© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013. წინამდებარე თარგამნი გაკეთდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის მხარდაჭერით (/humanrightstrustfund). თარგმანი სასამართლოსთვის სავალდებულო ძალის მქონე არაა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დოკუმენტის ბოლოში მოცემული შენიშვნა საავტორო უფლებების შესახებ.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მეოთხე სექცია
განჩინება
საჩივრები №43759/10 და №43771/12
საქმეები „სტივენ უილკოქსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ და
„სკოტ ჰარფორდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“
2013 წლის 8 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეოთხე სექცია) პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ინეტა ზიემელე, თავმჯდომარე,
დავიდ თორ ბიორგვინსონი,
პაივი ჰირველა,
ჯორჯ ნიკოლაუ,
პოლ მაჰონი,
კშიშტოფ ვოიტიჩეკი,
ფარის ვეჰაბოვიჩი, მოსამართლეები,
და ფატოშ არაჩი, სექციის სასამართლო გამწესრიგებლის მოადგილე,
2010 წლის 2 აგვისტოს და 2012 წლის 29 ივნისს შეტანილი ზემოხსენებული საჩივრების განხილვის შედეგად მიიღო შემდეგი განჩინება:
ფაქტები
1. პირველი მომჩივანი, ბ-ნი სტივენ უილკოქსი, ბრიტანეთის მოქალაქეა, დაბადებული 1964 წელს. იგი ამჟამად პატიმრობაშია HM Rye Hill-ის ციხეში. მეორე მომჩივანი, ბ-ნი სკოტ ჰარფორდი, ბრიტანეთის მოქალაქეა, დაბადებული 1975 წელს. იგი ამჟამად პატიმრობაშია HM Full Sutton-ის ციხეში. სასამართლოში ორივე მომჩივანს წარმოადგენდა Stevens Solicitors, სტატფორდში არსებული საადვოკატო ფირმა.
ა. საქმის გარემოებები
2. მომჩივნების მიერ წარდგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები მოკლედ შემდეგნაირად შეიძლება გადმოიცეს.
1. პირველი მომჩივანი
(ა) დაკავება, მსჯავრდება და გადაცემა
3. 2003 წლის აპრილში პირველი მომჩივანი ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს და დააპატიმრეს ტაილანდში, ქვეყანაში, სადაც იგი იმ პერიოდში ცხოვრობდა. 2004 წლის ნოემბერში მან თავი დამნაშავედ ცნო 24 გრამი სუფთა ჰეროინისა და ექსტაზის ტაბლეტების სახით 1.4 გრამი სუფთა MDMA-ის გასაღების მიზნით შენახვაში. ორივე მათგანი ტაილანდური კანონმდებლობით 1-ლი კატეგორიის ნარკოტიკი იყო (იხილეთ ქვემოთ პარაგრაფი 36). ნარკოტიკების ოდენობიდან გამომდინარე, წარმოიშვა „ურყევი პრეზუმფცია“, რომ ეს ნარკოტიკები გასაღებისთვის იყო გამიზნული (იხილეთ ქვემოთ პარაგრაფი 40). პირველ მომჩივანს გასაღების მიზნით 760 გრამი სუფთა ჰეროინის შენახვის ბრალდება მოეხსნა საკმარისი მტკიცებულების არარსებობის გამო. მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. თუმცა, თავის დამანაშავედ ცნობის გამო, მას სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირეს. გაუთანაბრა რა სამუდამო პატიმრობა ორმოცდაათი წლით თავისუფლების აღკვეთას, სასამართლომ, ზემოხსენებულ მსჯავრდებასთან დაკავშირებით, პირველ მომჩივანს ოცდაცამეტი წლითა და ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
4. 2007 წლის ივნისში პირველმა მომჩივანმა გაერთიანებულ სამეფოში გადაყვანა მოითხოვა, რომ დარჩენილი სასჯელი იქ მოეხადა, პატიმრების გადაცემის შესახებ ტაილანდსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის დადებული ორმხრივი შეთანხმების შესაბამისად („პატიმართა გადაცემის შესახებ შეთანხმება“ – იხილეთ ქვემოთ პარაგრაფები 49-56). ამ მოთხოვნას ორივე მთავრობა დაეთანხმა.
5. პირველ მომჩივანს გადაცემის პირობები გაერთიანებული სამეფოს მსჯავრდებულთა მართვის ეროვნული სამსახურის წერილში განემარტა, სადაც აღნიშნული იყო, რომ გაერთიანებული სამეფო განსაზღვრულ სასჯელს აღასრულებდა, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებისა და პირობითი გათავისუფლების შესახებ გაერთიანებული სამეფოს შესაბამის კანონმდებლობაში არსებული დებულებების გათვალისწინებით. წერილში ასევე აღნიშნული იყო, რომ გადაცემის შემდეგ მომჩივანი მსჯავრს ან სასჯელს ბრიტანულ სასამართლოებში ვერ გაასაჩივრებდა: გადასინჯვის უფლება სასჯელის განმსაზღვრელ სახელმწიფოს რჩებოდა, ხოლო ნებისმიერი პრეტენზია პატიმრის გადაცემამდე უნდა გაცხადებულიყო. პირველი მომჩივანი ამ პირობებს დაეთანხმა და თანხმობის ფორმას ხელი მოაწერა.
6. 2007 წლის 6 ნოემებრს, მას შემდეგ რაც ოთხწლიანი აუცილებელი მინიმალური ვადა ტაილანდში მოიხადა, პირველი მომჩივანი ინგლისის ციხეში გადაიყვანეს. პატიმართა რეპატრიაციის შესახებ 1984 წლის კანონის შესაბამისად („1984 წლის კანონი“ – იხილეთ ქვემოთ პარაგრაფები 57-62), გაერთიანებულ სამეფოში მისი პატიმრობის კანონიერების შესახებ ორდერი იუსტიციის სამინისტრომ გასცა.
7. 2008 წლის ივნისში ტაილანდის სამეფო ბრძანებულებით პირველი მომჩივნის სასჯელი შემცირდა და ოცდაცხრა წლითა და სამი თვით განისაზღვრა. ამან გამოიწვია ის, რომ 2008 წლის 9 ივნისს იუსტიციის სამინისტრომ, 1984 წლის კანონის შესაბამისად, მისი დაპატიმრების შესახებ ახალი ორდერი გასცა. ორდერი კიდევ 8,901 დღიან (ოცდაოთხ წელზე ცოტა მეტი) პატიმრობას ითვალისწინებდა. პირველი მომჩივნის ვადაზე ადრე გათავისუფლების მოქმედი თარიღი, სასჯელის ნახევრის მოხდის თარიღი - 2017 წლის 5 დეკემბერი იქნება.
(ბ) სასამართლო გადასინჯვა
8. პირველმა მომჩივანმა სასამართლოს მიმართა, გადაესინჯა იუსტიციის სამინისტროს 2008 წლის 9 ივნისის ორდერი, რომელიც მისი დაპატიმრების ნებართვას გასცემდა. პირველი მომჩივანი ამტკიცებდა, რომ, პირველი, ტალიანდის კანონმდებლობით გათვალისწინებულმა „ურყევმა პრეზუმფციამ“, რომ შენახვა გასაღების მიზნით ხდებოდა, გამოიწვია მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმა და ამდენად, განაჩენის აღსრულება თვითნებური იყო, კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად. მეორე, მე-5 მუხლთან მიმართებით იგი ასევე ამტკიცებდა, რომ სასჯელი თვითნებური იყო, რადგან გადაცემის შედეგად თავის დამნაშავედ ცნობის მიუხედავად მან პატიმრობაში უფრო მეტი დრო გაატარა, ვიდრე თავის უდანაშაულოდ ცნობის შემთხვევაში გაატარებდა. და ბოლოს, იგი ამტკიცებდა, რომ გაერთიანებულ სამეფოში მისი სასჯელის განგრძობითი აღსრულებით დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლით დაცული მისი უფლებები, რადგან სასჯელი, თავისთავად, მეტად არაპროპორციული იყო. მიუხედავად მისი აღიარებისა, რომ იგი დაეთანხმა გადაცემის პირობებს, პირველი მომჩივანი ამტკიცებდა, რომ სხვა არჩევანი მას არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ დათანხმებოდა გადაცემას ნებისმიერი პირობით, რადგან ტაილანდის ციხეში საშინელ პირობებში იმყოფებოდა და, ამდენად, მისი თანხმობა ნებაყოფლობითი არ ყოფილა.
9. 2009 წლის 1 ივლისს დივიზიურმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება საჩივრის უარყოფის შესახებ. როგორც მოსამართლემ, ბ-ნმა უზლიმ, თავიდანვე აღნიშნა, სასამართლომ გაიზიარა მოსაზრება, რომ სადავო პრეზუმფცია ურყევი იყო. მან ასევე განაცხადა, რომ ტაილანდის სასამართლოს არ უმსჯელია პირველი მომჩივნის დაჟინებულ მტკიცებაზე, რომ ნარკოტიკები პირადი მოხმარებისთვის იყო გამიზნული, რადგან, ტაილანდის კანონმდებლობის შესაბამისად, ეს არარელევანტური იყო.
10. მოსამართლემ განიხილა პატიმართა გადაცემის შესახებ შეთანხმების დებულებები. მისი აზრით, მათი მნიშვნელობა იყო ის, რომ გადაცემის დროისთვის გადამცემი ქვეყნის მიერ განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი პატიმარს უნდა მოეხადა მიმღებ ქვეყანაში, ამ უკანასკნელის ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ დებულებების გათვალისწინებით. პირველი მომჩივნის შემთხვევაში ეს ნიშნავდა იმას, რომ თუ ტაილანდში მას სასჯელის ორი მესამედის მოხდის შემდეგ გაათავისუფლებდნენ, გაერთიანებულ სამეფოში სასჯელის ნახევრის მოხდის შემდეგ გათავისუფლდებოდა. იგი ასევე ისარგებლებდა ტაილანდის მიერ გამოცემული ნებისმიერი სამეფო ამნისტიით ან შეწყალებით.
(i) მომჩივნის მფლობელობაში არსებული ნარკოტიკების რაოდენობიდან გამომდინარე პრეზუმფცია
11. ტაილანდის სასამართლო პროცესის გათვალისწინებით პირველი მომჩივნის განგრძობადი პატიმრობის კანონიერების გახილვისას მოსამართლე უზლიმ განაცხადა, რომ ისეთი სასჯელის განგრძობადი აღსრულება, რაც იმ სასამართლო პროცესის შედეგი იყო, სადაც მომჩივანს მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარი ეთქვა, უკანონო იქნებოდა და რომ გადაცემაზე პატიმრის თანხმობა არაფერს ცვლიდა. ამგვარად, აუცილებელი იყო, რომ გადაცემამდე გაერთიანებულ სამეფოს გაერკვია, მოხდა თუ არა მსჯავრდება, როგორც შინაარსით, ისე ფორმით, უფლებამოსილი სასამართლოს მიერ განხორციელებული. მოსამართლემ მიუთითა, რომ შემთხვევები, როცა ეს საკითხი ეჭვის ქვეშ იდგა, გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიური წარმომადგენლებისთვის, სავარაუდოდ, ცხადი და ცნობილი უნდა ყოფილიყო სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას. მან აღნიშნა, რომ პატიმართა გადაცემის შესახებ შეთანხმების, ეროვნული კანონმდებლობის და ამ სასამართლოს მიდგომის შედეგი იყო ის, რომ რაც უფრო არასამართლიანი იყო სასამართლო პროცესი, მით უფრო სავარაუდო იქნებოდა, რომ მიმღებ ქვეყანას მოუწევდა თანამშრომლობაზე უარის თქმა, ხოლო პატიმარს – იქ დარჩენა, სადაც იყო, როგორც სხვა შემთხვევებში, როცა პატიმარი ვერ აკმაყოფილებდა გადაცემისთვის საჭირო კრიტერიუმებს.
12. პირველი მომჩივნის საქმის გარემოებებთან დაკავშირებით მოსამართლემ აღნიშნა, რომ ამ მომჩივანს თანმხმობა ეთქვა გადაყვანაზე, რაზეც მისი ზემოთ განხილული არგუმენტების თანახმად, უარი უნდა მიეღო იმ საფუძვლით, რომ სასამართლო პროცესზე მართლმსაჯულების განხორციელებას აშკარა უარი ეთქვა. თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ უკვე გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციაში მისი განგრძობადი პატიმრობის კანონიერება ეჭვქვეშ დაეყენებინა. მოსამართლემ განმარტა, რომ პატიმართა გადაცემის შესახებ შეთანხმების უგულვებელყოფის რისკს ამცირებდა ძალიან მაღალი ბარიერი, რომლის მიღწევაც აუცილებელი იყო, გათავისუფლების მოთხოვნა რომ შესაძლებელი გამხდარიყო, და იმის ალბათობა, რომ ნებისმიერი სასამართლო პროცესი, რომელიც მას მიაღწევდა, უკვე ბრიტანეთის ხელისუფლების ყურადღებას მიიპყრობდა და ამას შედეგად მოჰყვებოდა გადაცემის შესახებ შუამდგომლობაზე უარის თქმა. მან ასევე აღნიშნა:
“37. ... მართლაც, სასამართლო გამჭრიახი უნდა იყოს, რომ ბარიერის დაწევა თავიდან აიცილოს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევებში შეიძლება მოხდეს, როცა სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტული პატიმარი, ასეთი სასამართლო პროცესის შემდეგ, უბრალოდ, ვერ იქნება პატიმრობაში გაერთიანებულ სამეფოში სასჯელის მოხდის გასაგრძელებლად.
38. ... თუ ბ-ნი უილკოქსი მართალია, რომ მისი სასამართლო პროცესი მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმა იყო, მისი გადაცემა საერთოდ არ უნდა მომხდარიყო პატიმართა გადაცემის შესახებ შეთანხმების თანახმად და უნდა დაეტოვებინათ ტაილანდის ციხეში. მისი ხელმეორედ გასამართლებისთვის გაერთიანებულ სამეფოში არანაირი სამართლებრივი დებულება არ არსებობს. ბ-ნ უილკოქსმა შეიძლება სარგებელი მიიღო იმით, რაც მან უნდა დაამტკიცოს, რომ იყო გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების სიფხიზლის ნაკლებობა და თუ ეს ასეა, სხვებს ამის გაკეთება არ მოუწევთ. მისი საჩივრები, თუკი იგი მართალია, სადაც გამოკვეთილია პატიმართა გადაცემის შესახებ შეთანხმების შესაბამისად გადაცემის უფლებამოსილების შეზღუდვები და თავის გათავისუფლების მიღწევის მიზნით მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც სხვებს სიცოცხლისთვისთვის საშიშ მდგომარეობაში აგდებდა, ვერ შეასუსტებს კანონს. თუმცა ამან შეიძლება ხელი შეუწყოს მის ფრთხილ გამოყენებას.”
