Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to republish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights database HUDOC.
ზურაბიანი საქართველოს წინააღმდეგ
Zurabiani v Georgia
საჩივარი N22266/22
20.03.2025
ფაქტები
2. მომჩივანი, ბ-ნი ლაშა ზურაბიანი, არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც დაიბადა 1992 წელს და ცხოვრობს თბილისში. მას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოადგენდა თბილისში მოღვაწე ადვოკატი ბ-ნი დ. ტაბატაძე.
3. საქართველოს მთავრობას („მთავრობა“) წარმოადგენდა მათი აგენტი, ბ-ნი ბ. ძამაშვილი, იუსტიციის სამინისტროდან.
საქმის გარემოებები
4. მხარეთა მიერ წარმოდგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები შეიძლება შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს.
5. მომჩივანი არის ადვოკატი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
6. მომჩივანი წარმოადგენდა ოთხ მოპასუხე კომპანიას კერძო სამოქალაქო დავაში, რომელიც განიხილებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე, ერთი მოსამართლე ვ.დ-ს მიერ. 2021 წლის 4 ნოემბრის სხდომაზე მომჩივანმა შენიშნა განსხვავებები მოსარჩელის თავდაპირველ და უკვე ცვლილება შეტანილ სამოქალაქო სარჩელში, სთხოვა სასამართლოს განემარტა მოპასუხეთა სია. მომჩივნის მოთხოვნამ გამოიწვია შელაპარაკება მოსამართლესა და მომჩივანს შორის, რომლის სიტყვიერი ჩანაწერი შემდეგნაირად იკითხება:
“მოსამართლე ვ.დ.: მე მეკითხებით?! არ გაქვთ წვდომა საქმის მასალებზე, რომ თავად გაიგოთ ეს?
მომჩივანი: რადგან, თქვენო ღირსებავ, თუ [ჩემი კლიენტები] ბრალდებულები არ არიან, მე უნდა ავდგე და გადავჯდე სხვაგან ან უნდა დავტოვო სასამართლო დარბაზი. სწორედ ამიტომ უნდა მითხრათ, არიან თუ არა ჩემი კლიენტები მოცემულ საქმეში ბრალდებულები. ასე მგონია, რომ რთულს არაფერს ვითხოვ.
მოსამართლე ვ.დ.: არა, თქვენ არ ითხოვთ რაიმე რთულს, მაგრამ რასაც ითხოვთ საქმისწარმოების გაჭიანურებას ისახავს მიზნად.
მომჩივანი: თუ შეიძლება, პატივცემულო მოსამართლევ, პატივისცემით ვილაპარაკოთ, მოგიწოდებთ, პატივისცემით ისაუბროთ, რადგან ...
მოსამართლე ვ.დ.: მოცემულ საქმეში ჩვენ უკვე გვქონდა სხდომები, რომლებზედაც დადგინდა ბრალდებულთა სია.
მომჩივანი: პატივცემულო მოსამართლევ, თუ შეიძლება, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სასამართლოსთვის მსგავსი განცხადებით არასდროს მიმიმართავს, მაგრამ უფლება მაქვს ვიცოდე, ვარ თუ არა პროცესის მხარე, თუ თქვენ აღიქვამთ ამ [მოთხოვნას] როგორც პროცესის გაჭიანურებას, მაშინ სხვა მიზეზების მოფიქრება შეიძლება...“
7. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, შემდეგ მოსამართლემ გამორთო ჩამწერი მოწყობილობა და მოუწოდა მომჩივანს მასთან მიახლოებულიყო საქმის მასალებში ბრალდებულთა გვარების შესამოწმებლად. მომჩივანმა უარი თქვა და ამის ნაცვლად მოსამართლეს სთხოვა ჩამწერის ხელახლა ჩართვა. შემდეგ შელაპარაკება გაგრძელდა შემდეგნაირად:
„მოსამართლე ვ.დ.: ჩავრთოთ ჩამწერი, ბატონო ლაშა. ჩამწერი გამორთული იყო იმისთვის, რომ გაგეკეთებინათ ის, რასაც დღევანდელ სხდომამდე მოელოდით, ანუ თუ ეჭვი გეპარებოდათ [მომჩივანი აწყვეტინებს] – არ შემაწყვეტინოთ [მომჩივანი აწყვეტინებს] - თუ წარმომადგენელს არ აქვს პასუხი კითხვაზე, რატომ არის სასამართლო დარბაზში, ვფიქრობ, რომ წარმომადგენელმა პირველ რიგში უნდა მოითხოვოს საქმის მასალები, გაეცნოს მასალას და თავად გაარკვიოს, არის თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებული.
