების, ისევე, როგორც მოპასუხე მხარეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ხოლო მიწის ნაკვეთის მის „მართლზომიერ მფლობელობაში“ დაბრუნება.
7. 2001 წლის 26 ივნისს რაიონულმა სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მომჩივანი საწარმოს დამფუძნებლის მიერ წარდგენილი ფაქტები დამტკიცებულად ჩათვალა (იხ. მე-6 პარაგრაფი ზემოთ), იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე არ გამოცხადდა სასამართლოში მიუხედავად იმისა, რომ მიწვეული იყო სასამართლო სხდომაზე კანონით დადგენილი წესით. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი დოკუმენტები, რომლითაც შ.ზ.-ს უფლებამოსილება ენიჭებოდა საწარმოს სახელით მონაწილეობა მიეღო პრივატიზებაში და გაეყიდა ქონება და მიწის ნაკვეთი „უნდა დაბრუნებოდა მართლომიერ მფლობელს ... და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში განხორციელებულიყო შესაბამისი ცვლილება“. სასამართლოს არ შეუფასებია შ.ზ.-ს მიერ საჯარო რეესტრში ქონების რეგისტრაციის საკითხი (იხ. მე-5 პარაგრაფი ზემოთ). გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში კანონით დადგენილი გასაჩივრების ერთთვიანი ვადის გასვლის გამო.
8. 2001 წლის 15 ოქტომბერს საჯარო რეესტრმა მომჩივანი საწარმო დაარეგისტრირა, როგორც მიწის ნაკვეთის „მესაკუთრე“. რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულ იქნა 2001 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება (იხ. მე-7 პარაგრაფი ზემოთ).
2. მომჩივანი კომპანიის საკუთრების უფლების ნამდვილობასთან დაკავშირებული წარმოება
9. 2006 წლის 6 ივლისს თბილისის მერიამ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მომჩივანი საწარმოს უფლების შესახებ საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ („პირველი სამართალწარმოება“). მიუთითებდა, რომ მომჩივანი კომპანია შეცდომით იქნა რეგისტრირებული, როგორც მესაკუთრე, რადგან 2001 წლის 26 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მხოლოდ ის გადაწყდა, რომ მიწის ნაკვეთი მომჩივან საწარმოს უნდა დაბრუნებოდა „მფლობელობაში“ და არა საკუთრებაში. რომ მხოლოდ „მფლობელობა“ შეიძლებოდა წარმოშობილიყო 1998 წლის 25 სექტემბრის იჯარის ხელშეკრულებიდან (იხ. მე-4 პარაგრაფი ზემოთ). ამასთანავე, იჯარის ხელშეკრულება პირობადადებული იყო და არ ითვალისწინებდა პრივატიზების შესაძლებლობას. ნებისმიერ შემთხვევაში, პრივატიზება განხორციელდა გაყალბებული ტრანზაქციების გზით, როგორც დადასტურდა 2001 წლის 26 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით. შესაბამისად მომჩივან საწარმოს არ შეიძლებოდა ესარგებლა ამით, სამოქალაქო უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვისა და სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 115-ე მუხლების საფუძველზე ხელშეკრულებების ბათილად ცნობის გამო (იხ. მე-19 პარაგრაფი ქვემოთ). ნამდვილი საკუთრების უფლების არარსებობის პირობებში შეცდომით განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი არ შეიძლებოდა გამხდარიყო ამგვარი უფლების წარმოშობის საფუძველი.
10. სამართალწარმოების პარალელურად, 2007 წლის 7 მარტს ქალაქ თბილისის მთავრობამ ჩაატარა მოკვლევა მისი წინამორბედის მიერ 1998 წლის 4 აგვისტოს გამოცემული დადგენილების კანონიერებასთან დაკავშირებით (იხ. მე-4 პარაგრაფი ზემოთ).