13. რაც შეეხება იმას, მომჩივნის საქმეში ითქვა თუ არა აშკარა უარი მართლმსაჯულების განხორციელებაზე, მოსამართლემ აღნიშნა, რომ არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით გონივრულად დასაბუთებადი იყო, რომ ნარკოტიკები მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის იყო გამიზნული. მან განიხილა პრეზუმფციის ხასიათი და შედეგი და დაადგინა, რომ ეს იყო „ძალიან მნიშვნელოვანი ურყევი პრეზუმფცია გავრცელებულ საკითხზე ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეებში“, რაც საგრძნობლად ზრდიდა სასჯელის ვადას. თუმცა იგი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მიუხედავად უდანაშაულობის პრეზუმფციის მნიშვნელოვნად უგულებელყოფისა, ტაილანდის სასამართლო პროცესს ვერ დაერქმეოდა საქმის სამართლიანი განხილვის უფლების სრული უარყოფა ან გაუქმება. მან აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესი წარიმართა ღიად, ორი დამოუკიდებელი მოსამართლის წინაშე; რომ პირველი მომჩივანი პროცესს ესწრებოდა და კანონიერი წარმომადგენელიც ჰყავდა; რომ იგი გაამართლეს რამდენიმე ძალიან მძიმე დანაშაულში; რომ სასამართლომ განიხილა მტკიცებულებები, რაც ადასტურებდა, მის მიერ ნარკოტიკების შენახვას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტზე არავის უდავია; რომ განაჩენის გამოტანის შიდა პროცედურები დაცული იყო და თავის დამნაშავედ ცნობისთვის სასჯელის მნიშვნელოვნად შემსუბუქება იქნა დაშვებული; და რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
14. შეეხო რა ტაილანდის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას „ურყევი პრეზუმფციის“ უდანაშაულობის პრეზუმფციასთან თავსებადობაზე (იხილეთ ქვემოთ პარაგრაფები 41-42), მოსამართლემ აღნიშნა, რომ „ურყევი პრეზუმფციის“ დასაბუთება იყო ის, რომ ტაილანდის სასამართლოებს, რეალურად, განაჩენი გამოჰქონდათ ნარკოტიკების ოდენობის მიხედვით. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტაილანდი ნარკოტიკების მძიმე პრობლემის წინაშე იდგა და რომ გაერთიანებული სამეფოს სასამართლოებს ნაჩქარევად არ უნდა შეეფასებინათ, თუ როგორ ცდილობდნენ კონვენციის არახელშემკვრელი სახელმწიფოები თავიანთი მნიშვნელოვანი პრობლემების აღმოფხვრას.
15. უარყო რა სასამართლო პროცესთან დაკავშირებული საჩივარი მე-5 მუხლთან მიმართებაში, მოსამართლემ დაასკვნა:
“51. საჭიროა სასამართლო პროცესის საერთო სურათის შეფასება. ჩემი დასკვნით, ეს აშკარად იყო სამართლიანი სასამართლო პროცესი, რომელიც ითვალისწინებდა ნარკოტიკების შესახებ ადგილობრივი კანონმდებლობით დადგენილ შეზღუდვას ერთ, თუმცა მნიშვნელოვან, ელემენტთან დაკავშირებით. ამ შეზღუდვამ შელახა უფლება, თუმცა მისი ბოლომდე გაუქმება ან უარყოფა არ მომხდარა - ჩემი აზრით, მსგავს რამესაც კი არ ჰქონია ადგილი...”
16. მოსამართლე, ბ-ნი დევისი, დაეთანხმა, რომ საჩივარი უარყოფილი უნდა ყოფილიყო. „ურყევ პრეზუმფციასთან“ დაკავშირებით მან განაცხადა:
“91. ... გეთანხმებით, რომ ევროპული სამართლის სტანდარტებით, სრულიად შესაძლებელია, სადავო იყოს გასაღების გაზრახვის შესახებ ურყევი (არა მერყევი) პრეზუმფცია. მაგრამ ტაილანდის შესაბამისი ნორმატიული დებულება ტაილანდის საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილეს და ამ სასამართლომ იგი კონსტიტუციურად ცნო, ტაილანდში გამოყენებად უდანაშაულობის პრეზუმფციასთან შეუთავსებლად მას იგი არ მიუჩნევია. არ ვთვლი, რომ გაერთიანებული სამეფოს სასამართლოებმა უნდა დაადგინონ და ჩაანაცვლონ თავიანთი მოსაზრებები ამ საკითზე. გარდა ამისა, როგორც ტაილანდის საკონსტიტუციო სასამართლომაც აღნიშნა, არსებული რეალობაა, რომ ასეთი პრეზუმფცია პრაქტიკული შედეგისთვის არსებობს, რომ, მსჯავრდების შემთხვევაში, საბოლოო სასჯელი ბევრად გაიზარდოს. ეს ასახავს იმ შემაკავებელ მიდგომას, რომელიც ტაილანდის კანონმდებლობას აქვს ტაილანდში ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად.
92. გარდა ამისა, ბ-ნ უილკოქსს ტაილანდში, უდავოდ, ჰქონდა ის, რასაც ნამდვილად შეიძლება ეწოდოს სათანადო სასამართლო პროცესი. მას ჰყავდა კანონიერი წარმომადგენელი; მტკიცებულება მიღებული და შეფასებული იყო; სასამართლომ გამოიყენა უდანაშაულობის პრეზუმფცია; და, ფაქტობრივად, სრულიად დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ, მტკიცებულების მიღების შემდეგ, დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ ვერ დაამტკიცა ბევრად უფრო მძიმე ბრალდება, რაც ბ-ნ უილკოქსს ჰქონდა წაყენებული და რაშიც მასთან ერთად დაცვის ქვეშ მყოფი სხვა პირი იქნა მსჯავდებული. ამდენად, ბ-ნი უილკოქსი, თავის დამნაშავედ ცნობის გამო, უფრო მსუბუქი ბრალდებით გაასამართლეს და განაჩენი გამოუტანეს სათანადო პროცედურის დაცვით; და სასჯელი ტაილანდის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იყო ...”
(ii) თავის დამნაშავედ ცნობის შედეგი
17. პირველი მომჩივანი ასევე ამტკიცებდა, რომ თავის დამნაშავედ ცნობის გათვალისწინებით, მისი განგრძობადი პატიმრობა თვითნებური იყო. იგი ამტკიცებდა, რომ თავი უდანაშაულოდ რომ ეცნო, სამუდამო პატიმრობას მიიღებდა და, გადაცემის შემთხვევაში, მინიმალურ ვადას უმაღლესი სასამართლო დაადგენდა (იხილეთ ქვემოთ პარაგრაფი 63). მინიმალური ვადის დადგენისას უმაღლესი სასამართლო გაითვალისწინებდა ბრიტანულ კონტექსტს და, ამდენად, იგი ტაილანდში განსაზღვრული სასჯელის მინიმალურ ვადაზე გაცილებით მოკლე მინიმალური ვადას დაადგენდა. მოსამართლე უზლიმ დაადგინა:
“54. ეს არგუმენტი არაფერს ნიშნავს. თავის უდანაშაულოდ ცნობის შემდეგ მისთვის რომ სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ და არა – სიკვდილით დასჯა, მას მოუწევდა მინიმუმ 8 წელი მოეხადა ტაილანდში, სანამ მის გადაცემას განიხილავდნენ, და არა – 4, რაც მან რეალურად მოიხადა. გაერთიანებულ სამეფოში მას პირობითი გათავისუფლება შეეხებოდა. სამუდამო პატიმრობის მიზანია, გათავისუფლების შემდეგაც ჰქონდეს პირზე ზეგავლენის ძალა და მის პატიმრობაში დაბრუნების საფრთხეს შეიცავდეს, რაც სხვა შემთხვევაში არ იარსებებდა. იგი უნდა ჩაითვალოს, პრინციპში, სასჯელის უფრო მკაცრ ფორმად. შედეგებს შორის ასეთი განსხვავების მიზეზი ტაილანდის სასამართლოს თვითნებური მოქმედება კი არ არის, არამედ – მომჩივნის შუამდგომლობის მიმართ ტაილანდის კანონმდებლობის გამოყენება და მისი ურთიერთქმედება პატიმრის გადაცემისას გაერთიანებული სამეფოში სასჯელის მისჯის პრაქტიკასთან.”
18. ამგვარად, მან დაასკვნა, რომ პატიმრის გადაცემის შემდეგ სასჯელის აღსრულება ბრიტანული სასამართლოების მიერ არ იყო თვითნებური.
19. მოსამართლე დევისმა დამატებით აღნიშნა:
“94. ... ტაილანდში სამუდამო პატიმრობა – ზოგადად რომ ითქვას და ექვემდებარება რა ამნისტიას ან შეწყალებას – პირდაპირი მნიშვნელობით სამუდამო პატიმრობაა. სავარაუდო თვითნებობა შეიძლება მომდინარეობდეს მხოლოდ იმის გამო, რომ ინგლისურ სამართალში სატარიფო სისტემაა დაწესებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ერთმნიშვნელოვანი არ არის, რომ ტაილანდის ხელისუფლება დათანხმდებოდა ბ-ნი უილკოქსის, როგორც სამუდამო პატიმრის, გადაცემაზე; ნებისმიერ შემთხვევაში, მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ ტაილანდი მოითხოვს, ასეთმა პატიმარმა, სულ მცირე, 8 წელი გაატაროს ტაილანდის ციხეში, რომ მისი რეპატრიაციის საკითხი უბრალოდ განსახილველად დადგეს. მტკიცებულებები ასევე ცხადყოფს, რომ, პრაქტიკულად, საერთო ამნისტიის ან შეწყალების ხარჯზე, რაც ხშირად გამოიცემა ტაილანდში, სამუდამო პატიმრობა ხშირად ვადიანი პატიმრობით იცვლება.”
(iii) სასჯელის „გადაჭარბებული არაპროპორციულობა“
20. დასასრულ, მოსამართლე უზლი შეეხო პირველი მომჩივნის არგუმენტს, რომ შეფარდებული სასჯელი, გადაჭარბებული არაპროპორციულობის გამო, მე-3 მუხლის დარღვევას წარმოადგენდა. მან აღნიშნა, რომ პირველი მომჩივნისთვის გაერთიანებულ სამეფოში რომ გამოეტანათ განაჩენი ჰეროინისა და ექსტაზის შესაბამისი ოდენობის მხოლოდ შენახვისთვის, მისი სასჯელი ვერ გადააჭარბებდა მაქსიმალურ ვადას - შვიდ წელს (იხილეთ ქვემოთ პარაგრაფი 46) და, არსებითად, ამაზე უფრო ნაკლებიც იქნებოდა. პირველი მომჩივანი ნარკოტიკების ასეთი ოდენობის გასაღების მიზნით შენახვისთვისაც რომ გაესამართლებინათ გაერთიანებულ სამეფოში, რაც იმ დანაშაულის ტოლფასი იქნებოდა, რისთვისაც იგი იქნა მსჯავრდებული, სასჯელი ექვს წელს არ გადააჭარბებდა, სხვა მსგავს საქმეებზე გამოტანილი განაჩენების გათვალისწინებით (თუმცა ეს დანაშაული მაქსიმალურ სასჯელად სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებდა). მან ასევე აღნიშნა:
“60. ... ჩემი აზრით, მნიშვნელობა არა აქვს იმის განხილვას, სასჯელის განსაზღვრული ვადა არის ან შეიძლება იყოს თუ არა იმდენად არაპროპორციული, რომ მხოლოდ მისი ხანგრძლივობის საფუძველზე მე-3 მუხლს არღვევდეს. ამის მიზეზია ის, რომ ყოველთვის იარსებებს სხვა ფაქტორები, რომლებიც გადაწყვეტილებაზე გავლენას მოახდენს. ამაში შედის დანაშაულის ხასიათი, სასჯელის განსაზღვრის სისტემის დასაბუთებული ახსნა, ასევე, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული მეთოდი და დამნაშავის პირადი გარემოებები.”
21. მოსამართლემ აღნიშნა, რომ პირველმა მომჩივანმა წარადგინა მტკიცებულება, რომელიც, თუკი მიიღებდნენ, ცხადყოფდა, რომ იგი საპატიმროში ძალიან მკაცრ და დამამცირებელ პირობებში იმყოფებოდა და, შესაძლოა, დაირღვა მე-3 მუხლის სტანდარტები. მან ასევე აღნიშნა:
“64. ... ბ-ნი უილკოქსის წარმატება შეიძლება დიდი ზიანის მომტანი აღმოჩნდეს სხვა პატიმრების ინტერესებისთვის, რომლებიც მის მიერ აღწერილის მსგავს გარემოებებში იტანჯებიან და არა მხოლოდ ტაილანდში. ... იუსტიციის სამინისტროს უფროსმა მენეჯერმა მისცა ჩვენება, რომ პატიმართა გადაცემის შესახებ შეთანხმების შესაბამისად, 1991 წლიდან 33 პატიმარი გადაიყვანეს ტაილანდიდან, უმეტესი მათგანი ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს, რომელიც მერყეობდა 50 წლამდე. არ უნდა ვივარაუდოთ, რომ ტაილანდი ინდიფერენტული იქნება გაერთიანებულ სამეფოში გადაყვანის შემდეგ ვინმეს პატიმრობიდან გათავისუფლებისადმი იმ მოტივით, რომ გამოტანილი სასჯელი მეტად არაპროპორციულად ჩაითვალა. ტაილანდი არ დათანხმდა და არც დათანხმდებოდა, რომ ტაილანდის სასამართლოს განაჩენი გაერთიანებული სამეფოს სასამართლოს საკუთარით შეეცვალა. ტაილანდი უარს ამბობდა ორმხრივი შეთანხმების დადებაზე ნიდერლანდებთან, სანამ მან არ შეწყვიტა ‘განაჩენის შეცვლის’ პრაქტიკა. ჩემი აზრით, გაერთიანებული სამეფოს პატიოსნება შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს პატიმართა გადაცემის შესახებ შეთანხმების და იმის გათვალისწინებით, რაც გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ განაცხადა პატიმრის გადაცემის დროს; და ამის გამო, სხვა პატიმრების გადაცემა შეიძლება შეჩერდეს ან შეფერხდეს.”