...
მოსამართლე ვ.დ.: ... ანუ თქვენ სრულიად არ იცით წარმოადგენთ თუ არა ბრალდებულს მოცემულ საქმეში. კიდევ ერთხელ გირჩევთ, რომ... გაეცნოთ საქმეს, გაძლევთ ამის შესაძლებლობას [მომჩივანი აწყვეტინებს] – აჰა, თქვენ არც მისმენთ, ორი წუთი გაქვთ თქვენი პოზიციის დასაფიქსირებლად...
მომჩივანი: უბრალოდ განვმარტავ - ვიცი ვის წარმოვადგენ.
მოსამართლე ვ.დ.: ჯერ არ დამიმთავრებია [მომჩივანი აწყვეტინებს].
მომჩივანი: [თქვენ მეუბნებით] რომ არ ვიცი ვის წარმოვადგენ, მაგრამ ვიცი ვისაც წარმოვადგენ.
მოსამართლე ვ.დ.: მოგიწოდებთ, მოიქცეთ ისე, როგორც ადვოკატს შეჰფერის სასამართლო დარბაზში. ასეთი საქციელი აბსოლუტურად მიუღებელია ადვოკატის მხრიდან. გასაგებად რომ ვთქვათ, სირცხვილია. ადვოკატი არ ბრძანდებით”?
მომჩივანი: მე თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ თქვენი ქმედებებით, ქალბატონო.
მოსამართლე ვ.დ.: თქვენი ქცევა სასამართლო დარბაზში აბსოლუტურად მიუღებელია...
მომჩივანი: თქვენ მეუბნებით, რომ არ ვიცი ვის წარმოვადგენ, შეურაცხყოფთ ჩემს პროფესიულ კეთილსინდისიერებას, მაპატიეთ, მაგრამ ახლა ხომ არ შემაგინებდით?! თქვენ ამბობთ, რომ არ ვიცი, ვის წარმოვადგენ და რა შეიძლება იყოს ამაზე დიდი შეურაცხყოფა, მითხარით?“
8. ზემოაღნიშნული შელაპარაკების შემდეგ მოსამართლე ვ.დ-მ გადაწყვიტა მომჩივნის დაჯარიმება 300 ქართული ლარით ((ლარი) - დაახლოებით 110 ევრო (ევრო)) სასამართლოს უპატივცემულობისთვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლი - პასუხისმგებლობა სასამართლოს უპატივცემულობისთვის). მიღებული იქნა შესაბამისი წერილობითი განჩინება და გადაეგზავნა მომჩივანს 2021 წლის 16 ნოემბერს.
მომჩივანმა გაასაჩივრა ზემოაღნიშნული და წარმოადგინა შესაბამისი სხდომის აუდიოჩანაწერი რომლის საფუძველზეც ამტკიცებდა რომ მას მოსამართლისთვის არ მიუყენებია შეურაცხყოფა, არამედ ისინი შეკამათდნენ და მისი სადავო განცხადებები ექცეოდა მისაღები კრიტიკის ფარგლებში. იგი ასევე ამტკიცებდა, რომ ამ შემთხვევაში ვ.დ. არ უნდა ყოფილიყო ის მოსამართლე რომელიც მას ჯარიმას დააკისრებდა, არამედ საქმე უნდა გადასცემოდა სხვა, მიუკერძოებელ მოსამართლეს. ხოლო [მომჩივნის მტკიცებით] ვ.დ. მიკერძოებული იყო რადგან მომჩივნის განცხადებები მისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა. 2021 წლის 19 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნის სააპელაციო საჩივარი და დაადგინა, რომ მომჩივნის ქცევა წარმოადგენდა სასამართლოს მიმართ უპატივცემულობას, თუმცა არ შეხებია მოსამართლე ვ.დ-ს მიუკერძოებლობის საკითხს.
საჩივარი
14. მომჩივანი დავობდა კონვენციის მე-6 და მე-10 მუხლების საფუძველზე მიუკერძოებელი სასამართლოს უფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევასთან დაკავშირებით.
