დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
მეხუთე სექცია
საქმე მინდაძე და ნემსიწვერიძე საქართველოს წინააღმდეგ (MINDADZE AND NEMSITSVERIDZE v. GEORGIA)
(საჩივარი № 21571/05)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
1 ივნისი, 2017
წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოო გახდება კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პარაგრაფში აღნიშნული გარემოებების შესაბამისად. იგი შესაძლოა დაექვემდებაროს სარედაქციო ხასიათის ცვლილებებს.
საქმეზე მინდაძე და ნემსიწვერიძე საქართველოს წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეხუთე სექცია), პალატის შემდეგი შემადგენლობით:
ანგელიკა ნიუბერგერი, თავმჯდომარე,
ნონა წოწორია,
ანდრე პოტოცკი,
იონკო გროზევი,
მარტინს მიტსი,
გაბრიელე კუცკო-შტადლმაიერი,
ლეტიფ ჰუსეინოვი, მოსამართლეები,
და მილან ბლასკო, სექციის მდივნის მოადგილე,
2017 წლის 2 მაისს, ითათბირეს და მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილება:
პროცედურა
1. საქმის წარმოება დაიწყო ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს ორი მოქალაქის, ბატონი დავით მინაძისა („პირველი მომჩივანი“) და ბატონი ვალერიან ნემსიწვერიძის („მეორე მომჩივანი“) მიერ 2005 წლის 9 მაისს საქართველოს წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი საჩივრის (№ 21571/05) საფუძველზე.
2. მომჩივნებს წარმოადგენდნენ ქალბატონი თ. გაბისონიასა და ქალბატონი მ. გიოშვილის, რომლებიც საადვოკატო საქმიანობას თბილისში ეწევიან. საქართველოს მთავრობა („მთავრობა“) წარმოდგენილი იყო სახელმწიფოს წარმომადგენლის, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლის, ბატონი ლ. მესხორაძის მიერ.
3. მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ პირველი მომჩივანი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას პოლიციის მხრიდან, დაკავების მომენტში, რომ ორივე მომჩივნის მდგომარეობა და წინასწარი დაკავების ხანგრძლივობა იყო, შესაბამისად, არასათანადო და უკანონო, რომ გარკვეულ პატიმრობის ბრძანებებს აკლდა დასაბუთება და რომ სისხლის სამართალის საქმის წარმოება მათ წინააღმდეგ არ იყო სამართლიანი.
4. 2009 წლის 17 ნოემბერს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ნაწილობრივი დაუშვებლობის შესახებ და ამავდროულად საჩივრის დანარჩენი ნაწილი მთავრობას აცნობა.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
5. მომჩივნები დაიბადნენ 1977 და 1979 წლებში, შესაბამისად და ცხოვრობენ თბილისსა და წყალტუბოში.
A. მომჩივანთა დაკავება და პირველადი საგამოძიებო ქმედებები
6. 2004 წლის 20 იანვარს სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო დაუდგენელი პირების მიმართ, საქართველოს პარლამენტის წევრზე („პარლამენტის წევრი“) კ.გ-ზე შეიარაღებული თავდასხმის ფაქტზე.
7. 2004 წლის 4 თებერვალს გამომძიებელმა დაზარალებული პირველად დაკითხა. დაზარალებულის აღწერის დახმარებით შეიქმნა თავდამსხმელის ფოტორობოტი, თუმცა პარლამენტის წევრმა ასევე დაამატა, რომ არ იცოდა თუ ვინ იყო თავდამსხმელი.
8. 2004 წლის 25 თებერვალს გამომძიებელმა შეადგინა ოქმი პოლიციისთვის (მცირეგაბარიტიანი ნახევრადავტომატური პოსტოლეტი) PSM პისტოლეტის ჩაბარების შესახებ, რომელიც მაყუჩით იყო აღჭურვილი, ქალისა და მისი შვილის მიერ. აღსანიშნავია, რომ ოქმის მიხედვით ბავშვმა იპოვა იარაღი, როდესაც ის თამაშობდა დედასთან ერთად სახლის უკანა ეზოში, იმ ადგილის მახლობლად, სადაც პარლამენტის წევრზე თავდასხმა მოხდა. ჩაბარების შესახებ ოქმს ხელს აწერდნენ ორი ტაქსის მძღოლი და თარჯიმანი.
9. 2004 წლის 13 მაისს, დაახლოებით დილის 10 საათისთვის, პირველი მომჩივანი, რომელსაც ნასამართლობა ჰქონდა ძარცვისა და ნარკოდანაშაულისთვის, დააკავეს ქუჩაში, ზემოთხსენებულ სისხლის სამართლებრივ საქმისწარმოებასთან დაკავშირებით, მკვლელობის მცდელობის ეჭვის საფუძველზე. იგი ორი მოწმის თანდასწრებით გაჩხრიკეს დაკავების დროს. ჩხრეკის დროს აღმოჩნდა, რომ მას თან ქონდა „ბრაუნინგის“ პისტოლეტი.
10. მომჩივანი დააკავეს და გადაიყვანეს თბილისის პოლიციის მთავარ განყოფილებაში პოლიციის ოფიცერის, დ. ჩ -ს მიერ დასაკითხად. დაკითხვისას მან აღიარა, რომ მეორე მომჩივანთან ერთად დაგეგმეს პარლამენტის წევრის მკვლელობა. კერძოდ, როგორც პოლიციის 2004 წლის 13 მაისის ოქმშია აღნიშნული, პირველმა მომჩივანმა თქვა, რომ მას 2003 წლის შემოდგომაზე დაუკავშირდა მეორე მომჩივანი და შესთავაზა 10,000 ამერიკული დოლარი პირის მოკვლისთვის, რომლის ვინაობაც იმ მომენტისთვის ცნობილი არ იყო. ამის შემდეგ, იგი, მეორე მომჩივანმა მიიყვანა შენობასთან, სადაც დაზარალებული ცხოვრობდა, მკვლელობის მიზეზების ახსნის გარეშე. მან მას PSM პისტოლეტი გადასცა, რომელიც დატენილი და მაყუჩით აღჭურვილი იყო. ამ დღიდან, პირველი მომჩივანი რეგულარულად დადიოდა იმ შენობასთან, თუმცა ამ შემთხვევებში არ უცდია დაზარალებულის მოკვლა. მეორე მომჩივანი მას ურეკავდა და ითხოვდა გეგმის განხორციელებას. 2004 წლის 19 იანვარს პირველი მომჩივანი წარმატებით შევიდა გარაჟში დაზარალებულთან ერთად, ესროდა, ვიდრე ვაზნები არ გაუთავდა და შემდეგ გაიქცა. მოგვიანებით, იმავე საღამოს, მეორე მომჩივანმა დაურეკა მას, რათა გამოეხატა საკუთარი უკმახოფილება, რადგან დაზარალებული, მიუხედავად იმისა, რომ მძიმედ იყო დაჭრილი, გადარჩა. რამდენიმე დღის შემდეგ, პირველმა მომჩივანმა ტელევიზორიდან გაიგო, რომ კაცი, რომლის მოკვლაც მან სცადა, პარლამენტის წევრი იყო.
11. 2004 წლის 13 მაისის დაკითხვის ოქმის მიხედვით, პირველი მომჩივანი ნანობდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში სურდა, რომ პოლიციას ჩაბარებოდა. მან გამომძიებელს უთხრა, რომ მისი აღიარება გულწრფელი იყო, რომ იგი წუხდა, რომ დანაშაული ჩაიდინა და დაკავებამ შვება მოჰგვარა. დაკითხვის დროს პირველ მომჩივანს არ ჰყავდა ადვოკატი, ასევე, მას დაკითხვის ჩანაწერზე ხელი არ მოუწერია. შემდეგში პ.ბ-მ, მომჩივნების საქმის გამომძიებელმა თბილისის პროკურატურიდან („გამომძიებელი“) აღნიშნა, რომ მომჩივანმა ჩანაწერებს ხელი იმიტომ არ მოაწერა, რომ დაკითხვის განმავლობაში გონება რამდენჯერმე დაკარგა და საჭირო იყო მისი ცივი წყლით გამოფხიზლება.