22. მოსამართლემ ასევე აღნიშნა, რომ სხვა სახელმწიფოების პოზიციაზე, რომლებთანაც გაერთიანებულ სამეფოს პატიმართა გადაცემის შესახებ ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმება ჰქონდა დადებული, შეიძლება გავლენა მოეხდინა იმას, თუ როგორ უდგებოდა გაერთიანებული სამეფო გადმოცემული პატიმრების საქმეებს. ამდენად, მას მიაჩნდა, რომ თუ პირველი მომჩივანი მართალი იყო, რომ სასჯელი შეიძლება იმდენად არაპროპორციული ყოფილიყო, რომ მისი განგრძობადი აღსრულება გაერთიანებულ სამეფოში მე-3 მუხლის დარღვევას წარმოადგენდა, მაშინ გაერთიანებული სამეფო ვალდებული იქნებოდა, უარი ეთქვა პატიმრის გადმოცემაზე იმ საფუძვლით, რომ პატიმრის გადაცემის შესახებ შეთანხმების დაღვევისთვის თავი აერიდებინა. იმის გადასაწყვეტად, დაეშვათ თუ არა გადაცემის შესახებ შუამდგომლობა, პროპორციულობის შეფასება გადაცემამდე უნდა გაკეთებულიყო. მოსამართლემ აღნიშნა:
“66. ... ეს იმას ნიშნავს, რომ ნაკლები პატიმარი იქნება გადმოცემული, რამდენიც არ უნდა გააპროტესტონ მათ, რომ თანახმა არიან იმ პირობებით გადაცემაზე, რომლებიც პატიმართა გადაცემის შესახებ შეთანხმებითაა განსაზღვრული. ამან შეიძლება გამოიწვიოს გაერთიანებული სამეფოს მხრიდან თავდაცვითი გადაწყვეტილებების მიღება იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება იქნეს გადმოცემული, რომ დაცული იყოს პატიმართა გადაცემის შესახებ შეთანხმების დადგენილი ფორმით გამოყენების ინტერესები. ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ პატიმრებმა თქვან რაიმე ისეთი, რამაც შეიძლება მათი გადაცემა შეაფერხოს, ყოველ შემთხვევაში, დაბრუნებამდე მაინც. მაგრამ დაბრუნებამდე მათი დროებითი სიმშვიდე მხოლოდ გადაავადებდა პრობლემას, რაც ამით შეექმნებოდა პატიმართა გადაცემის შესახებ შეთანხმებას, საფუძველს შეურყევდა რა კეთილსინდისიერების პრინციპს, რომელიც აუცილებელია მისი ეფექტიანი და სასარგებლო მოქმედებისთვის. ბ-ნი უილკოქსი, თუ მისი არგუმენტები მართალია, სარგებელს მიიღებდა სამართლებრივი სიცხადის ნაკლებობით, რაც მის არგუმენტებს დასჭირდებოდა, რომ მომავალში სხვა ადამიანებზეც გავრცელებულიყო. ამგვარად, აქ არის მნიშვნელოვანი დილემა, რომელიც [მომჩივნის] არგუმენტების თავად პრინციპმა წარმოშვა ...”
23. მოსამართლემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პატიმართა გადაცემის შესახებ შეთანხმება, მთლიანობაში, შედგენილი იყო გადაცემის შემთხვევაში გადამცემი სასამართლოს განსაზღვრული სასჯელის აღსასრულებლად და არა – სასამართლო პროცესის ხელახლა გავლისა და სასჯელის ხელახლა განსასაზღვრად, ამჯერად მიმღები ქვეყნის ღირებულებებისა და შეფასებების გათვალისწინებით. მას მიაჩნდა, რომ პატიმრის გადაცემის შემდეგ გაერთიანებულ სამეფოს განაჩენისთვის რომ გადაეხედა, ეს იქნებოდა ის, რის გაკეთებასაც პატიმართა გადაცემის შესახებ შეთანხმება უარყოფდა და შეთანხმების იმგვარი ინტერპრეტაცია კი, რომ იგი ასეთ უფლებამოსილებას ითვალისწინებდა, მისი დებულებების არასწორი განმარტება იქნებოდა. მან ასევე აღნიშნა:
“69. ამ დილემის გადაჭრის გზა იოლად ვერ მოიძებნება ვერც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოკლე, დაუსაბუთებელ, ზედაპირულ გადაწყვეტილებაში საქმეზე დროზდი და იანუსეკი [1992 წლის 26 ივნისი, სერია A №240], რომელიც მიმღები ქვეყნისგან მოითხოვს, არ ითანამშრომლოს პატიმართა გადაცემასთან დაკავშირებით. აქ წამოჭრილი პრობლემა მის წინაშე არ დამდგარა. მას არ მოუწია იმ საკითზე მსჯელობა, რომ, მისი არგუმენტების თანახმად, მომჩივანი უნდა დარჩენილიყო პატიმრობაში, თანაც იმაზე ბევრად უფრო უარეს პირობებში, ვიდრე ის იყო გადაცემის დროს. მას არ მოუწია, ემსჯელა არც იმ პრობლემაზე, რომ მომჩინვის მიერ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის წარმატებული დარწმუნების შედეგი, რომ მთავრობას ტაილანდთან ეთანამშრომლა მის სასარგებლოდ და იმგვარად, რაზეც ახლა თავად ჩივის, არის ის, რომ სხვა პირებს, შესაძლოა, მოუწიოთ მძიმე პირობებში დარჩენა ტაილანდში და სხვა ქვეყნებში სასამართლო პროცესების შემდეგ ისეთი ვადით და ისეთ პირობებში, რამაც შეიძლება დაარღვიოს თავად ის პრინციპები, რომელთაც იგი მის სასარგებლოდ საკუთარ არგუმენტებში ეყრდნობა. თუ ბ-ნი უილკოქსის არგუმენტი სწორია, იგი მოითხოვს იმ მტკიცების გაზიარებას, რომ იგი ისევ ტაილანდის ციხეში უნდა იყოს და, ახლა, როცა გაერთიანებული სამეფოს მთავრობისთვის ცნობილია მის საქმეში არსებული ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების შესახებ, ანალოგიურ პოზიციაში მყოფი სხვა ადამიანებიც იქ უნდა დარჩნენ, რომ გაერთიანებულ სამეფოში მათი ადამიანის უფლებები არ დაირღვეს. ამგვარად, მოცემულ გარემოებებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომის გამოყენებას, შესაძლოა, იმის სრულიად საპირისპირო შედეგი გამოეღო, რის მიღწევასაც ევროპული სასამართლო ეცადა საქმეში დროზდი და იანუსეკი. მას არ მოუწია მსჯელობა იმაზე, თუ თანამშრომლობაზე უარის თქმის ვალდებულების შესახებ მის ზედაპირულ მოსაზრებას როგორ შეიძლება დაევალდებულებინა გაერთიანებული სამეფო, უგულებელეყო მის მიერ დადებული საერთაშორისო შეთანხმებების მიზანი იმისთვის, რომ, სავარაუდოდ, მომჩივნის პატიმრობის ვადა მცირედით შეცვლილიყო, სანამ გადამცემი სახელმწიფოები, მათი უფლებამოსილების შესაბამისად, უარს არ განაცხადებდნენ შემდგომ თანამშრომლობაზე პატიმართა გადაცემის შესახებ შეთანხმების ფარგლებში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ვერ წარმოიდგენდა, რომ თანამშრომლობაზე უარის თქმის ვალდებულება ნიშნავს, რომ პატიმართა გადაცემაზე შეთანხმება ერთი საფუძვლით უნდა მოხდეს და შემდეგ სხვა საფუძვლით განხორციელდეს, რაც შუამდგომლობის წარმდგენი სახელმწიფოს კეთილსინდისიერებას ეჭვქვეშ დააყენებდა. ეს ძალიან რეალური პრობლემები მის წინაშე უბრალოდ არ იდგა და, შესაბამისად, გასაგებია, რომ მათზე მსჯელობა არ ყოფილა.”
24. მოსამართლემ დაასკვნა, რომ, ფაქტობრივად, გაერთიანებული სამეფოს მიერ პირველი მომჩივნისადმი მოპყრობა მე-3 მუხლის მიზნებისთვის იყო არა სასჯელის განსაზღვრა, არამედ გადაცემა, რაზეც პირველი მომჩივანი დათანხმდა, რომ ტაილანდში მისჯილი სასჯელის მოხდა გაერთიანებულ სამეფოში გაეგრძელებინა. ამგვარად, მოსამართლემ დაადგინა, რომ სადავო სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, რამაც მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევის საკითხი წამოჭრა, იყო იმ გადაცემის შესახებ შუამდგომლობის საპასუხო ქმედება, რომლის აუცილებელი შედეგიც სასჯელის განგრძობადი აღსრულება იქნებოდა. მან ასევე აღნიშნა:
“70. ... არარელევანტურია იმის კითხვა, იქნებოდა თუ არა ეს სასჯელი იმდენად არაპროპორციული, რომ მე-3 მუხლი დაერღვია. ბ-ნ უილკოქსს ჰქონდა არჩევანი, სად მოეხადა სასჯელი, ტაილანდში თუ გაერთიანებულ სამეფოში. მან აირჩია, სასჯელი გაერთიანებულ სამეფოში მოეხადა იმ სარგებლის გამო, რასაც იცოდა, რომ ეს არჩევანი მოუტანდა და ამის საფუძველზე თანხმობა განაცხადა გადაცემაზე. მან იცოდა, რომ ეს სარგებელი სასჯელის გადახედვას არ ითვალისწინებდა. ‘გადაჭარბებული არაპროპორციულობის’ ცნება სასჯელთან დაკავშირებით მე-3 მუხლის მონაცვლე ფორმულირებას არ წარმოადგენს, არამედ იმის ილუსტრაციას, თუ რას შეიძლება იგი მოიცავდეს; ხოლო საფუძვლად დადებული მოპყრობა კი უნდა იყოს სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი. ვერ დავეთანხმები იმას, რომ ამ ჰუმანური დებულების გამოყენება, რითიც მომჩივანმა ისარგებლა საკუთარი, სრულიად ინფორმირებული არჩევანის მეშვეობით, შეიძლება აღიწეროს, ან შეიძლება იწვევდეს მოპყრობას, რომელიც არის სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი. სასჯელის განგრძობადი აღსრულება პატიმრის გადაცემის შემთხვევაში, უბრალოდ, არ წარმოადგენს მე-3 მუხლის დარღვევას, რამდენად არაპროპორციულიც არ უნდა იყოს სასჯელი გაერთიანებული სამეფოს თვალში, ან რამდენად თვითნებურიც არ უნდა ყოფილიყო იგი.”
25. ამ გარემოებებში, გაერთიანებულ სამეფოს არ მოეთხოვებოდა, პატიმრის გადაცემამდე განეხილა, იყო თუ არა გადამცემი სახელმწიფოს სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი იმდენად არაპროპორციული, რომ მისი აღსრულებით მე-3 მუხლი დაირღვეოდა.
26. რაც შეეხება პირველი მომჩივნის არგუმენტს, რომ მისი თანხმობა ნებაყოფლობითი არ ყოფილა და იგი მხედველობაში არ უნდა მიეღოთ, მოსამართლემ აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ მყოფი, გადაცემის მოსურნე პატიმრებისთვის ყოველთვის იარსებებდა რაიმე სახის რთული გარემოებები, რაც მათ თანხმობაზე გავლენას მოახდენდა; სწორედ ამიტომ სურდათ მათ გადაცემა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მე-3 მუხლით დაცული უფლებები დაირღვა რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში, საიდანაც პატიმრის გადაცემა მოხდა, არ შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ პატიმრის გადაცემაზე უარი უნდა თქმულიყო იმ საფუძვლით, რომ პატიმრის თანხმობა სათანადოდ გაცემული ვერ იქნებოდა. სასამართლოს რომ დაედგინა, რომ პირველი მომჩივნის თანხმობას იურიდიული ძალა არ გააჩნდა საპატიმროში არსებული პირობების გამო, იგივე გავრცელდებოდა ტაილანდში ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა ბრიტანელ პატიმრებზეც, ვინც, შესაბამისად, ვერასდროს განაცხადებდნენ სათანადო თანხმობას. დასკვნის სახით მან აღნიშნა:
“74. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისპრუდენციაში არაფერი მოითხოვს იმას, რომ საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებიც დადებულია სასარგებლო მიზნებისთვის და კონკრეტული ადამიანის სასარგებლოდ მოქმედებს, ამგვარად დაირღვეს, მე-3 მუხლის დარღვევად მათ დახასიათებაზე რომ არაფერი ითქვას ...”
