დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 48
2002 წლის დეკემბერი
ზიგარელა იტალიის წინააღმდეგ (განჩინება) (Zigarella v. Italy) (dec.)
(საჩივარი- 48154/99)
განჩინება, 3 ოქტომბერი, 2002 [1-ლი სექცია]
მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლი
პირის უფლება, არ იქნეს გასამართლებული ან დასჯილი ორჯერ
ორმაგი დევნა: დაუშვებელი
ფაქტები – მომჩივნის წინააღმდეგ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა ქალაქის დაგეგმარების შესახებ კანონის დარღვევის საფუძვლით. მომჩივანმა შემდგომში მოიპოვა დაგეგმარების შესაბამისი ნებართვა, შესაბამისად, საამართლომ დაადგინა, რომ არ არსებობდა სამართალწარმოების გაგრძელების მიზეზი, რადგან არ არსებობდა დანაშული. სამ თვეზე მეტი ხნის შემდეგ, მომჩივანი დაიბარეს სასამართლოში მეორე სამართალწარმოების ფარგლებში, იმავე დანაშაულთან დაკავშირებით. როდესაც მან სასამართლოს შეატყობინა, რომ იმავე ფაქტების საფუძველზე უკვე იყო გასამართლებული, სასამართლომ დაადგინა, რომ სამართალწარმოება ვერ გაგრძელდებოდა, რადგან უკვე არსებობდა წინა სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც შემდგომში საბოლოო გახდა.
სამართალი
დაუშვებელი მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლის საფუძველზე: ეს დებულება გამოიყენება არა მხოლოდ იმ შემთხვევებზე, როდესაც ბრალდებული ორჯერ იქნა მსჯავრდებული, არამედ იმ შემთხვევებზეც, როდესაც მის წინააღმდეგ ორჯერ დაიწყო სამართალწარმოება. ის ასევე ვრცელდება იმ შემთხვევებზეც, როდესაც პირი იყო ბრალდებული და არ იქნა დამნაშავედ ცნობილი. სისხლის სამართლის საქმეებში non bis in idem[1] პრინციპი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, პირი დამნაშავედ იქნა თუ არა ცნობილი. მოცემულ საქმეში, მომჩივნის წინააღმდეგ, ერთი და იმავე დანაშაულზე, ერთი და იმავე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, ორჯერ დაიწყო სამართალწარმოება. მეორე სამართალწარმოება დაიწყო შეცდომით და შეწყდა მაშინვე, როცა სასამართლომ დაადგინა ეს შეცდომა. აქედან გამომდინარე, განსახილველ საკითხს წარმოადგენს, ესადაგებოდა თუ არა მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლი ნებისმიერ ახალ სამართალწარმოებას, რომელიც დაიწყო ერთსა და იმავე დანაშაულზე, იმის მიუხედავად ცნობილი იყო თუ არა რომ იმავე ფაქტებთან და დანაშაულთან დაკავშირებით სამართალწარმოება უკვე განხორციელებული იყო.
მე-7 დამატებითი ოქმის განმარტებით ანგარიშში მითითებების არარსებობის გამო, სასამართლომ მიიჩნია, რომ ის არ უნდა შებოჭილიყო ნორმის სიტყვასიტყვითი განმარტებით და უნდა მომხდარიყო მისი ტელეოლოგიური განმარტება. განსახილველი დებულების მიზნის მიხედვით, მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლს არღვევდა განზრახ დაწყებული მეორე სამართალწარმოება, როდესაც ცნობილი იყო იმავე ფაქტებსა და დანაშაულთან დაკავშირებით უკვე ჩატარებული სამართალწარმოების შესახებ. თუმცა, წინამდებარე საქმეზე განზრახვას ადგილი არ ჰქონია: იტალიურმა სასამართლომ შეწყვიტა სამართალწარმოება, როგორც კი მიიღო ინფორმაცია ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპის დარღვევის შესახებ. ნებისმიერ შემთხვევაში, მომჩივანს არ შეეძლო ემტკიცებინა, რომ იყო მსხვერპლი, რადგან ეროვნულმა სასამართლოებმა აღიარეს და შემდეგ გამოასწორეს დარღვევა. ამრიგად, სასამართლომ დაუშვებლად ცნო საჩივარი.
დასკვნა: დაუშვებელი.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
[1] "not twice in the same [thing]" - ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპი
Full & Egal Universal Law Academy