12. იმავე დღეს, 2004 წლის 13 მაისს, დღის 5 საათსა და 15 წუთზე გამომძიებელმა მომჩივნის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი წაუყენა, მისი აღიარების საფუძველზე, იმის განმარტების გარეშე, რომ მას ჰქონდა მის მიერვე შერჩეული ადვოკატის გამოძახების უფლება და განუსაზღვრა საზოგადოებრივი ადვოკატი; საქმის მასალების მიხედვით, მომჩივანმა საზოგადოებრივი ადვოკატი 2004 წლის 5 ივნისს დაითხოვა (იხ. 23-ე პარაგრაფი ქვემოთ) და ზოგადად, ამ უკანასკნელმა ადვოკატები რამდენჯერმე გამოიცვალა საქმის განხილვის მიმდინარეობისას. პირველი მომჩივანი გადაიყვანეს დანაშაულის ადგილზე მომხდარის აღსადგენად და უთხრეს, რომ მისი აღიარება იქ გაემეორებინა, რომელიც მან შეასრულა საზოგადოებრივი ადვოკატისა და ორი დამოუკიდებელი მოწმის თანდასწრებით. მომჩივანმა მისი აღიარება სიტყვა-სიტყვით გაიმეორა, ისევ მეორე მომჩივნის ხსენებით და დაამატა რომ იმედი ჰქონდა, რომ მისი გულწრფელი აღიარება გათვალისწინებული იქნებოდა, როგორც შემამსუბუქებელი გარემოება. შემთხვევის აღდგენის დრო მიცემული ჩვენება ჩაწერილ იქნა წერილობით, რომელსაც როგორც მომჩივნის ისე მისი ადვოკატის ხელმოწერა ახლდა თან.
13. იმავე დღეს, მოგვიანებით, პირველი მომჩივანი პირისპირ წარუდგინეს დაზარალებულს. იგი დააყენეს სამ სხვა პირთან ერთად პარლამენტის წევრის წინ, რომელმაც ცოტა ყოყმანის შემდეგ ამოიცნო თავდამსხმელი. ამოცნობის შემდეგ პარლამენტის წევრმა ითხოვა პირველ მომჩივანთან პირისპირ, განცალკევებით საუბარი, რომელსაც ამის ნება დართეს. მათ საუბარს არავინ ესწრებოდა.
14. შემდეგ, გამომძიებელმა პირველ მომჩივანს აჩვენა PSM პისტოლეტი და მაყუჩი, რომლებიც პოლიციას ორმა დამოუკიდებელმა მოწმემ ჩააბარა 2004 წლის 25 თებერვალს (იხ. პარაგრაფი 8 მაღლა). მომჩივანმა თქვა, რომ მან ამოიცნო ნივთმტკიცება, როგორც დაზარალებულზე თავდასხმის იარაღი. ამოცნობა წერილობით გაფორმდა და პირველი მომჩივნის საზოგადოებრივმა ადვოკატმა ხელმოწერით დაადასტურა.
15. 2004 წლის 13 მაისს მეორე მომჩივანიც დააკავეს და ბრალად მკვლელობის მცდელობა წაუყენეს. მას საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა. ბრალდების თანახმად, მას სურდა პარლამენტის წევრის მოკვლა, რომელიც მისი შორეული ნათესავი იყო. როგორც იმ ბანკის დამფუძნებელი, რომელშიც მეორე მომჩივნის ძმა მუშაობდა, პარლამენტის წევრი მომჩივანისა და მისი ძმისგან ითხოვდა 700,000 ამერიკული დოლარის გადახდას, რომლის დაკარგვის შესახებ შიდა აუდიტის მეშვეობით გახდა ცნობილი (იხ. ასევე 62-ე პარაგრაფი ქვემოთ).
16. 2004 წლის 14 მაისს, პირველი მომჩივანი დააპირისპირეს მეორე მომჩივანთან, როდესაც მან ამ უკანასკნელს ბრალი დასდო მისი წინა აღიარების შესაბამისად. დაპირისპირების წერილობითი ოქმის თანახმად, მეორე მომჩივანი საზოგადოებრივ ადვოკატთან ერთად იყო.
17. 2004 წლის 15 მაისს პირველ მომჩივანს ბრალი იარაღის უკანონო ტარებაში დასდეს დაკავებისას ბრაუნინგის პისტოლეტის აღმოჩენასთან დაკავშირებით.
18. 2004 წლის 16 მაისს ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ საჯარო განხილვაზე მომჩივნებს 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, 2004 წლის 13 აგვისტომდე. საქმის არსებითი განხილვისა და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ სასამართლომ დაადგინა გონივრული ეჭვის არსებობა იმასთან დაკავშირებით, რომ განსახილველი დანაშაულები ჩადენილი იყო. წინასწარი პატიმრობის ძირითად დასაბუთებას წარმოადგენდა ვარაუდი, რომ ბრალდებულები, შესაძლო მსჯავრის სიმძიმის გამო მიიმალებოდნენ.
19. პირველი მომჩივნის ცოლის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენების მიხედვით, იგი ესწრებოდა 2004 წლის 16 მაისის განხილვას და შენიშნა, რომ მისი მეუღლის ფრჩხილები მოჭმული და ჩაშავებული იყო და რომ მაჯებზე, რომლების ტანსაცმელში დამალვასაც ცდილობდა, სახვევები ეკეთა.
20. იმავე დღეს, 2004 წლის 16 მაისს, პირველი და მეორე მომჩივანი თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოდან, სადაც ისინი დაკავების დღიდან იმყოფებოდნენ, გადაიყვანეს თბილისში მე-7 და პირველ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. მათ მთელი წინასწარი პატიმრობის პერიოდი აღნიშნულ დაწესებულებებში გაატარეს, პირველი ინსტანციის სასამართლოში მათ მსჯავრდებამდე (იხ. 73-ე პარაგრაფი ქვემოთ).
21. 2004 წლის 16 მაისის მე-7 შესახლებისთანავე პირველი მომჩივანი ციხის ექიმმა გასინჯა, რომელმაც ოქმში შეიტანა, რომ მის სხეულზე ძალადობის კვალი არ აღმოჩნდა.
22. 2004 წლის 27 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ განუხილველად დატოვა მომჩივნის სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა პატიმრობის საფუძვლები, რომლებიც 2004 წლის 16 მაისის ბრძანებაშია მითითებული.
B. მომჩივნების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობისას, შემდგომი წინა-სასამართლო მოვლენები
23. 2004 წლის 4 ივნისს, დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც პირველი მომჩივნის ოჯახმა კერძო ადვოკატი დაიქირავა (კერძო ადვოკატი), მან გამომძიებლის წინააღმდეგ საჩივარი დაწერა, სადაც ამტკიცებდა, რომ აღიარება, რომელიც მან 2004 წლის 13 მაისს მისცა წამების შედეგი იყო და არ წარმოადგენდა სიმართლეს. მან მოითხოვა ხელახალი დაკითხვა. ის ამბობდა, რომ 2004 წლის 13 მაისს მასზე გამოიყენეს ელექტრო-შოკი და სასტიკად ცემეს. მან სრული სამედიცინო გამოკვლევა მოითხოვა იმისათვის, რომ მიღებული ტრამვების ზუსტი ბუნება დაედგინათ.
24. 2004 წლის 24 ივნისს გამომძიებელმა მოითხოვა მომჩივნის ფიზიკური მდგომარეობის შესახებ ექსპერტის სამედიცინო დასკვნა, რომელიც მხოლოდ სამი თვის შემდეგ შეიქმნა (იხ. 35-ე პარაგრაფი ქვემოთ).
25. 2004 წლის 15 ივნისს პირველმა მომჩივანმა მიმართა თბილისის პროკურორს („ქალაქის პროკურორი“) თავის საქმესთან დაკავშირებით და საკუთარ უდანაშაულობას ამტკიცებდა. იგი განმარტავდა, რომ მისთვის გამომძიებლის მიერ დანიშნულ (იხ. პარაგრაფი 12 ზემოთ) საზოგადოებრივ ადვოკატს, არაფერი გაუკეთებია მის დასაცავად და რომ მისთვის არც კი უცნობებიათ საკუთარი ნებით ადვოკატის შეცვლის შესაძლებლობის შესახებ. პირველი მომჩივანი ამტკიცებდა, რომ 2004 წლის 13 მაისის დაკითხვამდე ის ოთხკუთხა რკინის ბოქლომით ცემეს, რომლის გამოც მას კრუნჩხვები დაეწყო და საჭირო გახდა ექიმის გამოძახება.