27. დასასრულ, მოსამართლემ დაადგინა: მიუხედავად იმისა, რომ სასჯელის განგრძობადი აღსრულებით, მისი ხანგრძლივობის გამო, შეიძლება მე-3 მუხლი დარღვეულიყო, პირველი მომჩივნისთვის განსაზღვრული სასჯელი დანაშაულთან მიმართებაში არ იყო იმდენად არაპროპორციული ან იმდენად თვითნებური, რომ გაერთიანებული სამეფოს მისი განგრძობადი აღსრულებით ეს მუხლი დაერღვია. მართალია, გაერთიანებული სამეფოს სასჯელთა განსაზღვრის სტანდარტებით ეს სასჯელი მკაცრი იყო, პირველ მომჩივანს დანაშაული გაერთიანებულ სამეფოში არ ჩაუდენია; მან ის ტაილანდში ჩაიდინა, სადაც ნარკოტიკების სერიოზული პრობლემა არსებობდა და სადაც მთავრობასა და საკანონმდებლო ხელისუფლებას უფლება ჰქონდათ, ეფიქრათ, რომ მკაცრი სასჯელები მართლზომიერი და აუცილებელი იყო. ამასთან დაკავშირებით მოსამართლემ აღნიშნა:
“77. ... არასწორი იქნებოდა იმ ფაქტის იგნორირება, რომ განაჩენი გაერთიანებულ სამეფოს არ გამოუტანია გაერთიანებულ სამეფოში არსებული ნარკოტიკების პრობლემის გადაჭრისას, გაერთიანებული სამეფოს ღირებულებებისა და სტანდარტების გათვალისწინებით. განაჩენი გამოიტანა სხვა სახელმწიფომ, თავისი ღირებულებების, შეხედულებების და მიზნების გათვალისწინებით, იმასთან გასამკლავებლად, რაც საერთაშორისო დონეზე აღიარებულია, როგორც უბედურება და ტაილანდისთვის, მხოლოდ ტაილანდისთვის, მისი მნიშვნელობის შესახებ მოსამართლისთვის კარგადაა ცნობილი. გადაწყვეტილება ამ ასპექტს ვერ უგულებელყოფს, როცა შეეხება იმას, რომ სასჯელი იმდენად არაპროპორციულია, რომ, გაერთიანებულ სამეფოში აღსრულების შემთხვევაში, მე-3 მუხლის დარღვევას წარმოადგენს, და ვერ წარმოაჩენს ისე, თითქოს დანაშაული მოხდა ან სასჯელი განისაზღვრა გაერთიანებულ სამეფოში. გადაჭარბებული არაპროპორციულობა დანაშაულის სიმძიმეს და დამნაშავის გარემოებებს უკავშირდება. თუ არაპროპორციულობა ამ ანალიზის გასაღებია, მისი განხილვა განყენებულად არ შეიძლება, არც ისე, თითქოს მთელ მსოფლიოს ერთი და იგივე პრობლემები აწუხებდეს ერთნაირი სიმძაფრით და ერთნაირი შეხედულებები ჰქონდეს მათ გადასაჭრელად. კიდევ უფრო აზრს მოკლებული იქნებოდა არაპროპორციულობის ხარისხზე მსჯელობა იმ დაშვებით, რომ სასჯელი გაერთიანებულ სამეფოში იქნა განსაზღვრული, როცა ეს ასე არ ყოფილა. არაპროპორციულობის განხილვისას გასათვალისწინებელია პატიმრის გადამცემ ქვეყანაში არსებული ვითარება, სხვა შემთხვევაში, ეს მიგვიყვანს არაპროპორციულობის მცდარ გაგებასთან. იმ ქვეყნის პრობლემები და შეხედულებები, სადაც დანაშაული იქნა ჩადენილი და სადაც სასჯელი იქნა განსაზღვრული, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.”
28. მოსამართლე დევისის თქმით, მნიშვნელოვანი იყო იმის გათვალისწინება, რომ ინგლისური სამართლით, მაქსიმალური სასჯელი იმ დანაშაულისთვის, რაშიც მომჩივანი იყო მსჯავრდებული, სამუდამო პატიმრობა იყო. იმის მიუხედავად, რომ, მისი აღიარებით, ინგლისის სამეფო სასამართლოში მოსალოდნელი არ იქნებოდა, მომჩივნის მიერ თავის დამნაშავედ ცნობის შემდეგ, ან თუნდაც ამ განზრახვის შემთხვევაში, მისთვის დაახლოებით ოთხ ან ხუთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდებინათ, მას მიაჩნდა, რომ პატიმრის გადაცემისას ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ სასჯელის აღსრულება მე-3 მუხლის მიზნებისთვის არ უნდა გაიგივებულიყო ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ სასჯელის სავარაუდო განსაზღვრასთან. იგი დაეთანხმა მოსამართლე უზლის, რომ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების შესაბამისი მოპყრობა მე-3 მუხლის მიზნებისთვის იყო მომჩივნის გადაცემაზე მისი თანხმობა. მან ასევე აღნიშნა:
“96. როგორც კი ამას შევხედავთ იმგვარად, როგორც, ჩემი აზრით, უნდა შევხედოთ, ბ-ნი უილკოქსის სახელით წარმოდგენილი ეს არგუმენტი გაქრება. რაც შეეხება ვადაზე ადრე გათავისუფლებას, ბ-ნმა უილკოქსმა დარჩენილი სასჯელი ინგლისური კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მოიხადოს – რაც მის სასარგებლოდ მუშაობს – სწორედ იმიტომ, რომ ამას მოითხოვს პატიმართა გადაცემის შესახებ შეთანხმება ... თუ იგი არ მოიხდის დარჩენილ სასჯელს, მაშინ პატიმართა გადაცემის შესახებ შეთანხმების პირობების გამოყენება დაირღვევა და ... პატიმართა რეპატრიაციის შესახებ 1984 წლის კანონის შემდეგ არსებული პოლიტიკა ფრუსტრაციას განიცდის, ხოლო თავად პატიმართა გადაცემის შესახებ შეთანხმება შეიძლება მალე ცარიელ დოკუმენტად იქცეს, ტაილანდში მყოფი, მომავალში რეპატრიციის იმედის მქონე სხვა პატიმრების საზიანოდ ...
97. ჩემი აზრით, თუ გავითვალისწინებთ კონტექსტს, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ბ-ნი უილკოქსისთვის განსაზღვრული ეს სასჯელი იმგვარი იყო, რომ მისი აღსრულება გაერთიანებულ სამეფოს მე-3 მუხლის დამრღვევად აქცევდა. ცხადია, რომ ტაილანდმა გადაწყვიტა, ნარკოტიკების უკანონო გამოყენებისთვის შემაკავებელი სასჯელი განსაზღვროს; სათანადოდ ჩამოყალიბებულმა სასამართლომ სათანადო სასამართლო პროცესის შემდეგ ბ-ნ უილკოქსს, ზრდასრულ ადამიანს, ტაილანდის კანონმდებლობის შესაბამისად გამოუტანა განაჩენი, რომლის კანონიერებაც ტაილანდის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა. ამასთან, იგი – რაიმე შესაძლო დიპლომატიური ინიციატივებისგან სრულიად დამოუკიდებლად – სარგებელს მიიღებს ტაილანდში პერიოდულად გამოცხადებული ამნისტიითა თუ შეწყალებით და ასევე, ინგლისური კანონმდებლობის შესაბამისად, ისარგებლებს დებულებებით ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ.”
29. 2010 წლის 3 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ დივიზიური სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ნებართვაზე უარი განაცხადა.
2. მეორე მომჩივანი
30. მეორე მომჩივანი 2005 წლის 19 მარტს დააკავეს ტაილანდში, რადგან კამბოჯა-ტაილანდის საზღვრის გადაკვეთისას თან ჰქონდა 240 აბი მეტამფეტამინი. მან თავი დამნაშავედ ცნო 240 აბი მეტამფეტამინის უკანონო იმპორტის სისხლისსამართლებრივ ბრალდებაში და ოცდაათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შემდეგ, სამეფო ამნისტიის შედეგად, სასჯელი შემცირდა და შეადგინა ოცდაექვსი წლითა და რვა თვით თავისუფლების აღკვეთა.
31. მეორე მომჩივანმა გაერთიანებულ სამეფოში გადაყვანა მოითხოვა, რომ დარჩენილი სასჯელი იქ მოეხადა. მან ასევე მოითხოვა, რომ გადაცემისას მისი სასჯელი შემცირებულიყო და იმ დანაშაულისთვის, რაშიც იყო მსჯავრდებული, გაერთიანებულ სამეფოში გამოყენებად მაქსიმალურ სასჯელს გათანაბრებოდა. მეორე მომჩივნის დანაშაულის ჩადენის პერიოდში, გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობით, მეტამფეტამინი B კლასის ნარკოტიკი იყო. ეს დანაშაული გაერთიანებულ სამეფოში რომ ჩაედინა, მეორე მომჩივნის სასჯელი მაქსიმუმ თოთხმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა იქნებოდა. 2007 წლის 18 იანვარს, ხელახალი კლასიფიკაციის შედეგად, მეტამფეტამინი გაერთიანებულ სამეფოში A კლასის ნარკოტიკი გახდა. A კლასის ნარკოტიკის იმპორტისთვის მაქსიმალური სასჯელი სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებდა (იხილეთ ქვემოთ პარაგრაფი 44).
32. 2009 წლის 24 ივლისს იუსტიციის სამინისტრომ თანხმობა განაცხადა მომჩივნის შუამდგომლობაზე, რომ გადაეყვანათ გაერთიანებულ სამეფოში დარჩენილი სასჯელის მოსახდელად. რაც შეეხება მის თხოვნას სასჯელის შემცირების შესახებ, სამინისტრომ განმარტა:
“როგორც თქვენთვის ალბათ ცნობილია, იმ პერიოდში, როცა თქვენ ტაილანდში ჩაიდინეთ დანაშაული, გაერთიანებულ სამეფოში ანალოგიურ დანაშაულს ‘B’ კლასის ნარკოტიკის იმპორტი წარმოადგენდა. როგორც ასეთი, ამისთვის მაქსიმალური სასჯელი 14 წლით თავისუფლების აღკვეთა იქნებოდა. თუმცა, გაერთიანებულ სამეფოსა და ტაილანდს შორის დადებული პატიმართა გადაცემის შესახებ შეთანხმების პირობების თანახმად, ჩვენ ვალდებული ვართ, ტაილანდის სასამართლოების მიერ თქვენთვის განსაზღვრული სასჯელი აღვასრულოთ. ინგლისური კანონმდებლობა არ მოითხოვს საზღვარგარეთ შეფარდებული სასჯელის ადაპტირებას ან შემცირებას, როცა იგი კანონით დადგენილ მაქსიმალურ სასჯელს აჭარბებს, სადაც ამგვარ ცვლილებას შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმება არ ითვალისწინებს.”
33. მეორე მომჩივანს შესაძლებლობა მიეცა, გადაცემის შესახებ მისი შუამდგომლობა უკან გაეტანა. იგი ასე არ მოიქცა და მას შემდეგ, რაც ორივე სახელმწიფო და მეორე მომჩივანი შეთანხმდნენ გადაცემაზე პატიმართა გადაცემის შესახებ შეთანხმების შესაბამისად, 2009 წლის 11 ნოემბერს იგი გაერთიანებულ სამეფოში ჩავიდა. ამჟამად მისი ვადაზე ადრე გათავისუფლების თარიღია 2020 წლის აგვისტო.
34. 2010 წლის თებერვალში მეორე მომჩივანმა პირობითი შეწყალება მოითხოვა სახელმწიფო მინისტრისგან, შეწყალების ამ უკანასკნელისთვის მინიჭებული სამეფო პრეროგატივის შესაბამისად. 2010 წლის 27 აპრილს მეორე მომჩივანმა მიიღო პასუხი, რომელშიც, inter alia, აღნიშნული იყო:
“იუსტიციის მინისტრი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მას არა აქვს პირობითი შეწყალების უფლებამოსილება ტაილანდთან დადებული საერთაშორისო შეთანხმების თანახმად. ამის გაკეთება აღნიშნული შეთანხმების დარღვევა იქნებოდა. ასევე იგი წინააღმდეგობაში მოვიდოდა გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკასთან, რომელიც იქ არის გამოხატული.”
35. მეორე მომჩივანმა ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების ნებართვა მოითხოვა, ამტკიცებდა რა, რომ მინისტრმა შეწყალების სამეფო პრეროგატივის შესახებ თავისი უფლებამოსილებები არასწორად განმარტა და რომ მეორე მომჩივნისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული მასალები. 2011 წლის 17 ნოემბერს მას ნებართვაზე უარი ეთქვა. 2012 წლის 2 მარტს უარი ეთქვა მეორე მომჩივნის შუამდგომლობას უზენაესი სასამართლოს წინაშე ფართო საზოგადოებრივი მნიშვნელობის სამართლებრივი საკითხის დადასტურების შესახებ.
ბ. შესაბამისი კანონმდებლობა და პრაქტიკა
1. ტაილანდის კანონმდებლობა ნარკოტიკული დანაშაულის შესახებ
36. ტაილანდის ნარკოტიკების შესახებ 1979 წლის კანონის მე-15 მუხლი ზოგადად კრძალავს მთავრობის ნებართვის გარეშე 1-ლი კატეგორიის ნარკოტიკების წარმოებას, იმპორტს, ექსპორტს, გასაღებას ან შენახვას. ჰეროინი, მეტამფეტამინი და ექსტაზი 1-ლი კატეგორიის ნარკოტიკებია.
37. 65-ე მუხლის თანახმად, 1-ლი კატეგორიის ნარკოტიკების წარმოებისთვის, იმპორტისა და ექსპორტისთვის სასჯელი სამუდამო პატიმრობას და ჯარიმას ითვალისწინებს. თუ ეს დანაშაული გასაღების მიზნით იქნა ჩადენილი, მასზე სიკვდილით დასჯა ვრცელდება.
38. 67-ე მუხლი შეეხება 3 გრამის ან ნაკლები ოდენობის 1-ლი კატეგორიის ნარკოტიკის მხოლოდ შენახვას: იგი ერთიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს.
39. 66-ე მუხლი 1-ლი კატეგორიის ნარკოტიკების გასაღებას და გასაღების მიზნით შენახვას ეხება. როცა სუფთა ოდენობა 3 გრამზე ნაკლებია, სასჯელი ოთხიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს. 3-დან 20 გრამამდე ოდენობის შემთხვევაში ოთხი წლიდან უვადომდე თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმაა. 20 გრამზე მეტი ოდენობა სამუდამო პატიმრობას და ჯარიმას, ან სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.
40. მე-15 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, 3 გრამი ან მეტი 1-ლი კატეგორიის ნარკოტიკის წარმოება, იმპორტი, ექსპორტი ან შენახვა უნდა ჩაითვალოს წარმოებად, იმპორტად, ექსპორტად ან შენახვად გასაღების მიზნით.
41. 2001 წელს ტაილანდის საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა ამ „ურყევი პრეზუმფციის“ თავსებადობა საკონსტიტუციო დებულებასთან, რომ დანაშაულში ბრალდებული პირი უდანაშაულოდ მიიჩნეოდა და მისი დანაშაული უნდა დამტკიცებულიყო. იმ პერიოდში ეს პრეზუმფცია გამოიყენებოდა სუფთა 20 გრამის, და არა – 3 გრამის, შემთხვევაში. სასამართლომ დაასკვნა, რომ „ურყევი პრეზუმფცია“ და საკონსტიტუციო დებულება ერთამენთთან თავსებადი იყო. მან აღნიშნა, რომ კანონის მიზანი იყო:
“შესაძლებელი გახდეს ნარკოტიკების ეფექტიანი სუპრესია და კონტროლი და ნარკოტიკების შესახებ საერთაშორისო კონვენციასთან, რომლის წევრიცაა ტაილანდი, შესაბამისობის დემონსტრირება. ეს ხდება იმიტომ, რომ ნარკოტიკები დღეს საერთაშორისო შეშფოთების საგანია და იგი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ამდენად, სასჯელი ჩვეულებრივზე უფრო მკაცრი უნდა იყოს, ხოლო სადამსჯელო ღონისძიებები – აბსოლუტური.”