11. 2007 წლის 19 ნოემბერს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის საფუძველზე (ზაკ) (იხ. მე-19 პარაგრაფი ქვემოთ), ქალაქ თბილისის მთავრობამ 1998 წლის 1 აგვისტოს დადგენილება არარად გამოაცხადა ab initio (გამოცემის მომენტიდან), იმ დასაბუთებით, რომ იგი გამოცემული იყო არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ. კერძოდ, იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ქალაქ თბილისის მთავრობამ მიუთითა, რომ ქალაქის მერი იყო ერთადერთი უფლებამოსილი პირი სადავო მიწის განკარგვასთან დაკავშირებით მიეღო კანონიერი გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების მიხედვით, მომჩივანი საწარმო გამეორებით იქნა მიწვეული 2007 წლის 21 ივნისის ზეპირ განხილვაზე საჯარო რეესტრში, მაგრამ არ გამოცხადდა.
12. 2007 წლის 29 ნოემბერს პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა თბილისის მერიის საჩივარი პირველ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით (იხ. მე-9 პარაგრაფი ზემოთ). მან აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთის პრივატიზებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ბათილად არ ყოფილა ცნობილი სასამართლოს მიერ, რადგან ეს არ წარმოადგენდა მოსარჩელის მოთხოვნას, რომელიც ითხოვდა რამდენიმე დოკუმენტის ბათილად ცნობას, რაც დაკავშირებული იყო პრივატიზებასთან და მიწის ნაკვეთის გაყიდვასთან (იხ. მე-6-7 პარაგრაფებო ზემოთ). შესაბამისად, საჯარო რეესტრმა მართებულად დაარეგისტრირა მიწის ნაკვეთზე მომჩივანი კომპანიის საკუთრების და არა მფლობელობის უფლება. ამასთანავე, რადგან მიწის ნაკვეთი თავდაპირველად პრივატიზებული იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ, რომელიც მომჩივნის სახელით მოქმედებდა, არ გაუსაჩივრებია რა, პრივატიზების ნამდვილობა, რასაც შემდეგში მომჩივანი კომპანია დაეთანხმა, სასამართლოს მოსაზრებით, უფლება მის სასარგებლოდ იქნა გამოყენებული, არჩევნიდან გამომდინარე, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 111-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (იხ. მე-20 მუხლი ქვემოთ).
13. 2008 წლის 10 იანვარს მომჩივანმა საწარმომ სარჩელი აღძრა პირველი ინსტანციის სასამართლოში, მოითხოვა რა, ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 19 ნოემბრის (იხ. მე-11 პარაგრაფი ზემოთ) გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და რესტიტუცია შესაბამის ქონებრივ უფლებასთან მიმართებით („მეორე სამართალწარმოება“). ამტკიცებდა, რომ მას გააჩნდა ნამდვილი საკუთრების უფლება და ხანდაზმულობის გამო, ისევე როგორც თავისი bona fide ინტერესების ძალით, მიწის ნაკვეთზე ქონებრივი უფლების არარად გამოცხადება დაუშვებელი იყო.
14. 2008 წლის 30 იანვარს, ქალაქ თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით (იხ. მე-11 პარაგრაფი ზემოთ), საჯარო რეესტრმა გააუქმა მიწის ნაკვეთზე მომჩივანი საწარმოს უფლების შესახებ სარეგისტრაციო ჩანაწერი.