26. 2004 წლის 17 ივნისს პირველმა მომჩივანმა ქალაქის პროკურორს საჩივარი გაუგზავნა იმ მუქარებთან დაკავშირებით, რომელიც მან მე-7 საპყრობილეში მიიღო. აღსანიშნავია, რომ მას ამოუცნობი პირები ემუქრებოდნენ, რომ მის ოჯახს დიდი პრობლემები შეექმნებოდა თუ იგი საკუთარ აღიარებას უარყოფდა.
27. 2004 წლის 22 ივნისს პირველმა მომჩივანმა გამომძიებელს საკუთარი ალიბი წარუდგინა იმ 6 ადამიანის დასახელებით, რომლებთან ერთადაც 2004 წლის 19 იანვარს იყო, პარლამენტის წევრზე თავდასხმის დროს. მან ამ პირების მოწმეების სახით დაკითხვა მოითხოვა.
28. 2004 წლის 28 ივნისს გამომძიებელმა არ მიიღო მომჩივნის 2004 წლის 22 ივნისის მოთხოვნა, იმ საფუძვლით, რომ მისი ბრალეულობა მის მიერვე იყო დადგენილი, დეტალურად, რომელიც მან გაიმეორა ადვოკატის თანდასწრებით დანაშაულის ადგილზე შემთხვევის აღდგენის დროს. გამომძიებელმა დამატებით აღნიშნა, რომ მეორე მომჩივანთან შეხვედრისას, პირველმა მომჩივანმა მას ბრალი თავდასხმის მოწყობაში დასდო. გარდა ამისა, პირველი მომჩივანი დაზარალებულმა ამოიცნო. ამიტომ არ არსებობდა მისი ალიბის გადამოწმების მიზეზი.
29. 2004 წლის 14 ივლისს პირველი მომჩივნის ადვოკატმა გამომძიებელს აღნიშნული ექვსი მოწმის წერილობითი ჩვენება გადასცა (იხ. 27-ე პარაგრაფი ზემოთ), რომლებიც ადასტურებდნენ ალიბის და ამბობდნენ, რომ 2004 წლის 19 იანვარს პირველ მომჩივანთან ერთად საქორწინო ცერემონიაზე ეკლესიაში და შემდგომ წვეულებაზე ღამის 2 საათამდე იყო. ადვოკატმა ხელახლა მოითხოვა ამ პირთა დაკითხვა. ამ ნაწილში მეორე მომჩივანმა გამოხატა საკუთარი ინტერესი პირველი მომჩივნის ალიბის დადასტურების საკითხში. 2004 წლის 24 ივლისს გამომძიებელმა კიდევ ერთხელ თქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმავე საფუძვლებზე დაყრდნობით, რაზეც 2004 წლის 28 ივნისს მიუთითა.
30. 2004 წლის 13 ივლისს მეორე მომჩივანი გენერალურ პროკურატურას შეატყობინა, რომ პარლამენტის წევრი პირველ მომჩივანს ციხეში საიდუმლოდ შეხვდა 2004 წლის 25 ივნისს, საღამოს 9 საათზე რათა საკუთარი აღიარების შეუცვლელობა მოეთხოვა. სანაცვლოდ ფული შესთავაზა. პარლამენტის წევრის ვიზიტი საპყრობილეში ოფიციალურად არ დარეგისტრირებულა, თუმცა დასტურდებოდა ციხის თანამშრომლების მიერ. მეორე მომჩივანმა ასევე იჩივლა, იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც პირველი მომჩივნის სამედიცინო დასკვნა ჯერ კიდევ არ არსებობდა და რომ ადამიანები, რომლებსაც მისი ალიბის დადასტურება შეეძლოთ კვლავ არ იყვნენ დაკითხულნი.
31. 2004 წლის ივლისსა და აგვისტოს პერიოდში მეორე მომჩივანმა კიდევ რამდენიმე საჩივრით მიმართა ქალაქის პროკურორს, გამომძიებელის მიერ პირველი მომჩივნის ალიბის შემოწმების განმეორებით უართან დაკავშირებით. საჩივრების განხილვაზე უარი ითქვა 3 და 7 აგვისტოს. ქალაქის პროკურორმა ჩათვალა, რომ არ არსებობდა პირველი მომჩივნის ალიბის გათვალისწინების აუცილებლობა, რადგან მან დამოუკიდებლად აღიარა დანაშაული და რომ არ არსებობდა არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება მისი 2004 წლის 13 მაისის დაკითხვის ოქმში.
32. 2004 წლის 2 აგვისტოს პირველმა მომჩივანმა გამომძიებელს წერილობით მოთხოვა, რომ შეეცვალათ მისი ოჯახის მიერ დაქირავებული კერძო ადვოკატი, რომელიც მისი დაცვის საქმეს 2004 წლის 4 ივნისიდან ხელმძღვანელობდა, ახალი ადვოკატით - შ.ძ-თი. მომჩივანმა დაუმატა, რომ სურდა ხელახლა დაეკითხათ „საკუთარ აღიარებასთან დაკავშირებით“ და პროკურატურასთან „საპროცესო შეთანხმების განხილვის მიზნით“, ახალი საზოგადოებრივი ადვოკატის თანდასწრებით.
33. 2004 წლის 5 აგვისტოს გამომძიებელი და ახლად დანიშნული ადვოკატი შ.ძ. მივიდნენ ციხის საავადმყოფოში, რათა დასწრებოდნენ პირველი მომჩივნის დაკითხვას, მისი 2004 წლის 2 აგვისტოს მოთხოვნის შესაბამისად. თუმცა მომჩივანმა უარი თქვა დაკითხვაზე ყოველგვარი განმარტების გარეშე.
34. 2004 წლის 11 აგვისტოს თბილისის საოლქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა მომჩივნის წინასწარი დაკავების 2004 წლის 13 ნოემბრამდე გაგრძელების თაობაზე.
35. 2004 წლის 13 სექტემბერს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ექსპერტმა, რომელიც 2004 წლის 24 ივნისს (იხ. 24-ე პარაგრაფი ზემოთ) გამომძიებელმა მოითხოვა, შეადგინა სამედიცინო დასკვნა მომჩივნის ფიზიკური მდგომარეობის შესახებ. აღმოჩნდა, რომ ექსპერტმა მომჩივანი პირადად არ გამოიკვლია, თუმცა გამომძიებლისგან მოითხოვა მისი თავისა და სხეულის რენტგენის ფოტოები. გამომძიებელმა ექსპერტს ორი რენტგენის ფოტო დაგვიანებით, 2004 წლის 8 სექტემბერს გაუგზავნა. აღსანიშნავია, რომ მისი თავის რენტგენის ფოტო, რომელიც მხოლოდ ერთი მხრიდან იყო გადაღებული და გულ-მკერდის არის რენტგენის სურათები, რომლებიც აჩვენებდნენ, რომ მისი სხეულის აღნიშნულ ნაწილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა.
36. 2004 წლის 27 სექტემბერს მეორე მომჩივნის დედამ სისხლის სამართლებრივი საჩივარი შეიტანა გენერალურ პროკურატურაში, სადაც ამტკიცებდა, რომ პარლამენტის წევრი 2004 წლის ივლისში ციხეში შეხვდა პირველ მომჩივანს და შესთავაზა 30,000 ლარი (დაახლოებით 13,000 ევრო) აღიარებითი ჩვენების არ შეცვლის სანაცვლოდ. გამომძიებელმა შემდეგ პირველი მომჩივნის მეუღლეზე განახორციელა ზეწოლა, რათა დაერწმუნებინა მისი ქმარი თანხის აღებაში. იგი ამტკიცებდა, რომ პარლამენტის წევრის ვიზიტის შემდეგ, დანაშაულებრივი სამყაროს გავლენიან პირებს ნება დართეს შესულიყვნენ საკანში 2004 წლის 2 აგვისტოს, ზეწოლა მოსახდენად, რათა ისეთი ჩვენება მიეცა, როგორც პარლამენტის წევრს სურდა.