42. კანონმდებლობის მიზანი იყო, დაესაჯა სუფთა 20 გრამზე მეტის მფლობელები ისე, თითქოს მათი მოქმედება გასაღებას ისახავდა მიზნად. 1-ლი კატეგორიის ნარკოტიკები საზოგადოებას დიდ საფრთხეს უქმნიდა და მათი წარმოება და შენახვა არ იყო ნებადართული. რაც უფრო გაიზრდებოდა წარმოება და შენახვა, მით უფრო გაიზრდებოდა საფრთხეც. თუმცა, სასამართლომ განმარტა, რომ 1-ლი კატეგორიის ნარკოტიკების ოდენობის კანონით განსაზღვრა მხოლოდ დანაშაულის საზომს წარმოადგენდა, რასაც სასჯელი მოჰყვებოდა. კანონში განსაზღვრული იყო სასჯელი, რომელიც იზრდებოდა ნარკოტიკის ოდენობის შესაბამისად. იმის მიუხედავად, ნარკოტიკების შენახვა მოხმარებას ისახავდა მიზნად თუ გასაღებას, კანონის თანახმად, ოდენობის შესაბამისად სხვადასხვა სასჯელი განისაზღვრებოდა. აუცილებელი იყო იმის დამტკიცება, რომ პირი, ვისაც სასჯელს დააკისრებდნენ, საჭირო ოდენობას ინახავდა.
2. გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობა და პრაქტიკა ნარკოტიკული დანაშაულის შესახებ
43. ნარკოტიკების უკანონო გამოყენების შესახებ 1971 წლის კანონის („1971 წლის კანონი“) მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილი ითვალისწინებს, რომ კონტროლირებადი ნარკოტიკის იმპორტი ან ექსპორტი აკრძალულია. საბაჟო და სააქციზო მართვის შესახებ 1979 წლის კანონის („1979 წლის კანონი“) 50-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირი დამნაშავეა, თუ შემოაქვს ან დაკავშირებულია რაიმე ისეთი საქონლის შემოტანასთან, რაზეც აკრძალვაა დაწესებული.
44. 1979 წლის კანონის 50-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებისა და 1-ლი დამატების თანახმად, A კლასის ნარკოტიკის იმპორტის დანაშაული მაქსიმალურ სასჯელად სამუდამო პატიმრობასა და ჯარიმას ითვალისწინებს. B კლასის ნარკოტიკის იმპორტისთვის მაქსიმალური სასჯელია თოთხმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა.
45. 1971 წლის კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, პირის მიერ კონტროლირებადი ნარკოტიკის შენახვა ითვლება დანაშაულად, გარკვეული გამონაკლისების დაშვებით. იგი ასევე ითვალისწინებს, რომ პირი, ვინც, კანონიერად თუ უკანონოდ, კონტროლირებად ნარკოტიკს ინახავს სხვა პირზე გასაღების განზრახვით, ჩადის დანაშაულს, ისევ გარკვეული გამონაკლისების დაშვებით.
46. 1971 წლის კანონის 25-ე მუხლი და მე-4 დამატება შეეხება დამნაშავეთა დასჯას და სასჯელის განსაზღვრას. A კლასის ნარკოტიკის შენახვისთვის მაქსიმალური სასჯელია შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა. A კლასის ნარკოტიკის გასაღების მიზნით შენახვა მაქსიმალურ სასჯელად ითვალისწინებს სამუდამო პატიმრობას და ჯარიმას.
47. ჰეროინი, ექსტაზი და მეტამფეტამინი A კლასის ნარკოტიკებია. 2007 წლის 18 იანვრამდე მეტამფეტამინი B კლასის ნარკოტიკი იყო.
48. ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის სასჯელის განსაზღვრის უახლესი სახელმძღვანელო დოკუმენტი 2012 წლის თებერვალში გამოსცა სასჯელის განმსაზღვრელმა საბჭომ. სასჯელის განმსაზღვრელი სასამართლოები ვალდებული არიან, 2012 წლის 27 თებერვლის შემდეგ ნებისმიერი სასჯელის განსაზღვრისას ამ დოკუმენტით იხელმძღვანელონ, თუკი ამის გაკეთება მართლმსაჯულების ინტერესებს არ ეწინააღმდეგება. სახელმძღვანელო დოკუმენტი მოითხოვს დამნაშავის როლის შეფასებას და შესაბამისი ათვლის წერტილისა და სასჯელის ზღვარის განსასაზღვრად ითვალისწინებს ნარკოტიკების ოდენობას.
3. გაერთიანებულ სამეფოსა და ტაილანდს შორის 1990 წლის შეთანხმება დამნაშავეთა გადაცემის შესახებ და სასჯელთა აღსრულებაში თანამშრომლობის შესახებ
49. გაერთიანებულ სამეფოსა და ტაილანდს შორის პატიმართა გადაცემის შესახებ შეთანხმება 1991 წლის თებერვალში შევიდა ძალაში. დოკუმენტის შესავალში ნახსენებია მხარეთა სურვილი, გააძლიერონ თანამშრომლობის ძალისხმევა სამართალდამცავი ორგანოებისა და მართლმსაჯულების სფეროში; ითანამშრომლონ სასჯელთა აღსრულების პროცესში; და ხელი შეუწყონ დამნაშავეთა წარმატებულ რეინტეგრაციას საზოგადოებაში.
50. მე-2 მუხლი ითვალისწინებს გადამცემი ქვეყნიდან მიმღებ ქვეყანაში სასჯელმისჯილი პირების გადაყვანას, მათთვის განსაზღვრული სასჯელის მოხდის მიზნით.
51. მე-3 მუხლში მოცემულია ამ შეთანხმების მოქმედების ფარგლები. მასში განსაზღვრულია მთელი რიგი პირობები, მათ შორის, ის, რომ ქმედება, რისთვისაც სასჯელი იქნა განსაზღვრული, ორივე ქვეყანაში სისხლისსამართლებრივად დასჯადია; დამნაშავე მიმღები ქვეყნის მოქალაქეა; დადგენილი მინიმალური ვადა მოხდილია; გადაწყვეტილება საბოლოოა და არ არსებობს მიმდინარე სასამართლო პროცესები; და ორივე მონაწილე ქვეყანა და პატიმარი თანახმაა გადაცემაზე.
52. მე-5 მუხლის თანახმად, გადამცემი ქვეყანა ინარჩუნებს ექსკლუზიურ იურისდიქციას მისი სასამართლოების გადაწყვეტილებებთან, განსაზღვრულ სასჯელებთან და ამ გადაწყვეტილებებისა და სასჯელების გადასინჯვის, შეცვლის ან გაუქმების ნებისმიერ პროცედურასთან დაკავშირებით.
53. მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გადაცემის შემდეგ სასჯელის განგრძობად აღსრულებას მიმღები ქვეყნის კანონმდებლობა და პროცედურები არეგულირებს, მათ შორის, ისინი, რომლებიც არეგულირებს თავისუფლების აღკვეთის პირობებს და უზრუნველყოფს თავისუფლების აღკვეთის ვადის შემცირებას პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების, პირობითი გათავისუფლების, სასჯელის შემსუბუქების ან სხვა გზით.
54. მე-6 მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს, რომ, მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადამცემი სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სამართლებრივი ხასიათი და ხანგრძლივობა მიმღები ქვეყნისთვის სავალდებულო ძალის მქონეა.
55. მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, არც ერთი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით არ უნდა აღსრულდეს მიმღები ქვეყნის მიერ იმგვარად, რომ გადააჭარბოს გადამცემი ქვეყნის სასამართლოს განაჩენში მითითებულ ვადას. იგი ითვალისწინებს, რომ აღსრულება, „რამდენადაც შესაძლებელია“, უნდა შეესაბამებოდეს გადამცემ ქვეყანაში განსაზღვრულ სასჯელს.
56. მე-6 მუხლის მე-6 ნაწილი მოითხოვს, რომ მიმღებმა ქვეყანამ გადამცემ ქვეყანას აცნობოს პირობითი გათავისუფლების მინიჭების, სასჯელის სრულად მოხდის ან გაქცევის შესახებ.
4. გადაცემის პროცედურა
57. პატიმართა რეპატრიაციის შესახებ 1984 წლის კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილი ითვალისწინებს, რომ, 1-ლი მუხლის სხვა დებულებების შესაბამისად, სახელმწიფო მინისტრმა უნდა გამოსცეს ორდერი პატიმრის გადაცემის შესახებ გაერთიანებულ სამეფოში, სადაც გადაყვანაზე, პატიმართა გადაცემის შესახებ შეთანხმების თანახმად, განსახილველმა ქვეყნებმა და ამ პატიმარმა (საჭიროების შემთხვევაში) თანხმობა განაცხადეს.
58. 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილი სახელმწიფო მინისტრს უკრძალავს ორდერის გაცემას იმ შემთხვევაში, როცა, მისი აზრით, პატიმრის გადაცემა მიუღებელია.
59. 1-ლი მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო მინისტრმა არ უნდა გასცეს ორდერი, თუ იგი არ დარწმუნდება, რომ ყველა გონივრული ნაბიჯი გადაიდგა პატიმრის წერილობით, თავის მშობლიურ ენაზე ინფორმირებისთვის:
“(ა) საერთაშორისო შეთანხმებების არსის შესახებ, რამდენადაც იგი რელევანტურია პატიმრის საქმისთვის, რომელთა შესაბამისადაც მისი გადაცემის წინადადება იქნა შეთავაზებული,
(ბ) პატიმართან მიმართებაში ორდერის მოქმედების ძალის შესახებ, რომლის გამოცემაც შეთავაზებული იქნა მასთან დაკაშირებით, ამ კანონის შესაბამისად,
(გ) ..., პატიმართან მიმართებაში იმ კანონის მნიშვნელობის შესახებ, რომელიც ამ ორდერის შესაბამისად მის პატიმრობას შეეხება (მათ შორის, ნებისმიერი იმ სამართლებრივი აქტის ან დოკუმენტის მნიშვნელობის შესახებ, რომლის შესაბამისადაც იგი შესაძლოა ორდერით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე განთავისუფლდეს),
...
(ე) შესაბამისი მინისტრის უფლებამოსილებების შესახებ, ამ კანონის მე-6 მუხლის თანახმად [ორდერების გაუქმება];”
60. 1984 წლის კანონის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ორდერის მოქმედების მიზანია პატიმრის გაერთიანებულ სამეფოში გადაყვანა და მისი პატიმრობის შესაბამისობა საერთაშორისო შეთანხმებების ასამოქმედებლად საჭირო დებულებებთან, რომელთა შესაბამისადაც მოხდა პატიმრის გადაცემა.
61. მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, იმის განსაზღვრისას, თუ რომელი დებულებებია შესაბამისი, სახელმწიფო მინისტრმა, პატიმრის გადაცემის შესახებ შეთანხმების მოქმედების ფარგლებში, მხედველობაში უნდა მიიღოს ორდერში არსებული იმ დებულებების დაუშვებლობა, რომლებიც, inter alia,
“(ა) აჭარბებს იმ მაქსიმალურ სასჯელს (თუკი ასეთი არსებობს), რაც შეიძლება განესაზღვროს პირს, ვინც, გაერთიანებული სამეფოს იმ ნაწილში, სადაც იგი უნდა დააპატიმრონ, ჩადის დანაშაულს, რომელიც შეესაბამება იმ დანაშაულს, რისთვისაც ეს პატიმარი დაპატიმრებული უნდა იქნას იმ ქვეყანაში, ... საიდანაც იგი უნდა გადაიყვანონ; ...”
62. 1984 წლის კანონის მე-6 მუხლი სახელმწიფო მინისტრს უფლებას ანიჭებს, გააუქმოს ძველი და გამოსცეს ახალი ორდერი, როგორც კი შესაფერისად მიიჩნევს პატიმართა გადაცემის შესახებ შესაბამისი შეთანხმების ამოქმედებას, ან იმ შემთხვევაში, რომელიც 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილშია განსაზღვრული (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 58).
63. სისხლის სამართლის მართლმსაჯულების შესახებ 2003 წლის კანონის („2003 წლის კანონი“) 273-ე მუხლის თანახმად, როცა სამუდამო პატიმარი გადაყვანილია გაერთიანებილ სამეფოში 1984 წლის კანონის ფარგლებში გაცემული ორდერის შესაბამისად, სახელმწიფო მინისტრმა მისი საქმე უმაღლეს სასამართლოს უნდა გადასცეს იმ მინიმალური ვადის განსასაზღვრად, რისი მოხდის შემდეგაც პატიმარს პირობითი გათავისუფლების უფლება მიენიჭება.
საჩივრები
64. ორივე მომჩივანი ჩიოდა კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებით, რომ მათი სასჯელები ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებაში მეტად არაპროპორციული იყო.
65. ორივე მომჩივანი ასევე ჩიოდა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლ ნაწილთან დაკავშირებით, რომ მათი განგრძობადი პატიმრობა გაერთიანებულ სამეფოში თვითნებური იყო, რადგან თავის დამნაშავედ ცნობის გამო მათ, რეალურად, პატიმრობა უფრო ხანგრძლივი ვადით შეეფარდათ, ვიდრე ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თავი რომ უდანაშაულოდ ეცნოთ.
66. და ბოლოს, პირველი მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მის საქმეში ტაილანდის კანონმდებლობით განსაზღვრული „ურყევი პრეზუმფციის“ გამოყენების შედეგად, მისი სასამართლო პროცესი აშკარად უსამართლო იყო და, ამდენად, მისი განგრძობადი პატიმრობა – თვითნებური და უკანონო, მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად.
სამართალი
ა. საჩივრების გაერთიანება
67. მსგავსი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ ეს ორი საჩივარი უნდა გაერთიანდეს, სასამართლოს რეგლამენტის 42-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად.