15. 2008 წლის 10 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ქვემდგომი სასამართლოს 2007 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება (იხ. მე-12 პარაგრაფი ზემოთ) და შეწყვიტა პირველი სამართალწარმოება. მან დაასაბუთა, რომ ქონების სადავო პრივატიზება გამომდინარეობდა იჯარის ხელშეკრულებიდან, რომელიც არარად გამოცხადებულ, 1998 წლის 4 აგვისტოს დადგენილებას ეფუძნებოდა შესაბამისად, სადავო დადგენილების ab initio არარად გამოცხადებით (იხ. მე-11 პარაგრაფი ზემოთ), საბოლოოდ, აღარ არსებობდა დავის საგანი. საქმის მასალიდან არ ჩანს, რომ მხარეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
16. 2008 წლის 27 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მეორე სამართალწარმოებაში მომჩივანი საწარმოს საწინააღმდეგოდ გადაწყვიტა დავა. მისი დასაბუთებით, დადგენილება, რომელიც თავდაპირველ საიჯარო ურთიერთობას ადგენდა, რასაც შემდგომში პრივატიზება დაეფუძნა, გამოცემული იყო არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ. კერძოდ, მიწის ფონდის განკარგვა და შესაბამისად, მომჩივანი საწარმოსთვის სადავო მიწის ნაკვეთის გამოყოფა წარმოადგენდა არა თბილისის მუნიციპალიტეტის, არამედ თბილისის მერის უფლებამოსილებას. სასამართლოს მსჯელობის მიხედვით, ამგვარ ვითარებებში საჯარო სააგენტო არა მხოლოდ უფლებამოსილი, არამედ ვალდებული იყო, გაეუქმებინა ქონებაზე შეცდომით რეგისტრირებული უფლება. მან შესაბამისად დაასკვნა, რომ დადგენილების ბათილად ცნობა განხორციელდა ზაკ-ის მე-60 მუხლის თანახმად (იხ. მე-19 პარაგრაფი ქვემოთ). აღნიშულ დებულებაზე დაყრდნობით სასამართლომ ასევე დაასაბუთა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს აქტთან დაკავშირებთ რაიმე ხანდაზმულობა არ მოქმედებდა, რადგან, გადაწყვეტილება არარა იყო ab initio და მისი ბათილობა კანონით იყო გათვალისწინებული. მომჩივანი საწარმოს მოთხოვნა რესტიტუციასთან დაკავშირებით, შესაბამისად, არ დაკმაყოფილდა.
17. 2009 წლის 22 აპრილს სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
18. მეორე სამართალწარმოება დასრულდა უზენაესი სამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით, დაუშვებლად გამოაცხადა რა, მომჩივანი საწარმოს საჩივარი სამართლის ნორმების დარღვევის საკითხებზე.
ბ. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა
19. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (ზაკ) (1999) შესაბამისი ნორმები, შესაბამის დროს მოქმედი რედაქციით, ამგვარი იყო:
მუხლი 60: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის [ab initio] არარად გამოცხადება
„1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არარად უნდა გამოცხადდეს, [ab initio] თუ:
(ა) შეუძლებელია აქტის გამომცემი ორგანოს დადგენა;
(ბ) აქტი გამოცემულ იქნა არაუფლებამოსილი ორგანოს ან პირის მიერ;
(გ) მისი აღსრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზის გამო;
(დ) მისი აღსრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის დანაშაულს ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.
2. არარა აქტების მიმართ არ ვრცელდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრებისათვის ამ კოდექსით დადგენილი ვადები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანო ვალდებულია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნით არარად აღიაროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.“
20. სამოქალაქო კოდექსის (1997) 155-169-ე მუხლები, იმ დროისათვის მოქმედი რედაქციით მიუთითებდა უძრავი ქონების „ფლობაზე“ საკუთრების უფლების გარეშე, მაშინ, როდესაც 170-173-ე მუხლები მიუთითებდნენ ქონების „საკუთრებაზე“. ამასთანავე, სამოქალაქო კოდექსის შესაბამისის ნორმები ამგვარია:
მუხლი 54: მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებანი
„ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.“
მუხლი 111 § 1 (გარიგების დადება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე)
„თუ პირი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე სხვისი სახელით დებს ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის თანხმობაზე“.
მუხლი 115: უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა
„სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.“
მუხლი 167: უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით
„თუ პირი საჯარო რეესტრში შეტანილია მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრედ ისე, რომ არ შეუძენია საკუთრების უფლება მათზე, იგი მოიპოვებს ამ საკუთრების უფლებას, თუკი რეგისტრაცია არსებობდა თხუთმეტი წლის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე პირი ფლობდა მათ, როგორც საკუთარს.“
მუხლი 183: უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები
„1. უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ...
2. საბუთში ზუსტად უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის შეძენის საფუძველი. თუ ერთ-ერთი მხარე მონაწილეობს წარმომადგენლის მეშვეობით, მაშინ საბუთში ზუსტად უნდა აღინიშნოს ამის შესახებ.“
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად (1997), (დისპოზიციურობის პრინციპი), რაც ადმინისტრაციულ პროცესში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (1999) მე-3 მუხლისა და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად გამოიყენება, ეროვნული სასამართლოები შეზღუდული არიან დისპოზიციურობის პრინციპით, რომლის მიხედვით, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მოთხოვნების ფარგლებით. როგორც უზენაესმა სასამართლომ დააზუსტა: „სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა“ (იხ. საქმე Nბს-651-626-(კ-13), ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, 29 აპრილი 2014).
22. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არის სამართლებრივი ორგანო, რომელიც საჯარო კანონმდებლობის საფუძველზე მოქმედებს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში. მის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საკუთრების და სხვა დაკავშირებული უფლებების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მათი აღიარებისა და დადასტურების მიზნით (იხ. დადიანი და მაჩაბელი საქართველოს წინააღმდეგ (Dadiani and Machabeli v. Georgia), N 8252/08, § 15, 12 ივნისი 2012).
საჩივრის არსი
23. მომჩივანმა საწარმომ საჩივარში აღნიშნა, რომ მას გააჩნდა ნამდვილი საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე და ამ უფლების კომპენსაციის გარეშე გაუქმებით დარღვეულ იქნა 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლით დაცული მისი უფლება.
კანონმდებლობა
24. მომჩივანმა საწარმომ განმარტა, რომ მას მიწის ნაკვეთზე საკუთრების ნამდვილი უფლება გააჩნდა და, რომ მისი ab initio და კომპენსაციის გარეშე გაუქმება (არარად გამოცხადება), ხელისუფლების ორგანოების მიერ დაშვებული სავარაუდო შეცდომის გამო, წარმოადგენდა კონვენციის 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევას, რაც ამგვარია:
„ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება ვინმეს კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
ამასთან, წინარე დებულებანი ვერ ხელყოფს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონი, რომელსაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ სხვა მოსაკრებლის ანდა ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად“.
25. მთავრობამ განმარტა, რომ საჩივარი მიუღებლად უნდა გამოცხადებულიყო, რადგან ratione materiae შეუსაბამო იყო [საჩივრის საფუძვლად] მითითებულ დებულებებთან, იმის გამო, რომ მომჩივან საწარმოს არ გააჩნდა ნამდვილი საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე. მომჩივან საწარმოს არ ამოუწურავს გასაჩივრების შიდა საშუალებები, რადგან არასოდეს მოუთხოვია კომპენსაცია იმ ზიანისთვის, რაც მის ქონებრივ ინტერესს მიადგა. მთავრობამ ასევე განმარტა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, 1998 წლის 4 აგვისტოს დადგენილების ბათილად ცნობა იყო კანონიერი გადაწყვეტილება, ატარებდა მწირი საჯარო რესურსების არასათანადო განაწილების პრევენციის ლეგიტიმურ მიზანს და იყო ამ მიზნის პროპორციული.
26. მომჩივანი კომპანია ამტკიცებდა, რომ მას გააჩნდა ნამდვილი საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე, სასამართლოს 2001 წლის 26 ივნისის განჩინების საფუძველზე და, რომ საჯარო რეესტრმა ჩანაწერი მის საფუძველზე განახორციელა. შესაბამისად, მისი საკუთრების უფლების შეზღუდვა დადგენილების რეტროაქტიურად ბათილად ცნობის გზით, რომელიც მიწის ნაკვეთის მისთვის მიკუთვნებას შეეხებოდა და შედეგად, ყველა თანმდევი სამართლებრივი აქტის, მათ შორის, ქონების პრივატიზების შესახებ, ბათილად ცნობა, იყო უკანონო. რაც შეეხება, ქვეყნის შიგნით სამართლებრივი დაკმაყოფილების გზებს კომპენსაციასთან მიმართებით, ისინი ირელევანტური იყო, რადგან მათი გამოყენება არ დაიშვებოდა ხელისუფლების ორგანოთა ქმედებებსა და უმოქმედობასთან მიმართებით.