37. იმავე დღეს, 2004 წლის 27 სექტემბერს, პირველი მომჩივნის მეუღლემ გენერალურ პროკურატურაში შეიტანა იგივე საჩივარი, რაც მეორე მომჩივნის დედამ. მან დაამატა, რომ პარლამენტის წევრის მიერ შეთავაზებული ფულის სანაცვლოდ მისი მეუღლისგან საკუთარი, ოჯახის მიერ დაქირავებული კერძო ადვოკატის გათავისუფლებას, საკუთარი აღიარების ერთგულებასა და პროკურორისთვის საპროცესო შეთანხმების თხოვნას მოელოდნენ. პარლამენტის წევრმა, დარწმუნების მიზნით, მის მეუღლეს წინასწარ 1500 დოლარი გადაუხადა. თუმცა, 2004 წლის 5 აგვისტოს, როდესაც პირველმა მომჩივანმა უარი თქვა აღიარების დამადასტურებელი ჩვენების მიცემაზე გამომძიებლისა და ახლად დანიშნული საზოდგადოებრივი ადვოკატის შ.ძ-ს თანდასწრებით (იხ. 33-ე პარაგრაფი ზემოთ), გამომძიებელმა დატოვა ციხის საავადმყოფო და კ.კ., კანონიერი ქურდი, რომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმესაც იგივე გამომძიებელი იძიებდა, შეუშვეს პირველი მომჩივნის საკანში. კ.კ. მომჩივანს სიკვდილით ემუქრებოდა, თუ იგი უარს იტყოდა გამომძიებელთან თანამშრომლობაზე. მან მომჩივანს მოსაფიქრებლად 2 დღე მისცა. პირველი მომჩივნის მეუღლემ დაამატა, რომ იგი იღებდა სიკვდილის მუქარებს 2004 წლის 19 აგვისტოდან, რომ მის შვილს მოკლავდნენ თუ იგი ზემოთ ხსენებულ მოვლენებზე სახელმწიფო სტრუქტურებთან საუბარს გაბედავდა.
38. მეორე მომჩივნის დედის ბრალდებები შემდეგში დაადასტურა ჟურნალისტურმა გამოძიებამ ამ მოვლენებთან დაკავშირებით (იხ. 83-85-ე პარაგრაფები ქვემოთ).
39. 2004 წლის 1 ოქტომბერს ქალაქის პროკურორმა უპასუხა პირველი მომჩივნის მეუღლესა და მეორე მომჩივნის დედას, რომ მათი, 2004 წლის 27 სექტემბრის საჩივრები აშკარად დაუსაბუთებელი იყო იმავე მიზეზებით, რაც ალიბის შემოწმებასთან დაკავშირებით პირველი მომჩივნის განმეორებითი მოთხოვნებიზე პასუხში აღინიშნა.
40. 2004 წლის ოქტომბრის დასაწყისში მომჩივანმა შ.ძ. გაათავისუფლა და ძველი კერძო ადვოკატი ხელახლა მოიწვია (იხ. 23-ე პარაგრაფი ზემოთ).
41. 2004 წლის 8 ოქტომბერს პირველი მომჩივნის ადვოკატმა ქალაქ თბილისის პროკურორს მიწერე და, სხვა საკითხებთან ერთად, პირველი მომჩივნის მეუღლესა და პარლამენტის წევრის ადვოკატს შორის სხვადასხვა საიდუმლო შეხვედრის ჩანაწერების (იხ. ჟურნალისტური გამოკვლევის დეტალები 83-85-ე პარაგრაფებში ქვემოთ) გამოთხოვა არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიებისგან (იხ. პარაგრაფები 46-53 ქვემოთ) და მომჩივნების მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მასალებში დამატება. ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა 2004 წლის 12 ოქტომბერს.
42. 2004 წლის 21 ოქტომბერს პირველი მომჩივნის ადვოკატმა გამომძიებელს შეატყობინა, რომ მის კლიენტს სურდა ხელახლა დაკითხულიყო. გამომძიებელმა იმავე დღეს დაკითხა პირველი მომჩივანი, ხოლო მან გაიმეორა ყოველი ფაქტობრივი დეტალი მის, 2004 წლის 13 მაისის არასათანადო მოყრობის მტკიცებასთან დაკავშირებით, გაამხილა დაკავშირებულ პოლიციელთა ვინაობაც და დეტალურად აღწერა მის წინააღმდეგ გამოყენებული მუქარები. ის ჩიოდა, რომ აიძულეს შ.ძ-ს ადვოკატად აყვანა და რომ მისი ერთადერთი მიზანი იყო გამომძიებლისთვის ხელი მოეწერა მოწმეთა ჩვენებებზე.
43. 2004 წლის 5 ნოემბერს პროკურორმა მოითხოვა მომჩივნების წინასწარი პატიმრობის ვადის ორი თვით გაგრძელება, 2005 წლის 13 იანვრამდე. 2004 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, მომჩივნების ადვოკატებისა და ბრალდების მხარის თანდასწრებით მოთხოვნის განხილვის შემდეგ, წინასწარი პატიმრობის ვადა გააგრძელა. ამ გადაწყვეტილების საფუძვლად მან დაასახელა ის ფაქტი, რომ მომჩივნებს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა ჩადენაში ედებოდათ ბრალი და „საქმის გარემოებები“ იძლეოდა იმის დაჯერების საფუძველს, რომ გათავისუფლების შემთხვევაში ისინი შეეცდებოდნენ დაებრკოლებინათ ფაქტების დადგენის პროცესი და ხელი შეეშალათ მართლმსაჯულების განხორციელებისთვის. ამ გადმოსახედიდან, მომჩივანთა მოთხოვნა გირაოთი განთავისუფლების შესახებ ვერ დაკმაყოფილდებოდა იგივე საფუძვლებით. 2004 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებაში საქმის ფაქტობრივი გარემოებებზე მითითება არ ყოფილა.
44. 2004 წლის 30 დეკემბერს გამოძიება დასრულდა, საბრალდებო დასკვნა დამტკიცდა პროკურორის მიერ და საქმე გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს.
45. 2005 წლის 7 ივნისს თბილისის საოლქო სასამართლოში შედგა წინასასამართლო განმწესრიგებელი სხდომა, სადაც მომჩივნებს ბრალდებულის სტატუსი მიენიჭათ. გადაწყვეტილება გამოვიდა სტანდარტული, შაბლონის ფორმით, რომელსაც წინასწარ დაბეჭდილი დასაბუთება ქონდა. მოსამართლემ ცარიელი ადგილები უბრალოდ ფაქტების მოკლე მიმოხილვით, ბრალდებულთა სახელებით, ჩადენილი დანაშაულის განმარტებით და წინასასამართლო აღმკვეთი ღონისძიების შესახებ ინფორმაციით შეავსო. უკანასკნელის დასტურად, დაბეჭდილი სდანდარტული ფრაზა შემდეგი შინაარსისაა:
„აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - შერჩეულია სათანადოდ.“
C. პირველი მომჩივნის სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული გამოძიება
46. 2004 წლის 7 სექტემბერს პირველმა მომჩივანმა სისხლის სამართლებრივი საჩივარი შეიტანა გენერალურ პროკურატურაში, სადაც ამტკიცებდა, რომ 2004 წლის 13 მაისს დაექვემდებარა არაადამიანურ მოპყრობას და ითხოვდა გამოძიებას. მან განმარტა, რომ დაახლოებით ღამის 10 საათზე იგი წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, თბილისში და მოათავსეს ოთახში, მე-12 სართულზე. მასზე გამოიყენეს ელექტრო შოკი და ცემეს. ოფიცრის გვარი, რომელმაც მას თავზე იარაღი მიაბჯინა და აიძულა წინასწარ მომზადებული აღიარებისთვის ხელი მოეწერა, იყო დ.კ. ორი სხვა ოფიცერი, კ.ხ. და დ.ენ. ასევე მონაწილეობდნენ. სხვა პოლიციის ოფიცრებიც იყვნენ, რომელთა სახელებს მომჩივანი ვერ იხსენებდა, თუმცა, მისი თქმით, მზად იყო ისინი პირისპირ შეხვედრაში ამოეცნო. მას, ასევე ურტყამდნენ რკინის ბოქლომს კისერში. მან გონი დაკარგა, როდესაც ელექტრო შოკს იყენებდნენ. პოლიციის ოფიცრებმა თავზე წყალი დაასხეს, რათა გონზე მოეყვანათ. როდესაც გონს მოვიდა, ექიმი იქვე იყო, რომელმაც განაცხადა, რომ მას დამამშვიდებლის გაკეთება ჭირდებოდა, თუმცა ეს რეკომენდაცია არ გაითვალისწინეს. შემდეგ, პირველ მომჩივანს პოლიციის ოფიცრებმა უთხერს, რომ მის ბინას უკვე ესტუმრნენ, ნარკოტიკები ჩადეს და მის მეუღლეს ადვილად დააკავებდნენ. მას, თბილისის მე-7 საპყრობილეში გადაყვანის ღამეს, 2004 წლის 16-დან 17 მაისამდე, ციხის ექიმმა პოლიციის ოფიცრების თანდასწრებით კითხა, ცემეს თუ არა, თუმცა მან უარყო იმის შიშით, რომ არასათანადო მოპყრობა გაგრძელდებოდა.