ბ. მეორე მომჩივნის შესაბამისობა 35-ე მუხლის 1-ლ ნაწილთან
68. სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ მეორე მომჩივანი გაერთიანებულ სამეფოში 2009 წლის 11 ნოემბერს იქნა გადაყვანილი. მას არ გაუსაჩივრებია სახელმწიფო მინისტრის მიერ გაცემული ორდერი, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში მისი განგრძობადი პატიმრობის უფლებას ითვალისწინებდა. სამაგიეროდ, მან სასამართლოს მიმართა, გადაესინჯა მინისტრის უფრო გვიანდელი, 2010 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მას უარი ეთქვა პირობით შეწყალებაზე. ევროპულ სასამართლოში მან საჩივარი შემოიტანა ფართო საზოგადოებრივი მნიშვნელობის სამართლებრივი საკითხის დადასტურების შესახებ საჩივარზე 2012 წლის 2 მარტს უარის მიღებიდან ექვსი თვის ვადაში. სასამართლო აღნიშნავას, რომ მეორე მომჩივნის შემთხვევაში დგება საკითხი, აკმაყოფილებს თუ არა იგი კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებს, რაც ითვალისწინებს შემდეგს:
“სასამართლოს შეუძლია მხოლოდ მაშინ მიიღოს საქმე განსახილველად, თუ ამოწურულია დაცვის ყველა შიდასამართლებრივი საშუალება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების გაგებით და არ არის გასული ექვს თვეზე მეტი საქმეზე შიდა საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღიდან.”
69. თუმცა, ამ საკითხის განხილვა სასამართლოსთვის აუცილებელი არ არის, რადგან, ნებისმიერ შემთხვევაში, მისი საჩივარი დაუშვებელია ქვემოთ მოცემული მიზეზების გამო.
გ. საჩივრები კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებით
70. მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ მათი სასჯელები მეტად არაპროპორციული იყო და რომ გაერთიანებული სამეფოს მიერ სასჯელების განგრძობადი აღსრულებით დაირღვა მათი უფლებები კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც:
“ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა დაუშვებელია.”
71. მომჩივნების მტკიცებით, დივიზიური სასამართლოს დასკვნა, რომ მხოლოდ პატიმრის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებაზე თანხმობა იყო განხილვადი მე-3 მუხლის შესაბამისად, არ იყო სწორი, რადგან განგრძობად აღსრულებასაც შეეძლო, დაერღვია ეს მუხლი. ეყრდნობოდნენ რა საქმეს ჰარკინსი და ედვარდსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, №9146/07 და №32650/07, § 133, 2012 წლის 17 იანვარი, მათ მიაჩნდათ, რომ მეტად არაპროპორციულ სასჯელს შეიძლებოდა გამოეწვია მე-3 მუხლის დარღვევა. თავისუფალი შეფასების არე მე-3 მუხლში არ არსებობდა და, შესაბამისად, მკიცედ იყო დადგენილი, რომ გარეშე მიზნები, თუნდაც მართლზომიერი ან საქებარი, გავლენას ვერ მოახდენდა მე-3 მუხლის აბსოლუტურ ხასიათზე. იმ ფაქტს, რომ სასჯელი ტაილანდში განისაზღვრა, კავშირი არა აქვს იმის შეფასებასთან, ჰქონდა თუ არა ადგილი დარღვევას: როცა სასჯელი მეტად არაპროპორციულად ჩაითვლება, მისი გამართლება შეუძლებელია სასჯელის განსაზღვრის ალტერნატიული კონტექსტისადმი პატივისცემით. გადაცემული პატიმრების კონტექსტში იგი აბსოლუტური ფორმით იყო გამოყენებადი.
72. რაც შეეხება მათ საქმეებში სასჯელთა არაპროპორციულობას, მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ მათ განესაზღვრათ ოთხ-ხუთჯერ უფრო ხანგრძლივი სასჯელები, ვიდრე, სავარაუდოდ, ეს მოხდებოდა, იმგვარივე დანაშაულებისთვის გაერთიანებულ სამეფოში რომ ყოფილიყვნენ მსჯავრდებულნი. მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ, მათ მიერ პატიმრობაში უკვე გატარებული დროის გათვალისწინებით, მათი განგრძობადი პატიმრობა აღარ ემსახურებოდა მართლზომიერ პენოლოგიურ მიზანს.
73. სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ ვინმეს მიმართ არასათანადო მოპყრობამ სისასტიკის მინიმალურ ზღვარს უნდა მიაღწიოს, რომ მე-3 მუხლის მოქმედების სფეროში მოხვდეს. ამ მინიმუმის შეფასება დამოკიდებულია საქმის ყველა გარემოებაზე, როგორიცაა ამგვარი მოპყრობის ხანგრძლივობა, მისი ფიზიკური ან ფსიქიკური შედეგები და, ზოგ შემთხვევაში, მსხვერპლის სქესი, ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა (იხილეთ ლეჟე საფრანგეთის წინააღმდეგ, №19324/02, §89, 2006 წლის 11 აპრილი; და კაფკარისი კვიპროსის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №21906/04, §95, ECHR 2008). სასამართლოს არაერთხელ ხაზგასმით აღუნიშნავს, რომ მიყენებული ტანჯვა და დამცირება უნდა აღემატებოდეს ტანჯვის ან დამცირების იმ გარდაუვალ დონეს, რომელიც მართლზომიერი მოპყრობის ან დასჯის მოცემულ ფორმას უკავშირდება. ამგვარად, თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებულ შემთხვევებში, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ პირი პატიმრობაში იმყოფებოდეს ისეთ პირობებში, რომლებიც თავსებადია ადამიანის ღირსების პატივისცემასთან და რომ ამ ზომის აღსრულების ფორმა და მეთოდები მას არ აგდებდეს ისეთ ტანჯვასა და გასაჭირში, რომელიც აღემატება ტანჯვის იმ გარდაუვალ დონეს, რაც პატიმრობისთვისაა ნიშანდობლივი (იხილეთ ზემოხსენებული კაფკარისი, §96; და კუდლა პოლონეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №30210/96, §§92 და 94, ECHR 2000‑XI).
74. მიუხედავად იმისა, რომ, პრინციპში, შესაბამისი სასჯელის განსაზღვის საკითხი კონვენციის მოქმედების სფეროში არ ხვდება, სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაჭარბებულად არაპროპორციული სასჯელი შეიძლება არასათანადო მოპყრობის ტოლფასი იყოს სასჯელის განსაზღვრის მომენტში, რაც მე-3 მუხლს ეწინააღმდეგება. თუმცა, გადაჭარბებული არაპროპორციულობა მკაცრად ფასდება და ძალიან იშვიათ და გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება ასე იქნას შეფასებული (იხილეთ ზემოხსენებული ჰარკინსი და ედვარდსი, §133). საქმეში ჰარკინსი და ედვარდსი, რომელშიც მომჩივნები ჩიოდნენ, რომ ის სახელმწიფო, რომელიც მათ ექსტრადიციას ითხოვდა, მათ მეტად არაპროპორციულ სასჯელებს განუსაზღვრავდა, სასამართლომ განმარტა, რომ გადაცემის შემთხვევაში დარღვევას ადგილი ექნებოდა, თუ მომჩივანი შეძლებდა იმის დამტკიცებას, რომ მიმღებ ქვეყანაში მას გადაჭარბებულად არაპროპორციული სასჯელის მიღების რეალური საფრთხე ემუქრებოდა. თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონვენცია არ იყო ის საშუალება, რომელიც ხელშემკვრელი სახელმწიფოებისგან მოითხოვდა, რომ კონვენციის სტანდარტები არახელშემკვრელი სახელმწიფოებისთვის სავალდებულო გაეხადათ. გასათვალისწინებელი უნდა ყოფილიყო ის ფაქტი, რომ სხვადასხვა ქვეყნებში სასჯელთა განსაზღვრის ძალიან განსხვავებული პრაქტიკები არსებობდა და რომ განსაზღვრული სასჯელის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, თუნდაც ანალოგიურ დანაშაულთათვის, ხშირად იქნებოდა ქვეყნებს შორის მართლზომიერი და გონივრული განსხვავებები. შესაბამისად, „ძალიან გამონაკლის“ შემთხვევებში შეძლებდა მომჩივანი იმის დემონსტრირებას, რომ სასჯელი, რომელიც მას შეხვდებოდა არახელშემკვრელ სახელმწიფოში, გადაჭარბებულად არაპროპორციული და, ამდენად, მე-3 მუხლთან შეუსაბამო იქნებოდა (სასამართლოს გადაწყვეტილება, §134).
75. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსხვავებული საკითხები წამოიჭრება იმ შემთხვევაში, როცა ხელშემკვრელ სახელმწიფოს ურჩევენ, უარი თქვას იმ იურისდიქციაში ექსტრადიციაზე, სადაც შეიძლება მეტად არაპროპორციული სასჯელი იქნას განსაზღვრული; და იმ შემთხვევაში, როცა იმავე სახელმწიფოს პატიმარი მიმართავს გადაცემის შესახებ შუამდგომლობით, რომ მოიხადოს უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი, რომელიც, შესაძლოა, მეტად არაპროპორციულად ჩათვლილიყო, ექსტრადიციის შესახებ ადრინდელი თხოვნის კონტექსტში რომ შეფასებულიყო. პირველ შემთხვევაში სახელმწიფოს აქვს უფლებამოსილება, პრობლემური სასჯელის განსაზღვრა თავიდან აიცილოს. მეორე შემთხვევაში სასჯელი განსაზღვრულია და შეიძლება მკაცრ და დამამცირებელ პირობებში იყოს მოსახდელი, ვადაზე ადრე გათავისუფლების შეზღუდული პირობების გათვალისწინებით. სადავო ქმედებისთვის დამახასიათებელი დამცირების ან ტანჯვის ხარისხზე მსჯელობისას აუცილებელია ალტერნატიული ვარიანტისთვის ნიშანდობლივი დამცირების ან ტანჯვის ხარისხის გათვალისწინება. სასამართლოს აზრით, პარადოქსული იქნებოდა, – და ამავე დროს, მისი იმ ვალდებულების უგულებელყოფა, რომ კონვენციით დაცული უფლებები იმგვარად განემარტა და გამოეყენებინა, რომ გარანტიები პრაქტიკული და ეფექტიანი გაეხადა და არა – თეორიული და ილუზორული (იხილეთ მრავალ სხვა წყაროს შორის ეირი ირლანდიის წინააღმდეგ, 1979 წლის 9 ოქტომბერი, §26, სერია A №32; და ჰირსი ჯამაა და სხვები იტალიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №27765/09, §175, ECHR 2012) – თუკი მე-3 მუხლით გათვალისწინებული დაცვის მექანიზმი ხელს შეუშლიდა სასჯელის მოსახდელად პატიმრების უფრო ჰუმანურ პირობებში გადაყვანას.
76. წინა პარაგრაფიდან გამომდინარე, იმის განხილვისას, ირღვევა თუ არა მე-3 მუხლი სასჯელის განგრძობადი აღსრულების კონტექსტში, პატიმართა გადაცემის შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ფოკუსი უნდა გაკეთდეს იმაზე, აღემატება თუ არა მიყენებული ტანჯვა და დამცირება ტანჯვის ან დამცირების იმ გარდაუვალ დონეს, რომელიც უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელის აღსრულებას უკავშირდება. ტანჯვის ან დამცირების ხარისხის შეფასებისას აუცილებელია, მხედველობაში იქნას მიღებული ქვეყნებში სასჯელთა განსაზღვრის განსხვავებული პრაქტიკების არსებობა და სასჯელთა შესაბამის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით ქვეყნებს შორის მართლზომიერი და გონივრული განსხვავებები. სასამართლომ ასევე უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ პატიმართა გადაცემა მართლმსაჯულების განხორციელების საქმეში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში მოხდა, რაც, პრინციპში, განსახილველი პირების ინტერესებშია (იხილეთ დროზდი და იანუსეკი საფრანგეთის და ესპანეთის წინააღმდეგ, 1992 წლის 26 ივნისი, §110, სერია A №240; და ვეერმაე ფინეთის წინააღმდეგ (განჩინება) №38704/03, 2005 წლის 15 მარტი). პატიმართა გადაცემის შესახებ შეთანხმებები, ჩვეულებრივ, კეთილშობილურ მიზნებს ემსახურება: აღმოფხვრას სასჯელის ისეთ გარემოში მოხდის მავნე შედეგები, რომელიც სოციალურად, კულტურულად ან ლინგვისტურად უცხოა და ხელი შეუწყოს მომავალ რეინტეგრაციას საზოგადოებაში (იხილეთ ზემოთ, მაგალითად, პატიმართა გადაცემის შესახებ შეთანხმების მიზნები, პარაგრაფი 49). ამგვარად, როცა საერთაშორისო თანამშრომლობის ზომა მიმართულია იმ პირთა ფუნდამენტური უფლებების ხელშეწყობისა და დაცვისკენ, რომლებიც საზღვარგარეთ სისხლის სამართლის სანქციებს ექვემდებარებიან, ამ ზომის განხორციელების შედეგად მომჩივნის მიერ მიღებული სარგებელი მნიშვნელოვანი ფაქტორია იმ დასკვის გამოსატანად, რომ სასჯელის აღსრულების ფორმა და მეთოდები მომჩივანს არ აგდებს ისეთ ტანჯვასა და გასაჭირში, რომელიც აღემატება ტანჯვის იმ გარდაუვალ დონეს, რაც პატიმრობისთვისაა ნიშანდობლივი
77. წინამდებარე საქმეში სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ, პირველი, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მომჩივნებისთვის განსაზღვრული სასჯელები სასჯელთა იმ ფარგლებს სცილდება, რომელიც, ჩვეულებრივ, განესაზღვრებათ იმავე დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ სხვა პირებს ტაილანდში. მომჩივნებისთვის განსაზღვრული სასჯელები ასევე იმ დასაშვები მაქსიმალური სასჯელების ფარგლებშია, რაც გამოყენებადია ინგლისში ეკვივალენტური მსჯავდებების შემთხვევაში, 1971 წლის და 1979 წლის კანონების შესაბამისად (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 44 და 46).