27. სასამართლო იმეორებს, რომ 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლი იცავს „მფლობელობას“, რაც შეიძლება წარმოადგენდეს როგორც „არსებულ ქონებას“, ისე აქტივებს, რაც მოიცავს მოთხოვნებს, რომელთაგან გამომდინარე, მომჩივანს შეუძლია იდავოს, რომ, სულ მცირე, აქვს „ლეგიტიმური მოლოდინი“, რომ შეეძლება, ეფექტიანად ისარგებლოს ქონებრივი უფლებით. თუმცა, ის არ არის ქონების შეძენის უფლების გარანტი (იხ. შპს „ჯ. ა. ფაი (ოქსფორდი)“ და შპს „ჯ. ა. ფაი (ოქსფორდი) ლენდი“ გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (J.A. Pye (Oxford) Ltd and J.A. Pye (Oxford) Land Ltd v. the United Kingdom) [დიდი პალატა], N 44302/02, § 61, ECHR 2007‑III და კოპეცკი სლოვაკეთის წინააღმდეგ (Kopecký v. Slovakia) [დიდი პალატა], N 44912/98, § 35, ECHR 2004‑IX). როდესაც მოთხოვნის უფლების საგანი საკუთრების ინტერესს უკავშირდება, პირი, ვისაც ის გააჩნია, შეიძლება მიჩნეულ იქნეს ისეთად, ვისაც აქვს „ლეგიტიმური მოლოდინი“, რომ ეროვნულ კანონმდებლობაში იარსებობს საკმარისი საფუძვლები ამ ინტერესის განსახორციელებლად (იხ. ინკორპორაცია „ენჰოიზერ-ბუში“ პორტუგალიის წინააღმდეგ (Anheuser-Busch Inc. v. Portugal) [დიდი პალატა], N 73049/01, § 65, ECHR 2007‑I). არ შეიძლება ითქვას, რომ რაიმე ლეგიტიმური მოლოდინი შეიძლება გაჩნდეს, როდესაც, სადავოა ეროვნული კანონმდებლობის მართებული განმარტება და გამოყენება და შედეგად მომჩივნის განმარტებები არ არის გაზიარებული ეროვნული სასამართლოების მიერ (იხ. ზემოთ დასახელებული კოპეცკი, § 50). როდესაც სადავოა, რამდენად აქვს მომჩივანს ქონებრივი ინტერესი, რის გამოც უფლებამოსილია, მოითხოვოს მისი დაცვა 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლიდან გამომდინარე, სასამართლოს მოეთხოვება დაადგინოს მომჩივნის სამართლებრივი პოზიციის არსებობა (იხ. ბეიელერი იტალიის წინააღმდეგ (Beyeler v. Italy) [დიდი პალატა], N 33202/96, § 99, ECHR 2000‑I).
28. სასამართლო საბოლოოდ აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც კონვენციის 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლი საქართველოსთან მიმართებით შევიდა ძალაში, 2002 წლის 7 ივნისი, მის დროში გავრცელებასთან მიმართებით, ამ საქმიდან გამომდინარე, რაიმე დათქმა გაკეთებული არ ყოფილა. კერძოდ, 1998 წლის 4 აგვისტოს დადგენილების ბათილად ცნობას და მის შედეგად საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების ბათილად ცნობას აღნიშნული თარიღის შემდეგ ჰქონდა ადგილი.
29. მომჩივანი საწარმო 2001 წლის 26 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას და შესაბამისი ჩანაწერის განხორციელებას საჯარო რეესრტში (იხ. მე-7-8 პარაგრაფები ზემოთ). თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება მიუთითებდა მიწის ნაკვეთზე მომჩივანი საწარმოს არა „საკუთრების“, არამედ მხოლოდ „მფლობელობის“ უფლებაზე (იხ. მე-7-8 პარაგრაფები ზემოთ), ცხად სამართლებრივ კატეგორიაზე, რაც ეროვნული კანონმდებლობით არის განსაზღვრული მიწის ნაკვეთის გამოყენებასთან დაკავშირებით საკუთრების უფლების გარეშე (იხ. მე-20 პარაგრაფი ზემოთ). შესაბამისად, 2001 წლის 26 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება მომჩივან კომპანიას არ მიაკუთვნებდა საკუთრების უფლებას მიწის ნაკვეთზე, რაც, როგორც ჩანს, ამ, უკანასკნელის მიერ არც ყოფილა მოთხოვნილი (იხ. მე-6 პარაგრაფი ზემოთ).