47. 2004 წლის 9 სექტემბერს გენერალურმა პროკურორმა 2004 წლის 7 სექტემბრის საჩივარი თბილისის პროკურორსა და გამომძიებელს პირადად გაუგზავნა და თხოვა, რომ შესაბამისი ზომები მიეღოთ და მათი პასუხის შესახებ გენერალური პროკურორისთვის შეეტყობინებინათ. 2004 წლის 5 ოქტომბერს გამომძიებელმა პირველ მომჩივანს პირდაპირ უპასუხა და აცნობა, რომ მისი სისხლის სამართლებრივი საჩივარი, არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, უარყოფილ იქნა როგორც დაუსაბუთებელი, რადგან მომჩივანს საჩივარი არ გაუმყარებია მტკიცებულებებით.
48. 2004 წლის 8 ოქტომბერს პირველი მომჩივნის მეუღლემ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თბილისის პროკურატურის ოფისის გენერალურ ინსპექციებს საჩივრით მიმართა მისი მეუღლის მიმართ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით პოლიციელთა მხრიდან და პროკურატურისა და გამომძიებლის მხრიდან პასუხების ნაკლებობაზე. მან მოითხოვა გამომძიებლის საქმისგან ჩამოშორება და იმ პირების იდენტიფიცირება და დასჯა, რომლებიც ახორციელებდნენ არაადამიანურ მოპყრობას. საკუთარი მოთხოვნის გასამყარებლად მან, მისი მოთხოვნის საფუძველზე და ციხის ადმინისტრაციის ნებართვით, კერძო სამედიცინო ექსპერტების მიერ 2004 წლის 29 სექტემბერს მომჩივნის დათვალიერების შესახებ ოქმის ასლი დაურთო ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნას. ამ დასკვნამ აჩვენა, რომ სამმა მედიცინის სპეციალისტმა - ფსიქიატრმა, ნევროლოგმა და ტრავმატოლოგმა - პირველი მომჩივანი, რამდენიმე ვიზიტის ფარგლებში პირადად გამოიკვლია იმ სამედიცინო აღჭურვილობის გამოყენებით, რაც ციხეში იყო ხელმისაწვდომი. მათ პირველად აღნიშნეს, რომ პირველმა მომჩივანმა, მისი ჩვენება გაიმეორა საკუთარ, 2004 წლის 7 სექტემბრის საჩივარში. სამედიცინო ექსპერტებმა ასევე შენიშნეს, რომ მომჩივანს აღენიშნებოდა ეპილეფსიური კრუნჩხვები და რომ, მომჩივანის ინფორმაციით, პირველად კრუნჩხვები 2004 წლის 22 ივლისს დაემართა. მათი აზრით, ულტრაბგერით და კომპიუტერულ ტომოგრაფიულ (CT) სკანირებაზე დაყრდნობით, ეპილეფსიური კრუნჩხვები, რომლებიც მომჩივანს აღენიშნებოდა გამოწვეული იყო თავის მნიშვნელოვანი დაზიანებით. სკანირებამ კისერზე ნახეთქი ნაიარევი და შიდა ქალის მაღალი წნევის სინდრომი გამოავლინა. შეინიშნა ყვრიმალებისა და მარცხენა ზედა ყბის არასათანადოდ აღდგენილი ბზარები. ექსპერტთა აზრით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები, რომლებიც გამოვლინდა, პრინციპში, შესაძლოა გამოწვეული იყოს იმგვარი არასათანადო მოპყრობით, როგორსაც პირველი მომჩივანი აღწერს.
49. 2004 წლის 12 ოქტომბერს გენერალური პროკურორის ინსპექციამ თბილისის პროკურორის ოფისის საგამოძიებო განყოფილებას პირველ მომჩივანთან შეხვედრა მოსთხოვა 2004 წლის 13 ოქტომბერისთვის, რათა მისი მეუღლის ბრალდებები გადაემოწმებინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, თავის მხრივ, პირველი მომჩივნის ცოლს უპასუხა, რომ სისხლის სამართლებრივი საჩივარი, რომელიც მომჩივანმა შეიტანა უკვე გამოკვლეული და მიუღებლად ცნობილი იყო, დასაბუთების არ ქონის გამო.
50. მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის მიერ დაკითხვისას, 2004 წლის 13 ოქტომბერს, პირველი მომჩივანი საკუთარ მტკიცებას იმეორებდა, რომ იგი პოლიციის ოფიცრებმა აწამეს 2004 წლის 13 მაისს.
51. გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის მოთხოვნის საფუძველზე, 2004 წლის 19 ოქტომბერს, სახელმწიფო ექსპერტებმა შეადგინეს კიდევ ერთი სამედიცინო დასკვნა პირველ მომჩივანზე. ექსპერტებმა შენიშნეს ჭრილობა კისერზე, რომელიც იარად გარდაქმნის პროცესში იყო. ეს ჭრილობა გამოიწვია მყარმა, ბლაგვმა საგანმა. ასევე, არაერთი ჭრილობა მუცელზე, რომელთაგან ზოგი იყო 18 სმ სიგრძის, 0.1 სმ სიგანის და 16 სმ სიგრძის, 0.1 სმ სიგანის მქონე. ხოლო რამდენიმე ჭრილობა ქონდა მარცხენა ხელზე, იდაყვიდან მაჯამდე. ნაიარევი თავზე იყო ძველი და ვერ იქნებოდა 2004 წლის აპრილიდან ივლისამდე პერიოდში გამოწვეული.
52. 2004 წლის ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ პირველი მომჩივნის სავარაუდო არასათანადო მოპყრობის რამდენიმე პოტენციური მოწმე დაკითხა: პ.ბ., მომჩივნის საქმის გამომძიებელი; მ.ს., შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიდეო ოპერატორი, რომელმაც ჩაიწერა მომჩივნის პირველი აღიარება დანაშაულის ადგილზე. საზოგადოებრივი ადვოკატი, რომელიც იყო მომჩივნის წარმომადგენელი მისი დაკავებისა და პირველი დაკითხვის შემდეგ; გ.ბ., მოსამართლე, რომელმაც 2004 წლის 16 მაისს მომჩივანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა; პირველი მომჩივნის 2 ნათესავი, რომლებიც ესწრებოდნენ პირველი მომჩივნის ზემოთ ხსენებულ საქმის განხილვას; და მე-7 საპყრობილის ექიმი, რომელმაც ჩაატარა მომჩივნის ვიზუალური დათვალიერება, მისი ციხეში გადაყვანის მომენტისთვის. არცერთ მათგანს არ უთქვამს, რომ არასათანადო მოპყრობის კვალი შენიშნეს მომჩივანზე. დამატებით, პირველი მომჩივნის მიერ მითითებულმა პოლიციის სამივე ოფიცრმა უარყვეს ეს ბრალდებები, როდესაც ისინი გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ დაკითხა.
53. 2004 წლის 15 ნოემბერს კიდევ ერთმა სამედიცინო ექსპერტმა დაათვალიერა მომჩივანი გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის მოთხოვნით. იმის დადასტურებასთან ერთად, რაც წინა ექსპერტმა აღმოაჩინა (იხ. 51-ე პარაგრაფი ზემოთ), მან ყვრიმალის დეფორმაცია დაამატა, მარცხენა თვალის ირგვლივ.
54. 2004 წლის 17 ნოემბერს მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ, სხვადასხვა მოწმეთა ჩვენებებისა და 2004 წლის 19 ოქტომბრისა და 15 ნოემბრის სამედიცინო დასკვნების საფუძველზე გადაწყვიტა, რომ არ დაეწყო წარმოება პირველი მომჩივნის სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით.
55. მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ გააუქმა ეს გადაწყვეტილება 2004 წლის 23 დეკემბერს. სასამართლომ დაადგინა, რომ გამოძიება, რომელიც პროკურატურამ ჩაატარა, არ იყო ყოვლისმომცველი. საქმე დაუბრუნა გენერალურ ინსპექციას იმისათვის, რომ მათ ხელახლა შეესწავლათ საქმე და პირველი მომჩივნის მნიშვნელოვანი ბრალდებების საფუძვლიანობა. 2005 წლის 8 დეკემბერს ზემოთხსენებულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ბოლო ინსტანციამ, უზენაესმა სასამართლომ და 2005 წლის 24 თებერვალს სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (წამება).
56. გამოძიების ხელახლა დაწყების შემდეგ პროკურატურამ დაკითხა იგივე პირები, რომლებმაც ჩვენება უკვე მისცეს 2004 წლის ოქტომბერ-ნოემბერში. მომჩივნის დათვალიერებაც ხელახლა მოხდა 2005 წლის აპრილში. 2005 წლის 27 აპრილს გამოიცა დასკვნა, რომლის მიხედვითაც მომჩივნის მარცხენა თვალის ირგვლივ, ყვრიმალის დეფორმაცია ბლაგვი, მყარი საგნით, შესაძლოა არ ყოფილიყო 2004 წელს მიყენებული ტრავმული დაზიანების შედეგი.
57. როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, მხარეთა უახლესი ფაქტობრივი დამატებების გათვალიწინებით, შესაბამისმა ორგანოებმა ვერ მიიღეს მკაფიო გადაწყვეტილება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მომჩივნის წამების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით.
D. სასამართლო განხილვა
58. 2006 წლის 14 სექტემბერს თბილისის საოლქო სასამართლოში საქმის განხილვა დაიწყო.
59. პირველი მომჩივანი, რომელიც წარმოდგენილი იყო მისი კერძო ადვოკატის მიერ, დანაშაულს არ აღიარებდა და ამბობდა, რომ არასათანადო მოპყრობა, რომელსაც ის დაექვემდებარა, გამოყენებული იყო აღიარების მოსაპოვებლად. იგი ჩიოდა, რომ მიუხედავად მისი არაერთი მოთხოვნისა, გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის მიერ გახსნილი სისხლის სამართლებრივი საქმის მასალები სავარაუდო წამებასთან დაკავშირებით არ შედიოდა მის და მეორე მომჩივნის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლებრივ საქმეში (იხ. 41-ე პარაგრაფი ზემოთ.). იგი ირწმუნებოდა, რომ მის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ სისხლის სამართლებრივ გამოძიების შედეგებს გადამწყვეტი როლი ექნებოდა მისი და მეორე მომჩივნის ბრალდებების სათანადო დასაბუთებულობის შეფასებაში. პირველმა მომჩივანმა, ასევე, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მას ალიბი ქონდა.
60. ბრალი არც მეორე მომჩივანმა აღიარა. მისმა ადვოკატმა შუამდგომლობა დააყენა იმის თაობაზე, რომ პარლამენტის წევრის მიერ, 2004 წლის 13 მაისს, პირველი მომჩივნის ამოცნობის ოქმი, დაუშვებლად ცნობილიყო, რადგან მტკიცებულება დარღვევებით იყო მოპოვებული. იგი იმეორებდა, რომ 2004 წლის 4 თებერვალს დაზარალებულმა თქვა, რომ იგი ვერ შეძლებდა თავდამსხმელის ამოცნობას, ხოლო ფოტორობოტი, რომელიც მისი დახმარების შედეგად შეიქმნა, არ წარმოადგენდა პირველ მომჩივანს. მიუხედავად ამისა, შემდეგში მან თქვა, რომ შეძლებდა თავდამსხმელის ამოცნობას, და ასეც მოიქცა 2004 წლის 13 მაისს, პირველი მომჩივნის „ზოგადი გარეგნობიდან“ გამომდინარე. ამას გარდა, პირველი მომჩივანი დააყენეს სხვა სამ პირთან ერთად, რომლებიც მისგან სრულიად განსხვავდებოდნენ (იხილეთ ასევე 64-ე და 65-ე პარაგრაფები ქვემოთ). მეორე მომჩივნის ადვოკატმა, ასევე, დააყენა შუამდგომლობა, დაუშვებლად ცნობილიყო 2003 წლის 14 მაისს პირველ და მეორე მომჩივანს შორის დაპირისპირების ოქმი, რადგან დარღვევებით იყო შედგენილი. აღსანიშნავია, რომ ოქმი შეიცავდა იმ საზოგადოებრივი ადვოკატის სახელს, რომელიც სავარაუდოდ მეორე მომჩივანს უწევდა სამართლებრივ დახმარებას, იმჟამად. თუმცა, დაპირისპირებისას მეორე მომჩივანი მარტო იყო. სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილის თანახმად 2004 წლის 13-დან 17 მაისამდე საზოგადოებრივ ადვოკატი, რომელიც ოფიციალურად 2004 წლის 14 მაისს დაინიშნა, არ ფლობდა საშვს, რომელიც თბილისის პოლიციის მთავარ განყოფილებაში შესვლის შესაძლებლობას მისცემდა. სასამართლომ, იმავე დღეს, არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა დაუსაბუთებლობის საფუძვლით.
61. სასამართლოში დაკითხვის დროს, ქალი და მისი ვაჟი, რომლებმაც, სავარაუდოდ, პოლიციას, 2004 წლის 25 თებერვალს დანაშაულის ჩადენის იარაღი გადასცეს, მოვლენათა ოფიციალური ვერსიის მიხედვით, რომელიც საქმის მასალებშია (იხ. პარაგრაფი 8 ზემოთ), განაცხადეს, რომ მათ არასოდეს ჩაუბარებიათ ამგვარი იარაღი პოლიციისათვის. საპირისპიროდ ამისა, პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ ამ ქალის სახლში, ეზოში ეძებდნენ და იპოვეს PSM პისტოლეტი. მან დაამატა, რომ იარაღი, რომელიც პოლიციამ იპოვა, მაყუჩით არ იყო აღჭურვილი.
62. სავარაუდოდ მომჩივანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის შესაძლო მოტივთან დაკავშირებით, სხვა ჩვენებებთან ერთად, პარლამენტის წევრმა სასამართლოს უთხრა, რომ როგორც ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ერთ-ერთი უმსხვილესი წილის მფლობელი, მან რეკომენდაცია გაუწია მეორე მომჩივნის ძმას ბანკის ბათუმის ფილიალის მენეჯერის პოსტზე (იხ. მე-15 პარაგრაფი ზემოთ). თუმცა, ძმებმა მას იმედი გაუცრუვეს. მათ მიითვისეს ბანკის კლიენტების ოქროს ნივთები და დიდი ოდენობით თანხა, რის შემდეგაც გაუჩინარდნენ, 2003 წლის ოქტომბერში. სამი დღის შემდეგ, ოჯახის მცდელობების შედეგად, ძმების ბიძამ ბანკში დააბრუნა ნივთები და ფული. რამდენიმე თვით ადრე, აღნიშნული ფილიალის შიდა აუდიტის მეშვეობით გამოაშკარავდა მნიშვნელოვანი დანაკლისები. მეორე მომჩივანი და მისი ძმა ზეწოლას ახორციელებდნენ აუდიტის კომიტეტზე, რათა მათ თბილისში, მთავარი ოფისისთვის არ გადაეცათ ინფორმაცია. მომდევნო შიდა საუბრებში, სადაც პარლამენტის წევრი პირადად იყო ჩართული, მოხდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ორ ძმას, მათ მიერ, სხვადასხვა საშუალებებით გაფლანგული 750 000 დოლარი უნდა დაებრუნებინათ 2004 წლის 25 იანვრამდე. პარლამენტის წევრმა სასამართლოს ასევე უთხრა, რომ მან, 2004 წლის 13 მაისს, პირველი მომჩივნის იდენტიფიცირება მარტივად მოახერხა. მან დაადასტურა, რომ იგი, გამომძიებლის თანხმობით, ამოცნობის პროცედურის შემდეგ მივიდა პირველ მომჩივანთა და კითხა, თუ რატომ ცადა მისი მოკვლა. მათი პირადი საუბრის დროს, პირველმა მომჩივანმა, სავარაუდოდ უთხრა, რომ მას არ სურდა მისი მოკვლა, მაგრამ იგი მეორე მომჩივნის ბრძანებების მიხედვით მოქმედებდა (იხ. პარაგრაფი 13 ზემოთ).
63. სასამართლოს მიერ დაკითხვის დროს, ორმა მოწმემ, რომლებიც 2004 წლის 13 მაისს მოვლენათა აღდგენას ესწრებოდნენ, თქვეს, რომ ისინი პოლიციის ოფიცრებმა გააჩერეს პოლიციის განყოფილების მიმდებარე ტერიტორიაზე. ოფიცრებმა მათ თხოვეს გაყოლოდნენ საგამოძიებო პროცედურებში დასახმარებლად და დაამატეს, რომ თუ წინააღმდეგობას გაუწევდნენ, მათ დააკავებდნენ. განყოფილებაში მოწმეებმა დაინახეს პირველი მომჩივანი, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ მაისის თბილი დღე იდგა, შალის ქუდი ეფარა. ასევე ჰქონდა დიდი ჩალურჯება მისი ერთ-ერთი თვალის ირგვლივ. გამომძიებელმა პირველ მომჩივანს ერთი ან ორი კითხვა დაუსვა, თუმცა იგი, ძირითადად, ხმას არ იღებდა. როდესაც გამომძიებელმა კითხა, იყო თუ არა ეს, ის ადგილი, სადაც დანაშაული მოხდა, მან უბრალოდ თავი დააქნია. დანაშაულის ადგილას აღდგენა გაგრძელდა 10-დან 15 წუთამდე, რომლის დასასრულსაც ორმა მოწმემ ხელი მოაწერა საგამოძიებო მოქმედების ოქმს, შინაარსის გაცნობის გარეშე. მათი თანდასწრებით პირველ მომჩივანზე ზეწოლა არ განხორციელებულა.
64. ერთერთმა კაცმა, ვინც ამოცნობის იმ პროცესში იღებდა მონაწილეობას, როდესაც პირველი მომჩივანი, 2004 წლის 13 მაისს, დაზარალებულმა ამოიცნო, სასამართლოს განუმარტა, რომ ის, პოლიციის თანამშრომლებმა, ქუჩაში, შემთხვევითობის პრინციპით შეარჩიეს რათა მონაწილეობა მიეღოთ ამოცნობის პროცესში. მან თქვა, რომ პირველი მომჩივნის გარდა, სამივე ამოსაცნობი პირი, მისი ჩათვლით, სუფთად გაპარსულები იყვნენ. კიდევ ერთი აშკარად განმასხვავებელი თავისებურება იყო ის, რომ მწკრივში მდგომი ოთხი კაციდან, მხოლოდ პირველი მომჩივანი იყო მელოტი. მომჩივანს გარეგნულად ეტყობოდა გადაღლილობა და ქონდა ღრმა ჩალურჯება ერთ-ერთ თვალზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანი განსხვავება იყო პირველ მომჩივანსა და დანარჩენებს შორის.
65. ამოცნობის პროცესის კიდევ ერთმა მონაწილემ, რომელიც ასევე ქუჩაში შეარჩიეს, მომხდარის იგივე ვერსია გაიმეორა, სხვათა შორის, ჩალურჯებასთან დაკავშირებითაც. მან დაამატა, რომ პირველი მომჩივანი იყო ერთადერთი თასმებისა და ქამრის გარეშე. როდესაც დაზარალებულმა მისი ამოცნობა მოახდინა, როგორც იმ პირის, რომელმაც მას ესროლა, პირველმა მომჩივანმა უეცრად წამოიძახა, რომ ის არ ყოფილა.
66. სასამართლოზე დაკითხვის დროს ორმა ტაქსის მძღოლმა, რომლებმაც ხელი მოაწერეს 2004 წლის 25 თებერვლის ოქმს, PSM პისტოლეტის, ქალის და მისი ვაჟის მიერ ჩაბარებაზე, თქვეს, რომ ისინი პოლიციის მთავარ განყოფილებაში იძულებით, მართვის მოწმობების ჩამორთმევის მუქარით, გადაიყვანეს, რათა მონაწილეობა მიეღოთ საგამოძიებო პროცედურაში როგორც მოწმეებს. მათ ოფიცერმა უთხრა, რომ ქალსა და ბავშვს უნდა ჩაებარებინათ იარაღი და მათ ეს ფაქტი ოქმზე ხელმოწერით უნდა დაედასტურებინათ. ისინი საათნახევრის განმავლობაში უშედეგოდ ელოდებოდნენ ქალსა და ბავშვს. შემდეგ ორმა პოლიციელმა მაგიდის უჯრიდან ამოიღეს იარაღი მაყუჩით და თან უხსნიდნენ ტაქსის მძღოლებს, რომ ეს იყო ის იარაღი, რომელზეც საუბრობდნენ. პოლიციის ოფიცრებმა შეადგინეს ოქმი, რომლის მიხედვითაც ქალმა და ბავშვმა, არაქართული სახელებით, იარაღი განყოფილებაში მიიტანეს. ტაქსის მძღოლებმა ხელი მოაწერეს ყალბ დოკუმენტს, რათა საკუთარი მართვის მოწმობები დაებრუნებინათ და რაც შეიძლება სწრაფად დაეტოვათ შენობა.
67. თარჯიმანი, რომლის ხელმოწერაც იყო იმავე, 2004 წლის 25 თებერვლის ოქმის ბოლოს, სასამართლოს წინაშე ამბობდა, რომ ის არ ყოფილა მოწვეული თარჯიმანის სტატუსით აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში იმ ქალისა და ბავშვისთვის, რომლებმაც ქართული არ იცოდნენ. იგი ამტკიცებდა, რომ ხელმოწერა გაყალბებული იყო.
68. ოთხი ადამიანი, რომლებიც 2004 წლის 19 იანვარს ქორწილის სტუმრები იყვნენ, ასევე ესწრებოდნენ საქმის განხილვას. მათ დაადასტურეს მომჩივნის ალიბი და თქვეს, რომ ის წვეულებაზე ნახეს, სადაც იგი გვიანამდე დარჩა, ეჭვგარეშე, საღამოს 9 საათის შემდეგ.
69. ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი ორგანიზაციის წევრმა სასამართლოს განუცხადა, რომ იმ დროს, როდესაც ეს მოვლენები ხდებოდა, მას ქონდა ოფიციალური ნებართვა სახელმწიფოსგან, იმ პატიმრებთან ვიზიტებზე, რომლებიც სავარაუდოდ დაექვემდებარნენ უფლებამოსილების გადამეტებას. ოჯახის მხრიდან მთელი რიგი საჩივრების შემდეგ, იგი მივიდა პირველ მომჩივნის ვიზიტზე, დაკავებიდან ორი კვირის შემდეგ. მან ნახა, რომ მას თავზე და ხელებზე ჭრილობები ქონდა და ზოგადად ცუდ მდგომარეობაში იყო. პირველი მომჩივანი მასთან, ასევე ჩიოდა ყვრიმალის გაბზარვის გამო. შემდეგ მან დრო ციხის საავადმყოფოში გაატარა, თუმცა მალევე მოითხოვა უკან, ციხეში დაბრუნება, რადგან სხვადასხვა პირებს, პარლამენტის წევრის ადვოკატის ჩათვლით, შეეძლოთ საავადმყოფოში, მასთან, ვიზიტებზე მისვლა და მისი შეწუხება. პირველმა მომჩივანმა ადამიანის უფლებათა აქტივისტს მისცა პოლიციის ოფიცრის, ვინმე კ.-ს სახელი, და უთხრა, რომ ის იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც მას 2004 წლის 13 მაისს, თბილისის პოლიციის მთავარ განყოფილებაში აწამებდა. ადამიანის უფლებათა აქტივისტმა დაუყოვნებლივ შეატყობინა იუსტიციის სამინისტროს და გენერალური პროკურორის სამსახურს მომჩივნის მტკიცებები, თუმცა არცერთს რეაგირება არ მოუხდენია.
70. პირველი მომჩივნის ცოლმა სასამართლოს განუცხადა, რომ იგი თავის მეუღლესთან, ციხეში 2004 წლის 2 ივნისს იყო მისული. მან მოახერხა გამყოფი შუშის მიღმა გაერჩია, რომ მას ეხურა შალის ქუდი, რომლის ქვეშაც სახვევი ჩანდა. მას ასევე ქონდა ჩაშავებული წრეები თვალების ირგვლივ და ჩაშავებული ფრჩხილები. მან დაადასტურა ფაქტები მისი და პარლამენტის წევრის ადვოკატის შეხვედრის შესახებ.
71. დაცვის მხარის შუამდგომლობით, პირველი მომჩივნის ცოლს და დაზარალებულის ადვოკატს შორის ორი შეხვედრის საიდუმლო ჩანაწერების მოსმენა მოხდა სასამართლო სხდომაზე (იხ. ჟურნალისტური გამოძიების დეტალები 83-85-ე პარაგრაფებში ქვემოთ).
E. მომჩივნების მსჯავრდება
72. 2007 წლის 21 თებერვალს თბილისის რეგიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ შემდეგი მტკიცებულებები დაუშვებლად იქნებოდა ცნობილი, რადგან მნიშვნელოვანი პროცედურული დარღვევებით იყო მოპოვებული:
(i) პირველი მომჩივნის აღიარება პირველ დაკითხვაზე, 2004 წლის 13 მაისს (იხ. მე-10 და მე-11 პარაგრაფები ზემოთ);
(ii) 2004 წლის 25 თებერვლის ოქმი ქალისა და მისი ვაჟის მიერ PSM პისტოლეტის ჩაბარებაზე პოლიციის განყოფილებაში (იხ. პარაგრაფი 8 ზემოთ);
(iii) 2004 წლის 13 მაისის ოქმი პირველი მომჩივნის მიერ PSM პისტოლეტის ამოცნობასთან დაკავშირებით (იხ. პარაგრაფი 14 ზემოთ).
73. 2007 წლის 26 თებერვალს თბილისის რეგიონულმა სასამართლომ განჩინება მიიღო. ის, პირველ რიგში, აცხადებდა, რომ შეუძლებელი იყო იმის უარყოფა, რომ პირველ მომჩივანს ქონდა მრავალი დაზიანება სხეულზე, რომელიც დასტურდება სხვადასხვა ექსპერტთა დასკვნებით. თუმცა, ამ ტრავმების მიღების დრო, ადგილი ან გარემოებები დაუდგენელია.
74. პირველი მომჩივანი დამნაშავედ იქნა ცნობილი მკვლელობის მცდელობისთვის დამამძიმებელ გარემოებებში, 2004 წლის 19 იანვარს პარლამენტის წევრზე თავდასხმისთვის და იარაღის უკანონო ფლობისთვის, იმის გამო, რომ მას დაკავებისას ბრაუნინგის პისტოლეტი აღმოაჩნდა. სასამართლოს მტკიცებით, მისი ბრალი ბრაუნინგის პისტოლეტთან დაკავშირებით მტკიცდება დაკავების შემდგომი ჩხრეკისა და ჩხრეკისას აღმოჩენილი იარაღს ამოღების ოქმით.
75. სასამართლომ დაადგინა, რომ მკვლელობის მცდელობის ბრალდება დამტკიცდა შემდეგი პირდაპირი მტკიცებულებებით, რომლებიც, სასამართლოს აზრით მოპოვებული იყო განსაკუთრებული დარღვევების გარეშე:
(i) 2004 წლის 13 მაისს, დანაშაულის ადგილზე, მოვლენათა აღდგენის დროს, პირველი მომჩივნის მიერ მიცემული აღიარების ოქმი (იხილეთ მე-12 პარაგრაფი ზემოთ);
(ii) იმავე დღეს პარლამენტის წევრის მიერ მისი ამოცნობის ოქმი (იხილეთ მე-13 პარაგრაფი ზემოთ);
(iii) პარლამენტის წევრის ჩვენება, 2004 წლის 13 მაისს პირველ მომჩივანთან პირადი საუბრის შესახებ (იხილეთ მე-13 პარაგრაფი ზემოთ)
76. მეორე მომჩივანიც დამნაშავედ იქნა ცნობილი მკვლელობის მცდელობისთვის დამამძიმებელი გარემოებებში და იარაღის უკანონო შენახვისთვის, პარლამენტის წევრის მკვლელობის დაგეგმვაში მისი როლის, პირველი მომჩივნის დაქირავებისა და მისი ცეცხლსასროლი იარაღით უზრუნველყოფის გათვალისწინებით. ასევე, დამნაშავედ იქნა ცნობილი გაფლანგვისთვის - მის ძმასთან ერთად ბანკის სახსრების არამიზნობრივი გამოყენებისთვის (იხილეთ მე-15 და 62-ე პარაგრაფები ზემოთ). სასამართლოს აზრით, იმავე მტკიცებულებებმა, რაც პირველი მომჩივნის წინააღმდეგ გამოიყენეს, დაადასტურა მკვლელობის მცდელობის ბრალი მეორე მომჩივნის შემთხვევაში (იხილეთ წინა პარაგრაფი):
(i) 2004 წლის 13 მაისს მოვლენათა აღდგენის დროს პირველი მომჩივნის მიერ დანაშაულის აღიარების ოქმი; და
(ii) პარლამენტის წევრის ჩვენებები 2004 წლის 13 მაისის პირად საუბართან დაკავშირებით, რომელიც მას პირველ მომჩივანთან ქონდა.
77. რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტებს აღნიშნული ოქმების კანონიერების თაობაზე, სასამართლო დაეთანხმა, რომ საგამოძიებო პროცედურების მიმდინარეობისას დარღვევების მთელი სერიებს ქონდა ადგილი, მაგრამ თქვა, რომ ისინი არ ყოფილან ისეთები, რომ მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა გამოეწვია.
78. მომჩივნებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს.
79. მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებასთან დაკავშირებით, პირველმა მომჩივანმა გაიმეორა მისი საჩივარი, პირველ დაკითხვებზე მისი შერჩეული ადვოკატის არ ყოლის, არასათანადო მოპყრობისა და იძულებითი აღიარების შესახებ. მისი თქმით, არაერთმა მოწმემ, რომლებიც მოსამართლეთა მიერ დაიკითხა, ეჭვქვეშ დააყენა 2004 წლის 13 მაისს, მოვლენათა აღდგენის დროს მისი სათანადო მონაწილეობა საკუთარი აღიარების დადასტურებაში. მიუხედავად ამისა, ოქმი ბრალის დადგენისათვის საკვანძო მტკიცებულებად ჩაითვალა. მეორე მტკიცებულება, რომელიც გამოყენებულ იქნა მკვლელობის მცდელობაში მისი ბრალის დასადგენად, დაზარალებულის მიერ მისი იდენტიფიცირების ოქმი, ასევე დახუნძლული იყო დარღვევებით. ფაქტობრივად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 347-ე მუხლის მოთხოვნების საპირისპიროდ, სხვა პირები, რომლებიც მომჩივნის გვერდით, ამოსაცნობად დააყენეს, გამოიყურებოდნენ ჯანმრთელად, თავზე თმა სრულად ქონდათ, იყვნენ სუფთად გაპარსულები, ეკეთათ ქამრები და ფეხსაცმელებზე თასმები შეკრული ქონდათ. თავის მხრივ მომჩივანი იყო ნახევრად მელოტი, ქონდა დაზიანებები და გადაღლილად გამოიყურებოდა, რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ იპარსავდა და არ ქონდა არც ქამარი, არც თასმები. პირველმა მომჩივანმა ყურადღება მისი მეუღლისა და პარლამენტარის ადვოკატის შეხვედრის საიდუმლო ჩანაწერებზეც გაამახვილა (იხ. პარაგრაფები 83-85 ქვემოთ). ეს ჩანაწერები ჩართეს სასამართლოს დარბაზშიც, მოსამართლეებისთვის, თუმცა მათ გადაწყვიტეს, რომ გადაწყვეტილებაში არ გამოეყენებინათ, ან საერთოდ მხედველობაში არ მიეღოთ.
80. მეორე მომჩივნის სააპელაციო საჩივარში იგივე არგუმენტები იყო მოყვანილი მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით. კერძოდ კი ის ჩიოდა, რომ მაშინ, როცა მოსამართლეებმა დაადასტურეს მისი ბრალი პირველი მომჩივნის მიერ, 2004 წლის 13 მაისს, დანაშაულის ადგილზე მოვლენათა აღდგენის დროს შედგენილი ოქმის საფუძველზე, მტკიცებულების ეს კონკრეტული ნაწილი აშკარად ხარვეზიანი იყო იმ არასათანადო მოპყრობის საფუძველზე, რომელიც პირველმა მომჩივანმა გადაიტანა პოლიციის ხელში.
81. 2007 წლის 17 ივლისს, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, მომჩივნების საკასაციო საჩივარი წარმოებაში არ მიიღო. მომჩივნის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის სასამართლომ განაცხადა, რომ ამას ადგილი არ ქონია, მიუხედავად იმისა, რომ პირველ მომჩივანს სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. მიუხედავად ამისა, უცნობი იყო ის გარემოებები, სადაც აღნიშნული დაზიანებები იქნა მიყენებული და პირები, ვინც ისინი მიაყენა. სასამართლომ დაადგინა, რომ ორივე მომჩივნის მიმართ გამამტყუვნ