78. სასამართლო ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მომჩივანთა სასჯელები ტაილანდის სასამართლოებმა განსაზღვრეს ნარკოტიკული დანაშაულებისთვის, რომლებიც ტაილანდში იქნა ჩადენილი. ამასთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ პირობებში არსებულ უდიდეს განსხვავებებზე. ამ მნიშვნელოვანი განსხვავებების შედეგია ის, რომ სახელმწიფოებმა სისხლის სამართლის საკუთარი სისტემები შექმნეს იმ პრინციპებისა და მიდგომების საფუძველზე, რომლებიც, ხშირად, ასევე განსხვავებულია. პრინციპში, დამოუკიდებელი სახელმწიფოების გადასაწყვეტია, თუ რა გზა აირჩიონ მათ ტერიტორიებზე შექმნილი პრობლემების გადასაჭრელად, თუმცა იმ მუდმივი პირობით, რომ მათი საპასუხი მოქმედებები იმ მიდგომების ფარგლებში დარჩება, რომლებიც მისაღებად ჩაითვლება დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის. ერთ ქვეყანაში მიღებული გადაწყვეტილებები, შესაძლოა, გამოსადეგი არ იყოს მეორე ქვეყნისთვის და, აქედან გამომდინარე, სასჯელი ვერ ჩაითვლება გადაჭარბებულად არაპროპორციულად მხოლოდ იმის გამო, რომ იგი იმაზე უფრო მკაცრია, ვიდრე სხვა ქვეყანაში განსაზღვრული სასჯელი იქნებოდა. არავინ დაობს, რომ ტაილანდში ნარკოტიკების სერიოზული პრობლემა არსებობს და რომ ამის გამო ნარკოტიკული დანაშაული მკაცრად ისჯება. სასამართლო ეთანხმება დივიზიური სასამართლოს მოსამართლეს, რომ ტაილანდის მთავრობას და საკანონმდებლო ხელისუფლებას უფლება ჰქონდათ, მიეჩნიათ, რომ მართლზომიერი და აუცილებელი იყო გაერთიანებულ სამეფოში გამოყენებად სასჯელებზე უფრო მკაცრი სასჯელები (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 27).
79. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ სადავო სასჯელების აღსრულებას გაერთიანებული სამეფო ახორციელებს, გადაცემის შესახებ მომჩივანთა შუამდგომლობების შესაბამისად. ცხადია, რომ ორივე მომჩივანმა მკაფიო თანხმობა განაცხადა გადაცემაზე, ეცნობათ რა მოსალოდნელი შედეგების შესახებ სასჯელთა ვადებთან დაკაშირებით, რაც მათ უნდა მოეხადათ და იმის შესახებ, რომ ვერ შეძლებდნენ მსჯავრდებების ან განსაზღვრული სასჯელების გასაჩივრებას (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 5 და 31-33). სასამართლო აღნიშნავს, რომ გადაცემის შესახებ შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე გაერთიანებული სამეფოს უარის შემთხვევაში, ორივე მომჩივანი დარჩებოდა ტაილანდის ციხეში, სადაც პატიმრობის პირობები, სავარაუდოდ, ახლანდელზე გაცილებით უარესი ექნებოდათ, რაც, შესაძლოა, თავისთავად მე-3 მუხლის დარღვევას გათანაბრებოდა. ნაცვლად ინგლისური სამართლით გათვალისიწინებული სასჯელის ნახევარისა, ვადაზე ადრე გათავისუფლების უფლებას ისინი სასჯელის მხოლოდ ორი მესამედის მოხდის შემდეგ მიიღებდნენ. მათი გადაცემა აშკარად მიმართული იყო კონკრეტულ კონტექსტში მათი ფუნდამენტური უფლებების მაქსიმალური ხელშეწყობისა და დაცვისკენ და ეს მიზანი მიღწული იქნა.
80. ყველა გარემოების გათვალისწინებით, სასამართლოსთვის არც ერთი წარმოდგენილი არგუმენტი არ არის დამაჯერებელი, რომ ინლისური სამართლის შესაბამისად მომჩივნების მიერ ვადაზე ადრე გათავისუფლების უფლების მოპოვებამდე, მათი სასჯელების აღსრულებისას მიყენებული ნებისმიერი ტანჯვა ან დამცირება აღემატება ტანჯვის ან დამცირების იმ გარდაუვალ დონეს, რომელიც ტაილანდის სასამართლოების მიერ განსაზღვრულ სასჯელებს უკავშირდება და, კერძოდ, რომ ამ ზომის აღსრულების ფორმამ და მეთოდებმა ისინი ისეთ ტანჯვასა და გასაჭირში ჩააგდო, რომელიც აღემატება ტანჯვის იმ გარდაუვალ დონეს, რაც პატიმრობისთვისაა ნიშანდობლივი. ამგვარად, მომჩივნების საჩივრები კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებით აშკარად დაუსაბუთებელია და უარი უნდა ეთქვას 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის (ა) პუნქტის და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
დ. საჩივრები კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლ ნაწილთან დაკავშირებით
81. მომჩივნები ჩიოდნენ, რომ მათი განგრძობადი პატიმრობა თვითნებური იყო, რადგან თავი უდანაშაულოდ რომ ეცნოთ, საპატიმროში ნაკლები ვადის მოხდა მოუწევდათ. ისინი ეყრდნობოდნენ კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლ ნაწილს, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს:
“1. ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, თუ არა კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად და გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
(ა) კანონიერი დაპატიმრება უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირისა; ...”
82. პირველი მომჩივანი ასევე ამტკიცებდა, რომ მის შემთხვევაში გამოყენებული იყო „ურყევი პრეზუმფცია“, რამაც მისი სასამართლო პროცესი აშკარად უსამართლო გახადა და, ამდენად, მისი განგრძობადი პატიმრობა გაერთიანებულ სამეფოში თვითნებური იყო.
1. ზოგადი მოსაზრებები
83. მომჩივნების საჩივრების ხასიათს რაც შეეხება, წარმოდგენილი დეტალებიდან ჩანს, რომ ისინი ეჭვქვეშ არ აყენებენ მათი განგრძობადი პატიმრობის შესაბამისობას ეროვნულ კანონმდებლობასთან, არც მსჯავრდებასა და განსახილველ თავისუფლების აღკვეთას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობას უარყოფენ. ნაცვლად ამისა, ეს საჩივრები მათი განგრძობადი პატიმრობის სავარაუდო თვითნებობაზეა ფოკუსირებული.
84. ამგვარად, სასამართლო განიხილავს, არის თუ არა მათ შემთხვევებში თავისუფლების აღკვეთა თვითნებური, კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის მნიშვნელობით. როგორც აქამდე აღინიშნა, თვითნებობა შეიძლება წარმოიშვას მაშინ, როცა ხელისუფლების მხრიდან არაკეთილსინდისიერების ან ტყუილის ნიშანი არსებობს; როცა დაპატიმრების ორდერი და დაპატიმრების განხორციელება რეალურად არ შეესაბამება იმ შეზღუდვების მიზანს, რომლებსაც მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისი პუნქტი ითვალისწინებს; როცა იმ დასაბუთებას, რის საფუძველზეც დაშვებულია თავისუფლების აღკვეთა, და დაპატიმრების ადგილსა და პირობებს შორის კავშირი არ არსებობს; და როცა დაპატიმრების საფუძველსა და განსახილველ დაპატიმრებას შორის არ არსებობს თანაზომიერი კავშირი (იხილეთ კრაიშნიკი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (განჩინება), №6017/77, §53, 2012 წლის 23 ოქტომბერი. იხილეთ ასევე საადი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [დიდი პალატა], №13229/03, §69, ECHR 2008; და ჯეიმსი, ველსი და ლი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, №25119/09, №57715/09 და №57877/09, §§192-195, 2012 წლის 18 სექტემბერი (არაა შესული ძალაში) და იქ არსებული მითითებები სხვა წყაროებზე). მომჩივნები არ ამტკიცებდნენ, რომ წინამდებარე საქმეში რომელიმე ეს ელემენტი არსებობს და, ამდენად, სასამართლოც არ მიიჩნევს, რომ ისინი არსებობს.
85. ამგვარად, განსახილველი რჩება, არსებობს თუ არა მომჩივანთა საქმეებში თვითნებობის რაიმე სხვა ნიშანი, რომელიც წარმოიშვა მათ მიერ თავის დამნაშავედ ცნობის ან, პირველი მომჩივნის შემთხვევაში, ტაილანდში გამოყენებული „ურყევი პრეზუმფციის“ ამოქმედების შედეგად. თვითნებობის საკითხის შეფასებისას სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის განყენებულად ინტერპრეტაცია არ შეიძლება, არამედ იგი, რამდენადაც შესაძლებელია, საერთაშორისო სამართლის – რომლის ნაწილიცაა კონვენცია – სხვა ნორმებთან ჰარმონიაში უნდა განიმარტოს (იხილეთ ალ-ადსანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [დიდი პალატა], №35763/97, §55, ECHR 2001‑XI; ჩოსანსკი შვედეთის წინააღმდეგ (განჩინება), №22318/02, 2006 წლის 27 ივნისი; და რანცევი კვიპროსისა და რუსეთის წინააღმდეგ, №25965/04, §274, ECHR 2010 (ამონარიდები)). ამდენად, წინამდებარე საქმეში გათვალისწინებული უნდა იყოს პატიმართა გადაცემის ზოგადი კონტექსტი და წინამდებარე შემთხვევაში გამოყენებადი პატიმართა გადაცემის შესახებ შეთანხმების კონკრეტული პირობები.
2. თავის დამნაშავედ ცნობის შედეგი
86. მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ თავის დამნაშავედ აღიარების შედეგად მათი სასჯელები მნიშვნელოვნად უნდა შემცირებულიყო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ტაილანდში მათი სასჯელი, რომელიც სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებდა, შემცირდა და ვადიანი პატიმრობით განისაზღვრა, გაერთიანებულ სამეფოსთვის გადაცემით ამ შემცირების შედეგი სრულიად საპირისპირო გახდა. ეს მოხდა იმიტომ, რომ თავი დამნაშავედ არცნობისა და მათთვის სამუდო პატიმრობის განსაზღვრის შემთხვევაში, ეს საქმე უმაღლეს სასამართლოს გადაეცემოდა იმ შესაბამისი მინიმალური ვადის განსასაზღვრად, რისი მოხდის შემდეგაც პატიმარს პირობითი გათავისუფლების უფლება მიენიჭებოდა (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 63). ამ ამოცანის შესრულებისას გათვალისწინებული იქნებოდა სასჯელის განსაზღვრის ადგილობრივი პრინციპები და თითოეული მათგანის შემთხვევაში განსაზღვრული ტარიფი მნიშვნელოვნად უფრო დაბალი იქნებოდა, ვიდრე ტაილანდის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადიანი სასჯელები. ამგვარად, მათ რომ თავი უდანაშაულოდ ეცნოთ, ახლა დაუყოვნებლივ გათავისუფლების პერსპექტივა ექნებოდათ.
87. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი მომჩივნის შემთხვევაში, სამუდამო პატიმრობა არ იყო ერთადერთი სასჯელი, რაც ტაილანდის სასამართლოს შეეძლო, გამოეყენებინა, მას რომ პირველი მომჩივნის მიერ თავის უდანაშაულოდ ცნობის შემდეგ გამოეტანა მსჯავრი. პირველი მომჩივანი მსჯავრდებული იყო 24 გრამი ჰეროინის გასაღების მიზნით შენახვისთვის; ამგვარი დანაშაულისთვის ორი შესაძლო სასჯელი არსებობდა: სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 39). რადგანაც თავის დამნაშავედ ცნობის შემდეგ სასიკვდილო განაჩენი ვადიანი პატიმრობით შეეცვალა, მან აქედან მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღო.
88. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სამეფო ამნისტია ჩვეულებრივი მოვლენაა ტაილანდში და რომ მას შეიძლება მოჰყვეს სამუდამო პატიმრობის ვადიანი პატიმრობით შეცვლა (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 19). უნდა აღინიშნოს, რომ ორივე მომჩივანმა სარგებელი უკვე მიიღო სამეფო ამნისტიის შედეგად სასჯელის შემცირებით (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 7 და 30). ამდენად, დაუდგენელია, მომჩივნებს თავი უდანაშაულოდ რომ ეცნოთ, მათი გადაყვანისას მაინც დაექვემდებარებოდნენ თუ არა სასჯელს სამუდამო პატიმრობის სახით, ისე, რომ აუცილებელი გამხდარიყო, უმაღლეს სასამართლოს განესაზღვრა მინიმალური ვადა.
89. გარდა ამისა, როგორც დივიზიურმა სასამართლომ აღნიშნა პირველი მომჩივნის შემთხვევაში, მისთვის რომ სამუდამო პატიმრობა განესაზღვრათ, მას მოუწევდა, მინიმუმ 8 წელი მოეხადა ტაილანდში, სანამ გადაცემის უფლებას მოიპოვებდა, და არა – 4 წელი, რაც მან რეალურად მოიხადა (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 17 და 19). მიუხედავად იმისა, რომ რომ ამგვარი ინფორმაცია არ არსებობს მეორე მომჩივანთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, მასზეც ანალოგიური შეზღუდვები გავრცელდებოდა. ამგვრად, მომჩივნებისთვის სამუდამო პატიმრობა რომ განესაზღვრათ, მათი გადაცემის შესაძლებლობა არ იარსებებდა კიდევ ოთხი წელი და ამ დროს ისინი საპატიმროში გაატარებდნენ, ტაილანდის ციხეებში არსებულ უფრო მკაცრ პირობებში.
90. სასამართლო ასევე ეთანხმება დივიზიური სასამართლოს შენიშვნას, რომ არ არის სწორი სამუდამო პატიმრობასთან დაკავშირებული სატარიფო პერიოდის შედარება სასჯელის განსაზღვრულ ვადასთან (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 17). კერძოდ, სამუდამო პატიმრობა გულისხმობს ვალდებულებებს და შეზღუდვებს, რომლებიც სცილდება მხოლოდ საპატიმროში ყოფნის პერიოდს; ამაში შედის როგორც ვადაზე ადრე გათავისუფლების პირობები, ასევე, ამ პირობების დარღვევის შემთხვევაში, საპატიმროში დაბრუნების რისკი. ეს შეზღუდვები სამუდამო პატიმრობას, პრინციპში, უფრო მკაცრ სასჯელად აქცევს.