30. რადგან პირველი ინსტანციის სასამართლომ მომჩივან კომპანიასთან მიმართებით მიიღო გადაწყვეტილება მეორე სამართალწარმოების შედეგად (იხ. მე-12 პარაგრაფი ზემოთ), ის არასოდეს შესულა კანონიერ ძალაში, რადგან ის სამართალწარმოება საბოლოოდ შეწყდა განჩინების მიღების შედეგად, რომელიც, როგორც ჩანს, მომჩივან საწარმოს არ გაუსაჩივრებია (იხ. მე-15 პარაგრაფი ზემოთ). შესაბამისად, მომჩივანი საწარმოს რაიმე სხვა უფლება ქონებაზე, გარდა მფლობელობისა, არასოდეს დადასტურებულა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით.
31. რაც შეეხება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციას, მიწის ნაკვეთზე მომჩივანი საწარმოს საკუთრების უფლება ნამდვილად იყო რეგისტრირებული 2001 წლის 15 ოქტომბრიდან 2008 წლის 30 იანვრამდე (იხ. მე-8 და მე-14 პარაგრაფები ზემოთ). იმ ჩანაწერის ნამდვილობა შეცილებული არ ყოფილა 2006 წლის 6 ივლისამდე (იხ. მე-9 პარაგრაფი ზემოთ). სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ მომჩივანი საწარმოს საკუთრების უფლების აღიარების არარსებობის პირობებში (იხ. 29-ე პარაგრაფი ზემოთ), მხოლოდ ამგვარი რეგისტრაციის შედეგად არ შეიძლებოდა წარმოშობილიყო ნამდვილი საკუთრების უფლება. რადგან ეროვნული კანონმდებლობა, იმ რედაქციით, როგორც ის მოქმედებდა შესაბამის დროს, ითვალისწინებდა ქონების შეძენის შესაძლებლობას საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერის საფუძველზე, ნამდვილი საკუთრების უფლების გარეშე, თუკი, სულ მცირე, თხუთმეტი წლის განმავლობაში ამგვარი რეგისტრაციის თარიღიდან პირი წარმოადგენდა რეალურ მფლობელს (იხ. მე-20 პარაგრაფი ზემოთ). ამათგან, სულ მცირე, ერთი პირობა შესრულებული არ ყოფილა.
32. შედარებისთვის, საკუთრების უფლების შეუცილებელი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში არსებობდა 2001 წლის 15 ოქტომბრიდან 2006 წლის 6 ივლისამდე (იხ. 31-ე პარაგრაფი ზემოთ), რაც მომჩივან საწარმოს შესაძლებლობას აძლევდა, თეორიულად მაინც, განეკარგა ქონება, როგორც საკუთარი, დროის შესაბამის მონაკვეთში. თუმცა, თუნდაც დავუშვათ, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივან საწარმოს 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის მიზნიდან გამომდინარე, გააჩნდა სათანადოდ დასაბუთებული ქონებრივი ინტერესი, საჩივარი მაინც დაუშვებელია, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი.
33. კერძოდ, 1998 წლის 4 აგვისტოს დადგენილების ბათილად ცნობა და შედეგად, ყველა სხვა სამართლებრივი დოკუმენტის ბათილობა, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ჩანაწერი (იხ. მე-11 და მე-15 პარაგრაფები ზემოთ), ეფუძნებოდა ზაკ-ის მე-60 მუხლს, რომლის მიზანი იყო ხელისუფლების ორგანოთა მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება, არაუფლებამოსილი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ab initio არარად გამოცხადებით (იხ. მე-19 პარაგრაფი ზემოთ). ეროვნული სასამართლოების პრაქტიკის მიხედვით, სადავო დებულება არა მხოლოდ უფლებამოსილებას ანიჭებდა, არამედ, ასევე, ავალდებულებდა ადმინისტრაციულ ორგანოს, გამოესწორებინა შეცდომები და ბათილად ეცნო შეცდომით მიკუთვნებული საკუთრების უფლება ქონებაზე (იხ. მე-13 და მე-16-18 პარაგრაფები ზემოთ). მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ ბათილობაზე არ მოქმედებდა ხანდაზმულობის ვადა, ის არ იყო უნივერსალური და შეიცავდა მხოლოდ ოთხი სახის შემთხვევებს (იხ. მე-19 პარაგრაფი ზემოთ). შესაბამისი პროცესი ითვალისწინებდა დაინტერესებული მხარის დასწრებასა და მონაწილეობას, თუმცა, როგორც საქმის მასალიდან იკვეთება, მომჩივანი არ დასწრებია მოსმენას შესაბამის სააგენტოში (იხ. მე-11 პარაგრაფი ზემოთ და განასხვავე საქმისგან რისოვსკი უკრაინის წინააღმდეგ (Rysovskyy v. Ukraine), N 29979/04, § 73, 20 ოქტომბერი 2011). სასამართლო არ ასკვნის, რომ კანონი, რომლის საფუძველზეც მომჩივნის უფლება ბათილად იქნა ცნობილი, არ აკმაყოფილებდა კანონიერების მოთხოვნას, კონვენციის 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლიდან გამომდინარე.
34. ამასთანავე, 1998 წლის 4 აგვისტოს დადგენილების ბათილად ცნობა, რომლის შედეგადაც მომჩივანი საწარმოს საკუთრების უფლება გაუქმდა, განხორციელდა იმისთვის, რომ გამოსწორებულიყო ხელისუფლების ორგანოთა შეცდომა, ეს იყო მიზანი, რასაც კანონი პირდაპირ ითვალისწინებდა (იხ. მე-19 პარაგრაფი ზემოთ). სასამართლოსთვის მისაღებია მთავრობის არგუმენტი, რომ სადავო გადაწყვეტილება ეფუძნებოდა მწირი საჯარო რესურსების არასათანადო განაწილების პრევენციის „საჯარო ინტერესს“ (იხ. მრავალ სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას შორის, ვუკუშიჩი ხორვატიის წინააღმდეგ (Vukušić v. Croatia), N 69735/11, § 64, 31 მაისი 2016).
35. რაც შეეხება სადავო ჩარევის პროპორციულობას, სასამართლო იმეორებს, რომ სამართლიანი ბალანსი უნდა დადგინდეს საზოგადოების საერთო ინტერესისა და პირის ძირითადი უფლების დაცვის მოთხოვნებს შორის, ამგვარი სამართლიანი ბალანსის ძიება განუყოფელია მთელი კონვენციისთვის. აუცილებელი ბალანსი არ დამყარდება, თუ დაინტერესებულ პირს დაეკისრება ინდივიდუალურ და გადაჭარბებული ტვირთი (იხ. სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს შორის, ბილანი ნაგი უნგრეთის წინააღმდეგ (Béláné Nagy v. Hungary) [დიდი პალატა], N 53080/13, § 115, 13 დეკემბერი 2016). სასამართლო გაიხსენებს, რომ სახელმწიფო სარგებლობს შეფასების ფართო თავისუფლებით გამოსაყენებელ საშუალებებთან დაკავშირებით და იმასთან მიმართებით, თუ საერთო ინტერესების გათვალისწინებით, რამდენად გამართლებულია ის მიზანი, რაც მიღწეულ უნდა იქნეს (იხ. სს „ბოსფორუს ჰავა იოლარი თურიზმ ვე თიჯარეთი“ ირლანდიის წინააღმდეგ (Bosphorus Hava Yolları Turizm ve Ticaret Anonim Şirketi v. Ireland) [დიდი პალატა], N 45036/98, § 149, ECHR 2005‑VI, და გ. ი. ე. მ. ს. რ. ლ. და სხვები იტალიის წინააღმდეგ (G.I.E.M. S.R.L. and Others v. Italy), 1828/06, § 293, 28 ივნისი 2018).
36. ამ საქმეში პროპორციულობის შეფასებისას, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ განსახილველი საჩივრის გამო საქმის დავის საგანი არის მომჩივანი საწარმოს საკუთრების უფლების გაუქმება საჯარო რეესტრში (იხ. 23-24-ე პარაგრაფები ზემოთ). ამ მოცემულობასთან ერთად სასამართლო იმეორებს, რომ არ არსებობს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება, რომლითაც მომჩივან საწარმოს ეჭვგარეშე მიეკუთვნებოდა საკუთრების უფლება (იხ. 29-30-ე პარაგრაფები ზემოთ). ამასთანავე, რადგან ის ქონება უფრო ადრე იქნა პრივატიზებული, პრივატიზება განხორციელდა არა მომჩივანი საწარმოს, არამედ მესამე პირის მონაწილეობით და ის იყო გაყალბებული ტრანზაქციების სერიის შედეგი, რაც საბოლოოდ ბათილად გამოცხადდა ქვეყნის სასამართლოს მიერ (იხ. მე-5-7 პარაგრაფები ზემოთ). შესაბამისად, საკუთრების უფლების მხოლოდ რეგისტრაციის გზით არ შეიძლებოდა წარმოშობილიყო მომჩივანი საწარმოს საკუთრებითი ინტერესი, რომლის საფუძველზეც ქვეყნის სასამართლოებს ეს მიწის ნაკვეთი in natura უნდა დაებრუნებინა, როგორც ამას მომჩივანი საწარმო ითხოვდა შიდა დონეზე.
37. რაც შეეხება სავარაუდო ფინანსურ ზიანს, რაც მომჩივან საწარმოს უნდა განეცადა იმის გათვალისწინებით, რომ მიწის ნაკვეთი მის სახელზე იყო რეგისტრირებული რამდენიმე წლის განმავლობაში, არ იკვეთება, რომ მას ოდესმე დაკავებული ჰქონდა ან იყენებდა მიწის ნაკვეთს შესაბამისი დროის განმავლობაში, ან თუნდაც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე (იხ. მე-4-8 პარაგრაფები ზემოთ). მეტიც, შიდა კანონმდებლობის საფუძველზე მიმდინარე სამართალწარმოებისას მომჩივან საწარმოს არცერთ ეტაპზე განუცხადებია, რომ განიცადა ფინანსური ზიანი და, არც კომპენსაცია მოუთხოვია მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, თუკი რაიმე ასეთს ჰქონდა ადგილი (განასხვავე საქმისგან კრივენკი უკრაინის წინააღმდეგ (Kryvenkyy v. Ukraine), N 43768/07, ECHR 2017, §§ 19 და 35). იგი მხოლოდ მოითხოვდა საკუთრების უფლების აღდგენას და მიწის ნაკვეთის in natura დაბრუნებას. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვეყნის სასამართლოებმა, რომლებმაც საქმე განიხილეს, შემოფარგლულები იყვნენ მოსარჩელის მიერ წარდგენილი არგუმენტებით და არ შეეძლოთ, მიეკუთვნებინათ რაიმე კომპენსაცია მომჩივანი საწარმოს შესაბამისი მოთხოვნის არარსებობის გამო (იხ. 21-ე პარაგრაფი ზემოთ). მეტიც, ქვეყნის სასამართლოების წინაშე მოთხოვნის წარუდგენლობის გამო, მომჩივანმა საწარმომ ვერ შეძლო იმის დადასტურება, რომ შეილახა მისი ქონებრივი ინტერესები, შეუძლებელია იმ ტვირთის შეფასება, რაც შეიძლებოდა მას დაკისრებოდა.
38. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ თუნდაც მომჩივან საწარმოს საკმარისი საფუძველი ჰქონოდა საკუთრებითი უფლების განსახორციელებლად ეროვნული კანონმდებლობიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება, მომჩივნის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის დაბრუნებაზე უარის შესახებ, ამ საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, არ ყოფილა ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული, რასაც ქვეყნის ხელისუფლება ახორციელებდა. იმასთან დაკავშირებით, ნამდვილად გააჩნდა, თუ არა მომჩივან საწარმოს მესაკუთრის ინტერესი, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს 1998 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილების არარად გამოცხადებას და მის შედეგად მიღებული ყველა სამართლებრივი დოკუმენტის ბათილობას, მათ შორის, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისას. ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლო აღნიშნავს, რომ საჩივარი 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლიდან გამომდინარე, არის აშკარად დაუსაბუთებელი და ის მიუღებლად უნდა გამოცხადდეს კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(a) და მე-4 პუნქტების საფუძველზე. შესაბამისად, არ არსებობს მთავრობის მეორე შესაგებლის განხილვის საჭიროება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, ერთხმად,
აცხადებს საჩივარს მიუღებლად.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და წერილობით გავრცელდა 2019 წლის 21 მარტს.
მილან ბლაშკოგანა იუდკივსკა
მდივნის მოადგილეთავმჯდომარე
Full & Egal Universal Law Academy