სამართალი
2. სასამართლოს შეფასება
19. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მომჩივნის „სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები“ არ იყო სადავო; ერთადერთი განსახილველი საკითხი მდგომარეობს იმაში, უკავშირდება თუ არა საქმე მის წინააღმდეგ „სისხლის ბრალდებას“ მე-6 მუხლის მნიშვნელობით.
(ა) ზოგადი პრინციპები, რომლებიც ჩამოყალიბებულია სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში
20. ზოგადი პრინციპები სასამართლოს უპატივცემულობის ან იურიდიული პროფესიის წარმომადგენლების გადაცდომასთან დაკავშირებული საქმეების მიმართ კონვენციის მე-6 მუხლის სისხლისსამართლებრივი ასპექტის გამოყენებადობაზე, სასამართლომ განმარტა საქმეში Gestur Jónsson და Ragnar Halldór Hall (იხ. ციტირებული ზემოთ, §§ 75-83).
21. კერძოდ, კონვენციის 6 § 1 მუხლით გათვალისწინებული „სისხლის სამართლის ბრალდების“ ცნება ავტონომიურია (იხ. Ramos Nunes de Carvalho e Sá v. Portugal [GC], nos. 55391/13 და სხვა, § 122, 6 ნოემბერი 2018). სასამართლოს ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართალი ადგენს სამ ძირითად კრიტერიუმს, რომლებიც ცნობილია როგორც „ენგელის კრიტერიუმები“ (Engel criteria) და რომელთა მიხედვით განისაზღვრება ადგილი ჰქონდა თუ არა „სისხლისსამართლებრივ ბრალდებას“ (იხ. Engel და სხვები ნიდერლანდების წინააღმდეგ, 8 ივნისი 1976, § 82, სერია A № 22, და Gestur Jónsson და Ragnar Halldór Hall, მითითებული ზემოთ). კრიტერიუმებია: 1) შიდა კანონმდებლობის თანახმად ნორმის კლასიფიკაცია; 2) დანაშაულის ბუნება და 3) სასჯელის ბუნება და სიმკაცრე. მეორე და მესამე კრიტერიუმები ალტერნატიული ხასიათისაა და არ არის აუცილებელი კუმულაციურად იყოს სახეზე. თუმცა, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს კუმულაციური მიდგომა იმ შემთხვევებში, როდესაც თითოეული კრიტერიუმის ცალკეული ანალიზი არ იძლევა ერთმნიშვნელოვან პასუხს სისხლისსამართლებრივი ბრალდების თაობაზე (იხ. Ezeh and Connors v. the United Kingdom [GC], nos. 39665/98 და 40086/98, § 82, ECHR 2003‑X; Jussila v. Finland [GC], no. 73053/01, §§ 30‑31, ECHR 2006‑XIV; და Gestur Jónsson and Ragnar Halldór Hall, ციტირებული ზემოთ, §§ 75 და 77-78). ის ფაქტი, რომ დანაშაული არ ისჯება თავისუფლების აღკვეთით, თავისთავად არ არის გადამწყვეტი კონვენციის მე-6 მუხლის სისხლისსამართლებრივი ნაწილის გამოყენებადობის მიზნებისათვის, რადგან, როგორც სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, სანქციის შედარებით მსუბუქი ხასიათი ვერ გამორიცხავს სამართალდარღვევის არსებითად სისხლისსამართლებრივ ბუნებას (იხილეთ Ramos Nunes de Carvalho e Sá, ციტირებული ზემოთ, § 122; Gestur Jónsson and Ragnar Halldór Hall, ციტირებული ზემოთ, § 78; და Vegotex International S.A. v. Belgium [GC], no. 49812/09, § 67, 3 ნოემბერი 2022).
(ბ) ზემოხსენებული პირნციპების წინამდებარე საქმეში გამოყენება
22. რაც შეეხება სამართალდარღვევის კვალიფიკაციას შიდა კანონმდებლობის მიხედვით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა სასამართლოს უპატივცემულობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის საფუძველზე. ქმედებებისათვის, რომელთა გამოც მას ჯარიმა დაეკისრა – კერძოდ, შეუფერებელი ქცევა და სასამართლო პროცესის შეფერხება – კანონმდებლობით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებდა გათვალისწინებული არ იყო და ეს ჯარიმა მოსარჩელისთვის არ იწვევდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას (იხ. Žugić v. Croatia, no. 3699/08, § 65, 31 მაისი 2011). შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს რომ ვერ დადასტურდა რომ შიდა კანონმდებლობის მიხედვით აღნიშნული სამართალდარღვევა კვალიფიცირდებოდა, როგორც „სისხლისსამართლებრივი“. თუმცა, Engel-ის პირველი კრიტერიუმი ფარდობითი მნიშვნელობისაა და მხოლოდ საწყის შეფასებად გამოიყენება (იხ. Gestur Jónsson and Ragnar Halldór Hall, ციტირებული ზემოთ, § 85).
23. მომჩივნის მიმართ სანქციის გამოყენება გამოწვეული იყო იმით, რომ მან დაარღვია წესრიგი სასამართლოში და გამოხატა უპატივცემულობა მოსამართლის მიმართ (იხ. ზემოთ, § 8). აღნიშნული სანქცია მას დაეკისრა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც განთავსებულია კოდექსის XXV თავში და ეხება სასამართლო პროცესების წარმოების წესებს. სასამართლო განმარტავს, რომ წესები, რომლებიც სასამართლოს უფლებამოსილებას ანიჭებს, რეაგირება მოახდინოს პროცესში წესრიგის დარღვევაზე, წარმოადგენს ხელშემკვრელი სახელმწიფოების სამართლებრივი სისტემების საერთო მახასიათებელს. ასეთი წესები გამომდინარეობს სასამართლოს არსებითი უფლებამოსილებიდან რომ უზრუნველყოს საკუთარი პროცესების შეუფერხებელი და სათანადო მიმდინარეობა Gestur Jónsson and Ragnar Halldór Hall, ციტირებული ზემოთ, §§ 81 და 89). ამ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სამართალწარმოების სათანადოდ წარმართვის უზრუნველსაყოფად მომჩივნის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიება უფრო პროცესუალური ზომა იყო, ვიდრე სანქცია. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტების თანახმად, შესაბამისმა ქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სანქციები, თუ განხორციელებული იქნება პროცესის მხარეების ან სასამართლო დარბაზში მყოფი სხვა პირების მიერ. ეს შესაძლოა განიხილებოდეს, როგორც ზოგადად საზოგადოების ნებისმიერ წევრზე გავრცელებული რეგულაცია, რომლებიც სასამართლო სხდომაში მონაწილეობენ ან უბრალოდ ესწრებიან მას - ფაქტორი, რომელიც სასამართლოს მიერ განხილულ წინა საქმეებში არსებით მნიშვნელობას ატარებდა სამართალდარღვევის „სისხლისსამართლებრივი“ ბუნების დადგენისას კონვენციის მე-6 მუხლის კონტექსტში (იხ. იქვე., §§ 86-87). შესაბამისად, საჭიროა საკითხის შეფასება მესამე კრიტერიუმის მიხედვით – კერძოდ, რამდენად მძიმე სანქცია ემუქრებოდა მომჩივანს.
24.სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნისათვის დაკისრებული ჯარიმა – 300 ლარი (დაახლოებით 110 ევრო) – არ იყო განსაკუთრებული სიმძიმის. გარდა ამისა, ის არ ყოფილა სისხლისსამართლებრივი ბუნების. თუმცა, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული კრიტერიუმი უნდა განისაზღვროს იმ მაქსიმალური შესაძლო სანქციის გათვალისწინებით, რომელიც შესაბამისი კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. დაკისრებული ჯარიმა მნიშვნელოვანია შეფასებისათვის, თუმცა არ შეუძლია შეამციროს იმის მნიშვნელობა, რაც თავდაპრველად იდო სასწორზე (იხ. Ezeh and Connors, ციტირებული ზემოთ, § 120, შემდგომი მითითებებით).
25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის საფუძველზე, შესაძლო სანქციას წარმოადგენდა თავისუფლების აღკვეთა 60 დღის ვადით (იხილეთ ზემოთ, §13; Aktay v. Turkey (dec.), nos. 56064/16, 58000/16 და 15087/17, § 49, 9 სექტემბერი 2024, და Gestur Jónsson and Ragnar Halldór Hall, ციტირებული ზემოთ, § 94). თუმცა სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებლობიდან არ გამომდინარეობს (და მომჩივანმაც არ მიუთითა), რომ გადაუხდელი ჯარიმა შეიძლებოდა გადაქცეულიყო თავისუფლების აღკვეთად (იქვე., § 95; Alenka Pečnik v. Slovenia, no. 44901/05, §§ 32 და 34, 27 სექტემბერი 2012; საილუსტრაციოდ იხილეთ ასევე, Malynovska v. Ukraine ((dec.) [Committee], no. 59855/13, 9 დეკემბერი 2021).
26. თავისუფლების აღკვეთა ცალკე სანქციად გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212§7 მუხლით. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობის სანქციის დაწესებას 212-ე მუხლის მე-7 პუნქტით, სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამო, განსხვავდება იმ პროცედურისგან, რომელიც გამოყენებული იყო მომჩივნის საქმეში. კერძოდ, საქმისწარმოება რომელიც განაპირობებს თავისუფლების აღკვეთის სანქციის გამოყენებას ითვალისწინებს სასამართლო ბრალდების უპატივცემულობის განხილვას ბრალდებულის მონაწილეობით სხვა სასამართლო წარმონაქმნის მიერ, ხოლო მიღებული ზომა, დაკისრების შემთხვევაში, ექვემდებარება გასაჩივრებას (იხილეთ ზემოთ §13, Angerjärv and Greinoman v. Estonia, nos. 16358/18 and 34964/18, §§ 87‑94, 4 ოქომბერი 2022; Deli v. the Republic of Moldova, no. 42010/06, § 30, 22 ოქტომბერი 2019).
27. ასეთ ვითარებაში, და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანს არ ემუქრებოდა თავისუფლების აღკვეთა, სასამართლო ადგენს, რომ მომჩივნის დაჯარიმება არ წარმოადგენდა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი ბრალდების დადგენას.
28. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მთავრობის ratione materiae არგუმენტს და მომჩივნის საჩივარი კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე უნდა გამოცხადდეს დაუშვებლად კონვენციის 35-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მეოთხე პუნქტის შესაბამისად.
ბ. კონვენციის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევა
29. მომჩივანი დავობდა, რომ სასამართლოს უპატივცემულობისთვის ჯარიმის დაწესებით, რომელიც მან ამ გარემოებებში გაუმართლებლად მიიჩნია, დაირღვა მისი გამოხატვის თავისუფლება. იგი ეყრდნობოდა კონვენციის მე-10 მუხლს, რომლის შესაბამისი ნაწილი შემდეგნაირად იკითხება:
1. ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ვერ დააბრკოლებს სახელმწიფოს, მოახდინოს რადიომაუწყებლობის, ტელევიზიისა და კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება.
2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ისინი განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ანდა სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
1. მხარეთა შუამდგომლობები
30. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნისადმი დაკისრებული ჯარიმა ემსახურებოდა მხოლოდ სასამართლოს მიმართ მისი შეურაცხმყოფელი და უპატივცემულო ქცევის აღკვეთას. მათ შესაბამისი სასამართლო სხდომის ვიდეოჩანაწერზე მითითებით, აღნიშნეს, რომ მოსამართლე ვ..-ს არ გამოუვლენია რაიმე პირადი მიკერძოება ან უპატივცემულობა მომჩივნის მიმართ და რომ ჯარიმა წარმოადგენდა კანონიერ და პროპორციულ ზომას, რომელსაც არ ჰქონია რაიმე მსუსხავი ეფექტი მის გამოხატვის თავისუფლებაზე. ალტერნატიულად, ისინი ამტკიცებდნენ, რომ მომჩივანი სხვა მხრივ რაიმე არახელსაყრელ მდგომარეობაში არ ჩავარდნილა.
31. მომჩივანმა აღნიშნა, რომ დაკისრებული ჯარიმის ოდენობისა და რეპუტაციული ზიანის გათვალისწინებით, რომელიც მან განიცადა, სასამართლოსთვის არ არსებობდა საფუძველი დაესკვნა, რომ მას მნიშვნელოვანი ზიანი არ მიყენებია. რაც შეეხება მისი ბრალდებების არსს, მან აღნიშნა, რომ სასამართლოს უპატივცემულობისთვის დაჯარიმებისას, ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ დაამყარეს სამართლიანი ბალანსი სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის დაცვის აუცილებლობასა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის აუცილებლობას შორის. მათ ვერ მოახერხეს მისი კომენტარების მთლიანი საქმის ფონზე განხილვა და ვერ დაადგინეს, იყო თუ არა მისი დაჯარიმება ლეგიტიმური მიზნის პროპორციული. გაიმეორა რა არგუმენტი, რომელიც მან წამოაყენა ეროვნული სასამართლოების წინაშე, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ სხვადასხვა შემთხვევებში მის პროფესიონალიზმში ეჭვის შეტანით, მოსამართლე ვ.დ. გასცდა პატივისცემის ფარგლებს, რაც გამოიხატა მის პროვოცირებაში. ამ ქცევამ განაპირობა ის, რომ მომჩივანმა გამოხატა თავისი შეშფოთება მოსამართლის საქციელთან დაკავშირებით, რაც შედიოდა მისაღები კრიტიკის ფარგლებში, რომლის მიმართაც მოსალოდნელი იყო, რომ მოსამართლე ტოლერანტული იქნებოდა.
2. სასამართლოს შეფასება
(ა) სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი ზოგადი პრინციპები
32. სასამართლო აღნიშნავს, რომ მე-10 მუხლი გამოიყენება არა მხოლოდ იმ „ინფორმაციებსა“ თუ „იდეებთან“ მიმართებით, რომლებიც კეთილმოსურნეა, ან/და აღიქმება უწყინრად ან/და ინდიფერენტულად, არამედ ისეთებზეც რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაწუხებელია (იხ., მაგალითად, Kubli v. Switzerland (dec.), no. 50364/99, 2002 წლის 21 თებერვალი). ამას გარდა, გამოხატვის თავისუფლება იცავს არა მხოლოდ გამოხატული იდეებისა და ინფორმაციის შინაარსს, არამედ მათი გადმოცემის ფორმასაც (იხ., მაგალითად, Kyprianou v. Cyprus [GC], No. 73797/01, § 174, ECHR 2005-XIII, Mariapori v. Finland, no. 37751/07, § 62, 6 ივლისი 2010).
33. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-10 მუხლი არ იძლევა გამოხატვის აბსოლუტურ შეუზღუდავ თავისუფლებას და რომ ამ თავისუფლების განხორციელებას თან ახლავს „მოვალეობები და პასუხისმგებლობები“ (იხ., მაგალითად, Radobuljac v. Croatia, No. 51000/11, §§ 58, 60, 2016 წლის 28 ივნისი, შემდგომი მითითებებით). როგორც მითითებულია მე-10 მუხლის მე-2 პუნქტში, ეს თავისუფლება ექვემდებარება გამონაკლისებს, რომლებიც, თუმცა, მკაცრად უნდა იქნას განმარტებული და ნებისმიერი შეზღუდვის აუცილებლობა უნდა იყოს დადგენილი დამაჯერებლად (იხ., მაგალითად, Skałka v. Poland, No. 43425/98, § 32, 2003 წლის 27 მაისი). კერძოდ, მხარეთა გამოხატვის თავისუფლება სასამართლო დარბაზში არ არის შეუზღუდავი და გარკვეული ინტერესები, როგორიცაა სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტი, საკმარისად მნიშვნელოვანია ამ თავისუფლების შეზღუდვის გასამართლებლად (იხ. Mariapori, ციტირებული ზემოთ, §§ 62-64).
34. ფრაზა „სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტი“ მოიცავს, კერძოდ, მოსაზრებას, რომ სასამართლოები არიან და აღიქმებიან საზოგადოების მიერ, როგორც სათანადო ფორუმი კანონიერი უფლებებისა და მოვალეობების დასადგენად და მათთან დაკავშირებული დავების გადასაწყვეტად; გარდა ამისა, ფართო საზოგადოებას გააჩნია პატივისცემა და ნდობა სასამართლოს მიმართ, რომ მას შესწევს ამ ფუნქციების შესრულების შესაძლებლობა (იხ. The Sunday Times v. the United Kingdom (No. 1), 1979 წლის 26 აპრილი, § 55, სერია A No. 30, და Skałka, ციტირებული ზემოთ, § 40). სასამართლოების საქმიანობა, რომლებიც არიან მართლმსაჯულების გარანტები და რომლებსაც აქვთ ფუნდამენტური როლი სახელმწიფოს კანონის უზენაესობის პრინციპით მართვის უზრუნველყოფაში, უნდა სარგებლობდეს საზოგადოების ნდობით. ამიტომ ის დაცული უნდა იყოს უსაფუძვლო თავდასხმებისგან. თუმცა, სასამართლოები, ისევე როგორც ყველა სხვა საჯარო დაწესებულება, არ არიან დაზღვეული კრიტიკისა და შემოწმებისგან (იხ. იქვე, § 34). მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს, რა თქმა უნდა, უფლება აქვთ გააკეთონ კომენტარი მართლმსაჯულების განხორციელებაზე მათი უფლებების დასაცავად, მათი კრიტიკა არ უნდა სცდებოდეს გარკვეულ ფარგლებს (იხ. Saday v. Turkey, No. 32458/96, § 34, 2006 წლის 30 მარტი). კერძოდ, მკაფიო განსხვავება უნდა მოხდეს კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის. თუ გამოხატვის ნებისმიერი ფორმის ერთადერთი მიზანია სასამართლოს ან ამ სასამართლოს წევრების შეურაცხყოფა, შესაბამისი სანქცია, პრინციპში, არ წარმოადგენს კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას (იხ. Skałka, ციტირებული ზემოთ, § 34).
35. სასამართლომ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა მიღებული ღონისძიება „დასახული ლეგიტიმური მიზნების პროპორციული“. ამგვარად, სასამართლომ უნდა დაადასტუროს, რომ ეროვნულმა ორგანოებმა, შესაბამისი ფაქტების მისაღებ შეფასებაზე დაყრდნობით, გამოიყენეს სტანდარტები, რომლებიც შეესაბამებოდა მე-10 მუხლში მოცემულ პრინციპებს. გარდა ამისა, სამართალწარმოების სამართლიანობა, უზრუნველყოფილი პროცედურული გარანტიები და დაწესებული ჯარიმების ბუნება და სიმძიმე არის ფაქტორები, რომლებიც უნდა იქნას გათვალისწინებული კონვენციის მე-10 მუხლით დაცული გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ჩარევის პროპორციულობის შეფასებისას (იხ. Słomka v. Poland, No. 68924/12, § 65, 2018 წლის 6 დეკემბერი, შემდგომი მითითებით).
(ბ) ზემოაღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
36. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის დაჯარიმება სასამართლოს უპატივცემულობის გამო, წინამდებარე საქმეში უტოლდებოდა მის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას, რაც გარანტირებულია მე-10 მუხლის 1-ელი პუნქტით. ამ საკითხთან მიმართებით საკუთარი პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით (იხ. მაგალითად, Radobuljac, ციტირებული ზემოთ, § 52), სასამართლო ვერ ხედავს ვერანაირ საფუძველს, რომ სხვა რამ დაადგინოს.
37. მომჩივნის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა გათვალისწინებული იყო კანონით, კერძოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლით და გააჩნდა ლეგიტიმური მიზანი, კერძოდ, სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მისდამი საზოგადოების ნდობის დაცვა (იხ. Skałka, ციტირებული ზემოთ, §§ 30-31, და Kyprianou, ციტირებული ზემოთ, § 168). შესაბამისად, ერთადერთი საკითხია, იყო თუ არა ჩარევა მომჩივნის გამოხატვის თავისუფლებაში „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“.
38. წინამდებარე საქმეში, 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებაში თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის ქმედება, მათ შორის, 2021 წლის 4 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე გაკეთებული ერთი კონკრეტული განცხადება, წარმოადგენდა უპატივცემულობას სასამართლოს მიმართ. ეს დასკვნა ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის 19 ნოემბერს. სტრასბურგის სასამართლო ვერ ხედავს რაიმე საფუძველს, რომ სხვა რამ დაადგინოს. მომჩივნის საქციელი შეიძლება ჩაითვალოს მოსამართლის მიმართ უპატივცემულობის გამოვლენად. მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში მისი კომენტარები მიმართული იყო იმაზე თუ როგორ უძღვებოდა მოსამართლე საქმისწარმოებას, მომჩივნის უწყვეტმა შეფერხებებმა აშკარად დაარღვია წესრიგი სასამართლო დარბაზში. მეტიც, ხელის შეშლისა და ხმამაღლა საუბრის გარდა, მომჩივნის მიმართვა მოსამართლისადმი, როდესაც მან თქვა: „ახლა ხომ არ შემაგინებდით?!“ - საკმაოდ სარკასტული, შეიძლება შევადაროთ სხვა შემთხვევებს, როდესაც სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნების განცხადებები შეურაცხმყოფელია (იხ. მაგალითად Kincses v. Hungary, no. 66232/10, 27 January 2015, როდესაც ადვოკატი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მისი საქმეს განმხილველი მოსამართლის პროფესიულ კომპეტენციას; Kovač v. Croatia (dec.), no. 49910/06, 23 August 2011, რომელშიც ადვოკატი აცხადებდა, რომ მოსამართლე „ინსტიქტებს ეყრდნობოდა” და ავიწროვებდა მის მოწმეებს; W.R. v. Austria, no. 26602/95, Commission decision of 30 June 1997, რომელშიც ადვოკატმა მოსამართლის მოსაზრება „სასაცილოდ“ ჩათვალა; და Mahler v. Germany, no. 29045/95, Commission decision of 14 January 1998, unreported, სადაც ადვოკატი ამტკიცებდა, რომ პროკურორმა საბრალდებო დასკვნა შეიმუშავა „სრული ინტოქსიკაციის მდგომარეობაში”).
39. სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ თუ რაიმე სახის გამოხატვის მიზანია სასამართლოს ან ამ სასამართლოს წევრების შეურაცხყოფა, შესაბამისი სანქცია, პრინციპში, არ წარმოადგენს კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას. მოცემულ საქმეში არ არსებობს იმ ვარაუდის საფუძველი, რომ მომჩივანს არ შეეძლო კრიტიკა გამოეხატა (რომელიც შეიძლება იყო ან არ იყო შესაბამისი), შეუსაბამო ენის გამოყენების გარეშე (იხ. A. v. Finland (dec.), no. 44998/98, 8 January 2004, სხვა მითითებებთან ერთად; იხ. ასევე Kincses, ციტირებული ზემოთ, § 40). ამრიგად, სტრასბურგის სასამართლო მზად არის დაეთანხმოს ეროვნული სასამართლოების დასკვნას, რომ ამ კონკრეტული შენიშვნის მიზანი იყო მოსამართლის შეურაცხყოფა (შედარებისთვის იხ. Radobuljac, ციტირებული ზემოთ, § 66, 28 June 2016). რაც შეეხება დაპირისპირებული ინტერესების შემდგომ დაბალანსებას, მომჩივნის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის აუცილებლობის შეფასებისას, ეროვნულმა სასამართლოებმა სადავო კომენტარი განიხილეს მომჩივნის მიერ სხდომის ხელშემშლელი საერთო ქცევის კონტექსტში. მათ გაითვალისწინეს მომჩივანსა და მოსამართლეს შორის კომუნიკაცია, მათ შორის მომჩივნის ტონი და ხმა, და ის ფაქტი, რომ ის მუდმივად აწყვეტინებდა მოსამართლეს და აღნიშნეს ადვოკატის პროფესიული ქცევის მნიშვნელობა საქმისწარმოების სწორად წარმართვისთვის, და საბოლოოდ წინამდებარე ქმედება მიუღებლად მიიჩნიეს (იხ. ამასთან დაკავშირებით Peruzzi v. Italy, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ ადვოკატები ვალდებულნი იყვნენ გაეთვალისწინებინათ პროფესიული ქცევის წესები და მათგან მოსალოდნელია, რომ წვლილს შეიტანენ მართლმსაჯულების სწორად განხორციელებაში, რითაც შეინარჩუნებენ საზოგადოების ნდობა მის მიმართ (No. 39294/09, § 50, 30 ივნისი 2015 წ.)). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მოყვანილი მიზეზები მომჩივნის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის გასამართლებლად იყო „რელევანტური და საკმარისი“.
40. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ჩარევის პროპორციულობის შეფასებისას, დაკისრებული სანქციის ბუნება და სიმძიმე ასევე გასათვალისწინებელია (იხ., Žugić, ციტირებული ზემოთ, § 48, მასში არსებულ სხვა მითითებებთან ერთად). ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის ჯარიმის თანხის ოდენობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ოდენობაზე ნაკლებია.
41. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილების დასაბუთება იყო „რელევანტური და საკმარისი“ და რომ მომჩივნის მიმართ დაკისრებული ჯარიმა არ იყო არაპროპორციული ლეგიტიმური მიზნის, კერძოდ, სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის შენარჩუნების.
42. აქედან გამომდინარეობს, რომ მომჩივნის საჩივარი კონვენციის მე-10 მუხლის საფუძველზე არის აშკარად დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 (ა) და მე-4 პუნქტის შესაბამისად.
ამ საფუძვლების გამო, სასამართლო ერთხმად,
აცხადებს საჩივარს დაუშვებლად.