91. სასამართლო აღიარებს, რომ პატიმრებს, ვინც იმ ქვეყნიდან, სადაც სასჯელი განესაზღვრათ, ამ სასჯელის სადმე სხვაგან მოსახდელად გადაიყვანეს, შეიძლება სხვადასხვა შედეგი დაუდგეთ. როგორც აქამდე დადგინდა, პატიმრობა არ არის თვითნებური, როცა, გადამცემი ქვეყნის სასჯელთა განსაზღვრის შესახებ კანონმდებლობისა და მიმღები ქვეყნის ვადაზე ადრე გათავისულების შესახებ წესების ურთიერთქმედების შედეგად, პატიმრის გადაცემას de facto პატიმრობის უფრო ხანგრძლივი ვადა მოჰყვება (იხილეთ ზემოხსენებული ვეერმაე; ჩოსანსკი შვედეთის წინააღმდეგ (განჩინება), №22318/02, 2006 წლის 27 ივნისი; ჩოკი პოლონეთის წინააღმდეგ (განჩინება), №498/10, §26, 2012 წლის 23 ოქტომბერი; და გიზა პოლონეთის წინააღმდეგ (განჩინება), №1997/11, §23, 2012 წლის 23 ოქტომბერი). წინამდებარე საქმეში, როგორც ჩანს, ტაილანდში მომჩივნებისთვის სამუდამო პატიმრობა რომ განესაზღვრათ და მათ გადაცემამდე სამეფო ამნისტიით იგი ვადიანი პატიმრობით არ შეცვლილიყო, მომჩივნებს გაერთიანებულ სამეფოში გადაცემის შემდეგ პატიმრობის ვადა მნიშვნელოვნად შეუმცირდებოდათ, რადგან უმაღლესი სასამართლო შედარებით მოკლე მინიმალურ ვადას დააწესებდა (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 17). თუმცა სხვადასხვა შედეგი არ დგება სხვადასხვა წესების სხვადასხვა პატიმრებზე თვითნებური გამოყენების შედეგად. მკაფიო წესები, რომლებიც ჩამოყალიბებულია პატიმართა გადაცემის შესახებ შესაბამის შეთანხმებაში და 1984 წლის და 2003 წლის კანონებში, გამოიყენება პატიმართა გადაცემის შემთხვევებში და მომჩივნების შემთხვევაშიც იქნა გამოყენებული. ის, რომ სხვადასხვა შედეგი შეიძლება დადგეს, ამას გადამცემი ქვეყნის სასჯელთა განსაზღვრის შესახებ კანონმდებლობისა და პატიმრის გადაცემის შესახებ მიმღებ ქვეყანაში არსებული პრაქტიკის ურთიერთქმედება იწვევს. ამგვარი განსხვავებები დამახასიათებელია პატიმართა გადაცემის შესახებ ნებისმიერი შეთანხმებისთვის, რომელიც, არსებითად, ეფუძნება პრინციპს, რომ გადამცემი ქვეყნის მიერ განსაზღვრული სასჯელი აღსრულდება მიმღები ქვეყნის მიერ. სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ მომჩივნებმა გადაყვანზე თანხმობა განაცხადეს, იცოდნენ რა, თუ რას გულისხობდა იგი პატიმრობაში გასატარებელი დროის თვალსაზრისით, უდავოდ, იმ მრავალი სარგებლის მისაღებად, რაც მათი სასჯელების გაერთიანებულ სამეფოში აღსრულებას მოჰყვებოდა, მათ შორის, ვადაზე ადრე გათავისუფლების უფრო ხელსაყრელი წესები და პატიმრობის უკეთესი პირობები.
92. ამ გარემოებებში, გაერთიანებული სამეფოში მომჩივანთა განგრძობადი პატიმრობა, როგორც მათ მიერ თავის დამნაშავედ ცნობის შედეგი, ვერ ჩაითვლება თვითნებურად მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის (ა) პუნქტის მნიშვნელობით. მათი საჩივრები აშკარად დაუსაბუთებელი და, შესაბამისად, დაუშვებელია კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის (ა) პუნქტის და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
3. „ურყევი პრეზუმფცია“
93. მიუხედავად იმისა, რომ პირველმა მომჩივანმა თავი დამნაშავედ ცნო, იგი ამტკიცებდა, რომ, არსებული ოდენობის მიუხედავად, ნარკოტიკები პირადი მოხმარებისთვის იყო გამიზნული. ტაილანდის კანონმდებლობით გათვალისწინებული „ურყევი პრეზუმფციის“ გამო მას არ შეეძლო იმ ბრალდების ეჭვქვეშ დაყენება, რომ ნარკოტიკები გასაღების მიზნით ჰქონდა. შესაბამისად, იგი ამტკიცებდა, რომ მისი სასამართლო პროცესი აშკარად უსამართლო იყო, ხოლო თანმდევი პატიმრობა - თვითნებური, კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის (ა) პუნქტის მნიშვნელობით.
94. რამდენადაც კონვენცია არ მოითხოვს, რომ მისი სტანდარტები ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა მესამე ქვეყნებს დაუდგინონ, მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის (ა) პუნქტის მოთხოვნა, რომ „უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მსჯავრდებული“ პირი კანონიერად უნდა იქნეს დაპატიმრებული, არ გულისხმობს იმას, რომ მესამე ქვეყნებში გამართული ის სასამართლო პროცესი, რომელსაც ეს მსჯავრდება მოსდევს, სასამართლომ ყოველმხრივ უნდა შეისწავლოს და შეამოწმოს, სრულად აკმაყოფილებს თუ არა კონვენციის მე-6 მუხლის ყველა მოთხოვნას (იხილეთ სტოიჩკოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, №9808/02, §51, 2005 წლის 24 მარტი; და ზემოხსენებული დროზდი და იანუსეკი, §110). იმის შემოწმების მოთხოვნა, თუ როგორ გამოიყენა მე-6 მუხლში განსაზღვრული პრინციპები იმ სასამართლომ, რომლისთვისაც კონვენციას სავალდებულო ძალა არა აქვს, ხელს შეუშლის მართლმსაჯულების განხორციელების საქმეში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების დღეს არსებულ ტენდენციას, რომელიც, როგორც სასამართლომ უკვე არაერთხელ აღნიშნა, ზოგადად, განსახილველი პირების ინტერესებშია (იხილეთ ზემოხსენებული დროზდი და იანუსეკი, §110).
95. თუმცა სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ თუ მსჯავრდება ისეთი სასამართლო პროცესის შედეგად მოხდა, რომელიც „მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმას“ წარმოადგენდა, ანუ, „აშკარად ეწინააღმდეგებოდა მე-6 მუხლის დებულებებს ან მასში განსაზღვრულ პრინციპებს“, თანმდევი თავისუფლების აღკვეთა ვერ იქნებოდა გამართლებული მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის (ა) პუნქტის შესაბამისად (იხილეთ ზემოხსენებული სტოიჩკოვი, §51; და ოტმანი (აბუ ქატადა) გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, №8139/09, §259, 2012 წლის 17 იანვარი). სასამართლომ მიუთითა, რომ „მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმა“ უსამართლობის მკაცრი ტესტია. იგი აღემატება სასამართლო პროცედურების უბრალო დარღვევებს ან გარანტიების ნაკლებობას ისე, რომ შეიძლება მე-6 მუხლის დარღვევა გამოიწვიოს, თუ ამას ადგილი აქვს თავად ხელშემკვრელ სახელმწიფოში. ამისთვის საჭიროა, დაირღვეს მე-6 მუხლით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის პრინციპები, რაც იმდენად ფუნდამენტურია, რომ ამ მუხლით დაცული უფლების გაუქმებას ან მისი არსის დარღვევას უთანაბრდება (იხილეთ ზემოხსენებული ოტმანი (აბუ ქატადა), §260). მიუხედავად იმისა, რომ ტერმინის უფრო ზუსტად განსაზღვრა საჭირო არ იყო, სასამართლომ მაინც მიუთითა, რომ უსამართლობის გარკვეული ფორმები შეიძლება წარმოადგენდეს მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმას. მათ შორისაა: in absentia მსჯავრდება, როცა ბრალდების არსებითი მხარის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მოპოვების შესაძლებლობა შემდეგ არ არსებობს; სასამართლო პროცესი, რომელიც ფორმალური ხასიათისაა და დაცვის უფლებების სრული იგნორირებით წარიმართება; ისეთი დაპატიმრება, როცა ხელმისაწვდომი არ არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო, რომ დაპატიმრების კანონიერება განიხილოს; ადვოკატის ხელმისაწვდომობაზე მიზანმიმართული და სისტემატური უარი, განსაკუთრებით იმ პირის მიმართ, ვინც უცხო ქვეყენაშია დაპატიმრებული; და წამების გზით მოპოვებული მტკიცებულების დაშვება (იხილეთ ზემოხსენებული ოტმანი (აბუ ქატადა), §259 და იქ არსებული მითითებები სხვა წყაროებზე; და §267). მოყვანილი მაგალითებიდან და თავად ტესტის ხასიათიდან გამომდინარეობს, რომ მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის შემთხვევები აშკარა და ცნობილი იქნება მიმღები ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლებისთვის მანამდე, სანამ პატიმრის გადაცემა მოხდება.
96. წინამდებარე საქმეში გასარკვევია, ტაილანდის კანონმდებლობაში არსებულმა „ურყევმა პრეზუმფციამ“ გამოიწვია თუ არა მე-6 მუხლის დარღვევა, რომელიც იმდენად ფუნდამენტური იყო, რომ მომჩივნის საქმის სამართლიანი განხილვის უფლების გაუქმებას ან მისი არსის დარღვევას წარმოადგენდა. ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ პრეზუმფციები, ფაქტობრივი თუ სამართლებრივი, ყველა სამართლებრივ სისტემაში მოქმედებს და რომ, პრინციპში, კონვენცია ამგვარ პრეზუმფციებს არ კრძალავს. თუმცა, მე-6 მუხლის მე-2 ნაწილი ფაქტობრივ ან სამართლებრივ პრეზუმფციებს, რომლებიც სისხლის სამართალშია გათვალისწინებული, უმნიშვნელოდ არ მიიჩნევს. იგი მოითხოვს, რომ სახელწიფოებმა ისინი გონივრულ ფარგლებში მოაქციონ, რაც ნიშნავს განსახილველი საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებას და დაცვის უფლებების დაცვას (სალაბიაკუ საფრანგეთის წინააღმდეგ, 1988 წლის 7 ოქტომბერი, §28, სერია A №141‑A).
97. ტაილანდის განსახილველი კანონის მე-15 მუხლის მე-3 ნაწილის მოქმედება (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 40), დებულება, რომელიც განსაზღვრავდა კონკრეტულ დანაშაულს, რომელში ეჭვმიტანილიც შეიძლებოდა ბრალდებული, გასამართლებული და მსჯავრდებული ყოფილიყო, პირველ მომჩივანს ხელს უშლიდა, ემტკიცებინა, რომ იმ ოდენობის ნარკოტიკები, რაც მას ჰქონდა, მხოლოდ პირადი მოხმარებითვის იყო გამიზნული. სასამართლო ასევე აღნიშნავს უმაღლესი სასამართლოს მოსამართლის დასკვნას, რომ მტკიცებულებების საფუძველზე ეს იყო გონივრულად დასაბუთებადი შემთხვევა, რომ ნარკოტიკები პირველი მომჩივნის პირადი მოხმარებისთვის იყო გამიზნული (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 13). გამორიცხული არ არის, რომ შეიძლება არსებობოდეს გარემოებები, როცა ტაილანდის კანონის მე-15 მუხლის მე-3 ნაწილის ხასიათის დებულებას შეეძლოს მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევა. თუმცა, როგორც ტაილანდის საკონსტიტუციო სასამართლომ 2001 წლის გადაწყვეტილებაში განმარტა, ტაილანდის კანონის მიზანი იყო გარკვეულ ოდენობაზე მეტი ნარკოტიკის შემნახველ პირთა უფრო მკაცრად დასჯა, ხოლო კანონის მე-15 მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენების მოსალოდენლი შედეგი იმ სასჯელის გაზრდა იყო, რომელიც ასეთი ოდენობის ნარკოტიკის შენახვაში ბრალდებულისთვის შეიძლება განესაზღვრათ. დანაშაული, არსებითად, წარმოშვა ნარკოტიკების შენახვამ, მაგრამ ეს ბრალდებას ჯერ კიდევ უნდა დაემტკიცებინა (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 41-42). წინამდებარე საქმეში პირველმა მომჩივანმა ტაილანდის სასამართლო პროცესზე მთელი რიგი პროცედურული გარანტიებით ისარგებლა. პირველი მომჩივნის სასამართლო პროცესი წარიმართა ღიად, ორი დამოუკიდებელი მოსამართლის წინაშე; იგი მთელ პროცესს ესწრებოდა და კანონიერი წარმომადგენელიც ჰყავდა; უდანაშაულობის პრეზუმფციის შესაბამისად იგი გაამართლეს რამდენიმე დანაშაულში და მიუხედავად იმისა, რომ ჰეროინისა და ექსტაზის შენახვა არავისთვის სადავო არ ყოფილა, მოყვანილი იქნა მტკიცებულებები იმის სადემონსტრაციოდ, რომ მას ნარკოტიკები ჰქონდა; მას სასჯელი განესაზღვრა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და თავის დამნაშავედ ცნობისთვის სასჯელი მნიშვნელოვნად შეუმცირდა (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 13 და 16). ნებისმიერ შემთხვევაში, მთლიანობაში, საქმის განხილვის სამართლიანობაზე „ურყევი პრეზუმფციის“ გავლენის შეფასებისას, მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ პირველ მომჩივანს, არც სასამართლო პროცესის მიმდინარეობის პერიოდში და არც გადაცემის შესახებ შუამდგომლობის დაყენებისას, ბრიტანეთის ხელისუფლებისთვის არ უცნობებია მის საქმეში მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის შესახებ.
98. სასამართლოს დასკვნით, მიუხედავად იმისა, რომ მის საქმეში მომჩივნის დაცვის უფლებები „ურყევი პრეზუმფციის“ ამოქმედების შედეგად შეიზღუდა, არ შეიძლება ითქვას, რომ მისი საქმის სამართლიანი განხილვის უფლების არსი დაირღვა. საქმის ყველა გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო იმის დემონსტრირება, რომ მის საქმეში მართლმსაჯულების განხორციელებზე აშკარა უარი ითქვა. ამდენად, მომჩივნის განგრძობადი პატიმრობა არ წარმოადგენს მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის (ა) პუნქტის დარღვევას. ამგვარად, მისი საჩივარი აშკარად დაუსაბუთებელი და, შესაბამისად, დაუშვებელია კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის (ა) პუნქტის და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ერთხმად
ადგენს, გაერთიანდეს საჩივრები;
აცხადებს საჩივრებს დაუშვებლად.
ფატოშ არაჩიინეტა ზიემელე
სასამართლო გამწესრიგებელითავმჯდომარე
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy